ტკივილი უკანა ტანის მიდამოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი უკანა ტანის მიდამოში

მწვავე ანალური ნაპრალის, ჰემოროიდული კვანძების, მწვავე თრომბოზისა და მწვავე პარაპროქტიტის დროს დეფეკაციის აქტის შემდეგ ტკივილი შესაძლოა აუტანელი გახდეს. სწორი ნაწლავის ზოგიერთი სხვა დაავადება (კეთილთვისებიანი სიმსივნე, კიბო) არცთუ იშვიათად დიდხანს უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადების - გაურთულებელი ბუასილის დროს კი ტკივილი, ჩვეულებრივ, არ იგრძნობა ან ოდნავ (გადაბერვის შეგრძნებით) არის გამოხატული. მრავალი ავადმყოფი პრობლემის დელიკატურობის გამო არ ჩქარობს პროქტოლოგთან ჩაწერას. სწორი ნაწლავის პრობლემები და, შესაბამისად, პროქტოლოგის კონსულტაცია უფრო ინტიმური საქმეა, ვიდრე გინეკოლოგთან მისვლა. ამიტომ პაციენტები წლობით იტანჯებიან, პირდაპირი მნიშვნელობით სისხლისგან იცლებიან, მაგრამ ექიმთან არ მიდიან. ურიგო არ იქნება, თუ გაითვალისწინებთ, რომ რაც უფრო მეტად გადადებთ ვიზიტს, მით უფრო მასშტაბური გახდება და გართულდება პრობლემა. შესაბამისად, გაძნელდება მკურნალობა და გახანგრძლივდება რეაბილიტაცია.

ანალური ნაპრალი

ეს ანალური (სწორი ნაწლავის) არხის ლორწოვანი გარსის დეფექტია, ხაზოვანი ან სამკუთხედის ფორმისა. ის სწორი ნაწლავის დაავადებათა 15%-ს შეადგენს. ყველაზე ხშირად ავადდებიან ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალბატონები. ანალური ნაპრალი უმეტესად ანალური არხის უკანა კედელზე წარმოიქმნება. ამასთან ეს პათოლოგია არცთუ ისე იშვიათად ბუასილთან ერთად გვხვდება. ანალური ნაპრალის ძირითად გამოვლინებად ითვლება სიმპტომთა ტრიადა: ტკივილი სწორი ნაწლავის მიდამოში, ამ უკანასკნელის სპაზმი და სისხლდენა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სიმპტომები ზოგიერთი სხვა დაავადებისთვისაც არის დამახასიათებელი, ამიტომ აუცილებელია, მათი გაჩენისთანავე მიაკითხოთ ექიმ პროქტოლოგს. ანალური ნაპრალის წარმოშობის მთავარ მიზეზად ანალური არხის ლორწოვანი გარსის მკვრივი განავლოვანი მასებით დაზიანებას მიიჩნევენ. არსებობს სხვა მიზეზებიც, ამიტომ ამ დაავადების გენეზის შესახებ ერთიანი აზრი სპეციალისტებს შორის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. წესისამებრ, ტკივილი დეფეკაციის დროს წარმოიშობა, სისხლდენა კი, ჩვეულებრივ, ხანმოკლეა და დეფეკაციის წინ ან დამთავრებისას შეინიშნება. მწვავე ანალური ნაპრალის შემთხვევაში დეფეკაციის დროს თავჩენილი ტკივილი ერთხანს (წესისამებრ, არცთუ ისე დიდხანს) დეფეკაციის შემდეგაც გრძელდება. სფინქტერის (ასე ვთქვათ, სწორი ნაწლავის მომჭერის) სპაზმი საკმაოდ ძლიერია. სპეციალური მკურნალობის გარეშე, თავისთავად, მწვავე ნაპრალი არ შეხორცდება, ლორწოვანის დეფექტის ადგილას ნაწიბური ყალიბდება და ვინაიდან ნაწიბუროვანი ქსოვილი ელასტიკური არ გახლავთ, ყოველი დეფეკაციის შემდეგ განიცდის ტრავმირებას - ასე ყალიბდება ქრონიკული ანალური ნაპრალი. დაავადების ქრონიკული ფორმის დროს ტკივილი, მართალია, ძლიერი არ არის, მაგრამ დეფეკაციის შემდეგაც დიდხანს გასტანს. ამის გამო პაციენტებს, როგორც წესი, დეფეკაციისადმი შიშის გრძნობა უყალიბდებათ. ადამიანი ერთგვარ მანკიერ წრეში ხვდება - დეფეკაციის შიში მის გადავადებას იწვევს, გადავადების გამო განავლოვანი მასები მკვრივდება, მკვრივი განავლოვანი მასები კი ლორწოვან გარსს აზიანებს. ეს მდგომარეობა ხასიათზეც მოქმედებს: ასეთი ადამიანები მუდამ გაღიზიანებულნი არიან, უჩივიან უძილობას და სხვა უსიამოვნო მოვლენებს. ანალური ნაპრალის პროფილაქტიკის ძირითადი საშუალება კუჭის მოქმედების ნორმალიზებაა: თავიდან უნდა აიცილოთ შეკრულობა და, აქედან გამომდინარე, ძლიერი ჭინთვები, რომლებსაც ანალური არხის ლორწოვანი გარსის დაზიანება (გაგლეჯა) მოსდევს. თავიდან უნდა აიცილოთ შეკრულობის საპირისპირო მოვლენა - დიარეაც, რადგან კუჭის ხშირი მოქმედება ანალური მოდამოს გაღიზიანებას იწვევს. არ არის რეკომენდებული ცხარე, მწარე და სანელებლებიანი საკვების მიღება. დაბოლოს, რაც შეეხება მკურნალობას: საგულისხმოა, რომ ანალური ნაპრალის დროს კონსერვატიულ მკურნალობას ყოველთვის არ აქვს დადებითი შედეგი, ამიტომ პროქტოლოგები ხშირად მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს.

 

 

კოქციკოდინია

კოქციკოდინიას ხშირად ტელემაყურებლების დაავადებასაც უწოდებენ. ის არცთუ ისე იშვიათია და სწორ ნაწლავსა და კუდუსუნის ბოლო ნაწილში (ამ ადგილას - უფრო მეტად) ძლიერი ტკივილები ახასიათებს. ტკივილი სიარულის, დეფეკაციის, ჯდომის, მუცლის კუნთების დაჭიმვის დროს ძლიერდება და ხშირად ირადირებს (გადაეცემა) შორისის მიდამოში, ბარძაყსა და მუცლის ქვედა ნაწილში. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს კუდუსუნის მიდამოს ტრავმირება, კუდუსუნის ანომალიური განლაგება, მოტეხილობა, ანალური მიდამოს ანთება ან გაღიზიანება. სხვათა შორის, ტკივილის სინდრომი დეფორმაციაზე მეტად ხერხემლის ბოლო სეგმენტის პათოლოგიური მოძრაობით არის გამოწვეული. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე მარილების ჩალაგება ხერხემლის ბოლო ნაწილში და სხვა. თუმცა ყველაზე ხშირად, მიუხედავად ღრმა და მრავალფეროვანი კვლევისა, კოქციკოდინიის წარმოშობის მიზეზი უცნობი რჩება. მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დაავადების მიზეზსა და სტადიაზე. შორსწასული ფორმებისა და კუდუსუნის ამოვარდნილობის დროს მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები მდგომარეობას არ ამსუბუქებს. ხშირად იყენებენ მკურნალობის ოპერაციულ მეთოდებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა რადიკალური ჩარევაც კი ტკივილის შეგრძნებას მთლიანად ვერ ხსნის.


 

ბუასილი

ბუასილი, უხეშად რომ ვთქვათ, ანალური ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა. ეს დაავადება თითქმის ყველა ადამიანს აქვს. ბუასილს უკანა ტანის მიდამოში წარმონაქმნების გაჩენა ახასიათებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ზომას იცვლიან - დიდდებიან ან პატარავდებიან. ბუასილს ტკივილი ყოველთვის არ სდევს თან. ზოგჯერ კვანძები სწორი ნაწლავიდან გარეთ ვარდება. შესაძლოა, გადაგვარებულ ვენაზე ანთებითი პროცესი გავრცელდეს ან მასში თრომბი წარმოიქმნას. სწორედ ამ დროს ჩნდება მკვეთრი, ძლიერი ტკივილი, რაც დაავადების გართულებას გვაუწყებს. შესაძლოა, დაიწყოს სისხლდენაც. ამ დაავადების დროს ბევრი არ ჩქარობს ექიმთან მისვლას, რადგან ჰგონია (მეტადრე - დაავადების ადრეულ სტადიებზე), რომ ბუასილი უვნებელია, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის! ჰემოროის შესაძლოა დაერთოს სხვა დაავადებებიც, მაგალითად, მწვავე და ქრონიკული ნაპრალი, ანემია, თრომბოზი, სწორი ნაწლავის გარშემო ჩირქგროვების ჩამოყალიბება, აირებისა და განავლის შეუკავებლობა. შორსწასულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სხვა გართულებებიც, კერძოდ, მასიური სისხლდენა, ანალური ხვრელის შეშუპება, ჩირქოვანი პარაპროქტიტი, ჰემოროიდული კვანძის ქსოვილის ნეკროზი (კვდომა). ყოველივე ამას ასე დაწვრილებით იმიტომ მოგახსენებთ, რომ ყველა ამ დაავადებას თან სდევს ტკივილი, გარდა ამისა, ბევრისთვის ტკივილი უკანა ტანის მიდამოში და თანდართული სისხლდენა მხოლოდ ბუასილის გამოვლინებად მიაჩნია, ეს შეცდომა კი შესაძლოა საბედისწერო გახდეს. მოკლედ, ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით საშიშია გამოვარდნილი კვანძების უკან, სწორ ნაწლავში ჩაბრუნება - ამან შესაძლოა სისხლის მოწამვლა გამოიწვიოს. მკვდარი ქსოვილების მოცილება მხოლოდ სტაციონარის პირობებში უნდა მოხდეს. კიდევ უფრო საშიშია სხვა შემთხვევა: ზოგიერთ დაავადებას, მათ შორის - ნაწლავის პოლიპს და ავთვისებიან სიმსივნეს, ბუასილისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ტკივილი და სისხლდენა დეფეკაციის დროს შესაძლოა სწორი ნაწლავის ამ დაავადებათა მაუწყებელი იყოს. ბუასილის მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ, კვანძები საწყის მდგომარეობას თავისით არ დაუბრუნდება. რაც უფრო ადრე მიხვალთ ექიმთან, მით უფრო "ნაკლები სისხლის" ფასად იმკურნალებთ. დღეს ბუასილის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს: კვანძების ლიგირება, სკლეროთერაპია, ლაზეროთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, თრომბექტომია (დათრომბილი ვენიდან თრომბის ამოღება), დაბოლოს, რადიკალური ქირურგიული მკურნალობა, რომელიც შანსს გაძლევთ, ამ დაავადებას ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოთ თავი.

 

პროქტალგია

პროქტალგია სწორი ნაწლავის პერიოდული ტკივილია, მაგრამ ამ დროს სწორი ნაწლავის ორგანული დაზიანება არ აღინიშნება. ვარაუდობენ, რომ დაავადების მიზეზია იმ კუნთების სპაზმი, რომლებიც სწორ ნაწლავს ზემოთ სწევენ. ვინაიდან ამ დაავადების ბუნების შესახებ არაფერია ცნობილი, ის მკურნალობას ძნელად ემორჩილება. სხვათა შორის, დაავადებულთაგან ბევრი ემოციურად გაუწონასწორებელია ან ფსიქიკური დაავადებებით იტანჯება. მათ შორის ხშირად გვხვდებიან საკუთარ თავში დაეჭვებული, გაუცნობიერებელი შფოთვით შეპყრობილი ქალბატონები. დაავადების სურათი ასეთია: დილით ან ღამით აღმოცენდება ძლიერი მჭრელი ან შეტევითი ტკივილი. ანამნეზში არცთუ ისე იშვიათად გვხვდება ტრავმა ან მცირე მენჯის მიდამოში ჩატარებული ოპერაცია. პროქტალგიის მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივია. ის საკმაო დროს, მოთმინებას და სხვადასხვა სპეციალისტის - ოჯახის ექიმის, ქირურგის, ფსიქოთერაპევტის მონაწილეობას მოითხოვს. აუცილებელია ავადმყოფის სრული ნდობის მოპოვება. მიუხედავად ამისა, ხშირად ყოველგვარი ძალისხმევა უშედეგოდ მთავრდება. მკურნალობის მეთოდებია: სწორი ნაწლავის განსაზღვრული ტიპის კუნთების მასაჟი, რომელიც სამ კვირაში ერთხელ ტარდება, თბილი აბაზანები,  მცირე დოზით მიორელაქსანტების (კუნთების მომადუნებლების) და დიაზეპამის გამოყენება, ფიზიოთერაპია. ალბათ, უკვე დარწმუნდით, რომ არ ღირს ამ "დელიკატურ" პრობლემებზე თვალის დახუჭვა. ჯობს, ექიმს მიაკითხოთ და მკურნალობა დროულად დაიწყოთ, რომ შემდეგ ფუჭად დაკარგული დრო სანანებელი არ გაგიხდეთ.