რა განსხვავებაა გლომერულონეფრიტსა და პიელონეფრიტს შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განსხვავებაა გლომერულონეფრიტსა და პიელონეფრიტს შორის

განასხვავებენ ნეფრიტის შემდეგ ფორმებს:

  • გლომერულონეფრიტს - თირკმლის გორგლების ანუ გლომერულების ანთებას;
  • ინტერსტიციულ ნეფრიტს - თირკმლის მილაკთა შორის არსებული ნივთიერების (ინტერსტიციუმის) ანთებას;
  • პიელონეფრიტს - თირკმლის ინფექციას, რომელიც ვითარდება საშარდე გზების ინფექციის დროს ბაქტერიების თირკმელში მოხვედრისას;
  • მგლურას ნეფრიტს - თირკმლის გორგლების ანთებას, რომელიც იმუნური სისტემის მონაწილეობით მიმდინარე სისტემური დაავადების - სისტემური წითელი მგლურას დროს ვითარდება.

ნეფრიტის ამ ფორმების განსხვავება მნიშვნელოვანია, ვინაიდან რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან მათი მკურნალობის პრინციპი.

რატომ ვითარდება პიელონეფრიტი

პიელონეფრიტი გაცილებით ხშირია ქალებში. ამას განაპირობებს ანატომიური აგებულების თავისებურება - შარდსადენის გარეთა ხვრელი ქალებს, მამაკაცებისგან განსხვავებით, საკმაოდ ახლოს აქვთ შორისის კანსა და ანალურ ხვრელთან. შედეგად საკმაოდ ხშირია შარდის ბუშტის ინფექცია და იქმნება სათანადო პირობები პროცესის თირკმლის მენჯისკენ გავრცელებისთვის. ქალებში პიელონეფრიტის რისკი გაცილებით მაღალია ორსულობის პერიოდში. ამავე დროს პიელონეფრიტის და საშარდე გზების სხვა ინფექციები ზრდიან ნაადრევი მშობიარობის რისკს. 50 წლიდან მამაკაცებში პიელონეფრიტის რისკს ზრდის პროსტატის - წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია (გადიდება). ქალებშიც და მამაკაცებშიც ზრდის პიელონეფრიტის განვითარების ალბათობას შემდეგი მდგომარეობები:

  • არანამკურალევი საშარდე გზების ინფექცია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • შარდის ბუშტის ინერვაციის პრობლემები;
  • თირკმლის კენჭები;
  • შარდის ბუშტის სიმსივნე;
  • ვეზიკოურეთრული რეფლუქსი ანუ შარდის უკუდინება შარდის ბუშტიდან თირკმლისაკენ;
  • საშარდე გზების განვითარების ანომალია, რაც შარდის დინების დარღვევას იწვევს.

გარდა ამისა, პიელონეფრიტის რისკი იმატებს იმ გამოკვლევებისა და პროცედურების დროს, რომლებიც საშარდე გზებზე ინსტრუმენტებით ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული. თირკმლის ინფექციათა უდიდესი ნაწილი გამოწვეულია ნაწლავის ჩხირით - ეშერიხია კოლით. ათიდან 8 შემთხვევაში დაავადების მიზეზი სწორედ ეს მიკროორგანიზმია. სხვა გამომწვევებს შორის უნდა აღვნიშნოთ კლებსიელა, პროტეუსი, ფსევდომონა, ენტეროკოკი და საპროფიტული სტაფილოკოკი.

მიზეზები

ინფექცია შეიძლება გლომერულონეფრიტის მიზეზადაც იქცეს, თუმცა ამ შემთხვევაში გამომწვევი სულ სხვაა. ინფექციასთან დაკავშირებული გლომერულონეფრიტის მაგალითებია:

  • პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი - ის შეიძლება აღმოცენდეს სტრეპტოკოკული ფარინგიტის (ანგინის) ან, უფრო იშვიათად, კანის სტრეპტოკოკული ინფექციის (მაგალითად, იმპეტიგოს) გადატანიდან 1-2 კვირის შემდეგ. სტრეპტოკოკული ინფექცია იწვევს ანტისხეულების ჭარბ პროდუქციას, ანტისხეულები კი იმუნური ანთების შედეგად აზიანებენ გლომერულებს - თირკმლის გორგლებს. პოსტსტრეპტოკოკული ანუ სტრეპტოკოკული ინფექციის შემდგომი გლომერულონეფრიტი ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში, თუმცა მათში უფრო ხშირია სწრაფად გამოჯანმრთელებაც.
  • ვირუსული ინფექციები - გლომერულონეფრიტის მიზეზად შეიძლება იქცეს შიდსი, ბ ან ც ჰეპატიტი.

გარდა ამ ინფექციებისა, გლომერულონეფრიტს შესაძლოა სათავე დაუდოს იმუნური სისტემის მონაწილეობით მიმდინარე ორგანიზმის ზოგადმა დაავადებებმა, რომლებიც სხვა ორგანოებთან ერთად თირკმელსაც აზიანებს. არის შემთხვევები, როცა გლომერულონეფრიტის მიზეზი უცნობი რჩება. გლომერულონეფრიტის გამომწვევ იმუნურ დაავადებათა შორის აღსანიშნავია:

  • სისტემური წითელი მგლურა - ქრონიკული იმუნური ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს თითქმის ყველა ორგანოს კანის, სახსრების, თირკმელების, სისხლის უჯრედების, გულისა და ფილტვების ჩათვლით;
  • გუდპასჩერის სინდრომი - ფილტვების იშვიათი იმუნური დაავადება, რომელიც შეიძლება ფილტვების ანთების მსგავსი სურათით გამოვლინდეს, იწვევს სისხლიან ხველასა და გლომერულონეფრიტს;
  • Ig A ნეფროპათია ანუ ბერჟეს დაავადება - ახასიათებს შარდში სისხლის არსებობის განმეორებითი ეპიზოდები. ეს დაავადება, რომელიც თირკმლის გორგლების პირველადი დაზიანებით მიმდინარეობს, დაკავშირებულია თირკმლის გორგლებში Ig A-ს ჩალაგებასთან. Ig A ნეფროპათია შეიძლება წლების განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს.

გლომერულონეფრიტის მიზეზად შეიძლება იქცეს ვასკულიტი:

  • პოლიარტერიიტი - ვასკულიტის ეს ფორმა აზიანებს წვრილი და საშუალო კალიბრის სისხლძარღვებს სხეულის მრავალ ნაწილში - გულში, თირკმელში, ნაწლავებში;
  • ვეგენერის გრანულომატოზი - ვასკულიტის ეს ფორმა აზიანებს წვრილი და საშუალო ყალიბის სისხლძარღვებს ფილტვებში, ზედა სასუნთქ გზებსა და თირკმელებში.

ცალკე უნდა გამოვყოთ მდგომარეობები, რომლებიც გორგლების შეჭმუხვნას იწვევს:

  • მაღალი არტერიული წნევა - თირკმლის დაზიანება და მისი ფუნქციის დარღვევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მაღალ არტერიულ წნევასთან. თავის მხრივ, შესაძლოა გლომერულონეფრიტი თავად იქცეს მაღალი წნევის მიზეზად;
  • შაქრიანი დიაბეტი - დიაბეტური ნეფროპათია შეიძლება ნებისმიერ დიაბეტით დაავადებულს განუვითარდეს. ჩვეულებრივ, ის წლების განმავლობაში ვითარდება. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის შემცველობისა და არტერიული წნევის მკაცრი კონტროლი.
  • ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი - გლომერულონეფრიტის ამ ფორმას ზოგიერთი გორგლის შეჭმუხვნა ახასიათებს. ის ზოგჯერ სხვა დაავადებებთან არის დაკავშირებული, ზოგჯერ უცნობი მიზეზით აღმოცენდება.

დაავადების ფორმები

როგორც პიელონეფრიტი, ასევე გლომერულონეფრიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე გლომერულონეფრიტის მაგალითია პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი. ქრონიკული გლომერულონეფრიტი ზოგჯერ გადატანილი მწვავე გლომერულონეფრიტის შედეგია, თუმცა არის შემთხვევები, როცა დაავადება პირდაპირ თირკმელების უკმარისობით ვლინდება - ისე, რომ პაციენტს არ ჰქონია თირკმლის დაავადების ისტორია. ამ შემთხვევაში დაავადება ლატენტურად ანუ ფარულად მიმდინარეობს. ზოგჯერ დაავადებას მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. ამის მაგალითია ალპორტის სინდრომი, რომელსაც გლომერულონეფრიტთან ერთად სმენის ან მხედველობის დარღვევაც ახასიათებს.


პიელონეფრიტის კლინიკური სურათი

პიელონეფრიტის ორი უმთავრესი სიმპტომია ტკივილი თირკმლის საპროექციო არეში და ცხელება. ტკივილი ზოგჯერ მუცლის ქვედა ნაწილისკენ გადაეცემა. ამ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს შემცივნება, გულისრევა, ღებინება. ზოგჯერ ყურადღებას იპყრობს შარდის შემღვრევა, უჩვეულო შეფერილობა, მძაფრი სუნი. შარდვა შეიძლება გახშირდეს და გაძნელდეს, თან ახლდეს დისკომფორტი.

გლომერულონეფრიტის კლინიკა

გლომერულონეფრიტის სიმპტომებია:

  • ხორცის ნარეცხის მსგავსი შარდი, რაც მასში სისხლის არსებობის ანუ ჰემატურიის შედეგია;
  • ქაფიანი შარდი, რაც დაკავშირებულია შარდით ცილის გამოყოფასთან ანუ პროტეინურიასთან;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • შეშუპება ორგანიზმში სითხის შეკავების გამო. შეშუპება განსაკუთრებით თვალშისაცემია სახის, ზედა კიდურების, მუცლისა და წვივების არეში;
  • საერთო სისუსტე, რაც ანემიის ან თირკმლის უკმარისობის ბრალია.

უნდა ითქვას, რომ გლომერულონეფრიტის სიმპტომები უფრო თვალსაჩინოა დაავადების მწვავე ფორმის დროს, ხოლო ქრონიკული ფორმის შემთხვევაში დიაგნოზს არცთუ იშვიათად შარდის შემთხვევითი ანალიზის საფუძველზე სვამენ.

განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან პიელონეფრიტისა და გლომერულონეფრიტის გართულებები?

დაავადებათა განსხვავებული ხასიათის გათვალისწინებით, გართულებათა სპექტრიც სხვადასხვაგვარია. არანამკურალებ შემთხვევებში, ხანში შესულებში და იმუნური სისტემის სისუსტისას პიელონეფრიტს შეიძლება მოჰყვეს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორებიცაა:

  • თირკმლის შეუქცევადი დაზიანება და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • სეფსისი - ბაქტერიები შეიძლება გავრცელდნენ სისხლის მიმოქცევის წრეში;
  • ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის მცირე წონა.

გლომერულონეფრიტის გართულებებია:

  • თირკმელების მწვავე უკმარისობა - იმუნური ანთების გამო გორგლების დიდი ნაწილის ფუნქციის დარღვევა ორგანიზმში იმ ნივთიერებათა შეკავებას იწვევს, რომლებიც თირკმელებით გამოიყოფა. ზოგჯერ აუცილებელი ხდება დიალიზი - ხელოვნური თირკმლის აპარატის გამოყენება;
  • თირკმელების ქრონიკული უკმარისობა - ეს საკმაოდ მძიმე გართულება ვითარდება თირკმლის ფუნქციის თანდათანობითი კარგვის შედეგად. მკურნალობის მეთოდია დიალიზი და შემდგომ - თირკმლის გადანერგვა;
  • არტერიული წნევის მატება;
  • ნეფროზული სინდრომი - მას ახასიათებს შარდით დიდი რაოდენობით ცილის გამოყოფა, სისხლში ალბუმინის დაქვეითება, მაღალი ქოლესტერინი და შეშუპებები.

პიელონეფრიტისაგან განსხვავებით, გლომერულონეფრიტის დროს ამ გართულებათა ალბათობა სათანადო მკურნალობის შემთხვევაშიც კი რჩება.

როგორ ხდება ნეფრიტების დიაგნოსტიკა

პიელონეფრიტზე ეჭვის მიტანისას ტარდება შარდის საერთო ანალიზი და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რათა დადგინდეს ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი და შესწავლილ იქნეს მისი მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ. შარდის საერთო ანალიზი ავლენს ლეიკოციტებისა და ბაქტერიების არსებობას. გარდა ამისა, ინიშნება სისხლის საერთო ანალიზი. შემდგომ შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები პიელონეფრიტის მიზეზების დასადგენად.

გლომერულონეფრიტის შემთხვევაში რეკომენდებული კვლევებია

  • შარდის საერთო ანალიზი - ავლენს ერითროციტებსა და ერითროციტულ ცილინდრებს, რაც გორგლების დაზიანებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს ლეიკოციტები, რაც ინფექციისათვის არის დამახასიათებელი. შარდში აღინიშნება ცილა. ეს გორგლების დაზიანების მაჩვენებელია.
  • სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა - კრეატინინისა და შარდოვანას აზოტის შემცველობის მომატება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მაჩვენებელია.
  • ექოსკოპია, რენტგენი და ზოგჯერ - კომპიუტერული ტომოგრაფია დამატებით ინფორმაციას გვაწვდის. ისინი მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში ინიშნება. ნიშნავს ექიმი.
  • თირკმლის ბიოფსია - სპეციალური ნემსით ხორციელდება ჩხვლეტა, რომლის დროსაც მიიღება თირკმლის ქსოვილის მცირე ნაწილი მიკროსკოპული გამოკვლევისთვის. ეს გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ თირკმლის ანთების მიზეზი. თირკმლის ბიოფსია თითქმის ყოველთვის აუცილებელია გლომერულონეფრიტის დიაგნოზის დასაზუსტებლად.

განსხვავებული მკურნალობა

პიელონეფრიტისა და გლომერულონეფრიტის განსხვავებათა შესახებ საუბრისას თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მკვეთრად განსხვავებული მომენტი სწორედ აღნიშნული დაავადებების მკურნალობის პრინციპია. პიელონეფრიტის დროს უპირველესი სამკურნალო საშუალებაა ანტიბიოტიკები. კონკრეტული ანტიბიოტიკის არჩევანი და მისი გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით აღმოჩენილი ბაქტერიის სახეობაზე, თუმცა, რასაკვირველია, თავდაპირველად ანტიბიოტიკი ინიშნება ემპირიულად, ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგის მიღებამდე ლოდინი დაუშვებელია. ჩვეულებრივ, მდგომარეობა რამდენიმე დღეში უმჯობესდება, მიუხედავად ამისა, მკურნალობა 10-14 დღეს, ზოგჯერ კი უფრო მეტხანსაც გასტანს. ანტიბიოტიკების სრული კურსი აუცილებელია, რათა სრულად მოხდეს ინფექციის განკურნება. თირკმლის მძიმე ინფექციის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სტაციონარში მკურნალობა. ასეთ დროს აუცილებელია ანტიბიოტიკების ინტრავენური შეყვანა. სტაციონარში მკურნალობის ვადებს განსაზღვრავს ექიმი.  მაშინ, როცა თირკმლის ინფექცია ხშირად მეორდება ან ქრონიკულ ხასიათს იღებს, აუცილებელია ვიზიტი უროლოგთან, რათა ჩატარდეს სათანადო გამოკვლევები და გამოვლინდეს ის დაავადებები, რომლებიც თირკმლის ინფექციის ქრონიკულ ხასიათს განაპირობებს. ეს არის საშარდე გზების აგებულების ანომალია, თირკმლის კენჭი. შესაძლოა საჭირო გახდეს ჩარევა ამ მიზეზების სალიკვიდაციოდ. სულ სხვანაირია გლომერულონეფრიტის მკურნალობა. ამ შემთხვევაში ტაქტიკა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ:

  • დაავადების ფორმაზე - მწვავეა ის თუ ქრონიკული;
  • დაავადებაზე, რომლის ფონზეც აღმოცენდა გლომერულონეფრიტი;
  • დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე.

გლომერულონეფრიტის ზოგიერთი შემთხვევა - უმთავრესად ეს ეხება მწვავე პოსტსტრეპტოკოკულ  გლომერულონეფრიტს - თავისთავად იკურნება და სპეციალური მკურნალობა აღარ ხდება აუცილებელი. გლომერულონეფრიტის მკურნალობის უმთავრესი მიზანია თირკმლის შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება, ამისთვის კი აუცილებელია:

  • მაღალი არტერიული წნევის მოწესრიგება - ეს არის თირკმლის დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი გზა. ამისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს შარდმდენები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპრორების ინჰიბიტორები.
  • გამომწვევი მიზეზის მკურნალობა. როცა არსებობს გლომერულონეფრიტის გამომწვევი დაავადება, აუცილებელია დაინიშნოს მკურნალობა მისი კონტროლისთვის.

ასეთ დაავადებათა შორის უნდა დავასახელოთ:

  • სტრეპტოკოკული ანგინა ან სხვა ბაქტერიული ინფექცია - შესაძლოა დაინიშნოს ანტიბიოტიკები.
  • სისტემური წითელი მგლურა ან ვასკულიტი - ანთების კონტროლის მიზნით ხშირად ინიშნება კორტიკოსტეროიდები ან იმუნური სისტემის დამთრგუნველი სხვა პრეპარატები. ამ საშუალებების გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია პიელონეფრიტის დროს.
  • Ig A ნეფროპათია - ზოგჯერ ეფექტურია თევზის ქონის შემცველი დანამატები და იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები.
  • გუდპასჩერის სინდრომი - მის სამკურნალოდ გამოიყენება პლაზმაფერეზი. ეს არის ორგანიზმიდან ანტისხეულების მექანიკური მოცილების პროცესი. ორგანიზმიდან იღებენ გარკვეული რაოდენობის სისხლს, ატარებენ ცენტრიფუგაში და აცილებენ პლაზმას, ფორმიანი ელემენტები კი ორგანიზმს უბრუნდებიან.

თირკმლის უკმარისობის მკურნალობა  - მწვავე გლომერულონეფრიტის დროს აღმოცენებული თირკმელების მწვავე უკმარისობის დროს წარმატებით ტარდება დიალიზი - ხელოვნური თირკმლის აპარატის გამოყენება. ის გვეხმარება სითხისა და ცვლის პროდუქტების მოცილებაში, არტერიული წნევის კონტროლში. თირკმელების ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია დიალიზი, ხოლო შემდგომ - თირკმლის გადანერგვა.


როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს

არსებობს წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია თირკმლის დაავადებების დროს. ბუნებრივია, პიელონეფრიტისა და გლომერულონეფრიტის შემთხვევაში ეს წესები სხვადასხვანაირია. პიელონეფრიტის დროს რეკომენდებულია:

  • ადგილობრივად სითბოს გამოყენება, რაც ტკივილის შეგრძნებას ამცირებს;
  • ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენება ცხელებისა და ტკივილის შესამცირებლად, ოღონდ პრეპარატის სახეობა აუცილებლად ექიმთან უნდა შევათანხმოთ;
  • სათანადო რაოდენობით სითხის მიღება - საკმარისი სითხის მიღება უზრუნველყოფს ბაქტერიების ინტენსიურ გამოყოფას საშარდე გზებით. გაითვალისწინეთ, რომ არ არის მიზანშეწონილი ყავის და ალკოჰოლის მიღება - ამ შემთხვევაში შარდვა ხშირდება, ეს კი ზრდის დისკომფორტს.

გლომერულონეფრიტის დროს რეკომენდებულია:

  • სუფრის მარილის მიღების მკვეთრი შემცირება - ეს აქვეითებს სითხის შეკავებას, შეშუპებას და ხელს უწყობს წნევის მოწესრიგებას;
  • საკვებში ცილისა და კალიუმის შემცირება;
  • ნორმალური წონის შენარჩუნება;
  • დიაბეტის შემთხვევაში - სისხლში გლუკოზის კონტროლი.

როგორ ავიცილოთ თავიდან

პიელონეფრიტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

  • საკმარისი რაოდენობის სითხის, განსაკუთრებით - წყლის, მიღება;
  • ხშირად მოშარდვა და შარდის შეკავების თავიდან აცილება;
  • სქესობრივი კავშირის შემდეგ შარდის ბუშტის რაც შეიძლება ადრე დაცლა;
  • შორისის არეში დეოდორანტების გამოყენებისაგან თავის შეკავება.

სამწუხაროდ, არ არსებობს ხერხები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა გლომერულონეფრიტის ფორმათა უმრავლესობის თავიდან აცილება, თუმცა ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულება მაინც არის აუცილებელი:

  • აუცილებელია სტრეპტოკოკული ინფექციის (ანგინა, კანის ინფექცია) დაუყოვნებლივ მკურნალობა;
  • ღონისძიებები შიდსის, ბ და ც ჰეპატიტების თავიდან ასაცილებლად;
  • არტერიული წნევის მოწესრიგება;
  • გლუკოზის შემცველობის კონტროლი.

ნეფრიტის კიდევ ერთი ფორმა

არ შეიძლება, თუნდაც მოკლედ არ ვისაუბროთ ნეფრიტის კიდევ ერთი ფორმის - ინტერსტიციული ნეფრიტის შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არის თირკმლის ინტერსტიციუმის - მილაკებს შორის არსებული ნივთიერების ანთება. ანთების შედეგად ირღვევა თირკმლის ფუნქცია. ნეფრიტის ამ ფორმას სხვანაირად ტუბულოინტერსტიციულ ნეფრიტს, მწვავე ალერგიულ ნეფრიტსაც უწოდებენ.

რა იწვევს

ინტერსტიციული ნეფრიტის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ალერგიული რეაქცია მედიკამენტების მიმართ - მწვავე ინტერსტიციული ალერგიული ნეფრიტი;
  • ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება, როგორებიცაა პარაცეტამოლი, ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ამ შემთხვევაში ანალგეტიკურ ნეფროპათიაზე საუბრობენ;
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკის - პენიცილინის, ამპიცილინის, მეტიცილინის, სულფონამიდების და სხვათა - გვერდითი ეფექტები;
  • ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ფუროსემიდის, თიაზიდური შარდმდენების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, გვერდითი ეფექტები.

მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ინტერსტიციულ ნეფრიტს. უკანასკნელს ახასიათებს მდგომარეობის პერიოდული გაუარესება-გამწვავება. ინტერსიტიციული ნეფრიტის მწვავე ფორმა უფრო ხშირია. ის მედიკამენტების გვერდით ეფექტებთან არის დაკავშირებული. ხანშიშესულ პირებში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ქრონიკულ ფორმასაც უფრო ხშირად იღებს.

გამოვლინება

ინტერსტიციული ნეფრიტი შესაძლოა გამოვლინდეს საშუალოდ ან მძიმედ გამოხატული ცვლილებებით თირკმელების მხრივ, შესაძლოა თირკმელების მწვავე უკმარისობის ფორმაც მიიღოს. შემთხვევათა ნახევარში გამოყოფილი შარდის ოდენობა მცირდება, ვლინდება თირკმელების მწვავე უკმარისობის სხვა ნიშნებიც. გარდა ამისა, საყურადღებოა:

  • სისხლიანი შარდი;
  • ცხელება;
  • შარდის მოცულობის ზრდა ან შემცირება;
  • ცნობიერების შეცვლა;
  • გულისრევა, ღებინება;
  • გამონაყარი;
  • შეშუპება;
  • წონის მატება სითხის შეკავების გამო.

მკურნალობა

საბედნიეროდ, დასახელებული მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ მდგომარეობა ხშირად სწრაფად უმჯობესდება. აუცილებელია სუფრის მარილისა და სითხის მიღების შეზღუდვა, საკვებში ცილის შემცირება. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელი ხდება დიალიზი, საკმარისია მისი ხანმოკლე კურსი. ზოგჯერ ეფექტურია კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები.

შესაძლო გართულებები

მოსალოდნელია მეტაბოლური აციდოზი, ვინაიდან თირკმელს აღარ შესწევს საკმარისი რაოდენობით მჟავას მოცილების უნარი. არსებობს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარების რისკი.

როგორ ავიცილოთ თავიდან ინტერსტიციული ნეფრიტი

ნეფრიტის ამ ფორმის თავიდან აცილება უმეტესად შეუძლებელია. დაავადების რისკს ამცირებს მისი გამომწვევი მედიკამენტების მიღება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.