რუბრიკები
ფილტვის დაავადებები

 


- როგორია ფილტვების დაზიანება მუკოვისციდოზის დროს და რა არის ამ დაავადების მიზეზი?
- მუკოვისციდოზის ფილტვის ფორმას ახასიათებს ქრონიკული ჩირქოვანი ბრონქიტის, ბრონქოექტა-ზების (ბრონქის კედლის დეფორმაციისა და გაფართოების), რეციდიული (განმეორებითი) ფილტვების ანთების, ფილტვების ემფიზემისა და სუნთქვითი უკმარისობის აღმოცენება. ხშირია ფილტვების ატელექტაზი (ქსოვილის ჩაფუშვა), ფილტვის აბსცესი, სისხლიანი ხველა, ასთმის შეტევები. პაციენტები უჩივიან შემაწუხებელ, შეტევით ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი სქელი ნახველით, რომლის გამოყოფაც ძლიერ ჭირს. დამახასიათებელია ქოშინი, თავდაპირველად - ფიზიკური დატვირთვისას, შემდგომში კი მოსვენებულ მდგომარეობაში. გარდა ფილტვებისმხრივი სიმპტომებისა, ტიპურია პანკრეასის სეკრე-ტორული ფუნქციის დაქვეითება და ფაღარათი. ყოველივე ამის საფუძველია გენეტიკური პათოლოგია, რომელიც ჯირკვლების სეკრეციის დარღვევას იწვევს. მკურნალობა გულისხმობს ნახველის გამათხე-ვადებელი საშუალებების, ბრონქოდილატატორების გამოყენებას და თანდართულ ინფექციებთან ბრძოლას.


- რა არის ფილტვების ემფიზემა, რა იწვევს მას და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?
- ფილტვების ემფიზემა არის მდგომარეობა, რომელიც ალვეოლების კედლების ელასტიკურობის დაქვეითების შედეგია და ქოშინსა და ფიზიკური აქტივობის უნარის დაქვეითებას იწვევს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად სიმპტომებიც უფრო და უფრო მკვეთრი ხდება და ქოშინი თავს იჩენს არა მარტო დატვირთვისას, არამედ მოსვენებულ მდგომარეობაშიც. კლინიკური სურათი, ჩვეულებრივ, უფრო მკვეთრი ხდება სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ. გარდა ამისა, ემფიზემისას ვითარდება ქრონიკული მშრალი ხველა, მადის დაქვეითება და წონის კლება, საერთო სისუსტე. შესაძლოა, ჩვენს მკითხველებს ბანალური მოეჩვენოთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ემფიზემის ძირითადი მიზეზი, ფილტვების სხვა დაავადებათა მსგავსად, თამბაქოს წევაა. შემთხვევათა მცირე ნაწილი უკავშირდება ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტს. ეს ცილა ფილტვის ელასტიკურ სტრუქტურებს სხვადასხვა დამაზიანებელი ფერმენტის ზემოქმედებისაგან იცავს.

თუ ადამიანს აღნიშნული ცილის დეფიციტი აქვს და თანაც მწეველია, ემფიზემა 30-40 წლის ასაკისათვის განუვითარდება. ემფიზემის აღმოცენების თვალსაზრისით არანაკლებ სარისკოა პასიური მწეველობა. ემფიზემის რისკფაქტორებია ასაკი (დაავადება 50-60 წლისათვის ვლინდება), მტვრის ზემოქმედება, შემაერთებელი ქსოვილის (ე.წ. რევმატული) დაავადებები. ემფიზემის მკურნალობის პირველი მომენტია თამბაქოს წევისთვის თავის დანებება. საჭიროა მედიკამენტების გამოყენებაც. ეფექტიანია ბრონქოდილა-ტატორები (ბრონქების გამაფართოებელი საშუალებები), სტეროიდული ჰორმონები. სადღეისოდ უპირატესობა ენიჭება მათ საინჰალაციო (შესასუნთქ) ფორმას. თანდართული ინფექციის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები.


- რა იწვევს ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტს?
- ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტი გენეტიკური პათოლოგიაა. ის კლინიკურად მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი დეფექტურ გენს ორივე მშობლისგან იღებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ემფიზემის ადრეული გამოვლინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი არ ეწევა, არის ჩვენება გენეტიკური კვლევის ჩასატარებლად ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტის გამოვლენის მიზნით.


- ფილტვების დაავადებების შესახებ საუბარი შეუძლებელია, თუ არ ვახსენეთ პლევრიტი. როგორია პლევრიტის კლინიკური სურათი, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?
- განასხვავებენ პლევრიტის მწვავე და ექსუდაციურ ფორმებს. პირველი გახლავთ პლევრის ფურცლების მწვავე ანთება, რომლის დროსაც ფურცლებზე ანთებითი ფიბრინული ნადები გროვდება. ეს იწვევს გულმკერდის ტკივილს და განსაკუთრებულ ხმიანობას, რომელსაც ექიმი გასინჯვისას ისმენს. ექსუდაციური პლევრიტის დროს კი პლევრის ღრუში გროვდება ანთებითი სითხე - ექსუდატი. ექსუდაციური პლევრიტის სიმპტომები პლევრის ღრუში დაგროვილი სითხის ოდენობაზეა დამოკიდებული. თუ სითხე ცოტაა, პაციენტს შესაძლოა მხოლოდ ტემპერატურამ აუწიოს, დიდი ოდენობით სითხის დაგროვება კი სუნთქვისას აფერხებს ფილტვების გაშლას, რის გამოც ქოშინი აღმოცენდება. თუ პლევრაში დიდი ოდენობით სითხე დაგროვდა, ვითარდება სუნთქვის უკმარისობა, შუასაყრის ორგანოების ცდომა, რის გამოც საჭიროა სითხის სასწრაფი ევაკუაცია (გამოღება) სპეციალური ნემსით. ექსუდაციური პლევრიტის დიაგნოსტიკა რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ხდება. გარდა ამისა, პლევრიტის მიზეზის დასადგენად და რიგ შემთხვევაში - სამკურნალოდ აუცილებელია პლევრის პუნქცია - ჩხვლეტა ნემსით და მიღებული სითხის ლაბორატორიული შესწავლა.


- მაინც რა შეიძლება იყოს პლევრიტის მიზეზი?
- პლევრიტი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, ის ყოველთვის რომელიმე პათოლოგიის გამოვლინებაა. ამ დაავადებათაგან შეიძლება დავასახელოთ ფილტვების ანთება, ტუბერკულოზი, რევმატული დაავადებები, ფილტვისა და პლევრის სიმსივნეები, საკვერცხის სიმსივნე. ზოგჯერ პლევრის ღრუში გროვდება არა ანთებითი, არამედ გამონაჟონი სითხე. ამ მდგომარეობას ჰიდროთორაქსს უწოდებენ. ჰიდროთორაქსი შესაძლოა განვითარდეს გულის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, თირკმელების დაავადების დროს.


- როგორია პლევრიტის მკურნალობის ტაქტიკა?
- პლევრიტის მკურნალობის ტაქტიკა მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული და ძირითადი დაავადების მკურნალობას გულისხმობს. როგორც აღვნიშნეთ, სამკურნალოდ ზოგჯერ პლევრის პუნქციას მიმართავენ.


- ჩვენი მკითხველები ხშირად გვთხოვენ ავუხსნათ, რა შეიძლება იყოს პლევრის ღრუში ჰაერის შეღწევის მიზეზი.
- პლევრის ღრუში ჰაერის მოხვედრა ანუ პნევმოთორაქსი შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმის შედეგად ფილტვის ან გულმკერდის მთლიანობის დარღვევამ. პნევმოთორაქსი შესაძლოა სპონტანურადაც აღმოცენდეს. ამ დროს პლევრის ღრუში ჰაერი ფილტვის ქსოვილის რღვევის შედეგად აღწევს. ეს უკანასკნელი ფილტვების დაავადებების შედეგია. ზოგჯერ სპონტანური პნევმოთორაქსი პლევრის თანდაყოლილი სისუსტის შედეგია. დაავადებას ახასიათებს გულმკერდის ძლიერი ტკივილი, უეცრად აღმოცენებული ქოშინი. პაციენტი იძულებით იღებს მჯდომარე პოზას. ვლინდება ციანოზი. პნევმოთორაქსის დიაგნოსტიკა რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე ხდება.


- კიდევ ერთი პათოლოგია, რომელიც მკითხველის არანაკლებ ინტერესს იწვევს, არის ფილტვის ინფარქტი. რატომ ვითარდება ის, რას უჩივის ამ დროს პაციენტი და რა ელის მას?
- ამჟამად ფილტვის ინფარქტზე საუბრისას უწინარეს ყოვლისა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას გულისხმობენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ფილტვის არტერია ან მისი ტოტი თრომბით იხშობა. ასეთი თრომბი თავდაპირველად, წესისამებრ, გულის მარჯვენა ნახევარში ან სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში წარმოიქმნება. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის გავრცელებული მიზეზებია ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სიმსივნეები, სეფსისი, ზოგადი მიდრეკილება თრომბოზისაკენ. ფილტვის ინფარქტი კი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შემთხვევათა მხოლოდ დაახლოებით 10%-ში ვითარდება. მისი მიზეზი ფილტვის არტერიის მცირე ტოტის სრული დახშობაა. კლინიკურად ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია სხვადასხვაგვარად ვლინდება - უეცარი სიკვდილიდან აუხსნელი, ერთი შეხედვით უმიზეზო ქოშინისა და გულის აჩქარების ჩათვლით, ძირითადად კი ახასიათებს გულმკერდის ძლიერი ტკივილი, ქოშინი, ინფარქტის შემთხვევაში ამ სიმპტომებს ემატება ხველა, ხშირად - სისხლიანი ნახველით. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. მისი ბედი თრომბოემბოლიის გავრცელებაზეა დამოკიდებული. სამკურნალოდ იყენებენ თრომბოლიზურ (თრომბის დამშლელ) და შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს.


- როგორც ვხედავთ, ფილტვების დაავადებათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. შეიძლება თუ არა თავიდან ავიცილოთ მათი აღმოცენება და პროგრესირება?
- პროფილაქტიკა, რომელიც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ფილტვების დაავადებებთან მიმართებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. როგორც ჩვენი საუბრისას ითქვა, ამ დაავადებათა აღმოცენება და პროგრესირება დამოკიდებულია მრავალ ისეთ ფაქტორზე, რომელთა შეცვლა სულაც არ არის ძნელი. ამისთვის საკმარისია:

  • უარი ვთქვათ თამბაქოს წევაზე, თავი ვარიდოთ პასიურ მოწევას.
  • ვეცადოთ, ხშირად ვიყოთ სუფთა ჰაერზე.
  • საწარმოში მუშაობისას აუცილებლად გამოვიყენოთ რეკომენდებული დამცავი საშუალებები.
  • სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების გახშირების პერიოდში ვატაროთ ნიღაბი.
  • ხშირად დავიბანოთ ხელები.


გვახსოვდეს:

თუ პროფილაქტიკა საკმარისი არ აღმოჩნდა და დაავადების ნიშნებმა მაინც იჩინა თავი, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.

ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ქოშინი, ხველა ან ცხელება გახანგრძლივდა.

დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

 

 


 



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები