ნახველი და მისი გამოკვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნახველი და მისი გამოკვლევა

ნახველის საფუძვლიან ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის რაციონალური კურსის შერჩევისათვის.

სამწუხაროდ, სხვა გამოკვლევათა მსგავსად, მასაც ხშირად უგულებელყოფენ (უმთავრესად - ფინანსური პრობლემების გამო), არადა ნახველის გამოკვლევის გარეშე ანტიბიოტიკების დანიშვნა ძნელია (და რამდენადმე არასწორიც). მით უფრო დაუშვებელია ამა თუ იმ მედიკამენტით თვითმკურნალობა. ასე ორგანიზმი არამცთუ ვერ მოერევა დაავადებას, უფრო მეტად დასუსტდება, დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე კი “გამარჯვებულ ბაქტერიებთან” ერთად სხვა მიკროორგანიზმები და სოკოებიც გაიფურჩქნება.

რა არის ნახველი?

ნახველი ფილტვების, ბრონქებისა და ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიური გამონაყოფია. პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებს, რომელთაც სასუნთქი სისტემის დაავადებები არ აწუხებთ, ის არ გამოეყოფათ. გამოყოფისას ნახველს ფილტვებიდან და ზედა სასუნთქი სისტემიდან ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს სეკრეტი ემატება. სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს ნახველს განსხვავებული კონსისტენცია, ფერი, სუნი, ხასიათი, შედგენილობა და სხვა თვისებები აქვს. განსხვავებულია ნახველის დღეღამური რაოდენობაც. ის შესაძლოა რამდენიმე მილილიტრიდან 1-2 ლიტრს (და მეტსაც) აღწევდეს. ნახველის რაოდენობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ხასიათსა და მიმდინარეობაზე, აგრეთვე იმაზე, რამდენად ამოაქვს ავადმყოფს ის (დიდი რაოდენობით ნახველის არსებობა ბრონქოექტაზიის, აბსცესის ან კავერნის არსებობას მიუთითებს).

ნახველის კონსისტენცია ზოგჯერ წებოვანია (ლორწოს სიჭარბის გამო), ზოგჯერ კი - მკვრივი, გადმოფურთხებისას მძიმედ ეცემა და ბრტყელდება (თუ ჰაერის ფენებს არ შეიცავს, მაგალითად, ტუბერკულოზური კავერნის, ფილტვის აბსცესის დროს). ნახველი განსაკუთრებით წებოვანია კრუპოზული პნევმონიის დროს (ფიბრინის სიჭარბის გამო).

ფერის მიხედვით ნახველი შეიძლება იყოს მომწვანო (ჩირქოვანი), ჟანგისფერი (პნევმონიის დროს), შავი (ფილტვის ანთრაკოზის, სიდეროზის დროს), ჟოლოსფერი (ფილტვის კიბოს დროს), ღია წითლიდან მუქ წითლამდე და სხვა.

ხასიათის მიხედვით ნახველი შეიძლება იყოს სეროზული, ლორწოვანი, სისხლიანი, ლორწოვან-ჩირქოვანი და ჩირქოვანი.

სეროზული ნახველი - შედარებით თხელი, ქაფიანი და უხშირესად ვარდისფერია (ფილტვების შეშუპებისა და შეგუბების დროს).

ლორწოვანი ნახველი - მორუხო თეთრი ფერის, მეტ-ნაკლებად გამჭვირვალე და წებოვანია (ბრონქიტის, ბრონქული ასთმის დროს). სისხლიანი ნახველი - შეიცავს სუფთა ან შეცვლილ სისხლს, ანდა მის ნაწილაკებს. სისხლიანი ნახველი ფილტვის ქსოვილის დაშლაზე, სისხლძარღვის გასკდომაზე, მცირე სისხლდენაზე ან ძლიერი ჰიპერემიის (სისხლსავსეობის) გამო კაპილარებიდან ერითროციტების გამოსვლაზე (ერითროდიაპედეზზე) მიუთითებს. გვხდება ფილტვის სიმსივნის, ტუბერკულოზის, ბრონქოექტაზიების, ტრამვების დროს, აგრეთვე ჰემორაგიული დიათეზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სნეულებათა დროს. დაშლილი სისხლის შემცველი ლორწოვანი ნახველი ჟანგისფერია (ჰემოგლობინი გადასულია ჰემატოიდინსა და ბილირუბინში), ახასიათებს კრუპოზულ პნევმონიას და ფილტვის განგრენას.

ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი - მოყვითალო ფერისაა, მეტ ლორწოს შეიცავს, ვიდრე ჩირქს. სეროზულ-ჩირქოვანი კი სიდამპლის სუნით გამოირჩევა (ჭურჭელში სამ შრედ იყოფა: ზედა – ლორწოვანი, შუა - სეროზული და ქვედა - ჩირქოვანი).

ჩირქოვან ნახველს - მომწვანო-ყვითელი ფერი აქვს. სისხლი მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობით ერევა.

ფილტვის კიბოს დროს ნახველი ფერითა და კონსისტენციით ჟოლოს ჟელეს ჰგავს. ნახველის ფერი დამოკიდებულია სხვა მინაერთებზეც, მაგალითად, პიგმენტებზე, ბილირუბინზე, ნახშირზე, ჰემოსიდერინზე, ჰემატოიდინზე, კვამლსა და მტვერზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად ყოველთვის ერევა მას.

დაავადების თავისებურებებისა და მიმდინარეობის შესაბამისად, ნახველიც განსხვავებული და სპეციფიკურია. მართალია, დაავადების სტადიის განსაზღვრა ნახველის ვერც მაკროსკოპული და ვერც მიკროსკოპული გამოკვლევით ვერ ხერხდება, მაგრამ დადგენილია, რომ დაავადების მიმდინარეობის კვალად მისი შედგენილობა და გამოყოფის ინტენსივობა იცვლება. მაგალითად, ადრეულ სტადიებზე ნახველი უფრო ლორწოვანია, მოგვიანებით - უფრო ჩირქოვანი. ეს უკანასკნელი ჭუჭყიანი რუხი ფერის გამონაყოფია, რომელსაც ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს.

რა წესების დაცვაა აუცილებელი ნახველის გამოკვლევისათვის

მასალის აღების წინ ავადმყოფმა უნდა გაიხეხოს კბილები, საკვების ნარჩენების, პირის ღრუს მიკროფლორისა და ჩამოფცქვნილი ეპითელიუმის მოსაცილებლად პირში რამდენჯერმე უნდა გამოივლოს ანადუღარი თბილი წყალი. სასურველია, მასალა დილით, უზმოზე ჩაბარდეს.

ნახველის საერთო ანალიზი

ნახველის საერთო ანალიზისათვის მზადდება ნატიური პრეპარატი (მას გამონაყოფის ლორწოვანი, ჩირქოვანი და სისხლიანი უბნებიდან ამზადებენ).

მასალას სასაგნე მინაზე ათავსებენ, საფარ მინას აფარებენ ისე, რომ მინის გარეთ არ გამოვიდეს და შემდეგ მიკროსკოპით იკვლევენ. თავდაპირველად - მიკროსკოპის მცირე გადიდებაზე, შემდეგ კი დიდ გადიდებაზე აკვირდებიან. ასე ხდება ნახველის დეტალური შესწავლა - ანალიზი.

რა ჩანს ნახველის ნატიურ პრეპარატში

  • ფიბრინი - რამდენიმე სანტიმეტრი სიგრძის ძაფები;
  • ერითროციტები, რომელთა ერთეულები ნებისმიერ ნახველში შეიძლება იყოს, დიდი რაოდენობით კი ფილტვის ინფარქტის, ტუბერკულოზური პათოლოგიის, ფილტვის სიმსივნის, ფილტვებიდან სისხლდენის და სხვა დაავადებათა დროს;
  • ლეიკოციტები, რომლებიც მცირე რაოდენობით ყოველთვის არის ნახველში (თუმცა მათი განსაზღვრა უკვე შეღებილ პრეპარატში ხდება);
  • ბრტყელი ეპითელიუმის უჯრედები (რომელთაც განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არა აქვს) და ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვანი გარსის ამომფენი ცილინდრული მოციმციმე ეპითელიუმის უჯრედები;
  • ალვეოლური მაკროფაგები - დიდი ზომის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმაში სხვადასხვა ჩანართებია (ბრონქიტის, პნევმონიის, ფილტვის პროფესიული დაავადების დროს), ალვეოლურ მაკროფაგებს, რომლებიც ჰემოსიდერინს შეიცავენ, სიდეროფაგებს უწოდებენ, გვხვდება ფილტვის შეგუბებითი პროცესების, ინფარქტისა და სისხლჩაქცევის დროს;
  • კურშმანის სპირალები - თითზე დახვეული და შემდეგ გაშლილი თმის მსგავსი, სპირალისებრი ლორწოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ბრონქული ასთმის, ფიბროზული ბრონქიტისა და ფილტვის კრუპოზული ანთების დროს ვლინდება;
  • შარკო-ლეიდინის კრისტალები - წაგრძელებული რომბის ფორმის ბრჭყვიალა კრისტალები, რომლებიც ეოზინოფილების დაშლის პროდუქტია (ბრონქული ასთმის დროს აღინიშნება);
  • დიტრიხის მიკოზური საცობები, რომლებიც ცხიმის მჟავებისა და ცხიმის ბურთულებისაგან, დაშლილი ერითროციტებისა და დიდი რაოდენობით ამორფული პულპისაგან შედგება;
  • აქტინომიკოზური დრუზდები (მარცვლები) - ფილტვის აქტინომიკოზის დროს;
  • ატიპური უჯრედები - სიმსივნური პათოლოგიის დროს.

დაავადების სპეციფიკურობის გამო ნახველში სხვადასხვა თანაფარდობით არის წარმოდგენილი ნეიტროფილური ლეიკოციტები, ლიმფოციტები, ჰისტოციტები და სხვა. მაგალითად, ბრონქული ასთმის დროს დიდი პროცენტი მოდის ეოზინოფილებზე. ხშირად გვხვდება პლაზმური უჯრედებიც. იშვიათად გვხვდება ქოლესტერინის, ლეიცინისა და თიროზინის კრისტალები.

რა არის ნახველის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა

ნახველის მიკრობიოლოგიური გამოკვლევისათვის მასალის აღება ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყებამდე ან სამკურნალო პრეპარატის შეყვანიდან 12-24 საათის შემდეგ უნდა მოხდეს. ეს დრო აუცილებელია პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსაყოფად. მასალას ზოგჯერ ბრონქოსკოპული ჩარევის შედეგად მოიპოვებენ. ნახველი აუცილებლად დილით, ჭამამდე, სტერილურ ქილაში უნდა შეგროვდეს. გამოსაკვლევი მასალიდან ლაბორატორიაში ჩირქოვან ნაწილებს არჩევენ, სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში რეცხავენ და შემდეგ შპადელით თესავენ. მასალის დასათესად სხვადასხვა ნიადაგი გამოიყენება. ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა 18-24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ მიზნით ზოგჯერ საიდენტიფიკაციო და საორიენტაციო ტესტებსაც ატარებენ მიკროორგანიზმების თითოეული ჯგუფისათვის.

როგორ ხდება ნახველში ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის აღმოჩენა

ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის გამოსაკვლევად პრეპარატს ნახველის ჩირქოვანი ნაწილისაგან ამზადებენ. 4-6 სხვადასხვა ადგილიდან იღებენ და აღებულ მასალას ორ სასაგნე მინას შორის მანამდე სრესენ, სანამ ჰომოგენური (ერთგვაროვანი) მასა არ წარმოიქმნება. აშრობენ ჰაერზე, აფიქსირებენ სპირტქურის ალზე და შემდეგ ცილ-ნილსენის მეთოდით ღებავენ. ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიები წითლად იღებება, ყველა დანარჩენი ელემენტი კი - ლურჯად. მიკობაქტერიებს აქვთ წვრილი, ოდნავ მოხრილი ჩხირის ფორმა. ისინი სხვადასხვა სიგრძისაა, ოდნავ შემსხვილებული ბოლოები შუაში გროვებად არის განლაგებული ან ერთეულებად (ცნობილია აგრეთვე ნახველის გამოკვლევა ფლოტაციის - გამდიდრების - და ლუმინესცენციის მეთოდით. ამ დროს მიკობაქტერიები იღებება აურინით და ულტრაიისფერი სხივებით იძებნება).

სხვა ბაქტერიებს - სტრეპტოკოკებს, სტაფილოკოკებს, პნევმოკოკებსა და ა.შ. - მხოლოდ დათესვით აღმოაჩენენ. ბაქტერიოსკოპია ამ დროს მხოლოდ საორიენტაციოდ გამოიყენება. პრეპარატები იღებება გრამის მეთოდით, გრამ-დადებითი ბაქტერიები ვარდისფერ ფონზე ლილის ფერისაა.