ტაქიკარდია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტაქიკარდია

ფიზიოლოგიური ტაქიკარდია

ფიზიოლოგიური ტაქიკარდია ვითარდება  ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას, სხეულის ან გარემოს ტემპერატურის მომატებისას, სტრესულ ვითარებაში (როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების ფონზე), სიმაღლეზე ასვლისას, გადაძღომისას, აღმგზნები სასმელების (ჩაი, ყავა, ენერგეტიკული კოქტეილები, ალკოჰოლი) და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფიზიოლოგიური ტაქიკარდია ორგანიზმის რეაქციაა (ერთგვარი ადაპტაცია) გარეგან გამღიზიანებლებზე.

პათოლოგიური ტაქიკარდია

პათოლოგიური ტაქიკარდია, ფიზიოლოგიურისგან განსხვავებით, თავს იჩენს ფიზიოლოგიური და ემოციური სიმშვიდის დროსაც. ის შეიძლება იყოს როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა გამოხატულება (მიოკარდიტისა, გულის მანკისა, მიოკარდიუმის ინფარქტისა, კარდიოსკლეროზისა, ფილტვისმიერი გულისა), ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებებისაც (თირეოტოქსიკოზისა, ანემიებისა, ნევროზებისა, ინფექციური დაავადებებისა, ისეთი მწვავე მდგომარეობებისა, როგორიცაა სისხლდენა, თირკმლის კოლიკა და სხვა).

ტაქიკარდიის სახეები

სინუსური ტაქიკარდია

გულის შეკუმშვისთვის აუცილებელი იმპულსების  მთავარი გენერატორი სინუსური კვანძია. როდესაც ამა თუ იმ მიზეზით მისი აქტივობა იმატებს, ვითარდება სინუსური ტაქიკარდია. ეს იმას ნიშნავს, რომ სინუსური კვანძი დროის განსაზღვრულ შუალედში უფრო მეტი იმპულსის გენერირებას ახდენს და, შესაბამისად, გულის შეკუმშვათა რიცხვიც იმატებს. სინუსური ტაქიკარდიის ძირითადი ნიშნები ასეთია:

  • ნარჩუნდება ნორმალური სინუსური რიტმი;
  • ტაქიკარდიის ეპიზოდის დაწყება და დასრულება თანდათანობით ხდება;
  • გულის შეკუმშვათა მაჩვენებელი წუთში 90-ს აჭარბებს.

ექტოპიური ტაქიკარდია

როდესაც ტაქიკარდია აღმოცენდება სინუსური კვანძის გარეთ არსებული აღგზნების კერიდან (მიზეზი შეიძლება იყოს სინუსური კვანძის დაზიანება ან მისი ფუნქციობის დათრგუნვა) ანუ როდესაც გული იკუმშება სინუსური კვანძის გარეთ არსებული სხვა კერის მიერ გენერირებული იმპულსის საპასუხოდ, ექტოპიურ ტაქიკარდიაზე საუბრობენ. იმისდა მიხედვით, სად მდებარეობს ეს კერა, წინაგულებსა თუ პარკუჭებში, განასხვავებენ პარკუჭზედა (წინაგულოვან, ატრიოვენტრიკულურ  და სუპრავენტრიკულურ) და პარკუჭოვან ტაქიკარდიას. ტაქიკარდიის ეს ფორმები, წესისამებრ, შეტევების (პაროქსიზმების) სახით მიმდინარეობს. ექტოპიური აქტივობის პაროქსიზმები უმეტესად ერთბაშად აღმოცენდება და ერთბაშადვე სრულდება. გრძელდება რადენიმე წამიდან რამდენიმე დღე-ღამემდე.

 

სიმპტომები

ტაქიკარდიის ძირითადი სიმპტომები, რომელთა გამოც ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს, ასეთია:

  • გადატვირთვა, ბიძგები და "ჩავარდნები" გულის მუშაობაში;
  • თავბრუხვევა, თვალების დაბინდვა, გონების დაკარგვა (ერთი ან რამდენიმე ეპიზოდი);
  • მოსვენებისას ხშირი პულსი, რომელიც 5 წუთზე მეტხანს გრძელდება.

დიაგნოსტიკა

ტაქიკარდიის ერთი ან რამდენიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოთ ექიმ კარდიოლოგს ან არითმოლოგს, რომელიც დაადგენს ტაქიკარდიის მთავარ მიზეზს და მკურნალობის სწორ ტაქტიკას შეგირჩევთ. ტაქიკარდიის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

  • ექიმის კონსულტაცია (გასინჯვა);
  • ელექტროკარდიოგრაფიული (ეკგ) გამოკვლევა;
  • ეკგ-ს დღეღამური მონიტორინგი;
  • ლაბორატორიული გამოკვლევა (სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება და აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა).

საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტარდება:

  • გულის ექოსკოპიური გამოკვლევა;
  • ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა;
  • კორონაროგრაფია;
  • გულის რიტმის დამოუკიდებელი კონტროლი შინ.


მკურნალობისა და პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები

პროფილაქტიკა

ტაქიკარდიის პროფილაქტიკა გულისხმობს ღონისძიებებს, რომლებიც განამტკიცებს ორგანიზმის ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს ისეთ მდგომარეობას, რომელიც ტაქიკარდიის აღმოცენებას ხელს არ შეუწყობს. ამისთვის საჭიროა: უარი თქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ყავაზე, შავ და მწვანე ჩაიზე, ენერგეტიკულ სასმელებზე. ასევე საჭიროა შრომა-დასვენების რეჟიმის დაბალანსება, ძილის მოწესრიგება და რეგულარული ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ორგანიზმის შესაძლებლობისამებრ განსაზღვრული ვარჯიშების სისტემატური ჩატარება.

მკურნალობა

ტაქიკარდიის მკურნალობის მთავარი პრინციპებია:

  • ტაქიკარდიის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა;
  • ემოციური მდგომარეობის კონტროლი და კორექცია;
  • კონსერვატიული მკურნალობა - ანტიარითმიული პრეპარატების მიღება. შეიძლება სხვა ჯგუფის მედიკამენტებთან კომბინაციაც. თერაპია თითოეული პაციენტისთვის ირჩევა ინდივიდუალურად, საფუძვლიანი გამოკვლევისა და ტაქიკარდიის ფორმის განსაზღვრის შემდეგ.

მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ზოგჯერ მკურნალობის რადიკალურ მეთოდებსაც მიმართავენ. ესენია:

  • რადიოსიხშირული აბლაცია;
  • ელექტროკარდიოსტიმულატორის ჩადგმა;
  • კარდიოდეფიბრილატორის ჩადგმა.

გახსოვდეთ, პარკუჭოვანი ტაქიკარდია არითმიის სახიფათო ფორმაა და პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს! თვითმკურნალობა დაუშვებელია ტაქიკარდიის ნებისმიერი ფორმის დროს!

პაროქსიზმული ტაქიკარდია

პაროქსიზმული ტაქიკარდია შეტევისებურად დაწყებული და უეცრად შეწყვეტილი გულის შეკუმშვათა მძაფრი გახშირების (150-200 დარტყმა წუთში) სინდრომია. ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთს, რამდენიმე საათს, დღეს, კვირას, ზოგჯერ მეორდება. პაროქსიზმული ტაქიკარდია ვითარდება გულის ორგანული დაზიანების (მაგალითად, მიტრალური მანკის) დროს, მაგრამ შესაძლოა თვალსაჩინო მიზეზის გარეშეც დაიწყოს. აღგზნებადობა ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგია, თუმცა იმპულსის გენერატორი კერა სინუსის კვანძის გარეთაა  (წინაგულში, ატრიოვენტრიკულურ კვანძში ან პარკუჭში). პაროქსიზმული ტაქიკარდიის შეტევას ძლიერი გულისცემისა და სულხუთვის შეგრძნება სდევს თან. გულის მუშაობის დიდი და მცირე პაუზა თანაბარი ხდება, პირველი ტონი ტკაცუნაა, მეორე - მოყრუებული. მანამდე არსებული შუილი აღარ ისმის. სისხლის სისტოლური წნევა იკლებს, დიასტოლური იმატებს. ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილება დამოკიდებულია ტაქიკარდიული იმპულსის შექმნის ადგილზე (კერის ლოკალიზაციაზე). პაროქსიზმული ტაქიკარდიის მეტად ხანგრძლივ შეტევას მოსდევს გულის უკმარისობა ფილტვის, ღვიძლისა და სხვათა შეშუპების სახით, რაც შეტევის დასრულების შემდეგ მალევე გაივლის.