ადამიანის ფასციოლოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის ფასციოლოზი

- ქალბატონო მარინა, რა დაავადებაა ფასციოლოზი?

- ადამიანის ფასციოლოზი საქართველოში აღრიცხული ერთ-ერთი ძირითადი ჰელმინთოზია (ორგანიზმში მოპარაზიტე ჭიებით გამოწვეული დაავადება), რომლის დროსაც პერიფერიულ სისხლსა და ძვლის ტვინში აღინიშნება როგორც ზომიერი, ისე დიდი ეოზინოფილური, ზოგჯერ კი ეოზინოფილურ-ლეიკემოიდური ტიპის რეაქცია. ფასციოლოზი მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ზოონოზია და უმთავრესად წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან გვხვდება. ადამიანის ფასციოლოზი ყველაზე მეტად აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის კონტინენტებზეა გავრცელებული, თუმცა მისი აფეთქების შემთხვევები აღწერილია საფრანგეთში, კუბაზე, ჰავაის კუნძულებზე და ვიეტნამში. ის უმეტესად სპორადული ან ოჯახური შემთხვევების სახით ვლინდება. ამ დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1927 წელს აღწერა ანეტა ჟღენტმა. ჩვენს ქვეყანაში ადამიანის ფასციოლოზის კლინიკური და ეპიდემიოლოგიური საკითხების შესწავლას დიდი ამაგი დასდო აწ განსვენებულმა მიხეილ გიგიტაშვილმა, მედიცინის დოქტორმა. მან ამ თემას 46 სამეცნიერო ნაშრომი და ერთი მონოგრაფია მიუძღვნა. მიხელ გიგიტაშვილის ცნობით, 1959 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხული იყო ადამიანის ფასციოლოზის 30 შემთხვევა, 1960 წლიდან 1972 წლის ჩათვლით კი 137. 1973 წლიდან დღემდე ადამიანის ფასციოლოზის შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად აღირიცხება, უმეტესად - ერთეულ-სპორადული, იშვიათად - ოჯახური შემთხვევების სახით. მაგალითად, 2006 წელს 77 შემთხვევა აღირიცხა, 2012 წელს - 40, 2013 წელს - 38. მიმდინარე წელს კი ამ დიაგნოზით 17 პაციენტი ჰყავდა ჩვენს კლინიკას.

- როგორ ხდება ფასციოლოზით ადამიანის ინვაზირება?

- ფასციოლოზის გამომწვევები, Fasciola Hepatika და Fasciola Gigantika, განეკუთვნებიან ფასციოლიდების (ტრემატოდების ანუ მწოველების) კლასს. ამ ორი ჰელმინთიდან უფრო მეტად Fasciola Hepatika გვხვდება. აღნიშნული ფასციოლების ობლიგატური-დეფინიტური მასპინძლები ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარი წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველები არიან, ადამიანი კი ამ ჰელმინთების ფაკულტატური-დეფინიტური მასპინძელია. პარაზიტების შუამავალი მასპინძელი გახლავთ მოლუსკი - მცირე ტბორულა, რომელიც მტკნარი წყლის წყალსატევში ბინადრობს. ცხოველის ან ადამიანის ფეკალიებთან ერთად გარემოში მოხვედრილი ფასციოლას კვერცხი განვითარებისთვის აუცილებლად უნდა მოხვდეს მტკნარი წყლის წყალსატევში. აქ 4-6 კვირის შემდეგ კვერცხიდან გამოდის ლარვა-მირაციდი. მას შუამავალი მასპინძლის - მოლუსკის ორგანიზმში შეჭრის უნარი შესწევს. მოლუსკის ორგანიზმში მიმდინარეობს პარაზიტის ლარვული ფაზის განვითარება და გამრავლება, რომელიც მასპინძლის ორგანიზმიდან ცერკარიების გამოსვლით მთავრდება. ეს უკანასკნელნი თავისუფლად დაცურავენ წყალსატევში, განსაზღვრული ხნის შემდეგ ინცისტირდებიან და საბოლოოდ ადოლესკარიებად იქცევიან. ადოლესკარიები მჭიდროდ ეკვრიან ბოსტნეულისა და მწვანილის ფურცლებსა და ღეროებს ან თავისუფლად დაცურავენ სასმელ წყალში. სწორედ ასეთი საკვებისა და წყლის მოხმარების შედეგად ინვაზირდება ფასციოლებით ადამიანი.

- რას უჩივის დაავადებული?

- დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-8 კვირაა. კლინიკურ მიმდინარეობაში განარჩევენ მწვავე მიგრაციულ და ქრონიკულ ფაზებს, რაც ღვიძლსა და სანაღვლე გზებში ახალგაზრდა და ზრდასრული პარაზიტების ჩამოყალიბებას ემთხვევა. მიგრაციული ფაზა იწყება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, მადის დაქვეითებით, ზოგჯერ - ურტიკარიული გამონაყარით. დამახასიათებელია ცხელება. ტემპერატურული მრუდი შეიძლება იყოს სუბფებრილური, ტალღისებური და ჰექტიური (მაღალი ცხელება). აღინიშნება სკლერების სუბიქტერიულობა, სწრაფად ვლინდება ტკივილი ეპიგასტრიუმსა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, იწყება გულისრევა, ზოგჯერ - პირღებინება. თანდათანობით დიდდება ღვიძლი, რომელიც მომკვრივო კონსისტენციისაა და პალპაციით - მტკივნეული. ღვიძლის გადიდება ფასციოლოზისათვის პათოგნომურია.


დიდდება ღვიძლის მარცხენა წილი, რომელიც თავისუფლად ისინჯება ეპიგასტრიუმის არეში და ზოგჯერ განაპირობებს მარჯვენა ფერდქვეშა არის გამოზნექას და მის გადიდებას ჭიპამდე ან მის ქვემოთ, ხოლო მარცხნივ - ელენთამდე. ღვიძლის ზრდა სწრაფი და ინტენსიურია. ზომიერად დიდდება ელენთა. ალერგიული მოვლენებიდან, რომლებიც უმთავრესად დაავადების მწვავე მიგრაციულ ფაზაში ვლინდება, ფასციოლოზისთვის დამახასიათებელია ურტიკარია და კანის ქავილი, მაგრამ ყველაზე პათოგნომურია მაღალი ეოზინოფილია პერიფერიულ სისხლში, ლეიკოციტოზი და ედსის აჩქარება. ეოზინოფილების რაოდენობა საშუალოდ 18-30-დან 60 პროცენტამდე აღწევს. ლეიკოციტები 20.109 გ/ლ-დან 40.109 გ/ლ-მდე მერყეობს. ერთეულ შემთხვევებში ვითარდება ეოზინოფილური ლეიკემოიდური რეაქცია. გვქონდა შემთხვევა, როცა ეოზინოფილების მაჩვენებელი 80%-ს უდრიდა, ხოლო ლეიკოციტებისა - 58.10 გ/ლ-ს. ეოზინოფილური რეაქცია ძვლის ტვინში ვლინდება მარცხნივ გადახრით, მაშინ როდესაც პერიფერიულ სისხლში ასეთი გადახრა არ შეინიშნება. მწვავე მოვლენების თანდათანობითი ჩაცხრობის შემდეგ დაავადება ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს, რომლისთვისაც უმთავრესად დამახასიათებელია დისპეფსიური მოვლენები და სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ტკივილი ზოგჯერ მეტად ინტენსიურია და ძალიან ჰგავს ნაღველკენჭოვანი დაავადების შეტევას. ამ დროს არცთუ იშვიათად ხდება გაუმართლებელი ქირურგიული ჩარევა - ქოლეცისტექტომია. სხეულის ტემპერატურა დაავადების ქრონიკულ ფაზაში ნორმის ფარგლებშია, თუმცა არც სუბფებრილური ტემპერატურა ან მისი ხანგამოშვებით 39°-მდე აწევაა გამორიცხული. ზოგჯერ თავს იჩენს მსუბუქი იქტერუსი (კანისა და ხილული ლორწოვანის ყვითლად შეფერვა). პალპაციით ისინჯება გადიდებული ღვიძლი, რომელიც ნეკნთა რკალიდან 2-5 სმ-ით გამოდის. არაინტენსიური ინვაზირებისას ყველა ზემოაღნიშნული სიმპტომი შედარებით მსუბუქად გამოიხატება. ფასციოლოზის ქრონიკულ ფაზაში პერიფერიული სისხლის სურათი თანდათანობით სწორდება და არცთუ იშვიათად ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება, თუმცა არ არის გამორიცხული მაღალი ან ზომიერად გამოხატული ეოზინოფილია. ფასციოლოზის როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ ფაზაში განსაზღვრული ცვლილებები შეინიშნება კუჭის, კუჭუკანა ჯირკვლისა და ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაშიც. ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში აღირიცხება განსაზღვრული დარღვევები, მაგრამ არა ისეთი მკვეთრი, როგორიც ვირუსული ჰეპატიტების დროს. ფასციოლოზის როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ ფაზაში კლინიკური ნიშნების გამოხატულება ბევრად არის დამოკიდებული პარაზიტებით ინვაზირების ინტენსივობასა და ორგანიზმის იმუნოლოგიურ სტატუსზე. ლიტერატურაში აღწერილია ფასციოლების გაუკუღმართებული ადგილმდებარეობა, მაგრამ ასეთი რამ ძალზე იშვიათია. პარაზიტები ნანახია ფილტვებში, კანქვეშ, თვალში, კუჭის დიდ სიმრუდეზე, ჭიანაწლავსა და კარის ვენაში.

- როგორ ხდება ფასციოლოზის დიაგნოსტიკა?

- ვინაიდან ადამიანის ფასციოლოზი იშვიათ დაავადებად მიიჩნევა, მკურნალ ექიმებს ხშირად ავიწყდებათ მისი არსებობა და ავადმყოფს დიაგნოზის დაუზუსტებლად უნიშნავენ არარაციონალურ მკურნალობას. განსაკუთრებით სავალალოა კორტიკოსტეროიდული ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება ანდა ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკების დანიშვნა გაურკვეველი ტემპერატურული რეაქციის სამკურნალოდ, რაც უფრო მეტად ამწვავებს და აღრმავებს პერიფერიულ სისხლში ალერგიული ხასიათის ეოზინოფილიას. ფასციოლოზური ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება) გაიგივებულია სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტთან. ეოზინოფილური ლეიკემოიდური რეაქციის დროს, არცთუ იშვიათად, შეცდომით დაისმის სისხლის სისტემური დაავადების დიაგნოზი. ადამიანის ფასციოლოზის დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ძირითად და უტყუარ მეთოდს წარმოადგენს პარაზიტის კვერცხის ნახვა ინვაზირებულის განავალში ან დუოდენალური ზონდაჟით მიღებულ ნაღვლის სინჯებში. განავალში ფასციოლას კვერცხის აღმოჩენა (ოვოსკოპიური მეთოდი) ხდება მას შემდეგ, რაც ადოლესკარიიდან გამოთავისუფლებული ლარვა ამთავრებს ქსოვილში მიგრაციას და ღვიძლში ზრდასრულ პარაზიტად გადაიქცევა (ეს ხდება ინვაზირებიდან 3-4 თვის შემდეგ). ფასციოლას კვერცხის ნახვისას გასათვალისწინებელია პარაზიტის ე.წ. ტრანზიტული კვერცხის აღმოჩენის შესაძლებლობა, რაც ადამიანის მიერ ფასციოლოზით დაავადებული ცხოველის ღვიძლის საკვებად გამოყენების შედეგია. პარაზიტის ნახვა გართულებულია ფასციოლოზის ლარვულ-მიგრაციულ ფაზაში. ამჟამად კლინიკურ პრაქტიკაში დანერგილია იმუნოფერმენტული ანალიზის რეაქცია (ELIZA), რომელიც დადებით პასუხს იძლევა ფასციოლოზის როგორც მიგრაციული, ასე ქრონიკული ფაზის დიაგნოსტირებისას. ამ რეაქციის წარმოებისთვის მოწოდებულია პარაზიტის როგორც სომატური, ისე კოპრო- და ურინოანტიგენები. რადიოლოგიური კვლევის მეთოდები (ულტრაბგერითი კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული კვლევა) ბოლო ხანს (1995 წლიდან) საკმაოდ ინფორმაციულია ფასციოლოზის სადიაგნოზოდ. დაავადების მიმდინარეობის ორივე ფაზაში აქტიურად გამოიყენება კვლევის როგორც არაინვაზიური, ასევე ინვაზიური მეთოდები.

- მკურნალობის თაობაზე რას გვეტყვით?

- 1990 წლიდან ადამიანის ფასციოლოზის სამკურნალოდ გამოიყენება ტრიკლაბენდაზოლი (ეგატენი) ბენზიმიდაზოლის წარმოებული. პრეპარატი არატოქსიკური და მაღალეფექტურია. ფასციოლოზის სამკურნალოდ იგი ინიშნება შემდეგი დოზით: 10-20 მგ წონის ყოველ კილოგრამზე. პრეპარატი ავადმყოფს ეძლევა დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ, ხილის წვენთან ერთად. მკურნალობა ერთდღიანია.