1-7 აპრილი - ჰიპერტენზიის კვირეული საქართველოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

1-7 აპრილი - ჰიპერტენზიის კვირეული საქართველოში

- ქალბატონო ლელა, რა ღონისძიებებია დაგეგმილი საქართველოში ჰიპერტენზიის კვირეულთან დაკავშირებით? როგორ აღინიშნება ის ჩვენს ქვეყანაში?

- დავიწყებ იმით, რომ 7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა და ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად არჩევს პრიორიტეტულ თემას. 2013 წლის პრიორიტეტს კი არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს. მიმდინარე წლის 1-7 აპრილს საქართველოში გაიმართება არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლის ეროვნული კვირეული. კვირეულის მიზანია მოსახლეობაში, განსაკუთრებით - რისკის ჯგუფებში, არტერიული ჰიპერტენზიის თავიდან აცილებისა და მართვის შესახებ ცოდნის გაზრდა, ცნობიერების ამაღლება და უფრო მეტად ჩართვა არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგში. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განხორციელდება ლოზუნგით: “აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი - აკონტროლე წნევა”. ამ კვირეულით დაიწყება არტერიული ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო კამპანია, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. მთელი კვირის განმავლობაში დაგეგმილია ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციისა და სწორი მართვის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას. ჯანმოს 2013 წლის რეკომენდაციებისა და მტკიცებულებების, აგრეთვე საქართველოს სპეციფიკურობის გათვალისწინებით, არტერიული ჰიპერტენზიის კამპანია ფოკუსირებულია პირველად და მეორეულ პრევენციაზე, კერძოდ, ორ ძირითად პრიორიტეტულ საკითხზე: არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლსა (ჰიპერტენზიის როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის გაცნობიერება, დროული გამოვლენა და დროული მკურნალობა ექიმის დანიშნულებით) და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაზე. კვირეულის განმავლობაში იგეგმება კონფერენციები, მედიაკამპანია, წნევის გაზომვის აქციები. განხორციელდება მოსახლეობის საჯარო სკრინინგი, სისხლის წნევის გაზომვა; გაიცემა რჩევები ჰიპერტენზიის სწორი მართვის, ჰიპერტენზიისა და მისგან გამოწვეული გართულებების თავიდან აცილების შესახებ, დარიგდება თემატური ბროშურები და სხვა საგანმანათლებლო მასალა. ამ ტიპის მასალები განთავსდება აგრეთვე NჩDჩ-ის ოფიციალურ საიტზე და FB-ის გვერდზე, სოციალურ ქსელში, ტელეეთერში იტრიალებს საინფორმაციო/საგანმანათლებლო ვიდეორგოლი, გაიმართება პრესკონფერენცია, კონფერენცია ჰიპერტენზიის პრევენციის თემაზე და სხვა.

- საზოგადოდ, როგორ ხდება ჩვენი მოსახლეობის განათლება ჰიპერტენზიის - ერთ-ერთი საგანგაშო და ყურადსაღები სიმპტომის - შესახებ?

- ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის განათლებისთვის გამოიყენება ყველა საშუალება: ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ასევე - სპეციალური საგანმანათლებლო მასალები სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, პაციენტთა განათლება და სხვა. მოგეხსენებათ, ჰიპერტენზია მეტად საყურადღებო და საშიში პათოლოგიაა. ეს არის ქრონიკული მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლის წნევა იმატებს. 140/90 მმ ვწყ სვ და ამაზე მაღალი მაჩვენებელი მაღალ წნევად ანუ არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება. ჰიპერტენზიამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, გულის უკმარისობა, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და სხვა გართულებები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს, ჰიპერტენზიით ყოველწლიურად 1,5 მილიარდი ადამიანი ავადდება და 7 მილიონი კვდება.


- რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში?

- ქართული რეალობა უფრო მძიმეა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყოველი ათი გარდაცვლილიდან ხუთის სიკვდილი ჰიპერტენზიას უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ ჰიპერტენზიით დაავადებულთა უმრავლესობა - ხუთიდან სამი - არ მკურნალობს. არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე გართულებებიდან აღსანიშნავია ინფარქტი და ინსულტი. გარდა მაღალი წნევისა, ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას ხელს უწყობს არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონე, თამბაქო და სხვა.

- რატომ უნდა აკონტროლოს ადამიანმა არტერიული წნევა?

- წნევის ციფრების ცოდნა ჰიპერტენზიის ადრეულად გამოვლენაში გვეხმარება. მაღალი წნევის დასადგენად ერთადერთი გზა წნევის გაზომვაა. წნევის გასაზომავად საჭიროა სათანადო წესების მკაცრი დაცვა და შემოწმებული წნევის აპარატი. თუ თქვენი წნევის ციფრები არ იცით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ექიმი ან ექთანი გასწავლით წნევის სწორად გაზომვას, ამასთანავე, მოახდენს წნევის საზომი აპარატის სტანდარტიზაციას და დაკალიბრებას. თუ მაღალი წნევა აღმოგაჩნდათ, ძალიან მნიშვნელოვანია, წნევა შინაც რეგულარულად იზომოთ დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, წნევის მაჩვენებლები კი დღიურში ჩაწეროთ. მეთვალყურეობისთვის ექიმი დაგიგეგმავთ მომდევნო ვიზიტს.

- შესაძლებელია თუ არა არტერიული ჰიპერტენზიის თავიდან აცილება?

- თავიდან აცილებაც შესაძლებელია და მკურნალობაც. იმისათვის, რომ მაღალი წნევა თავიდან აიცილოთ:

  • მიიღეთ ნაკლები მარილი, ერიდეთ მარილიან საკვებს;
  • მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ტკბილეულს, ცომეულსა და ცხოველურ ცხიმს;
  • ერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას;
  • მეტი იმოძრავეთ და ივარჯიშეთ რეგულარულად;
  • თავი დაანებეთ თამბაქოს წევას, ერიდეთ მის კვამლს.

- როგორ მოვიქცეთ მაღალი წნევის შემთხვევაში?

- ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები ამ შემთხვევაშიც გამოსადეგია. ბევრი ცხოვრების წესის შეცვლითაც კი აღწევს წნევის ნორმალურ ციფრებს, თუმცა უმეტესობას ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად მედიკამენტური მკურნალობაც სჭირდება. არსებობს ეფექტური მედიკამენტები, რომლებსაც ხელმისაწვდომი ფასი აქვს. თუ მედიკამენტებს ზუსტად ისეთი წესით მიიღებთ, როგორითაც ექიმმა დაგინიშნათ, წნევის გაკონტროლებასა და მისი გართულებების თავიდან აცილებას მოახერხებთ. წნევის კონტროლი გულისხმობს მისი მაჩვენებლების 140/90 მმ ვწყ სვ-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას და სხვა რისკფაქტორების შემცირებას. გაითვალისწინეთ, მედიკამენტების მიღება დიდხანსაა საჭირო, ხშირად - მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი. თუ დროდადრო იზომავთ წნევას და ის მხოლოდ ზოგჯერ აღწევს ან აღემატება 140/90 მმ ვწყ სვ-ს, წამალი მაინც რეგულარულად უნდა მიიღოთ და არა მარტო მაშინ, როდესაც წნევა აგიწევთ. არ არის გამორიცხული, მაღალი წნევა გქონდეთ მაშინაც, როდესაც წნევას არ იზომავთ. ამიტომ, თუ უკვე დადგენილი გაქვთ ჰიპერტენზია, მედიკამენტური მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ რეგულარულად და ხანგრძლივად. მედიკამენტების შესარჩევად მიმართეთ ექიმს. მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა, თუნდაც წნევის ნორმალური მაჩვენებლების დროს, არ შეიძლება - ეს ზრდის ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობას!

- ჰიპერტენზიის მძიმე გართულებათა თავიდან ასაცილებლად რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს თქვენი დეპარტამენტი?

- ჰიპერტენზიის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასათანადო მკურნალობის შედეგია საკმაოდ მძიმე გართულებები: თავის ტვინის ინსულტი, გულის კუნთის ინფარქტი, თირკმლის დაავადებები, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები, მხედველობის პრობლემები და სხვა. ისინი ხშირად ინვალიდობისა და სიკვდილის უშუალო მიზეზია.