უხერხული პრობლემის დელიკატურად გადაჭრის გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უხერხული პრობლემის დელიკატურად გადაჭრის გზები

როდესაც ვენების ვარიკოზული გაგანიერების შედეგად იზრდება სწორი ნაწლავის კავერნოზული სხეულების მოცულობა. ვენური უკუდენის დარღვევის გამო სისხლი ავსებს სწორი ნაწლავის მღვიმოვანი ქსოვილის ღრუს და იქ დედდება. წარმოიქმნება ჰემოროიდული კვანძები - სისხლით გადავსებული და გამკვრივებული ვენები, რომლებიც მოსვენებისას იჩუტება და პატარავდება, ხოლო გაჭინთვისას სივდება და იზრდება. განასხვავებენ ბუასილის ქრონიკულ და მწვავე ფორმებს. ქრონიკული ბუასილი ტალღისე-ბურად, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაუარესების პერიოდული მონაცვლეობით მიმდინარეობს.

ნებაზე მიშვებული დაავადება პროგრესირებს და შესაძლოა, ერთბაშად გამწვავდეს, რადგან გამოვარ-დნილი კვანძები ადვილად ზიანდება, ხდება მათი თრომბოზი, მაცერაცია. მწვავე ბუასილი ვლინდება ძლიერი ტკივილით და უკანა ტანში უცხო სხეულის შეგრძნებით. ეს სიმპტომები ძლიერდება დეფეკა-ციის, სიარულისა და ჯდომის დროს. მწვავე ბუასილი შესაძლოა გართულდეს მასიური სისხლდენით, ჰემოროიდული კვანძის ქსოვილების ნეკროზით, ჩირქოვანი პარაპროქტიტით, სეფსისით.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ბუასილის განვითარება?

- დაავადების საფუძველს წარმოადგენს სწორი ნაწლავის დისტალური ნაწილის სისხლძარღვთა თანდაყოლილი დისფუნქცია. ასეთი სისხლძარღვები არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებისას ადვილად ფართოვდება. ეს ფაქტორებია:

  • ცხოვრების უმოძრაო წესი;
  • მძიმე ფიზიკური შრომა;
  • ყაბზობა;
  • ჭარბი ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღება;
  • ანთებითი ან სიმსივნური პროცესები მცირე მენჯის მიდამოში;
  • ორსულობა.

ხანგრძლივი გადავსება იწვევს კვანძის კედლის გაფართოებასა და გამოფიტვას, რის შედეგადაც ლორწოვანზე წარმოიქმნება წვრილი ეროზიები და ნახეთქები. ამის გამო დეფეკაციის აქტს თან სდევს სისხლდენა. გარდა ამისა, გადიდებული ჰემოროიდული კვანძი ადვილად გადაადგილდება უკანა ტანისკენ და გარეთ ვარდება.

- როგორია ბუასილის კლინიკური ნიშნები?

- ბუასილისთვის დამახასიათებელია ორი ძირითადი სიმპტომი: ანალური არხიდან სისხლის გამოყოფა და კვანძების გამოვარდნა. ხშირად პირველი ნიშანი, რომელსაც ავადმყოფი ამჩნევს, არის სისხლის ლაქები თეთრეულზე ან ტუალეტის ქაღალდზე. ზოგჯერ სისხლი ნაკადად მოედინება დეფეკაციის შემდეგ. საზოგადოდ, ბუასილის დროს სისხლდენის თავისებურება ის არის, რომ მხოლოდ დეფეკაციის წინ, უშუალოდ დეფეკაციის დროს ან მისი დასრულებისთანავე ვითარდება. ჰემოროიდული სისხლდენა ზოგჯერ საკმაოდ ინტენსიურია და რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს.

მინდა, აქვე გავამახვილო ყურადღება იმაზეც, რომ მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენა მსხვილი ნაწლავის სიმსივნესაც ახასიათებს, ამიტომ გირჩევთ, ამ სიმპტომის შემჩნევისას რაც შეიძლება მალე მიმართოთ პროქტოლოგს. ჰემოროიდული კვანძის გამოვარდნას ხელს უწყობს დეფეკაციისას ხანგრძლივი ჭინთვა, საპირფარეშოში მოწევისა და კითხვის ჩვევაც კი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბუასილისთვის დამახასიათებელია უკანა ტანში უცხო სხეულის შეგრძნება. გარდა ამისა, სიარულის დროს საზარდულის არეში სიმძიმე შეიგრძნობა. ეს სიმპტომები სისხლით გადავსებული ჰემოროიდული კვანძების გაჯირჯვებით აიხსნება.

ქავილი ჰემოროიდული კვანძის კედლის ეროზიის გამოვლინებაა. გარდა ამისა, სისხლის უმნიშვნელო გამოყოფა ანუსის კანსა და ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ტკივილი დეფეკაციის, სიარულისა და ჯდომის დროს მწვავე ბუასილის შეტევის საწყისი სიმპტომებია. ვინაიდან ანალური ხვრელის ირგვლივ უხვად არის განლაგებული რეცეპტორები, ტკივილის შეგრძნება შესაძლოა ძალიან ძლიერი იყოს. ზოგჯერ ავადმყოფს გამჭოლი, ძლიერი ტკივილის გამო არც სიარული და არც ჯდომა არ შეუძლია.

ჰემოროიდული კვანძები შეხებისას მტკივნეულია.

- როგორია ბუასილის კლინიკური მიმდინარეობა?

- ყველაზე გავრცელებული კლინიკური ვარიანტია ქრონიკული, მორეციდივე ბუასილი. დაავადება იწყება უკანა ტანის არეში უსიამოვნო შეგრძნებით, დისკომფორტით, სუსტი ქავილით, მცირე გამონადენით. შემდეგ იწყება რექტალური სისხლდენა. ეს პერიოდი შესაძლოა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. დაავადებისთვის დამახასიათებელია რემისიის ხანგრძლივი ფაზები, როდესაც ადამიანი პრაქტიკულად არაფერს უჩივის. ამის გამო ქრონიკული ბუასილის საწყის სტადიაში ექიმს იშვიათად მიმართავენ. დაავადება თანდათან პროგრესირებს. დეფეკაციის დროს უკანა ტანის არეში თავს იჩენს ტკივილი, რომელიც ძლიერდება კვების რეჟიმის დარღვევის დროს. უკანა ტანიდან სისხლდენა ყოველ დეფეკაციას ახლავს თან და ზოგჯერ იმდენად ინტენსიურია, რომ საქმე ანემიამდეც კი მიდის. კვანძების მუდმივი გადიდება უკანა ტანიდან მათ გამოვარდნას იწვევს.

განასხვავებენ ქრონიკული ბუასილის 4 სტადიას.

I სტადიისთვის დამახასიათებელია სისხლის გამოყოფა ანალური ხვრელიდან კვანძების გამოვარდნის გარეშე.

II სტადიაში ჰემოროიდული კვანძები მხოლოდ დეფეკაციისას ვარდება და მისი დასრულებისთანავე თავისთავად ბრუნდება არხში.

III სტადიაში დეფეკაციის დროს გამოვარდნილი კვანძის ჩაბრუნება შესაძლებელია ხელით.

IV სტადიაში ჰემოროიდული კვანძები ცემინების, ხველების, მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი ვარდება. ანალურ არხში მათი შებრუნება ვერ ხერხდება.

მწვავე ბუასილი, როგორც წესი, ქრონიკულის გამწვავებაა და ვლინდება უკანა ტანისა და შორისის არეში ტკივილით, კვანძების გამკვრივებით, უცხო სხეულის შეგრძნებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით.

ბუასილი ექიმის აქტიურ ჩარევას საჭიროებს. შორს წასული, არანამკურნალევი ფორმის დროს შესაძლოა განვითარდეს მასიური სისხლდენა, ანალური ხვრელის შეშუპება, ჩირქოვანი პარაპროქტიტი, ჰემოროი-დული კვანძის ქსოვილის ნეკროზი. უკანასკნელ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიშია კვანძის თვითნე-ბური ჩასწორება - ამან შესაძლოა სისხლის ინფიცირება გამოიწვიოს. მკვდარი ქსოვილების მოცილება სტაციონარულ პირობებში უნდა მოხდეს.


- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

- როდესაც ავადმყოფი ზემოთ აღწერილი ჩივილებით მიმართავს ექიმს, მას პირველ რიგში ანალურ ხვრელს უთვალიერებენ და თითით უსინჯავენ. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს: რექტომანოსკოპია - სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური ნაწლავის ქვედა ნაწილის გამოკვლევა; ანოსკოპია - ანალური არხის რექტალური სარკით გამოკვლევა; კოლონოსკოპია - გამოკვლევა, რომლის დროსაც ვიზუალურად ფასდება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მდგომარეობა; ირიგოსკოპია - მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევა; კოპროგრამა - განავლის ანალიზი ხარისხობრივ შემადგენლობაზე; სისხლის ანალიზი ანემიის გამოსავლენად.

- როგორ მკურნალობენ ბუასილს?

- არსებობს მრავალი ეფექტური სამკურნალო საშუალება და ტექნოლოგია. მკურნალობის ტაქტიკას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პროქტოლოგი განსაზღვრავს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის, დაავადების სტადიისა და კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე. კონსერვატიული მკურნალობა მიზნად ისახავს ანთებითი ცვლილებების ლიკვიდაციას, სწორი ნაწლავის არეში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას, კუჭის მოქმედების რეგულაციას. ადგილობრივი თერაპია მიმართულია ტკივილის, თრომბოზის, ჰემოროიდული კვანძის ანთებისა და სისხლდენის ლიკვიდაციისკენ.

ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი, ქავილის საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და მოსაშუშებელი სანთლები, მალამოები, მიკროოყნები, მჯდომარე აბაზანები. ზოგადი მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს პრეპარატები, რომლებიც ზრდის ვენების ტონუსს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება დიეტას. მისი მიზანია კუჭის მოქმედების ნორმალიზაცია, რისთვისაც უნდა გაიზარდოს რაციონში ხილისა და ბოსტნეულის წილი, აიკრძალოს ტკბილეული, მჟავე, ცხარე კერძები, ალკოჰოლი. რემისიის ფაზაში სასარგებლოა ზოგადი მინერალური აბაზანები, აღმავალი შხაპი, ტალახით მკურნალობა (რექტალური ტამპონები და შორისის მიდამოს ტალახით აპლიკაციები).

ფარმაცევტული ბაზარი გაჯერებულია კოლოპროქტოლოგიური სამკურნალო საშუალებებით.

ერთნი აცხრობენ ტკივილს, მეორენი - ანთებით პროცესს, მესამენი ამცირებენ თრომბოზის მოვლენებს. ცხადია, უპირატესობა კომბინირებული მოქმედების პრეპარატებს ენიჭება. უკანასკნელ ხანს ფართოდ გავრცელდა ბუასილის მცირე ინვაზიური მეთოდით მკურნალობა - სკლეროთერაპია, ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია და სხვა. არსებობს ბუასილის ქირურგიული მკურნალობის მრავალი მეთოდი, რომელთაგანაც პრიორიტეტულად აღიარებულია ჰემოროიდექტომია, ჰემოროიდული კვანძების კრიოდესტრუქცია, რომელიც ნაჩვენებია II-III ხარისხის ბუასილის დროს.

- მოსალოდნელია თუ არა რეციდივი ოპერაციის შემდეგ? რამდენი ხანია საჭირო სარეაბილიტაციოდ?

- რეციდივი შესაძლოა განვითარდეს ოპერაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ ასეთი რამ იშვიათია. მკურნალობა უმეტესად წარმატებით სრულდება. რაც შეეხება რეაბილიტაციას, საამისოდ ზოგჯერ 2-3 დღეც საკმარისია, ზოგჯერ კი პროცესი 20-21 დღეს გასტანს. გააჩნია პაციენტის ასაკს და ზოგად მდგომარეობას.

- როგორ  ავიცილოთ თავიდან ბუასილი?

- გაგაცნობთ იმ რეკომენდაციების მინიმუმს, რომელთა შესრულება თავიდან აგაცილებთ ბუასილს, ხოლო თუ უკვე გაქვთ, შეამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და გააიშვიათებს გამწვავებას. პირველ რიგში, საჭიროა კუჭის მოქმედების მოწესრიგება - ყაბზობისა და ფაღარათის დროული მკურნალობა, ნაწლავთა ნორმალურ ფუნქციობაზე ზრუნვა. საამისოდ აუცილებელია დიეტის კორექცია. დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს საკმაო ოდენობის (2-3 ლიტრ) სითხეს და პროდუქტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნაწლავის პერისტალტიკაზე: შავ პურს, უმ ხილსა და ბოსტნეულს, შავ ქლიავს, შვრიის, წიწიბურას, ქერის ბურღულს. თეთრი, რაფინირებული ფქვილის, მოუხდელი რძის ნაწარმს უმჯობესია ერიდოთ. სამაგიეროდ, რძის მჟავე, ბიფიდო და ლაქტობაქტერიებით გამდიდრებული პროდუქტები შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ.

ნაწლავის მოტორულ აქტივობას აძლიერებს მინერალური წყალი. რეკომენდებულია მაგნიუმისა და სულფატის იონების შემცველი ნაირსახეობანი. სვით ოთახის ტემპერატურისა, თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. არ გირჩევთ ძლიერმოქმედი სასაქმებელი საშუალებების ხშირად მიღებას - თუ ყაბზობისკენ გაქვთ მიდრეკილება, უმჯობესია, მას დიეტითა და სხვა ბუნებრივი მეთოდებით ებრძოლოთ.

აუცილებელია რაციონიდან ცხარე, ტკბილი, შემწვარი, შებოლილი საკვების, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების ამოღება - ეს პროდუქტები ხელს უწყობს ანალურ მიდამოში ვენური ქსელის გაფართოებას და არღვევს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას.

შეგიძლიათ, დალიოთ მსუბუქი ღვინო, კოქტეილი, კერძის საკაზმად გამოიყენოთ არაცხარე სოუსები და საწებლები, ოხრახუში, კამა, ქინძი. ბუასილის გამწვავების პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს დეფეკაციის ჰიგიენას. უნდა ვერიდოთ გაჭინთვას, საპირფარეშოში დიდხანს ჯდომას - ორივე ფაქტორი პროვოცირებას უწევს ჰემოროიდულ კრიზს. მეტად მნიშვნელოვანია ანალური მიდამოს საგულდაგულო ტუალეტი დეფეკაციის შემდეგ. ადამიანმა, რომელსაც ქრონიკული ბუასილი აქვს, უმჯობესია, ტუალეტის ქაღალდზე უარი თქვას და დეფეკაციის შემდეგ ანალური მიდამო ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ უფრო გრილი წყლით დაიბანოს.

- ვიცით, რომ მათთვის, ვისაც ბუასილისკენ აქვს მიდრეკილება, უკუნაჩვენებია დიდხანს ჯდომა და დგომა, მაგრამ უამრავი ხალხი მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ან დგას, ან ზის. როგორ მოვიქცეთ, როცა ასეთი სამუშაო გვაქვს?

- ყოველი საათის შემდეგ მოაწყვეთ ხუთწუთიანი შესვენება. რბილი სავარძლის ნაცვლად დაიდგით მაგარი სკამი. თავისუფალ დროს ივარჯიშეთ, იცურეთ, ფეხით ისეირნეთ. საჭესთან სამ საათზე მეტხანს ნუ გაატარებთ. ხანგრძლივი მგზავრობისას დროდადრო შეისვენეთ, გადმოდით მანქანის კაბინიდან და გაიარ-გამოიარეთ. ურიგო არ იქნება, თუ მარტივ ფიზიკურ ვარჯიშსაც შეასრულებთ. ბუასილის საწყის სტადიაში უკუნაჩვენებია მენჯისა და შორისის მიდამოს კუნთების გადაძაბვა. არ შეიძლება ძალოსნური ვარჯიშების შესრულება, სიმძიმეების აწევა, ველოსპორტი, ჯირითი.