რუბრიკები
ბუასილის მკურნალობის მეთოდები
ბუასილის მკურნალობის მეთოდები

- რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს ბუასილს?


- როდესაც ადამიანს შეაწუხებს დისკომფორტი, აირების დაგროვება, მუცლის პერიოდული შებერვა, ნელ-ნელა ამას დაემატება პერიოდული ტკივილები დეფეკაციის შემდეგ, წვა ანალური არხის გამოსასვლელში, - ბუასილის არსებობა უნდა ვივარაუდოთ. ჩამოთვლილი სიმპტომები პირველი და მეორე ხარისხის ბუასილის დროს შეინიშნება. მეორე ხარისხის ბუასილის დროს შესაძლოა ქაღალდზე სისხლიანი გამონადენიც შევნიშნოთ. როდესაც ყველა ეს სიმპტომი უკვე შეინიშნება, არ უნდა ველოდოთ პრობლემის უფრო მეტად გაღრმავებას, - დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. ექიმთან დროულად მისვლა მკურნალობას 50%-ით აადვილებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ექიმთან მისვლას დაავადების "უხერხული" ბუნების გამო აყოვნებს. განსაკუთრებით უჭირთ მანდილოსნებს. ქალებს საკმაოდ ხშირად უჩნდებათ ან უღიზიანდებათ ბუასილი ორსულობის, მშობიარობის დროს. ორსულობის შემდგომი ბუასილიც არსებობს. ბევრი, ოღონდ კი პროქტოლოგთან მისვლას აარიდოს თავი, მიდის თერაპევტთან, გასტროენტეროლოგთან... კიდევ ერთხელ გავიმეორებ: როდესაც ბუასილის სიმპომები გაწუხებთ, უნდა მიბრძანდეთ პროქტოლოგთან. თუ მსხვილ და სწორ ნაწლავს მოუვლით, მთელ ცხოვრებას კომფორტულად გაატარებთ; თუ არ მოუვლით, ძალიან გაწვალდებით.


- სიმპტომებზე ვსაუბრობდით... ტკივილი თუ ახასიათებს ბუასილს?


 - ბუასილი ტკივილით არ იწყება, მაგრამ მომდევნო სტადიებზე ის მაინც იჩენს თავს. განასხვავებენ ბუასილის ოთხ ხარისხს: პირველს, მეორეს, მესამე "ა-სა" და "ბ-ს" და მეოთხეს. პირველი ხარისხის ბუასილი - ეს საწყისი ფაზაა, როდესაც თავს იჩენს სიმპტომები, რომელთა შესახებ ზემოთ მოგახსენეთ: აირების დაგროვება, მუცლის შებერვა, დისკომფორტი კუჭის მოქმედების დროს. ბუასილის კვანძები ამ დროს კლასიკურად არ არის ჩამოყალიბებული. მეორე ხარისხის დროს ამ სიმპტომების ინტენსივობა იმატებს, აღმოცენდება წვა ანალური არხის გამოსასვლელში, ტკივილი, იშვიათად ქაღალზე შეიძლება სისხლის კვალიც დარჩეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არტერიულ-ვენურ-კავერნოზული ქსოვილი დეფიციტურია. სისხლი არტერიით მიედინება, ვენა კი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მის გადინებას. ამ სტადიაში ფორმირდება და თვალითაც შესამჩნევი ხდება ბუასილის კვანძები. ბუასილს ერთი თავისებურება ახასიათებს: გარედან შესაძლოა არაფერი ჩანდეს, მაგრამ თითით გასინჯვისას ან რექტალური სარკის ჩადგმის შემდეგ აღმოვაჩენთ შიგნითა კვანძებს, რომლებიც შესაძლოა სისხლმდინარიც კი იყოს. ზოგიერთ პაციენტს უკვე გარეთა კვანძებიც ეტყობა, რომლებიც აუცილებლად გრძელდება შიგნით. როდესაც კვანძები გარეთ გამოდის და შესამჩნევია, მესამე ხარისხის ბუასილზე ლაპარაკობენ. მას ორი სტადია აქვს. ა სტადიაა, როცა შიგნითა კვანძი გარეთ გამოდის, მაგრამ თავისთავად ბრუნდება უკან, - ესე იგი, მას საკუთარი ელასტიკურობა ჯერ არ დაუკარგავს. ბ სტადიაში შიგნითა კვანძი გამოდის გარეთ, მაგრამ თავისით ვეღარ ბრუნდება უკან და პაციენტს მათი ხელით შებრუნება უწევს. მეოთხე სტადია - ეს უკვე შიგნითა და გარეთა კვანძების გამოხატული თრომბოზი და ფლებიტია. ამ დროს შიგნითა კვანძები გარეთ გამოდის და იჭედება. ამ სტადიაში უკვე ყველა მიდის ექიმთან.


- როგორ მკურნალობენ ბუასილს?


- ბუასილის მკურნალობა შეიძლება როგორც კონსერვატიული მეთოდებით, ისე ოპერაციული გზით. მე, პირადად, მწვავე ბუასილის დროს ვცდილობ, ოპერაცია გადავდო, ვუნიშნავ კონსერვატიულ მკურნალობას. ეს იმიტომ, რომ როცა  მდგომარეობა გამწვავებულია, დაზიანებულ და ჯანსაღ ქსოვილებს შორის ზღვარი იშლება. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. ასე მასწავლა ჩემმა მასწავლებელმა, ჩემმა ბიძამ, პროფესორმა რევაზ იაშვილმა, რომელიც თავად დიდი რიჟიხის მოსწავლე გახლდათ და რომელმაც დაუდო სათავე პროქტოლოგიას საქართველოში.


- მას შემდეგ, რაც მწვავე პროცესი ჩაცხრება, რამდენი პაციენტი მოდის საოპერაციოდ?


- სამწუხაროდ, ქართული ხასიათი ასეთია - როცა ადამიანი უკეთ ხდება, ავიწყდება გადატანილი სიმწარე. არადა, არ უნდა დაავიწყდეს, რადგან კოლიტი და ბუასილი შენელებული მოქმედების ნაღმებია. ადრე თუ გვიან დაავადება მაინც თავს იჩენს. მკურნალობაზე ვსაუბრობდით. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდები უხსოვარი დროიდან მოდის, მოქმედების არეალის შეზღუდულობის გამო მკურნალობაც შეზღუდულია. ბუასილის მკურნალობის კლასიკური მეთოდია ჰემოროიდექტომია, რაც იმას ნიშნავს, რომ იჭრება ის სისხლძარღვოვანი ფეხი, რომელიც კვებავს კვანძს, მთლიანად  იკვეთება გარეთა და შიგნითა კვანძები და აღდგება ნაწლავის ლორწოვანი. ოპერაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათზე დაწვრილებით არ შევჩერდები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მსგავსი ტიპის ოპერაციები - კლასიკური რადიკალური მეთოდია. სადღეისოდ დანერგილია ბუასილის მკურნალობის რამდენიმე თანამედროვე მეთოდიც, მაგალითად, ლონგოს მეთოდი, ლატექსის რგოლებით ბუასილის შიგნითა კვანძების ლიგირება, დეარტერიალიზაცია. ლატექსის რგოლებით ბუასილის შიგნითა კვანძების ლიგირება თბილისში რამდენიმე ადგილას ტარდება. ეს გახლავთ მცირეინვაზიური ოპერაცია, ბუასილის კვანძების უსისხლოდ, უოპერაციოდ უმტკივნეულოდ მოცილების მეთოდი. სიტყვა "უოპერაციო" იმას გულისხმობს, რომ პაციენტს კლინიკაში დაწოლა არ უწევს. ამ დროს ქირურგი ნაწლავში შედის, სპეციალური ხელსაწყოს - ლიგატორის საშუალებით იღებს ბუასილის კვანძს, გამოქაჩავს და ლიგატორით იმ ორ ლატექსის რგოლს გაისვრის, რომლებიც ბუასილის შიგნითა კვანძის მკვებავ სისხლძარღვოვან ფეხს უნდა დაედოს. ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის შეჩერებას. შესაბამისად, ბუასილის კვანძი განიცდის ნეკროზს, კვდომას, ხმება და ორი კვირის შემდეგ თავისით ძვრება ლატექსის რგოლებთან ერთად. ეს ჩარევა სრულდება პროქტოლოგიურ სავარძელში, პაციენტი დგება სავარძლიდან და მიდის სახლში. ამ ჩარევას აქვს თავისი ჩვენება. იგი შეიძლება გაკეთდეს მეორე ხარისხის ბუასილის დროს, როდესაც თითქმის ჩამოყალიბებულია ბუასილის კვანძი, პაციენტი პირველად შეამჩნევს სისხლის კვალს და მაშინვე მივა ექიმთან. სხვა შემთხვევებში ასეთი ჩარევა არ ხდება. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან დროულ ვიზიტს, თუ გნებათ, უსისხლოდ, უმტკივნეულოდ, უოპერაციოდ, შრომის უნარის დაკარგვის გარეშე დაამარცხოთ დაავადება. ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება. დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ როცა გვიჭირს, ჯობია დროულად მივმართოთ ექიმს, რადგან ჩვენს უკან დგას ჩვენი ოჯახი და ჩვენი ჯანმრთელობა მისი კეთილდღეობაცაა.


 



2014-10-07/11/14
ნატა
ქალ პაციენტს ერიდება მამაკაც ექიმთან კონსულტაცია. ვის გვირჩევდით ქალ-სპეციალისტს?
2014-10-07/11/14
ნატა
თუ შეიძლება გვითხარით სად მივაკითხოთ ბატონ დავით კალანდაძეს
2014-20-04/29/14
ეკა
თუ შეიძლება ქალი-სპეციალისტი გვირჩიეთ ვინმე.
2014-19-04/29/14
ეკა
ქალ პაციენტს ერიდება მამაკაც ექიმთან კონსულტაცია. ვის გვირჩევდით ქალ-სპეციალისტს?