გული, თირკმელები და მინერალები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გული, თირკმელები და მინერალები

ამ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები აღნიშნავენ, რომ უფრო მეტი მაგნიუმის მიღებით გულის დაავადებათა სიხშირე შესაძლოა განახევრდეს კიდეც. მათი აზრით, მაგნიუმი ორგანიზმში, კერძოდ, გულსა და სისხლძარღვებში არსებული კალციუმის არხების ბუნებრივი ბლოკერია. ამ არხების ბლოკირება ამცირებს წნევის მატებისა და გულის შეტევის რისკს. მაგნიუმით მდიდარია მწვანე საკვები (ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცლები, პრასი), საღი ხორბალი, თხილი, კაკალი. დადგენილია, რომ საკვების თერმული დამუშავება მაგნიუმის დიდი რაოდენობით კარგვას იწვევს, ამიტომ რეკომენდებულია, დასახელებული პროდუქტები, შეძლებისდაგვარად, უმად მივიღოთ. მართალია, მრავალი დაავადების დროს მაგნიუმის დიდი ოდენობით მიღებაა რეკომენდებული, მაგრამ არსებობს ზედა ზღვარიც. ჯანმრთელი ადამიანისთვის მაგნიუმის სადღეღამისო ნორმა 350 მგ-ს არ აღემატება. დიდი ოდენობით მაგნიუმის მიღებით შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის აღმოცენების რისკის შემცირება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაგნიუმის უკმარისობა შესაძლოა ინსულინის ფუნქციის ან მისდამი მგრძნობელობის დაქვეითების მიზეზად იქცეს. მაგნიუმით ორგანიზმის სათანადო მომარაგება ხელს უწყობს ინსულინის ნორმალურ ფუნქციობას, რაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პროფილაქტიკის საშუალებაა. დიაბეტის რისკის შემცირებით კი შეიძლება თავიდან ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ეს ბუნებრივიცაა - ამერიკის გულის ასოციაციის მონაცემების თანახმად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ექვს უმთავრეს რისკფაქტორს შორის ერთ-ერთი სწორედ დიაბეტია.

კალციუმი

უმრავლესობას ჰგონია, რომ კალციუმი მხოლოდ ძვლებისთვისაა საჭირო, თუმცა დღეს მეცნიერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. კალციუმი გვეხმარება წონის რეგულირებაში, რითაც არაპირდაპირი გზით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს - ჭარბი წონა და სიმსუქნე ხომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორია. კალიუმსა და მაგნიუმთან ერთად კალციუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წნევის რეგულირებაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით სპეცილიასტები გვირჩევენ, დღეში 2-3 ულუფა კალციუმით მდიდარი საკვები მივიღოთ. შეგახსენებთ, რომ კალციუმით განსაკუთრებით მდიდარია რძე და რძის ნაწარმი.

კალციუმი - გულის შეტევის მიზეზი?

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, კალციუმის დანამატების მიღებისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან არ არის გამორიცხული, გულის შეტევას გაუწიონ პროვოცირება. ამერიკელი მეცნიერები 11 წლის განმავლობაში იკვლევდნენ 24 000 პაციენტს. მათ, ვინც კალციუმის დანამატებს იღებდა, 86%-ით ჰქონდათ მომატებული გულის შეტევის რისკი, თუმცა თავად შეტევათა რიცხვი დაკვირვების პერიოდში მხოლოდ 354-ს აღწევდა. გულზე კალციუმის გავლენის კვლევა წლების განმავლობაში განსხვავებულ შედეგებს იძლეოდა - ზოგი გამოკვლევა მიუთითებდა, რომ კალციუმით მდიდარი დიეტა ამცირებდა არტერიული ჰიპერტენზიის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულტისა და გულის დაავადებათა რისკს, თუმცა ყველა გამოკვლევის შედეგი ასეთივე როდი იყო. დღეს ცნობილია, რომ მკვლევრებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი საკვებში კალციუმის შემცველობასა და ინსულტს შორის. ასევე არ დადასტურდა კავშირი საკვებში კალციუმის შემცველობასა და გულის დაავადებებს შორის. პირიქით, გაირკვა, რომ საკვების მეშვეობით დიდი რაოდენობით კალციუმის მიღებისას გულის შეტევათა რისკი მცირდება. საპირისპირო მონაცემებს გვაწვდის კალციუმის მედიკამენტური დანამატების მიღების კვლევა. ამ შემთხვევაში გულის შეტევათა რისკი 86%-ით მაღალია. ამ მონაცემების გათვალისწინებით სპეციალისტები გვირჩევენ, მედიკამენტურ დანამატებს კალციუმით მდიდარი საკვები ვამჯობინოთ. მათ მიაჩნიათ, რომ კალციუმის შემცველი მედიკამენტური დანამატები ვერ გვაძლევს ისეთსავე მეტაბოლურ ეფექტს, როგორსაც ამ ელემენტით მდიდარი საკვები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია ქალებისთვის. მათ კარგად იციან, რომ კალციუმის მიღება აუცილებელია და ხშირად ჰგონიათ, რომ მედიკამენტური კალციუმი სრულფასოვნად შეცვლის რძის ნაწარმს და კალციუმით მდიდარ სხვა საკვებს. სინამდვილეში კი კალციუმით მდიდარი სურსათი გაცილებით სასარგებლო და ნაკლები საფრთხის შემცველია.


კალიუმი

კალიუმს გულის დაავადებების პროფილაქტიკის ან მკურნალობის კუთხით უშუალო ეფექტი არ აქვს, მაგრამ ცნობილია, რომ ის წნევის რეგულირების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს ეფექტი რომ გამოვლინდეს, რეკომენდებულია ყოველდღიურად ხუთიდან ცხრა ულუფამდე კალიუმით მდიდარი საკვების მიღება. კალიუმით მდიდარია რძის ნაწარმი, ბანანი, კარტოფილი, ატამი, გარგარი, ფორთოხალი, მარწყვი, ქლიავის ჩირი, ფინიკი, ლობიო, ბარდა. ერთი საშუალო ზომის კანიანად შემწვარი კარტოფილი 850 მილიგრამ კალიუმს შეიცავს, 10 ცალი გარგარის ჩირი - 407 მილიგრამს, 1 ჭიქა ქიშმიში - 1099 მილიგრამს, 1 ჭიქა გოგრა -– 896 მილიგრამს. მაღალ არტერიულ წნევასთან ბრძოლის მიზნით რეკომენდებულია დღეში 3500 მგ კალიუმის მიღება - დადგენილია, რომ კალიუმის ეს რაოდენობა სისტოლური წნევის 10 მმ-ით დაქვეითებას იწვევს. გარდა კალიუმისა, დასახელებული პროდუქტები მდიდარია ბოჭკოთი, ბოჭკოს კი შეუძლია ქოლესტეროლის დაქვეითებაში დაგვეხმაროს. კალიუმი აუცილებელია ზოგიერთი არითმიის მკურნალობისას. ამ შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევით წინასწარ ფასდება სისხლში მისი შემცველობა. გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი შარდმდენი შარდთან ერთად კალიუმის კარგვას იწვევს, ამიტომ აუცილებელია სისხლში ამ ელემენტის დონის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მისი პრეპარატების მიღება.

ყოველთვის სასარგებლოა თუ არა კალიუმი

ყველაფერი, რაც კალიუმის შესახებ ითქვა, ნამდვილად არ იძლევა საფუძველს, ეს ელემენტი დაუფიქრებლად და ექიმთან შეუთანხმებლად მივიღოთ. მართალია, კალიუმით მდიდარი დიეტა ყველას არ უქმნის პრობლემებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ასეთი საკვების მიღება დაუშვებელია. მაგალითად, ასეა თირკმელების უკმარისობისა და თირკმლის ზოგიერთი სხვა დაავადების დროს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როცა პაციენტი იღებს ორგანიზმში კალიუმის შეკავების ეფექტის მქონე მედიკამენტებს. ასეთებია ვეროშპირონი, ტრიამპური, ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი, აგფ ინჰიბიტორები.

კალციუმისა და კალიუმის გავლენა თირკმელზე

თირკმლის უამრავიდან ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმიდან აზოტოვანი ცვლის საბოლოო პროდუქტების გამოყოფაა. ამ ფუნქციას თირკმელი განსაკუთრებული წარმონაქმნების - ბაზალური მემბრანისა და სპეციალური უჯრედების - პოდოციტების მეშვეობით ასრულებს. სხვა სტრუქტურებთან ერთად ისინი ფილტრავენ სისხლში არსებულ ნივთიერებებს, აკავებენ ორგანიზმში აუცილებელ კომპონენტებს, ხოლო ტოქსინებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს გამოყოფენ. ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ნორმალური ფუნქციობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის - გენეტიკაზე, ცხოვრების წესზე, ტოქსინების ზემოქმედებაზე. თირკმლის ფუნქციის შესანარჩუნებლად სხვა ღონისძიებებთან ერთად მნიშვნელოვანია განსაზღვრულ მინერალთა მიღება ან, პირიქით, შეზღუდვა. ზოგიერთი კვლევის თანახმად, პოდოციტები ფილტრაციის პროცესს სწორედ კალიუმისა და კალციუმის მონაწილეობით არეგულირებს - ზოგ შემთხვევაში აძლიერებს მას, ზოგჯერ კი ამცირებს.

რატომ უნდა შევამციროთ საკვებში ფოსფორის შემცველობა თირკმელების უკმარისობის დროს

ჯანმრთელი თირკმელი უზრუნველყოფს ორგანიზმში ფოსფორის შემცველობის რეგულირებას, ჭარბი ფოსფორის გამოყოფას. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას ვითარდება ჰიპერფოსფატემია - ორგანიზმში ფოსფორის შემცველობა იმატებს. ჭარბი ფოსფორი აქვეითებს კალციუმის დონეს, რაც ძვლებისთვისაა საზიანო. ამის გამო თირკმელების უკმარისობის დროს ფოსფორის მიღება დღეში 800-1000 მილიგრამამდე უნდა შეიზღუდოს. ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობა, ჩვეულებრივ, ამაზე ორჯერ მეტ ფოსფორს იღებს. ფოსფორს თითქმის ყოველგვარი საკვები შეიცავს, თუმცა ამ ელემენტით განსაკუთრებით მდიდარია ცილოვანი პროდუქტები. სურსათის მწარმოებლები ხშირად სხვადასხვა კონსერვანტსა და არომატიზატორს იყენებენ. ისინი არცთუ იშვიათად შეიცავენ ფოსფორს. ეს უნდა გვახსოვდეს და მზა საკვების შეძენისას ეტიკეტი გულდასმით შევისწავლოთ. თირკმელების უკმარისობის დროს მხოლოდ დიეტით ფოსფორის დაქვეითება ძნელია. ამ შემთხვევაში ექიმი პაციენტს ფოსფორის შემბოჭავ მედიკამენტებს უნიშნავს. ფოსფორით მდიდარია რძე, იოგურტი, ყველი, ნაყინი, ხმელი პარკოსნები, ქატოს შემცველი პური, ვაფლი, ცხიმიანი ხორცი, კაკალი, თხილი, შოკოლადი, კოლა. ცოტა ფოსფორს შეიცავს ნაკლებცხიმიანი ყველი, ხილი, ბრინჯი, მაკარონი, ნედლი პარკოსნები, მჭლე ხორცი, ბატიბუტი, ჟელე, ჯემი, კარამელი.

თუთიის გავლენა თირკმლის ფუნქციაზე

თუთია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისა და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი მიკროელემენტია. მისი წყაროა ხამანწკები, ხორცი, პარკოსნები, კაკალი, თხილი, საღი მარცვლეული. თუთიის დეფიციტი ორგანიზმში ანგიოტენზინ 2-ის წარმოქმნას უწყობს ხელს, ეს უკანასკნელი კი თირკმლის სისხლძარღვების სპაზმსა და არტერიული წნევის მატებას განაპირობებს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ორსულობისას დედის ორგანიზმში თუთიის დეფიციტი ნაყოფის თირკმლის განვითარებისა და მომწიფების დარღვევას იწვევს, მომავალში კი ზრდის არტერიული ჰიპერტენზიისა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს.

სიფრთხილე აუცილებელია

თუთიის შემცველი მედიკამენტური დანამატები რეკომენდებული დოზით მიღებისას, ჩვეულებრივ, უსაფრთხოა, თუმცა არსებობს მონაცემები მათი არასასურველი ეფექტების შესახებ. მაგალითად, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 100 მილიგრამზე მეტი თუთიის ყოველდღიური მიღება აორმაგებს პროსტატის სიმსივნის რისკს. თუთიის დანამატების უმრავლესობა შეიცავს კადმიუმსაც, რომლის დიდმა დოზამ შესაძლოა თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს.