გლუკოზა სისხლსა და შარდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გლუკოზა სისხლსა და შარდში

ორსულობამ შესაძლოა შაქრიანი დიაბეტის პროვოცირება მოახდინოს, ამიტომ ორსულმა სისხლის ბიოქიმიური ანალიზის დროული ჩატარებით უნდა აკონტროლოს გლუკოზის ცვლილება სისხლში. თუ გლუკოზის ტესტმა სისხლში გლუკოზის მომატებული დონე ანუ ჰიპერგლიკემია აჩვენა, სავარაუდოა:

  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ენდოკრინული დარღვევები;
  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი (კუჭუკანა ჯირკვლის ანთება), მუკოვისციდოზი;
  • პანკრეასის სიმსივნე;
  • ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები;
  • სისხლჩაქცევა ტვინში;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი.

გარდა ამისა, გლუკოზის დონე იმატებს ძლიერი ემოციისა და სტრესის შემდეგ, აგრეთვე თამბაქოს წევისა და არასწორი კვების შემთხვევაში. გლუკოზის დონის დაქვეითება ანუ ჰიპოგლიკემია ახასიათებს:

  • პანკრეასის დაავადებებს (ჰიპერპლაზია, ადენომა ან კიბო);
  • ჰიპოთირეოზს;
  • ღვიძლის დაავადებებს (ციროზი, ჰეპატიტი, კიბო);
  • კუჭისა და თირკმელზედა ჯირკვლის კიბოს;
  • დარიშხანით ან ალკოჰოლით მოწამვლას;
  • ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატის ზედოზირებას.

ჯანმრთელი ადამიანის სისხლში შაქრის დონე განსაზღვრულ დონეზე ნარჩუნდება, შარდში კი გლუკოზა საერთოდ არ დასტურდება. სისხლის პლაზმაში გლუკოზის შემცველობა საშუალოდ 0,1%-ია. სისხლში შაქრის განსაზღვრული დონის შენარჩუნებაში მთავარ როლს ღვიძლი ასრულებს. თუ ორგანიზმში დიდი რაოდენობის შაქარი მოხვდა, მისი ჭარბი ნაწილი ღვიძლში ლაგდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გლუკოზის დონის დაქვეითებისას, ღვიძლიდან სისხლში გადადის. ღვიძლში ნახშირწყლები გლიკოგენის სახით არის ჩალაგებული. გლიკოგენი ნახშირწყლოვანი მარაგის ძირითადი ფორმაა. მცენარეულ ორგანიზმებში ამ როლს სახამებელი ასრულებს. გლიკოგენი პოლისაქარიდია, რომელიც უჯრედების ციტოპლაზმაში გრანულებად ლაგდება. ორგანიზმში გლუკოზის ნაკლებობისას ის გლუკოზის დონემდე იშლება. გლიკოგენის უდიდესი ნაწილი ღვიძლშია თავმოყრილი (ამ ორგანოს მასის 6%-მდე), შედარებით მცირე კი კუნთებში, სადაც მისი შემცველობა იშვიათად აღემატება 1%-ს. დაახლოებით 70 კგ წონის ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ნახშირწყლების მარაგი საკვების მიღების შემდეგ დაახლოებით 325 გრამს შეადგენს. ღვიძლში არსებული გლიკოგენის მარაგი ტრაპეზიდან ტრაპეზამდე არსებულ შუალედებში სისხლში გლუკოზის ფიზიოლოგიური კონცენტრაციის შესანარჩუნებლად გამოიყენება. საკვების მიღებიდან 12-18 საათში გლიკოგენის მარაგი ღვიძლში თითქმის სრულიად ილევა. კუნთში გლიკოგენის შემცველობა ძლიერ ქვეითდება მხოლოდ ხანგრძლივი და დაძაბული ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. სახამებლის მიღებისას სისხლში შაქრის დონე დიდად არ იცვლება, რადგან სახამებლის დაშლა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დიდხანს გრძელდება, ხოლო ამ დროს წარმოქმნილი მონოსაქარიდები ნელა შეიწოვება. ორგანიზმში ჩვეულებრივი შაქრის ან მნიშვნელოვანი რაოდენობის (150-200 გრამი) გლუკოზის მოხვედრისას სისხლში გლუკოზის დონე საგრძნობლად იმატებს. გლუკოზის ასეთ მომატებას კვებისმიერ ანუ ალიმენტურ ჰიპერგლიკემიას უწოდებენ. ჭარბი შაქარი ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით გამოიდევნება. შესაბამისად, შარდში გლუკოზა ჩნდება. თირკმელებით შაქრის გამოდევნა მაშინ იწყება, როდესაც სისხლში მისი შემცველობა 0,15-0,18%-ს აღწევს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ალიმენტური ჰიპერგლიკემია შაქრის დიდი რაოდენობით გამოყენებისას ვითარდება და ორგანიზმის ცხოველმყოფელობას არ არღვევს. პანკრეასის შიდასეკრეტორული (იგულისხმება ჰორმონ ინსულინის გამოყოფა) ფუნქციის დარღვევისას კი ვითარდება დაავადება - შაქრიანი დიაბეტი. ამ დროს სისხლში შაქრის დონე იმატებს, ღვიძლი კარგავს სისხლში შაქრის სათანადო დონის შენარჩუნების უნარს და იწყება შაქრის გაძლიერებული გამოდევნა შარდით.

შაქრის მომატება

სისხლში შაქრის მომატება არის პათოლოგია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, შაქრიან დიაბეტზე მიანიშნებს. იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ავად შაქრიანი დიაბეტით, უზმოზე სისხლში შაქრის დონე დაახლოებით 5 მმოლი/ლ (90 მგ%) აქვთ. საკვების მიღებისთანავე გლუკოზა 7 მმოლი/ლ-მდე (126%) იმატებს. გლუკოზის დონე 3,5 მმოლი/ლ-ზე (63მგ%) დაბალი ჯანმრთელ ადამიანებს იშვიათად აქვთ. შაქრიანი დიაბეტის სადიაგნოზოდ აუცილებელია, ზუსტად განისაზღვროს სისხლში შაქრის შემცველობა. თუ უზმოზე სისხლში შაქრის დონის მომატება (უკანასკნელი კვებიდან არანაკლებ 8 საათი უნდა იყოს გასული) 7,0 მმოლი/ლ-ზე მეტად ორჯერ აღინუსხა სხვადასხვა დღეს, მაშინ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ეჭვს აღარ იწვევს. როდესაც უზმოზე სისხლში შაქრის მაჩვენებელი 7,0 მმოლი/ლ-ზე ნაკლებია, მაგრამ 5,6 მმოლი/ლ-ს აღემატება, ნახშირწყლოვანი ცვლის მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებელია გლუკოზოტოლერანტული ტესტის ჩატარება. ტესტის ჩატარების წესი ასეთია: უზმოზე სისხლში შაქრის დონის განსაზღვრის შემდეგ (შიმშილობის პერიოდი 10 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს) აუცილებელია 75 გრამი გლუკოზის მიღება. სისხლში შაქრის დონეს ხელმეორედ ორი საათის შემდეგ იკვლევენ. თუ მისმა დონემ 11,1 მმოლი/ლ-ს გადააჭარბა, ეს შაქრიან დიაბეტზე მიუთითებს. თუ სისხლში შაქრის დონე 11,1 მმოლი/ლ-ზე ნაკლები, მაგრამ 7,8 მმოლი/ლ-ზე მაღალი აღმოჩნდა, ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დარღვევაზე საუბრობენ. სისხლში შაქრის დონის შედარებით დაბალი მაჩვენებლების დაფიქსირებისას სინჯის განმეორება საჭიროა 3-6 თვის შემდეგ.


შაქრის დაქვეითება

შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა ჰიპოგლიკემია ანუ სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც სისხლში შაქრის შემცველობა ორგანიზმის მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელ დონეზე ქვემოთ ეცემა. ამის მიზეზად შესაძლოა იქცეს საკვების მიღების დაგვიანება, ინსულინისა და სხვა მედიკამენტების დიდი დოზით გამოყენება, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა. ამის გამო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ყველა ადამიანმა თან უნდა იქონიოს გლუკომეტრი, რათა დროულად შეამჩნიოს სისხლში შაქრის დონის ნორმიდან გადახრა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს სისხლში შაქრის დონე შესაძლოა დაუქვეითდეთ თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, ასევე - წონის მკვეთრი დაკლებისას. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლში შაქრის დონის მაჩვენებელთა კონტროლს. აუცილებელია ორგანიზმის მდგომარეობაზე ყურადღებით დაკვირვება. როდესაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის ორგანიზმი ამა თუ იმ ცვლილებას განიცდის (დიეტა, შიმშილობა), დაავადებამ შესაძლოა თავი სრულიად მოულოდნელი მხრით გამოავლინოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება?

სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებას 3,3 მმოლი/ლ-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე (ანუ ჰიპოგლიკემიას) ორგანიზმის ცალკეულ ორგანოთა, უპირველეს ყოვლისა კი თავის ტვინის შრომისუნარიანობის (ცხოველმყოფელობა-ფუნქციობის) დარღვევა მოჰყვება. ასეთ დროს აღმოცენდება ზოგადი სისუსტე, შიმშილის შეგრძნება, თავბრუხვევა, კიდურების ტრემორი (კანკალი), ცნობიერების დაბინდვა. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი კარგავს შრომის უნარს. ჰიპოგლიკემიის პროგრესირებისდა კვალად შესაძლოა ჰიპოგლიკემიური კომა განვითარდეს. სისხლში გლუკოზის დონის მოკლე ხნით მომატება 5,5 მმოლი/ლ-ზე მაღალ მაჩვენებლამდე (იგივე ჰიპერგლიკემია),  როგორც ფიზიოლოგიური მდგომარეობა, აღმოცენდება საკვების, განსაკუთრებით კი ნახშირწყლებით მდიდარი საკვების, მიღების შემდეგ. სისხლში შაქრის დონის ასეთი ხანმოკლე მომატება ორგანიზმისათვის საშიში არ არის, მაშინ როცა სისხლში შაქრის მუდმივად მომატებული დონე, დამახასიათებელი შაქრიანი დიაბეტისათვის, ძალზე სახიფათოა, ვინაიდან სხვადასხვა გართულებას (ანგიოპათია, ნეიროპათია, რეტინოპათია, ნეფროპათია) იწვევს.

გლუკოზა შარდში

ნორმალური (ჯანმრთელი ადამიანის) შარდი გლუკოზას მხოლოდ კვალის სახით შეიცავს, ანუ ყურძნის შაქრის შემცველობა შარდში 0,02%-ს არ აღემატება, რის გამოც მისი აღმოჩენა ჩვეულებრივი სინჯებით შეუძლებელია. გლუკოზურია შარდში გლუკოზის არსებობაა. ფიზიოლოგიური გლუკოზურია ნორმალურ მდგომარეობად მიიჩნევა. ის ზოგჯერ შეინიშნება ისეთი ნახშირწყლების მიღებისას, როგორიცაა რძისა და ხილის შაქარი. გლუკოზა შარდში შესაძლოა გაჩნდეს:

  • ძლიერი ემოციის დროს (ე. წ. ემოციურობის გლუკოზურია);
  • ორსულობის დროს (ორსულთა გლუკოზურია);
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას (დიურეტინი, კოფეინი და სხვა), ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის ინტრავენური შეყვანისას;
  • მორფინით, ქლოროფორმით, ფოსფორით, ნახშირჟანგით და სხვა ნივთიერებებით მოწამვლისას;
  • შაქრისადმი თირკმელების გამავლობის დარღვევისას (ე.წ. თირკმლისმიერი ანუ რენული გლუკოზურია), როდესაც გლუკოზა შარდში ხვდება სისხლში მისი ნორმალური დონის მიუხედავად;
  • ზოგიერთი მწვავე ინფექციური დაავადებისას (დროებითი გლუკოზურია);
  • ნერვული პათოლოგიებისას, უპირველეს ყოვლისა - ეპილეფსიის დროს, გულყრების შემდგომ პერიოდში და ტვინის შერყევისას (ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის ზოგჯერ დიაბეტურ კომაში ერევათ, პაციენტის უგონო მდგომარეობაში ყოფნის გამო).

ხშირად ხდება ისე, რომ ანალიზისთვის წარდგენილ რომელიმე (შემთხვევით) ულუფაში შაქრის პროცენტული დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე მისი პროცენტული შემცველობა დღე-ღამის შარდში, ანდა პირიქით. ამიტომაც შარდში შაქრის დონის განსაზღვრისას შარდის გარკვეულ ულუფაში მის პროცენტულ მაჩვენებელს კი არ ითვალისწინებენ, არამედ აფასებენ შაქრის რაოდენობას (გრამობით) დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფილ შარდში. ამისთვის შეისწავლიან დღე-ღამის შარდში შაქრის პროცენტულ შემცველობას და ამის შესაბამისად გამოითვლიან აბსოლუტურს. მხოლოდ ამ ხერხითაა შესაძლებელი შაქრის იმ რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა, რომელსაც დიაბეტით დაავადებულის ორგანიზმი კარგავს.

შაქრიანი დიაბეტი და შაქრის ანალიზი შარდში

შაქრიანი დიაბეტის სიმძიმეზე სწორი წარმოდგენისთვის გამუმდებით უნდა ვადევნოთ თვალი, დაახლოებით რა რაოდენობის ნახშირწყლები აღწევს ორგანიზმში საკვებთან ერთად. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის ორგანიზმში მოხვედრილი და იქიდან გამოყოფილი შაქრის ბალანსიც დაავადებაზე სრულფასოვან წარმოდგენას გვიქმნის. უამისოდ დიაბეტის რაციონალური თერაპია დიეტითა თუ ინსულინით შეუძლებელია. არცთუ იშვიათად გვხვდება დიაბეტის შემთხვევები, რომლებსაც მნიშვნელოვანი გლუკოზურია და, შესაბამისად, განსაზღვრულ საათებში გამოხატული ჰიპერგლიკემია ახასიათებს. სწორედ ამ საათების გათვალისწინებითაა შესაძლებელი დიაბეტის თერაპიაში წარმატების მიღწევა, მაშინაც კი, თუ წინათ ჩატარებული ინსულინოთერაპია ნაკლებეფექტიანი იყო. დიაბეტით დაავადებულთა დასახელებულ კატეგორიას აუცილებელია ჩაუტარდეს დღე-ღამის განმავლობაში ყოველ სამ საათში შეგროვილი შარდის გამოკვლევა შაქარსა და აცეტონურ სხეულებზე. ეს უნდა მოხდეს ჩვეულებრივი დიეტის ფონზე და ამ დღე-ღამის განმავლობაში პაციენტის ორგანიზმში ინსულინი არ უნდა შევიყვანოთ. შარდში შაქრის დღეღამური მრუდის გამოკვლევა მხოლოდ დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, რა ხდება ორგანიზმიდან შაქრის გამოყოფისდა კვალად, თუმცა ეს ანალიზი მაინც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ მისი შედეგების გათვალისწინებით არის შესაძლებელი ინსულინის დანიშვნა დღე-ღამის იმ საათებში, როდესაც ორგანიზმიდან შაქრის მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოიყოფა. პაციენტის მიერ მიღებული საკვები რეგულირდება, საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვედრილი ნახშირწყლების ოდენობა იზრდება ან, პირიქით, მცირდება დღე-ღამის ამა თუ იმ დროს და ა. შ. საყურადღებოა ისიც, რომ ზოგჯერ სწორედ ნახშირწყლებით კვებისმიერი დატვირთვის შედეგია ე. წ. ალიმენტური გლუკოზურია დიაბეტისადმი მიდრეკილ პირებში, რომლითაც, ფაქტობრივად, პრედიაბეტური ანუ დიაბეტის წინამორბედი მდგომარეობის გამოვლენა ხდება.