ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

შეუწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და იმუნიტეტის ამაღლებას.

 

ორი თვის წინ ყველა ანალიზი გავიკეთე. მაქვს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, წონას კი არ ვიმატებ, - პირიქით, ვხდები. დიაბეტით არ ვარ დაავადებული. იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, რომელ ნივთიერებებს ეხება?

უკვე რამდენიმე წელია, მაქვს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ექიმი მეუბნება, ფერმენტების უკმარისობის ბრალიაო. ვმკურნალობ და პერიოდულად უკეთესობას ვგრძნობ. რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას?

 

ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლა ანუ მეტაბოლიზმი იმ ქიმიურ რეაქციათა (ასიმილაციისა და დისიმილაციის) ერთობლიობაა, რომლებიც ამარაგებს ორგანიზმს განვითარებისა და ცხოველმყოფელობისთვის, გარემო პირობებთან ადაპტაციისა და შინაგან ცვლილებებთან შეგუებისთვის აუცილებელი ნივთიერებებით. იგულისხმება უჯრედთა როგორც საკვები, ასევე საშენი და ენერგეტიკული მასალით უზრუნველყოფა. ასიმილაცია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი. ის გარემოდან მიღებული მარტივი ელემენტებისგან ორგანიზმის შემადგენელ რთულ ნივთიერებათა წარმოქმნას გულისხმობს. დისიმილაცია საპირისპირო, დაშლის პროცესია. ასიმილაცია უზრუნველყოფს ორგანიზმის ზრდას, განვითარებას, ქსოვილთა განახლებასა და იმ მარაგის დაგროვებას, რომელიც შემდგომში ენერგიის წყაროდ გამოიყენება. ასიმილაცია და დისიმილაცია ორგანიზმსა და გარემოს შორის ნივთიერებათა ცვლის ერთიანი პროცესია, რომელიც სიცოცხლეს განაპირობებს. ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთირებათა ცვლა ჰორმონებით რეგულირდება, რასაც ცენტრალური ნერვული სისტემა უწევს კოორდინირებას. რეალურად, ნებისმიერი დაავადების დროს ამა თუ იმ ქიმიური რეაქციის დარღვევის გამო ორგანიზმში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. სწორედ ნივთიერებათა ცვლის მოშლის ფონზე იჩენს თავს სხვადასხვა გამოვლინება - ზრდის სიჩქარის, სითბოს გამოყოფის, ენერგიის გამომუშავების ცვლილება და სხვა. ნივთიერებათა ცვლის მოშლა არღვევს და აფერხებს ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციათა რეგულაციას. ამ დროს ირღვევა სხვადასხვა ნაერთის წარმოქმნის, ურთიერთქმედების, დაშლისა და გარდაქმნის პროცესები, რის გამოც ცვლის შუალედური პროდუქტები ჭარბად გროვდება ორგანიზმში და ნაწილობრივად ან სრულად გამოიყოფა გარეთ, რაც საბოლოო ჯამში ორგანიზმის ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების დაავადებას იწვევს. ნივთიერებათა ცვლა შესაძლოა მოიშალოს ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო და ნებისმიერი სხვა ენდოკრინული ჯირკვლის დისფუნქციის დროს, ასევე - შიმშილობის გამო. ნივთიერებათა ცვლა ირღვევა არასწორი კვების შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანი არასრულფასოვან, უხარისხო საკვებს იღებს, კვება აკლია ან, პირიქით, ჭარბად იკვებება. ნივთიერებათა ცვლის მოშლა უმეტესად მის ლიპიდურ (ცხიმოვან) ნაწილს ეხება. ცხიმოვანი ცვლის მოშლა მდგომარეობაა, როდესაც ღვიძლში ვერ ხერხდება ცხიმების ნორმალურად გადამუშავება, ამის კვალობაზე, სისხლში ჭარბად გროვდება ქოლესტერინი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროიტეინები, რომლებიც სისხლძარღვთა დაზიანებას უწყობს ხელს, დროთა განმავლობაში კი გულის დაავადებებსა და ინსულტს იწვევს. თუ ამ დროს ცხიმები საკვებთან ერთადაც ჭარბად ხვდება ორგანიზმში, მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება - ითრგუნება იმუნური სისტემა და ფერხდება ნივთიერებათა ცვლის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესები. ლიპიდური ცვლის დარღვევას ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა მოსდევს. საზოგადოდ, თუ ორგანიზმში ერთი სახის ნივთიერებათა ცვლა მაინც დაირღვა, მისი სხვა რგოლებიც მოიშლება, რადგან ნივთიერებათა ცვლა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე დამოკიდებული პროცესების ერთობლიობაა. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლის გაღრმავებასთან ერთად ირღვევა ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლაც და, ამის კვალობაზე, დაავადების პათოგენეზი უფრო მეტად ღრმავდება. არსებობს საკუთრივ ნივთიერებათა ცვლის დაავადებებიც და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. მათ სხვაგვარად მეტაბოლიზმის დაავადებებსაც უწოდებენ. ყოველ მათგანს ამა თუ იმ კონკრეტული ნივთიერების სპეციფიკური დარღვევა უდევს საფუძვლად. გთავაზობთ ნივთიერებათა ცვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებების მოკლე მიმოხილვას:

გირკეს დაავადება. ეს არის ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დარღვევა, რომელსაც ქსოვილებში გლიკოგენის ჭარბი დაგროვება ახასიათებს. პათოლოგია დაკავშირებულია გლიკოგენის დასაშლელად აუცილებელი ფერმენტის - გლუკოზა-6-ფოსფატაზის - ნაკლებობასთან.Dდაავადება, წესისამებრ, ჩვილ ასაკშივე ვლინდება ზრდის შეფერხებით, ღვიძლის გადიდების გამო მუცლის გამობერვითა და სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებით. მკურნალობის ერთადერთი საშუალება დიეტაა - რეკომენდებულია ხშირი კვება და საკვებ რაციონში გლუკოზის დამატება. ასაკთან ერთად მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება. ფენილკეტონურია ფსიქიკური განვითარების თანდაყოლილი შეფერხებაა, განპირობებული ფერმენტ ფენილალანინჰიდროქსილაზის უკმარისობით. ეს ფერმენტი აუცილებელია ამინმჟავა ფენილალანინის ამინმჟავა თიროზინად გარდაქმნისთვის. ფერმენტის უკმარისობის ფონზე ჭარბად დაგროვილი ფენილალანინი ტოქსიკურ გავლენას ახდენს ტვინის ქსოვილზე. ეს დაავადება პირველად ფელინგმა აღწერა 1934 წელს. დღეს ის ოცი ათასიდან ერთ ახალშობილში გვხვდება, განურჩევლად სქესისა. განსაკუთრებით გავრცელებულია ევროპელებს შორის. ახალშობილს ჯანსაღი შესახედაობა აქვს, მაგრამ 3-4 თვისთვის ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა ეწყება. 2-3 წლისთვის ასეთი ბავშვები კარგად ვითარდებიან ფიზიკურად, მაგრამ ფსიქიკურად საგრძნობლად ჩამორჩებიან. დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ დიაგნოსტიკას, რათა ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენის კორექცია დროულად და სათანადოდ მოხერხდეს. თუ მკურნალობა დაგვიანდა, ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი ყოველ 10 კვირაში 5 პუნქტით ეცემა. ფენილკეტონურია სიცოცხლის პირველივე დღეებში შეიძლება გამოვლინდეს შარდისა და სისხლის ანალიზით. მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ამ შემთხვევაშიც დიეტაა. ვინაიდან ყველა ცილოვანი პროდუქტი შეიცავს ფენილალანინს (4-დან 6%-მდე), აუცილებელია ამ ამინმჟავას არშემცველი სინთეზური პროდუქტების გამოყენება.


ალბინიზმი. ფენილალანინისა და თიროზინის ნორმალური ცვლის პირობებში (ეს ორი ამინმჟავა მჭიდრო ურთიერთკავშირშია) წარმოიქმნება პიგმენტი მელანინი. ალბინიზმის მიზეზია ამ პიგმენტის თანდაყოლილი არარსებობა კანში, თვალებსა და თმაში. მიზეზი ფენილალანინისა და თიროზინის მეტაბოლიზმისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ფერმენტის ნაკლებობაა.

ალკაპტონურია. ამ დაავადებას იწვევს იმ ფერმენტის გენეტიკურად განპირობებული უკმარისობა, რომელიც ფენილალანინისა და თიროზინის ცვლის შუალედური პროდუქტის - ჰომოგენთიზინის მჟავას - მეტაბოლიზმში მონაწილეობს. ორგანიზმში ჭარბად დაგროვილი ჰომოგენთიზინის მჟავა შარდით გამოიყოფა. ის შარდს მოყავისფრო ან მოშავო ფერს აძლევს. მოგვიანებით შემაერთებელ ქსოვილსა და ხრტილებში მოლურჯო-მოშავო პიგმენტები ლაგდება, ვითარდება ართრიტი. სამკურნალოდ ინიშნება დიეტა, რომელიც ფენილალანინისა და თიროზინის მოხმარებას გამორიცხავს. ჰიპერქოლესტერინემია სისხლში ქოლესტერინის ჭარბად დაგროვებაა. ამ პათოლოგიის დროს ორგანიზმს ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპრტეინების დაშლის უნარი არ შესწევს, ამიტომ სისხლში ჭარბად არსებული ქოლესტერინი ქსოვილებში უხვად ლაგდება და სათავეს უდებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ელენთის, ღვიძლისა და ლიმფური კვანძების გადიდებას.Mმდგომარეობას, როდესაც ქოლესტერინი კანქვეშა ქსოვილებში უხვად ლაგდება, ქსანთომატოზი ეწოდება.

პოდაგრა ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ენდოგენური (ორგანიზმში წარმოქმნილი) შარდმჟავას ცვლის დარღვევა განაპირობებს. შარდმჟავას მარილები, ურატები, უმთავრესად ლაგდება სახსრებში, ასევე - თირკმელებსა და ხრტილოვან ქსოვილშიც, რითაც საფუძველი ეყრება ანთებით შეშუპებებს. ურატების ჩალაგების თავიდან აცილება შესაძლებელია დიეტით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტაბოლიზმის პროცესთა უმრავლესობა ჰორმონებით კონტროლდება. ამის კვალობაზე, ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დისფუნქცია ნივთიერებათა ცვლის დარღვევას აძლევს დასაბამს. ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების წესი - კვების ხასიათი, საკვები ნივთიერებების ბალანსი რაციონში, ძილის ხანგრძლივობა, სტრესულ სიტუაციათა სიხშირე, ფიზიკური აქტივობა. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ენდოკრინული და ნერვული სისტემების ფუნქციურმა დარღვევამ შესაძლოა სათავე დაუდოს ნივთიერებათა ცვლის მოშლას. მეორე მიზეზი ფერმენტებისა და იმუნური ცილების სინთეზის (წარმოქმნის) დარღვევაა. არარაციონალური, არაბალანსირებული კვება, მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინმჟავების სიმცირე ყველა შემთხვევაში იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას. მეტაბოლიზმის რღვევა იწყება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ორგანიზმში ხვდება გაცილებით მეტი საკვები, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება. ასეთ დროს მეტაბოლიზმის პროცესები ფერხდება და მის ცალკეულ რგოლებში შეფერხებები წარმოიშობა. მუდმივი სტრესის, გახანგრძლივებული დეპრესიის დროს იწყება ნივთიერებათა ცვლის დისბალანსი, რაც მოგვიანებით სხვა რთულ დარღვევებს აძლევს დასაბამს. ნივთიერებათა ცვლის მოშლა მრავალი დაავადების მაპროვოცირებელია - სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოთირეოზის,  დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის და სხვა. ჩამოთვლილი დაავადებები სერიოზულ და ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში დიდ როლს ასრულებს, უპირველეს ყოვლისა, რაციონალური და დაბალანსებული კვება. მეტად მნიშვნელოვანია აგრეთვე სპორტი და, საზოგადოდ, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, რადგან ამ დროს კუნთოვანი სისტემის აქტიური მუშაობის გამო ორგანიზმის ენერგოდანახარჯი იზრდება, ეს კი დაბალანსებული კვების პირობებში ხელს უწყობს ადრე დაგროვილი ცხიმების უტილიზაციას. ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებაში განსაკუთრებული როლი ეკისრება სრულფასოვან, ჯანსაღ ძილს. მეტად მნიშვნელოვანია ძილის მართებული რეჟიმის დაცვა, რადგან სწორედ ძილის პროცესში ზრდის ჰორმონის გამოყოფის ხარჯზე აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები - ამ ჰორმონს ხომ უშუალო კავშირი აქვს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესებთან.

ხალხური მედიცინის საუნჯიდან

  • ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და იმუნიტეტის ამაღლებას ხელს უწყობს კაკლის ფოთლების ნაყენი. აიღეთ ორი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათი გააჩერეთ, გადაწურეთ და სვით 1/2 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
  • იმუნიტეტის დაქვეითების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაში, ორგანიზმის მოსაძლიერებლად, წიდისგან გასაწმენდად და ათეროსკლეროზულ პროცესთა პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ტიბეტური მედიცინის შემდეგი რეცეპტი:M აიღეთ 100-100 გრამი კრაზანა, ნეგო, არყის კვირტი და გვირილის ყვავილი, დააქუცმაცეთ, ნარევი მოათავსეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და საღამომდე გააჩერეთ. საღამოს აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, 20 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ ტილოს ნაჭერში (და არა დოლბანდში), ნაჭერში დარჩენილი მასა მსუბუქად გაწურეთ, ერთ ჭიქა ნაყენს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და ძილის წინ მიირთვით. დილით შეათბეთ დარჩენილი ნაყენი, ისევ დაუმატეთ თაფლი და უზმოზე დალიეთ. ნახევარ საათში შეგიძლიათ ისაუზმოთ. ასე უნდა იმკურნალოთ, სანამ ნარევი არ გათავდება. სასურველია, თითო ასეთი კურსი 5 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ.
  • აიღეთ სამ-სამი წილი ბერულა და შავბალახა, ორი წილი წყლის იელი, თითო წილი მინდვრის შვიტა და ხეჭრელის ქერქი. ყველაფერი წვრილად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. აიღეთ ორი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით სამი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. არ აგიდუღდეთ! გადმოდგით, გააჩერეთ 30 წუთი სითბოში, გადაწურეთ. მიირთვით 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.