ბრონქოექტაზიული დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქოექტაზიული დაავადება

  • ბატონო რობერტ, რა პათოლოგიაა ბრონქოექტაზიული დაავადება?

- ეს ტერმინი ჩვენში რუსულენოვანი სამედიცინო ლიტერატურის გავლენით დამკვიდრდა. გაცილებით მართებული იქნება, თუ ამ დაავადებას ბრონქოექტაზიას ვუწოდებთ. ბრონქოექტაზია (Bronchiectasis) ფილტვების ქრონიკული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია ბრონქების შეუქცევადი გაგანიერება (ბრონქოექტაზი, ბრონქოექტაზები) და გაგანიერებული ბრონქების ქრონიკული ბაქტერიული ანთება. ბრონქოექტაზი - ბრონქის სანათურის სეგმენტური გაფართოებაა, რომელსაც ბრონქის სტრუქტურული ელემენტების ანთების, დისტროფიის, სკლეროზის ან ჰიპოპლაზიის გამო განვითარებული ნერვკუნთოვანი ტონუსის დარღვევა ან დესტრუქცია განაპირობებს. დაავადება უპირატესად 5-დან 25 წლამდე ასაკის პირებს ემართებათ. ამასთანავე, უფრო ხშირად მამაკაცები ავადდებიან.

  • როგორი შეიძლება იყოს ბრონქოექტაზია?

- ბრონქოექტაზია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი ბრონქოექტაზები აღმოცენდება მუცლადყოფნის პერიოდში, ბრონქ-ფილტვის სისტემის განვითარების დარღვევისას. ზოგჯერ მას თან ახლავს განვითარების სხვა მანკებიც, კერძოდ, შინაგანი ორგანოების გადაადგილება. აღწერილია აგრეთვე შემთხვევები, როდესაც ეს დაავადება აღენიშნება ოჯახის რამდენიმე წევრს. შეძენილი ბრონქოექტაზია უმთავრესად ბავშვებს უვითარდებათ გადატანილი (უპირატესად - ვირუსული ეტიოლოგიის) ინფექციების (წითელას, ყივანახველის, გრიპის) და პნევმონიის შედეგად. დიდი მნიშვნელობა აქვს ბრონქების სანათურის გამტარობის დარღვევას, რაც შესაძლოა მათი ობსტრუქციისა და ატელექტაზის შედეგი იყოს. ბრონქების ობსტრუქციას იწვევს მასში უცხო სხეულის მოხვედრა, სიმსივნური პროცესი, ტუბერკულოზის, სარკოიდოზის შედეგად გადიდებული ლიმფური კვანძების ბრონქებზე ზეწოლა. გაგანიერებულ ბრონქებში გროვდება ინფიცირებული სეკრეტი, რაც მათ ჩირქოვან ანთებას განაპირობებს.

  • როგორია დაავადების მიმდინარეობა? რას უჩივის ავადმყოფი ამ დროს?

- განასხვავებენ დაავადების შემდეგ სტადიებს: მსუბუქს, გამოხატულს, მძიმესა და გართულებულს. პროცესის გავრცელების კვალობაზე, გამოყოფენ ცალმხრივ და ორმხრივ ბრონქოექტაზებს. ბრონქოექტაზიის მთავარი სიმპტომია ნახველიანი ხველა, რომელიც შედარებით ძლიერია დილაობით, ახალგაღვიძებულზე, წამოდგომისას, და პაროქსიზმული ხასიათისაა. ნახველის ოდენობა დღე-ღამეში შესაძლოა 20-30-დან 100-200 მლ-მდე და მეტიც იყოს. ზოგჯერ ავადმყოფი მას სავსე პირით გამოყოფს. ნახველს ხშირად აქვს ცუდი სუნი. ქილაში დგომისას ის ზოგჯერ 3 შრედ ილექება. შესაძლოა, ერიოს სისხლიც. ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენა ფილტვებიდან, რაც ჩირქოვანი ნახველის გარეშე მიმდინარე, ე.წ. მშრალი ბრონქოექტაზიის ერთადერთი სიმპტომია. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია უქეიფობა, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება, რომელიც უმეტესად სუბფებრილურია, ოფლიანობა, ზოგჯერ - ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ციანოზი.

  • ვითარდება თუ არა ცვლილებები და გართულებები სხვა ორგანოების ან სისტემების მხრივ და როგორია ეს ცვლილებები?

- ავადმყოფს შესაძლოა განუვითარდეს კომბლისებრი თითები, საათის მინის ფორმის ფრჩხილები და სხვა. პნევმოფიბროზისა და ფილტვების ემფიზემის შემთხვევაში მოსალოდნელია გულმკერდის დეფორმაცია.

  • რომელი დაავადებებისგან უნდა მოხდეს ბრონქოექტაზიის დიფერენცირება?

- დიფერენციული დიაგნოზი ტარდება ქრონიკული ბრონქიტის მიმართ. ხშირია ამ ორი პათოლოგიის შეუღლება ფილტვების აბსცესსა და ტუბერკულოზთან.

  • ხომ არ ახასიათებს დაავადებას სეზონური გამწვავება? რამდენად ხანგრძლივი შეიძლება იყოს რემისიის პერიოდი?

- საზოგადოდ, ბრონქოექტაზია ქრონიკულად, პერიოდული გამწვავებებით მიმდინარეობს. ანამნეზში ხშირად აღინიშნება ბავშვობის ასაკში გადატანილი პნევმონია. რემისიის პერიოდში ჩივილები ნაკლებად არის გამოხატული ან სრულებით არ აღინიშნება. გამწვავება ვითარდება წელიწადში რამდენიმეჯერ, უმეტესად - შემოდგომასა და გაზაფხულზე.

  • რომელი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ავადმყოფმა დიაგნოზის დასაზუსტებლად?

- ბრონქოექტაზიის დიაგნოსტიკა ემყარება დამახასიათებელ ანამნეზს (ხველა დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფით) და რენტგენოლოგიური კვლევის მონაცემებს. ხანგრძლივი ტემპერატურული რეაქციის შემთხვევაში საჭიროა ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და გამოყოფილი მიკროორგანიზმების მგრძნობელობის დადგენა ანტიბიოტიკების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბრონქოექტაზიას მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათი ახასიათებს, მისი დიაგნოსტირება, როგორც წესი, დაავადების დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ხდება. სტანდარტული რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბრონქოგრაფიასთან ერთად საშუალებას გვაძლევს, უტყუარი დიაგნოზი დავსვათ. ქრონიკული ბრონქიტისგან განსხვავებით, ბრონქოექტაზები ჩანს მიმოხილვით რენტგენოგრამასა და ტომოგრამაზე. დიაგნოზის დაზასუსტებლად საჭიროა ბრონქოსკოპია და ბრონქოგრაფია, რომელთა მეშვეობითაც ადგენენ გაგანიერებული ბრონქოექტაზიული უბნების ლოკალიზაციას, მათ ფორმასა და ოდენობას. გარდა ამისა, ბრონქოსკოპია საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ბრონქების ობსტრუქციის მიზეზი, მათში უცხო სხეულის არსებობა, სისხლდენის წყაროს ლოკალიზაცია. ინფორმაციულია კომპიუტერული ტომოგრაფია.

  • როგორ მკურნალობენ ბრონქოექტაზიულ დაავადებას?

- დროულად დაწყებული ინტენსიური კონსერვატიული მკურნალობა, განსაკუთრებით - ბავშვებში, ხანგრძლივი რემისიის საწინდარია.

მკურნალობაში წამყვანია ანტიბიოტიკოთერაპია. მიზანშეწონილია, ის პარენტერულად (ინიშნება კუნთებში ან ვენაში) ან პერორულად (ინიშნება შიგნით მისაღებად) ჩატარდეს. ინჰალაციური გზით ანტიბიოტიკების შეყვანა ნაკლებად ეფექტიანია და შესაძლოა, ალერგიული გართულებები გამოიწვიოს. ზოგჯერ ანტიბიოტიკები ბრონქოსკოპის საშუალებით შეჰყავთ. ანტიბიოტიკი შერჩეულ უნდა იქნეს ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. ეფექტურია ანტიბიოტიკებთან სულფანილამიდების კომბინირება. ასეთი თერაპია ტარდება გამწვავების პერიოდში და მაშინ, როდესაც ნახველი ჩირქოვანი ხდება. ასეთი სახის მკურნალობა მანამდე გრძელდება, ვიდრე გამოყოფილი ნახველის ოდენობა მინიმუმამდე არ შემცირდება და მასში არ გაქრება ჩირქი, რასაც საშუალოდ 5-7 დღე სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია უფრო დიდხანს გრძელდება. შესაძლოა, ჩატარდეს პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიაც, განსაკუთრებით - ზამთარში, თუმცა ამას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რადგან მოსალოდნელია მიკრობთა რეზისტენტული შტამების ფორმირება.

რონქოსპაზმისა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომის შემთხვევაში ინიშნება ბრონქოდილატატორები. ნახველის გამოყოფის გასაუმჯობესებლად საწოლ ოთახში ჰაერის ტენიანობა სათანადო უნდა იყოს, დანიშნულ უნდა იქნეს მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები. შედეგიანია პოსტურალური დრენაჟი, რომელიც ტარდება დღეში 1-2-ჯერ, დილით, გაღვიძებისთანავე, და საღამოს, ძილის წინ. ეფექტურია სუნთქვითი ვარჯიშები, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფიზიოთერაპიულ პროცედურებზე, გულმკერდის ვიბრაციულ მასაჟზე.

  • რა შეიძლება ჩაითვალოს ქირურგიული მკურნალობის ჩვენებებად?

- ოპერაციული ჩარევა მიზანშეწონილია იმ ავადმყოფებისთვის, რომელთაც ლოკალური ბრონქოექტაზები აქვთ, ასევე - მაშინ, როდესაც თერაპიული მკურნალობა უეფექტოა, მკვეთრად არ არის გამოხატული ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ან ფილტვებიდან სისხლდენა აღინიშნება. ფილტვის რეზექცია საშუალებას იძლევა, ამოიკვეთოს ქრონიკული ინფექციის კერა, რასაც ასიდან 97 შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოჯანმრთელება მოჰყვება. ოპერაციული ჩარევა უკუნაჩვენებია ფილტვების ემფიზემით მიმდინარე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტისას, სუნთქვისა და გულის გამოხატული უკმარისობისას. ბრონქოექტაზიის რეციდივი შეიძლება განუვითარდეს ნაოპერაციევი პაციენტების 20%-ს.

  • ბატონო რობერტ, ზემოთ ბრძანეთ, რომ ბრონქოექტაზია შესაძლოა განვითარდეს ბრონქში უცხო სხეულის მოხვედრის გამოც. როგორ ხვდება უცხო სხეული ბრონქებში, როგორ ვლინდება კლინიკურად ეს მდგომარეობა და როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

- უცხო სხეული ბრონქში შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს, მაგალითად, პირის ღრუდან - ჩასუნთქვისას, ლაპარაკისას, ყვირილის, ჭამის, იშვიათად - ძილის დროს (კბილის პროთეზი). დამახასიათებელი სიმპტომებია ქოშინი და ხველა. თუ ერთ-ერთი ფილტვი ნორმალურად ფუნქციონირებს, ქოშინი ნაკლებად არის გამოხატული. მკურნალობა ითვალისწინებს უცხო სხეულის დაუყოვნებლივ ამოღებას ბრონქოსკოპის საშუალებით, პროფილაქტიკა კი - სანიტარიულ განათლებას. მშობლებმა და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებმა უნდა იცოდნენ, რა საფრთხეს უქმნის ბავშვს მცირე ზომის საგნები. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა ჭამის დროს ბავშვს არ გადაეყლაპოს ძვლები ან ფხები, ხილის კურკები, მზესუმზირა... სასუნთქ გზებში უცხო სხეულის არსებობის მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი ექიმს უნდა მივმართოთ.

  • როგორია ბრონქოექტაზიის პროგნოზი და პროფილაქტიკა?

- დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა. გამიზნული თერაპიული მკურნალობა უმეტესად საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ ხანგრძლივ რემისიას.

ბრონქოექტაზიის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ფილტვების მწვავე ინფექციური პროცესების დროული და მართებული მკურნალობა. გრიპის ეპიდემიის შემთხვევაში რეკომენდებულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. სხვათა შორის, წითელას საწინააღმდეგო მასობრივმა ვაქცინაციამ ბრონქოექტაზია საგრძნობლად გააიშვიათა. მნიშვნელოვანია ბრონქების ობსტრუქციის მიზეზის დროული დადგენა და აღმოფხვრა. გამწვავების პროფილაქტიკისათვის აუცილებელია თამბაქოს წევაზე უარის თქმა.