არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია

სამწუხაროა ისიც, რომ წნევა ახალგაზრდებსაც შემოეჩვია. ამ და სხვა ფაქტორთა გათვალისწინებით, არტერიული ჰიპერტენზია კვლავ მედიცინის აქტუალურ საკითხად რჩება. არანაკლებ საყურადღებოა მისი საპირისპირო მდგომარეობა - არტერიული ჰიპოტენზია (წნევის დაქვეითება). სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება შპს “კარდიოექსპერტის”, კლინიკა “კარდიოს” ექიმი კარდიოლოგი პაატა ქავთარია.

არტერიული ჰიპერტენზია - მაღალი წნევა

- ბატონო პაატა, დღეს, მიუხედავად უამრავი მედიკამენტური საშუალებისა, მომატებული წნევის პრობლემა კვლავინდებურად აქტუალურია. მეტიც, „წნევა ახალგაზრდებსაც შემოეჩვია“. რა არის არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი?

- არტერიული ჰიპერტენზია განიმარტება როგორც სისტოლური წნევის ვწყ სვ-ის 140 მმ-მდე და მეტად და/ან დიასტოლური წნევის 90 მმ-მდე ან მეტად მყარი აწევა მოსვენებისას. მოსახლეობის უმეტესობა სისტოლურ წნევას “თავის” ან „პირველ“  წნევას უწოდებს, ხოლო დიასტოლურს - “გულისას”, რაც, ტრადიციულობისა და ფართო გავრცელების მიუხედავად, შინაარსობრივად არასწორია. “თავის” წნევის მომატებას, გარდა თავისა, შეუძლია დააზინოს გული და სხვა ორგანოები. “გულის” წნევის აწევის დროსაც შესაძლებელია სხვა სამიზნე ორგანოთა დაზიანება... არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მედიცინის (არ შევცდები, თუ ვიტყვი თანამედროვე კაცობრიობის) ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. მოვიხმობ სტატისტიკას: 2000 წლისთვის მსოფლიოში ერთ მილიარდ კაცს აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, 2025 წლისთვის კი, ნავარაუდევია, რომ დაახლოებით 1,6 მილიარდს ექნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 67 მილიონ კაცს აწუხებს მაღალი წნევა; მათგან მხოლოდ 70%-მა იცის, რომ ჰიპერტენზია აქვს, დაახლოებით 60% მკურნალობს, ნახევარს კი წნევა ადეკვატურად არ აქვს გაკონტროლებული. ესეც ბოლო წლების მონაცემებია, თორემ 2003 წლისთვის კარგი კონტროლის მაჩვენებელი მესამედს ძლივს აღწევდა. ჩვენში სტატისტიკა ისე არ არის მოწესრიგებული, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ, ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი რიცხვებიც საკმარისია. არტერიული ჰიპერტენზიით ავადობა ასაკთან ერთად იმატებს. 65 წელს გადაცილებულთა 2/3-ზე მეტს ჰიპერტენზია აღენიშნება. ამრიგად, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს დაავადება თანამედროვე მსოფლიოს ნამდვილი არაინფექციური პანდემიაა. სამწუხაროდ, ბოლო ხანს მართლაც შეინიშნება არტერიული ჰიპერტენზიის გაახალგაზრდავების ტენდენცია. ამას მრავალი მიზეზი აქვს - გენეტიკა, სტრესული გარემო, ჰიპოდინამია, დროის დეფიციტი, ჭარბი წონა, ცხოვრების არაჯანსაღი სტილი, სუფრის მარილის, ალკოჰოლის, ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება და სხვა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, ასიდან, სულ მცირე, 85 შემთხვევაში (ბრიტანელ კარდიოლოგთა აზრით კი - 95-შიც) არტერიული წნევის მატების ზუსტი მიზეზი უცნობია. ასეთ ჰიპერტენზიას პირველადს ანუ ესენციურს უწოდებენ. არსებობს ჰიპერტენზიის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მაღალი წნევის მიზეზი აშკარაა, თუმცა საერთო სურათში მათი წილი უმცირესია. ამ შემთხვევაში მეორეულ ჰიპერტენზიაზე საუბრობენ. მეორეული ჰიპერტენზიის მიზეზი უმეტესად თირკმელების ან/და ენდოკრინული დაავადებებია. ბოლო ხანს იზრდება სხვა ისეთი ტიპის გამომწვევების როლიც, როგორებიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ძირტკბილა, ზოგიერთი სტიმულატორი და აკრძალული ნივთიერებები.

- რა სიმპტომებით ვლინდება არტერიული ჰიპერტენზია და როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი?

- ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ისეთი უმნიშვნელო სიმპტომებით არის გამოხატული, რომ პაციენტები გვიან ან სულაც არ მიმართავენ ექიმს. თავბრუხვევის, გაბრუების, წამოჭარხლების, თავის ტკივილის, ნერვული აღგზნებადობის, მხედველობის გაორების, ცხვირიდან სისხლდენის, გულისრევის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გამოირიცხოს მაღალი არტერიული წნევა. სამწუხაროდ, ეს სიმპტომები იშვიათად არის გამოწვეული გაურთულებელი ჰიპერტენზიით, ამიტომ კვლევის ისეთი მარტივი და უსაფრთხო მეთოდი, როგორიცაა სფიგმომანომეტრია ანუ, ჩვენებურად, წნევის გაზომვა, პირველივე ეჭვის შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული. ხშირად - ეჭვის გარეშეც, პრევენციულად. წნევის მომატების შემთხვევაში სასურველია არ გადაიდოს კარდიოლოგთან ვიზიტი. სპეციალისტი ადვილად გაარკვევს, ჭეშმარიტია თუ არა მაღალი ციფრები, არის თუ არა ორგანიზმში სხვა გადახრები, განსაზღვრავს სამომავლო რისკს, გამოავლენს რისკფაქტორებს, შეაფასებს სამიზნე ორგანოების მდგომარეობას, დაადგენს, რამდენად აქტიური მკურნალობა იქნება საჭირო და სხვა.


- რომელი ჯგუფის მედიკამენტებია უფრო ეფექტური, რომელს რა თანმხლები ეფექტი ახასიათებს?

- პირველადი ჰიპერტენზია უმეტესად მუდმივ მკურნალობას მოითხოვს, მეორეულის შემთხვევაში კი ზოგჯერ შესაძლებელია მდგომარეობის სრული კორექცია. როგორც აღვნიშნეთ, მეორეული ჰიპერტენზია იშვიათია, ხოლო მათ შორის პოტენციურად განკურნებადი შემთხვევა - კიდევ უფრო ნაკლები. შესაბამისად, პაციენტი უნდა განვაწყოთ და დავარწმუნოთ ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობაში. სისტოლური წნევის მაჩვენებელი უმეტესად ახლოს უნდა იყოს 140-თან, ხოლო დიასტოლურისა - 90-თან. ზოგიერთ თანმხლებ დაავადებას თუ ხანდაზმულ ასაკს შეუძლია, მცირეოდენი ცვლილება შეიტანოს სამიზნე ციფრების შერჩევაში. გასათვალისწინებელია აგრეთვე ციფრების ინდივიდუალური ამტანობაც. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტური ჩარევით არ შემოიფარგლება. უფრო მეტიც - ზოგიერთ პაციენტს განსაზღვრულ ეტაპზე მედიკამენტური მკურნალობა შესაძლოა არც კი დასჭირდეს. მაშინ როდესაც არამედიკამენტური მკურნალობა ყველა შესაძლო შემთხვევაში  უნდა ჩატარდეს. არამედიკამენტური ჩარევებიდან აღსანიშნავია ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია - ყოველდღიური 30-45-წუთიანი აერობული ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, სეირნობა (აქ არ იგულისხმება შრომითი აქტივობა), წონის დაკლება სხეულის მასის ინდექსის 18,5-დან 25-მდე შენარჩუნებით (შეგახსენებთ - სხეულის მასის ინდექსი გამოითვლება სხეულის მასის (კგ-ში) შეფარდებით სიმაღლის კვადრატთან (მეტრებში)), სპეციალური დიეტის დაცვა, თამბაქოს წევისთვის თავის დანებება, სუფრის მარილის, სოდის, მინერალური წყლის, ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა და სხვა. კონკრეტული რჩევები პაციენტმა უშუალოდ ექიმისგან უნდა მიიღოს.

- განვუმარტოთ მკითხველს, რა განსხვავებაა სიმპტომურ პრეპარატებსა და ხანგრძლივი მკურნალობისთვის რეკომენდებულ საშუალებებს შორის, ანუ რომელი პრეპარატი უნდა მიიღონ წნევის სწრაფად დასაქვეითებლად და რომელი - მისი ყოველდღიური რეგულირებისთვის.

-  ვიტყვი და წინა პასუხსაც დავასრულებ. საზოგადოდ, მედიკამენტური მკურნალობა ფართო დისკუსიის საგანია და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი წამყვანი ქვეყანა ძირითადად თითქმის შეთანხმებულია სამკურნალწამლო რეჟიმის შერჩევაზე, არსებობს გარკვეული განსხვავებებიც ამერიკულ, ევროპულ და ბრიტანულ გაიდლაინებს (სახელმძღვანელოებს) შორის. მრავალი მედიკამენტი, რომლებიც წლების განმავლობაში პოპულარობით სარგებლობდა როგორც პაციენტებს, ისე ექიმებს შორის, დღეს ისტორიული მნიშვნელობისაა. თანამედროვე სამკურნალო საშუალებებისთვის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე პრეპარატებისგან განსხვავებით, წნევის დაქვეითების ფუნქცია აღარ არის საკმარისი. მათ, გარდა ანტიჰიპერტენზიული მოქმედებისა, უნდა შეეძლოთ სამიზნე ორგანოთა დაცვა ან მათი დაზიანების შეფერხება, უკვე არსებულ დაზიანებათა აღმოფხვრა, არ უნდა არღვევდნენ სისხლის ბიოქიმიურ შემადგენლობას, მინიმალურად უნდა ჰქონდეთ გამოხატული გვერდითი ეფექტები და, რაც მთავარია, ამცირებდნენ სამომავლო გართულებებისა და სიკვდილიანობის ალბათობას, ანუ უნდა იყვნენ როგორც ეფექტურები (ესე იგი ამცირებდნენ წნევის ციფრებს), ისე ეფექტიანებიც ანუ შედეგიანებიც. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, სისხლძარღვოვანი გართულებების (ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, თირკმლის, გულის უკმარისობის, აორტის განშრევების და სხვათა) და სიკვდილიანობის შემცირება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ წნევის დაქვეითება. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ აქამდე პოპულარულ ბევრ წამალს ნეიტრალური ან სულაც უარყოფითი პროგნოზული გავლენა აქვს, ამიტომ სამკურნალოდ არ უნდა გამოიყენებოდეს. დღეს ფაქტებზე დამყარებული მედიცინის დროა, ფაქტები ანუ მტკიცებულებები კი ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფს შემორჩა. ასეთია შარდმდენები (დიურეზული საშუალებები), ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, ბეტა-ბლოკერები. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქიმიური ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის ეფექტიანობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმავე ჯგუფის სხვა წარმომადგენელიც შედეგიანი იქნება. ასეთი მაგალითის მოყვანა მრავლად შეიძლება. ამრიგად, სწორი მკურნალობა არ გულისხმობს მხოლოდ არტერიული წნევის დაქვეითებას, ამას კი უნდა მივაღწიოთ მრავალი კლინიკური კვლევით, დროში  შემოწმებული  და დადასტურებულად შედეგიანი მედიკამენტით ან მედიკამენტების კომბინაციით. კომბინაციას შევეხეთ და აქვე მოგახსენებთ, რომ ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად მიუთითებენ რაციონალურ ანუ სასარგებლო, ინდიფერენტულ და არარაციონალურ კომბინაციებზე. ამდენად, წამალთა შეხამება ექიმისგან გარკვეულ განათლებას მოითხოვს. უკანასკნელ ხანს პაციენტთა მკურნალობაზე ამყოლობის (ანუ კომპლაენსის) გაუმჯობესებას დიდი ყურადღება ექცევა და ამ თვალსაზრისით სულ უფრო პოპულარული ხდება კომფორტული, დღეში ერთხელ მისაღები წამლები და მათი ფიქსირებული კომბინაციები. გამოჩნდა სამი და მეტი წამლის შეხამებით მიღებული რთული მედიკამენტებიც, ამან კი პაციენტთა კომფორტი და მკურნალობისადმი მიმდევრობა უფრო მეტად გაზარდა.


- წნევის სწრაფ ვარდნაზე, უფრო სწორად, მის სწრაფად დაქვეითებაზე რას გვეტყვით?

- ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პრობლემაა წნევის სწრაფი დაქვეითება. კარდიოლოგიის სპეციფიკურ საკითხებს არ ჩავუღრმავდები, ზოგადად გეტყვით, რომ არსებობს სულ 12-15 უმძიმესი მდგომარეობა, როცა სწრაფად უნდა მოხდეს არტერიული წნევის დაწევა („სწრაფად“ ამ შემთხვევაში გულისხმობს საწყისი წნევის 25%-ით დაქვეითებას 1-4 საათის განმავლობაში, მომდევნო 24 საათში კიდევ უფრო ნელი ჩამოყვანით 100 მმ დიასტოლურ წნევამდე). ისეთი მდგომარეობა კი, როდესაც წნევა რამდენიმე წუთში ან საათში უნდა დაქვეითდეს, ორად ორია - მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და აორტის განშრევება. უნდა ითქვას, რომ საქართველოში წნევის კრიზის ამჟამად მიღებული მკურნალობა ძირითადად შორს არის ჭეშმარიტი მედიცინის რეკომენდაციებისგან და ამ მხრივ ჩვენი სასწრაფო დახმარების სამსახურების მოქმედება ხშირად ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს (ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, განსაკუთრებით - „კარდიოექსპრესს“, მაგრამ „ფაქტი ჯიუტია“). რა მაძლევს ამის თქმის უფლებას? - თუ თვალს გადაავლებთ თანამედროვე გაიდლაინებს (არსებობს ქართულ ენაზეც), იმ 12-15 კატასტროფული მდგომარეობის გარდა, არსად არის რეკომენდებული წნევის დასაქვეითებლად მაგნეზიის ინექცია, ფუროსემიდის ინტრავენური შეყვანა ან ნიფედიპინის ენის ქვეშ დადება. პირიქით, ამ მეთოდების რუტინულად, სათანადო ჩვენების გარეშე გამოყენება ერთმნიშვნელოვნად აკრძალულია, რადგან მაღალი და ძალზე მაღალი წნევის გაუმართლებლად სწრაფ „მოწესრიგებას“ შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს, ვიდრე საწყის მაღალ ციფრებს. ნურავინ შემეკამათება, რომ მას ბევრჯერ გაუკეთებია ეს და არაფერი დაშავებულა. ოპონენტებს შევახსენებ თანამედროვე კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიოლოგიის ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ექსპერტის, მესერლის, ფრთიან გამონათქვამს: „არსებობს ფაქტებზე დამყარებული მედიცინა და არსებობს ავტორიტეტზე (გამოცდილებაზე) დაფუძნებული მედიცინა. ეს უკანასკნელი ერთი და იმავე შეცდომის უფრო და უფრო მეტი თავდაჯერებით ჩადენის მედიცინაა!“ შევეცადოთ ყველა, დავუჯეროთ ცნობილ ექსპერტს, ნუ ჩავიდენთ შეცდომებს-მივყვეთ სახელმძღვანელოებს!

არტერიული ჰიპოტენზია - დაბალი წნევა

- როდის იჩენს თავს არტერიული ჰიპოტენზია, რომელია მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი?

- ჰიპერტენზიის საპირისპირო მდგომარეობაა ჰიპოტენზია - არტერიული წნევის დაქვეითება.  ამ მდგომარეობაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებელი 90/60-ზე ნაკლებია. ჰიპოტენზია თავისთავად უფრო ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, ვიდრე დამოუკიდებელი დაავადება. ბევრ ჯანმრთელ ადამიანს სულაც არ აწუხებს დაბალი ციფრები - ისინი ავადმყოფებად ვერ ჩაითვლებიან. ამის საპირისპიროდ, ბევრისთვის დაბალი წნევა გულის, ენდოკრინული, ნევროლოგიური, ქირურგიული და სხვა პროფილის სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჰიპოტენზია, რომელიც ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან ან დოზის გადაჭარბებასთან არის დაკავშირებული. ძალიან ხშირია წნევის უეცარი დაქვეითება მწოლიარე ადამიანის სწრაფად წამოდგომის შემთხვევაში, განსაკუთრებით - ჰიპოვოლემიისა (მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების) და მედიკამენტების ზემოქმედების ფონზე. ნევროზულ პირებთან ხშირად ვხვდებით აგრეთვე ნეიროკარდიოგენულ სინკოპეს წნევის მკვეთრი დაქვეითებითა და ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვით.

- როგორ უნდა მოიქცეს სინკოპეს შემთხვევაში დამხმარე პირი?

- უპირველეს ყოვლისა, არ უნდა ეცადოს პაციენტის წამოყენებას. ბუნებამ თვითონვე “იცის“ საუკეთესო წამალი - ჰორიზონტალური მდგომარეობა. ამ დროს, განსაკუთრებით - ფეხების წამოწევის ფონზე, ძლიერდება თავის ტვინისკენ სისხლის მიდენა და პაციენტი სწრაფად მოდის გონს. ვინაიდან წნევის უეცარი ან ქრონიკული დაქვეითება შეიძლება მძიმე დაავადების გამოვლინება იყოს, ყოველთვის საჭიროა ექიმის კონსულტაცია, განსაკუთრებით - „უმიზეზო“ შემთხვევებში ან უკვე არსებული მძიმე დაავადების ფონზე. უნდა გვახსოვდეს, რომ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება არა მარტო  ნიშანი შეიძლება იყოს მძიმე დაავადებისა, არამედ გახანგრძლივებისა და დაგვიანებული დახმარების შემთხვევაში თვითონვე გამოიწვიოს სასიცოცხლო ორგანოების, უწინარესად - თავის ტვინის, თირკმელების, მიოკარდიუმის დაზიანება სისხლის მიმოქცევის შემცირებით, ხოლო უმძიმეს შემთხვევებში - შოკი და სიკვდილიც კი. მინდა, საგანგებოდ შევაჩერო მკითხველის ყურადღება ცხელი სეზონის ჰიპოტენზიაზე: ცხელ და მშრალ თვეებში, როცა მომატებულია ორგანიზმიდან სითხის კარგვა-აორთქლება და, შესაბამისად, ჰიპოვოლემიის განვითარების რისკი, ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად სასურველია მივიღოთ მეტი სითხე და ელექტროლიტები. რისკის ჯგუფის პირები (მოხუცები, შაქრიანი დიაბეტითა და გულის უკმარისობით დაავადებულები, დასუსტებული, ასთენიური, კახექსიური ადამიანები, მძლავრ ანტიჰიპერტენზიულ თერაპიაზე მყოფები, კოლაფსისადმი მიდრეკილები, არითმიით დაავადებულები, დიარეისა თუ ანემიის მქონეები) უნდა ერიდონ მკვეთრ საყოფაცხოვრებო რყევებს, შორ მანძილზე მგზავრობას, დიეტის დარღვევას, მედიკამენტების თვითნებურ მიღებას, არ უგულებელყონ ექიმის ხშირი კონსულტაცია, ერთი სიტყვით, თავი არიდონ ფაქტორებს, რომლებიც მდგომარეობის გამწვავებას უწყობს ხელს.