ცხოვრება და რეაბილიტაცია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრება და რეაბილიტაცია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

ინფარქტის გართულებები

თუ პაციენტს სწრაფად აღმოუჩენენ სამედიცინო დახმარებას, მალე გამოჯანმრთელების შანსი იზრდება. გულის შეტევიდან სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე რაც მეტი დროა გასული, მით მეტია გართულების განვითარების რისკი. მათ შორისაა არითმია, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი.

არითმია - გულის რიტმის დარღვევა (ტაქიკარდია, ბრადიკარდია, მოციმციმე არითმია) შეიძლება განვითარდეს გულის კუნთის დაზიანების შედეგად.

გულის უკმარისობის დროს გულის მუშაობის ეფექტურობა ქვეითდება და გულს აღარ შესწევს უნარი ორგნოები და ქსოვილები საკმარისი სისხლით უზრუნველყოს. ასეთი გართულება შეიძლება აღმოცენდეს გულის ქსოვილის ძლიერი დაზიანების დროს. ხშირად ზიანდება მარცხენა პარკუჭი.

კარდიოგენული შოკი - გულის უკმარისობის მძიმე და მწვავე ფორმაა. ამგვარი გართულებისას გული ვერ აწვდის საკმარის სისხლს ორგანიზმს ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად.

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია

უპირველესად, სწორად უნდა მივუდგეთ დაავადებას. გულის დაავადება, განსაკუთრებით, თუ ის შედარებითი ჯანმრთელობის ფონზე აღმოცენდა, ძლიერად აზიანებს ადამიანს არა მარტო ფიზიკურად, ფსიქიკურადაც. ინფარქტის გამო ინგრევა ცხოვრების ჩვეული სისტემა და საჭირო ხდება პრიორიტეტების გადასინჯვა. შესაძლებელია გამოვლინდეს დეპრესია, სიკვდილის შიში, გადაჭარბებული მღელვარება, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის მდგომარეობას და ართულებს გამოჯანმრთელებას.

ინფარქტის გადატანის შემდეგ ადამიანის რეაბილიტაციის ღონისძიებები მიმართულია არა მარტო ფიზიკური აქტივობის აღდგენისაკენ, არამედ ფსიქიკური გაჯანსაღებისკენაც. აუცილებელია ექიმის ყველა მითითების შესრულება. პაციენტის ახლობლებმაც გარკვეული წესები უნდა დაიცვან მასთან ურთიერთობისას. უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგენით პერიოდში აუცილებელია მოძრაობა და სამკურნალო ვარჯიშების კომპლექსის შესრულება.

სქესობრივი ცხოვრება ინფარქტის შემდეგ

როგორც ცნობილია, ყოველწლიურად მიოკარდიუმის ინფარქტი მოსახლეობის სულ უფრო ახალგაზრდა ფენას ეხება. სამწუხაროდ, იშვიათი აღარ არის 30 წელს ახალგადაცილებულებში მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი. ამიტომ პაციენტებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სქესობრივ ცხოვრებას დაბრუნებაა. მიჩნეულია, რომ გულის კუნთის შედარებით მცირე უბნის დაზიანების შემთხვევაში, სქესობრივი ცხოვრების დაწყება შესაძლებელია ორი თვის შემდეგ. ამასთან, ჯანმრთელმა პარტნიორმა უფრო აქტიური პოზა უნდა აირჩიოს.

სქესობრივი კონტაქტის დაწყების უკუჩვენება შეიძლება სტენოკარდია და მომატებული არტერიული წნევა გახდეს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

გასათვალისწინებელია, რომ გადატანილი ინფარქტის შემდეგ მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია დაკავშირებულია ძლიერ ემოციურ სტრესთან ან იმ პრეპარატებთან, რომლებიც ინიშნება ამ დაავადების დროს.

ფიზიკური დატვირთვა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, პაციენტის რეაბილიტაციისას, მნიშვნელოვანია მისი ფიზიკური შესაძლებლობების აღდგენა. სამკურნალო ფიზკულტურა უნდა ჩატარდეს სპეციალისტის დაკვირვებით. მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებებისა და სირთულეების გამო პაციენტებს სამკურნალო ვარჯიში დამოუკიდებლად უწევთ. მთავარია, არ გადააჭარბონ და იკონტროლონ პულსი და არტერიული წნევა.

კვების თავისებურებები მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

მნიშვნელოვანი პუნქტია დიეტა. რაციონში უნდა იყოს პროდუქტები, რომლებიც გულის კუნთის ნორმალური მუშაობის აღდგენას დაეხმარება. საჭიროა მწვანე ბოსტნეულისა და ხილის მიღება. ეს პროდუქტები მდიდარია ვიტამინებითა და ორგანიზმში ცვლის პროცესების მომწესრიგებელი ნივთიერებებით. უნდა შეიზღუდოს სისხლში ქოლესტრინის დონის ზრდის გამომწვევი პროდუქტები, ასევე ცხოველური წარმოშობის ცხიმები. ასეთი პროდუქტების რიცხვშია: ცხიმიანი ხორცი, ღვიძლი, თირკმელი, შებოლილი პროდუქტი, ძეხვეული. გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს რაციონიდან შემწვარი საკვების ამოღებაც, ისინი შეიძლება ჩანაცვლდეს ორთქლზე დამზადებული ან მოხარშული კერძებით. უარსაყოფია ცხიმიანი ხაჭო, კეფირი, ნაღების კარაქი და არაჟანიც. თუმცა ხორციანი საკვების რაციონიდან სრულად ამოღებაც არ შეიძლება. პაციენტმა უნდა მიიღოს უცხიმო თევზი, ფრინველის ხორცი (კანგაცლილი). საკვები უნდა დამზადდეს ზეთზე.

ინფარქტის შემდგომი დიეტის მნიშვნელოვანი თავისებურება მარილის შემცირებაა, რომელსაც არტერიული წნევის აწევის პროვოცირება შეუძლია. სწორად შერჩეული დიეტით პაციენტი სწრაფად დაიწყებს გამომჯობინებას და ორგანიზმის რეაბილიტაცია პრაქტიკულად შეუმჩნევლად ჩაივლის.

სიგარეტი და ინფარქტი

ადამიანმა, რომელმაც გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი, სამუდამოდ უარი უნდა თქვას სიგარეტზე. ნიკოტინი გულის არეში ტკივილის შეტევის პროვოცირებას იწვევს და ხშირად განმეორებითი ინფარქტის მიზეზიც ხდება. სიგარეტის კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები უარყოფითად და აგრესიულად მოქმედებს არტერიებზე.

წონის კონტროლი

ინფარქტის შემდეგ მნიშვნელოვანია წონის კონტროლი. თუ პაციენტს ჭარბი წონა აქვს, მისი დაკლება აღდგენითი პერიოდის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი უნდა გახდეს, რადგანაც ამით შემცირდება ინფარქტის რეციდივის განვითარების ალბათობა. პროფესიული რჩევისთვის დიეტოლოგსაც უნდა მიმართოთ.

წნევის კონტროლი

მნიშვნელოვანია წნევის მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი, რადგან მაღალი არტერიული წნევა გულის მრავალი დაავადების განვითარების რისკფაქტორია.

ლოგიკურია, რომ ჯანსაღი, დაბალანსებული კვება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, წონის დაკლება და რაციონში მარილის მნიშვნელოვნად შეზღუდვა არტერიული წნევის მაჩვენებლის დაქვეითებას დაეხმარება.

ინფარქტის შემდეგ ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნების მნიშვნელობა

ახლო წარსულში ექიმები ინფარქტის შემდეგ პაციენტებს დასვენებას ურჩევდნენ. ბევრი ადამიანი იძულებული ხდებოდა, უარი ეთქვა საყვარელ სამსახურზე, ჰობიზე, საქმიანობასა თუ ნებისმიერ სხვა აქტიურ მოღვაწეობაზე. ადამიანები ვარდებოდნენ ღრმა დეპრესიაში და აწყდებოდნენ დაავადების ახალ რეციდივს.

თანამედროვე სამყაროში მიღებულია, რომ გადატანილი ინფარქტის შემდეგ ადამიანმა სამსახურებრივი საქმიანობა გააგრძელოს, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. ადამიანების უმრავლესობა შეიძლება დაუბრუნდეს საკუთარ სამუშაო ადგილს სამ ან ოთხთვიანი ხარისხიანი რეაბილიტაციის შემდეგ. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის დაძაბულ სამსახურში დაბრუნება არასასურველი შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო ბევრისთვის საყვარელი საქმიანობის გაგრძელება სრუფლასოვანი ცხოვრების აღდგენის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად შეიძლება იქცეს. ოპტიმალურად ითვლება შრომით საქმიანობაში ეტაპობრივი დაბრუნება.

ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ძირითადი ასპექტები

მნიშვნელოვანია, რომ ახლობლები და ნათესავები პაციენტს მძიმე ავადმყოფივით არ ექცეოდნენ.

ყველა ღონე უნდა იხმარონ, მუდმივი შიშის, შფოთის, მომატებული ღელვის დასაცხრობად. თუ ადამიანს ამის ძალა არ შესწევს, უნდა მიმართოს კვალიფიციურ დახმარებას.

მნიშვნელოვანია ასევე სრულფასოვანი სოციალური რეაბილიტაცია, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ინფარქტის შემდეგ პაციენტის სრულფასოვანი ინტიმური ცხოვრება, რადგან ეს ყოველი ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ინფარქტის გადატანის შემდეგ პაციენტი რეგულარულად უნდა მივიდეს ექიმთან საკონტროლო ვიზიტზე და ჩაიტაროს სხვადასხვა კლინიკურ-ლაბორატორიული ანალიზი და კვლევა. მნიშვნელოვანია, რომ მან ასეთი ვიზიტები რუტინად არ აღიქვას და ექიმთან დადიოდეს როგორც პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი, მხოლოდ პროფილაქტიკისთვის.

აღნიშნული მარტივი რეკომენდაციებით (ცხოვრების წესის შეცვლა, დანიშნული პრეპარატების რეგულარული მიღება და ექიმის პერიოდული კონსულტაცია) ადამიანი თანდათანობით შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და მაქსიმალურად შეამციროს მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის რისკი.