კენჭები ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კენჭები ორგანიზმში

რა აჩენს კენჭებს?

კენჭების წარმოშობის მთავარი მიზეზი ორგანიზმის თანდაყოლილი, გენეტიკური თავისებურებაა, როდესაც ადამიანი ნივთიერებათა ცვლის გარკვეული დარღვევით ან ამ დარღვევისადმი მემკვიდრეობითი განწყობით იბადება. სწორედ მემკვიდრეობის წყალობითაა ორგანიზმი მიდრეკილი უხსნადი მარილების წარმოქმნისკენ, რომელთაგანაც შემდეგ კენჭები და ქვები ყალიბდება. მაგრამ თანდაყოლილი განწყობის მქონე პირებსაც კი კენჭოვანი დაავადება ყოველთვის როდი უვითარდებათ - პათოლოგიური პროცესის გამშვები რგოლის ასამუშავებლად ხელშემწყობი ფაქტორების არსებობაა საჭირო. ესენია:

სომატური ფაქტორი

ორგანიზმში მოშლილია ნივთიერებათა ცვლა და ზოგიერთი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქცია, განსაკუთრებით ისეთებისა, რომლებსაც წყალმარილოვანი ცვლის რეგულირება აკისრია.

კლიმატური ფაქტორი

ცხელ კლიმატურ ზონაში მცხოვრები ადამიანები მეტად იოფლებიან, ვიდრე ზომიერი კლიმატის ზონაში მცხოვრებნი, რის შედეგადაც ორგანიზმში იმატებს სხვადასხვა სახის მარილთა კონცენტრაცია, ისინი ნელ-ნელა ილექებიან ორგანოებში და პათოგენურ ბიომინერალებს წარმოქმნიან.

გეოგრაფიული ფაქტორი

დიდ როლს ასრულებს ადგილობრივი სასმელი წყლის შემადგენლობა - წყლები კალციუმის მარილების მაღალი შემცველობით აქტიურად აპროვოცირებს ქვების წარმოქმნას.

კვების ფაქტორი

მწარე და მჟავე საკვები ზრდის შარდის მჟავიანობას. თუ ამას დაერთო ვიტამინებისა და ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობაც, ქვები სწრაფად ჩამოყალიბდება. რაც შეეხება ნაღვლის ბუშტს, ასიდან დაახლოებით 80 შემთხვევაში ქვები ცხიმიანი, შემწვარ-მოხრაკული, მარილიანი და შებოლილი საკვების მოყვარულთა ხვედრია.

კალციუმი

მისი როგორც დეფიციტი, ისე სიჭარბე ქვების წარმოქმნას თანაბრად უწყობს ხელს.

ქრონიკული დაავადებები

კუჭ-ნაწლავის (ქრონიკული გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება), ძვალსახსროვანი სისტემის (ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი, პოდაგრა) დაავადებებს ხშირად თან სდევს ქვების წარმოქმნა. პათოგენურ მინერალთა ჩამოყალიბებაში დიდია ღვიძლის დაავადებათა (ჰეპატიტები) როლიც.

ალკოჰოლი და სტრესები

სპეციალისტთა აზრით, ქვები შესაძლოა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისა და ხშირი სტრესის შედეგიც იყოს.

ინფექციური დაავადებები და მოწამვლები

ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოებითა და წყალმარილოვანი ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებები ასევე იწვევს ქვების ჩამოყალიბებას.


გარეგანი და შინაგანი მიზეზები

კენჭოვანი დაავადება იშვიათად არის რომელიმე ერთი ფაქტორის დამსახურება; უმეტესად იგი გარეგან და შინაგან ფაქტორთა კომპლექსს უკავშირდება. გარეგანი მიზეზებია კვების თავისებურებანი, წყლის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა, შრომის მავნე პირობები, ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი, ჰიპოდინამია, საკვებში A ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინთა დეფიციტი, ზოგიერთი პრეპარატის (სულფანილამიდების) ხშირი მიღება, ჩ ვიტამინის ხანგრძლივი მიღება დიდი დოზით. შინაგანი მიზეზებია ორგანოთა განვითარების ანომალიები, რომლებიც ორგანოთა ნორმალურ ფუნქციობას აბრკოლებენ. მათ რიცხვშია ზოგიერთი ისეთი ფერმენტის დეფიციტი, რომელთა უკმარისობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ხანგრძლივი უმოძრაობა (იმობილიზაცია მოტეხილობისას) და სხვა. არსებობს ერთგვარი გამონაკლისებიც. შესაძლოა, ადამიანი არც ცხიმიანს ეტანებოდეს, ცხოვრების ჯანსაღ წესსაც მისდევდეს, ქვები კი მაინც გაუჩნდეს. ეს თითქმის ყოველთვის ცუდი ეკოლოგიის დამსახურებაა, რომელიც არღვევს ნორმალურ ურთიერთდამოკიდებულებას ორგანიზმში საჭირო ფერმენტების სინთეზსა და მოქმედებას შორის.

პათოგენურ ბიომინერალთა გალერეა

სტრუქტურისა და აგებულების მიხედვით განასხვავებენ ბიომინერალების 5 ძირითად სახეობას:

1. ურატები შარდმჟავას მარილებია, აქვს მოყვითალო-მოყავისფრო ფერი, მკვრივია და გლუვზედაპირიანი. შარდმჟავა ბიომინერალები ყველაზე ხშირად ხორციანი საკვების მოყვარულებს უჩნდებათ - ხორცის შეწოვისას წარმოქმნილი შარდმჟავა გროვდება და ურატების ჩამოყალიბებას იწვევს;

2. ოქსალატები მუქი, თითქმის შავი, საკმაოდ მკვრივი უსწორმასწოროზედაპირიანი მინერალებია. ზოგიერთ მათგანს ამობურცული, წვერმახვილი წანაზარდებიც აქვს;

3. ფოსფატები ფოსფორმჟავას მარილებია, მონაცრისფრო-მოთეთროა, საკმაოდ რბილია და ადვილად იშლება. ისინი მათ უჩნდებათ, ვის რაციონშიც კალციუმით მდიდარი რძე, რძის ნაწარმი და მცენარეული საკვები დომინირებს;

4. ცისტინური ქვები - ყველაზე მყარი ბიომინერალებია, აქვს გლუვი ზედაპირი;

5. შერეული ქვები - ყველაზე ხშირად ორგანიზმში სწორედ ასეთი ქვები წარმოიქმნება. ისინი ბირთვისა და გარსისგან შედგება. ამასთან, ბირთვი სხვა მინერალისგანაა წარმოქმნილი, გარსი კი სხვისგან.

ისინი ყველგან არიან

ადამიანის ორგანიზმში არ არსებობს ორგანო თუ ორგანოთა სისტემა, სადაც პათოგენური ბიომინერალები არ იყოს აღმოჩენილი, თუმცა მათ ყველაზე მეტად ნაღვლის ბუშტი და საშარდე სისტემა “უყვართ”. სწორედ ამ ორ სისტემაში ბიომინერალთა არსებობით გამოწვეულ პათოლოგიას უწოდებენ სპეციალისტები კენჭოვან დაავადებას, რომელიც დღეს დედამიწის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს.

ნაღვლის ბუშტის ბიომინერალები

ნაღვლის ბუშტის ბიომინერალები ორგანული ნივთიერებებისგან, უმთავრესად - ნაღვლის სამი კომპონენტისგან: ქოლესტერინისგან, ბილირუბინისა და კალციუმისგან შედგება. იმისდა მიხედვით, რომელი კომპონენტი ჭარბობს, ნაღვლის ბუშტის ბიომინერალებს ყოფენ ყვითელ ქოლესტერინულ (დომინირებს ქოლესტერინი), შავ პიგმენტურ (დომინირებს ბილირუბინი) და ყავისფერ პიგმენტურ (დომინირებს კალციუმი) კენჭებად. ნაღვლის კენჭები მრავალფეროვნებით გამოირჩევა: არსებობს თეთრი, მუქი ყვითელი, ყავისფერი, მწვანე, მონაცრისფერო, შავი, ოვალური, მარგალიტისმაგვარი, გლუვზედაპირიანი და ხორკლიანი კენჭები. არსებობს მილიმეტრზე ნაკლები ზომის ქვებიც - მათ ქვიშას უწოდებენ - და რამდენიმესანტიმეტრიანიც. შესაბამისად, განსხვავებულია მათი წონაც. ნაღვლის ბუშტში შესაძლოა იყოს როგორც ერთი, ისე რამდენიმე ასეული და ათასეული წარმონაქმნიც კი.

ბიომინერალები საშარდე სისტემაში

ბიომინერალები საშარდე სისტემის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს - როგორც საკუთრივ თირკმელში, ისე შარდსადენში, შარდის ბუშტსა და შარდსაწვეთშიც. საშარდე სისტემის მინერალთა უმრავლესობას შეადგენს ვეველიტი, ვედელიტი, სტრუვიტი, ჰიდროქსილაპატიტი, ვიტლოკიტი, ბრუშიტი, კალციტი, არაგონიტი, გეტიტი, ტემატიტი, მაგნეტიტი, შარდმჟავა და მისი მარილები, ქსანტინი, ჰიპოქსანტინი, ცისტინი.

მინერალები, წესისამებრ, მუქი ყავისფერი, მონაცრისფერო-მოთეთრო, ყვითელი, მოყვითალო-მონაცრისფრო, მოწითალო-მოყავისფრო და მუქი ყავისფერია. მათი ზომა 200-დან 400-350 მმ-მდე მერყეობს, წონა - 0,1 მილიგრამიდან 1,2 კილოგრამამდე. საშარდე სისტემის ქვებს აქვთ მრგვალი, კენკრის მსგავსი, ელიფსოიდური, მარცვლის ფორმა, გლუვი ან ხორკლიანი ზედაპირი.