ქოშინი სასუნთქი გზების დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქოშინი სასუნთქი გზების დაავადებების დროს

 

ვენტილაციის მექანიზმს საფუძვლად უდევს სუნთქვითი აქტი, რომელიც ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისგან შედგება. იგი გულმკერდის ყაფაზის რიტმული მოძრაობით, გაგანიერებითა და დაშვებით ხორციელდება. სუნთქვითი მოძრაობის სიხშირე და ძალა შესაძლოა შეიცვალოს. მაგალითად, არსებობს დაავადებები, როდესაც სუნთქვა ხშირდება - ვითარდება ქოშინი. ეს უსიამოვნო სიმპტომი საგრძნობლად აკნინებს ცხოვრების ხარისხს. ის, რაც მანამდე ადამიანს ადვილად ხელეწიფებოდა, ახლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ქოშინის მოსახსნელად არსებობს მხოლოდ ერთი გზა: იმ დაავადების მკურნალობა, რომელმაც ქოშინის პროვოცირება გამოიწვია. ზოგჯერ ეს ძალიან ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი, მაგრამ თუ ქოშინი ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების შედეგია, ყველაფერი დაკარგული ნამდვილად არ არის. რას უკავშირდება ქოშინის ფენომენი, სასუნთქი გზების რომელ დაავადებებს სდევს იგი თან? ამაზე გვესაუბრება ექიმი

ალერგოლოგ-პულმონოლოგი ნინო ჯანიაშვილი.

- როდესაც ადამიანს სუნთქვა უჭირს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- სუნთქვითი უკმარისობა ორგანიზმის ისეთი მდგომარეობაა, როცა გარეგანი სუნთქვის აპარატის ფუნქცია არ არის საკმარისი საჭირო აირთა ცვლის უზრუნველსაყოფად. უკმარისობას თავდაპირველად, ე. წ. ვენტილაციურ სტადიაში, ახასიათებს:

. სუნთქვის მექანიკის დარღვევა;

. ნორმულ მონაცემებთან ვენტილაციის მაჩვენებლების შეუსაბამობა;

. ვენტილაციის ეფექტურობის შემცირება;

. ალვეოლების ჰაერში აირთა შემცველობის შეცვლა.

შემდგომ, მოგვიანებით სტადიაში, კომპენსაციურ შესაძლებლობათა შემცირებისას, ვითარდება არტერიული ჰიპოქსემია და ჰიპერკაპნია. სუნთქვის უკმარისობის ვენტილაციური სტადიის მთავარი კლინიკური ნიშანია ქოშინი. განასხვავებენ ქოშინის სამ გრადაციას. პირველი ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება, მეორე - უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვისას, მესამე - მოსვენების მდგომარეობაშიც.

- რა შეიძლება იყოს ფილტვისმიერი ქოშინის მიზეზი?

- ფილტვისმიერი ქოშინის ზოგადი მიზეზებიდან აღსანიშნავია:

. სასუნთქ გზებში ჰაერის გავლის დაბრკოლება, რასაც იწვევს შემდეგი დაავადებები: ალერგიული შეშუპება, პარატონზილური აბსცესი, დიფტერია, ჩიყვი, ტრაქეის, ფარისებრი ჯირკვლის, შუასაყრის სიმსივნე, ტრაქეობრონქული ხის სტრიქტურა, ბრონქოსპაზმი, ტრავმა (გახეთქვა, ჰემატომა), ასპირაცია, ასევე - უცხო სხეული;

. ფილტვის სასუნთქი ზედაპირისა და ელასტიურობის შემცირება; ფილტვისა და პლევრის დაავადებები: ემფიზემა, პნევმოსკლეროზი, ატელექტაზი, სიმსივნე, კისტები, პნევმოთორაქსი, პნევმონია, ჰიდროთორაქსი (ჰემოთორაქსი, პიოთორაქსი), ფილტვის პროგრესირებადი დისტროფია, ემბოლია, ფილტვების შეშუპება, შოკური ფილტვი, პლევრიტი;

. სასუნთქი კუნთების სისუსტე, პარეზი ან სპაზმი;

. გულმკერდის ყაფაზის ხრტილების გაძვალება და მოძრაობის შემცირება. ამას ფილტვის ვენტილაციის უკმარისობა, სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატება, სისხლში რძემჟავას გადასვლა და სუნთქვის ცენტრის გაღიზიანების გამო ქოშინი მოჰყვება. ფილტვის დაავადებათა (მაგალითად, ემფიზემის) დროს სისხლის მიმოქცევაც შეიძლება მოიშალოს და ამას ფილტვისმიერი ქოშინის გაძლიერებაც მოჰყვეს. სუნთქვის ცენტრის აგზნებაზე ტოქსიკური ფაქტორიც მოქმედებს, მაგალითად, მილიარული ტუბერკულოზის, კრუპოზული პნევმონიის დროს.

- ჩვეულებრივ, სუნთქვის აქტი ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის ფაზებისგან შედგება. ფილტვისმიერი ქოშინის შემთხვევაში კლინიკურად რომელი ფაზაა გაძნელებული?

- ფილტვისმიერი ქოშინი კლინიკურად სამი ტიპისაა:

. ინსპირაციული (ჩასუნთქვითი), როდესაც გაძნელებულია ჩასუნთქვის ფაზა, სუნთქვა კი შენელებულია. იგი აღინიშნება ზედა სასუნთქ გზებში მექანიკურ დაბრკოლებათა არსებობისას (კრუპი დიფტერიის დროს, ხორხის მწვავე ანთება,  ცრუ კრუპი გრიპის დროს), ტრაქეის სტრიქტურის ან სასუნთქ გზებზე რამის (ჩიყვის, შუასაყრის სიმსივნის, აორტის ანევრიზმის) ზეწოლის შემთხვევაში. ამ გზების შევიწროებისას სუნთქვას სტრიდორი - ჰაერის შეწოვისას სტვენისმაგვარი ხმა - სდევს თან.

. ექსპირაციული (ამოსუნთქვითი), როდესაც გაძნელებულია ამოსუნთქვის ფაზა, მაგალითად, ფილტვის ქსოვილის ელასტიურობის შემცირების (ემფიზემა), ბრონქული გამავლობის დარღვევის, წვრილი ბრონქების სანათურის შევიწროების (ბრონქიოლიტი) ან მათი სპაზმის (ბრონქული ასთმა) შემთხვევაში.

. შერეული, როდესაც გაძნელებულია სუნთქვის ორივე ფაზა, სუნთქვა კი გახშირებულია. ეს მოვლენა დამახასიათებელია ფილტვის სასუნთქი ზედაპირის შემცირებისთვის. შესაძლოა, თავი იჩინოს ფილტვის დაზიანების (ანთება, ტუბერკულოზი, ფიბროზი), პლევრის დაზიანების (სველი პლევრიტი, პნევმოთორაქსი, პლევრის შეხორცება), ხრტილების გაძვალების, დიაფრაგმის სპაზმის ან დამბლის შემთხვევაში. ამგვარი ქოშინი გულის მწვავე (კარდიული ასთმა) და ქრონიკული უკმარისობის, ფილტვის შეშუპების, ანემიისა და სისხლის ქიმიურ თვისებათა შეცვლის (დიაბეტური აციდოზი) დროსაც ვითარდება. არცთუ იშვიათად ქოშინი აიძულებს ავადმყოფს, იძულებით მჯდომარე ან ვერტიკალური მდგომარეობა მიიღოს. ძლიერ, მოხრჩობის შეგრძნებისმაგვარ და სწრაფად განვითარებულ ქოშინს ასფიქსია ეწოდება. იგი აღინიშნება მბგერავი იოგების სპაზმის, ფილტვის მწვავე შეშუპების, დიფუზური ფიბრინული ბრონქიტის, სპონტანური პნევმოთორაქსისა და ფილტვის არტერიის მსხვილი ტოტის დახშობის დროს. თუ მოხრჩობის შეგრძნება დროდადრო შეტევით ვითარდება, ასთმაზე მიუთითებენ.

- თქვენ ბრონქული და კარდიული ასთმა ახსენეთ. ქოშინის განვითარების კუთხით თუ არის მათ შორის რაიმე განსხვავება?

- ბრონქული ასთმა ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. ასთმური შეტევის უშუალო და ძირითადი მიზეზი წვრილი ბრონქების კუნთების სპაზმია. ასთმური შეტევის განვითარებაში განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება პარასიმპათიკურ რეაქციებს. კარდიული ასთმა (ეგრეთ წოდებული გულის ასთმა) კი გულის მარცხენა პარკუჭის კუმშვადი ფუნქციის შემცირების გამო მცირე წრეში სისხლის მწვავე შეგუბებაა, რასაც შეიძლება ფილტვის მწვავე შეშუპება მოჰყვეს. ამრიგად, იგი ფილტვის სასუნთქი ზედაპირის შემცირების ნიშანია.

- კლინიკურად რა ნიშნებით უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან სხვადასხვა დაავადების დროს აღმოცენებული ქოშინი?

- წესისამებრ, ქოშინი ერთვის ამა თუ იმ დაავადების სხვა სიმპტომებს, რაც კომპლექსურად გაანალიზებისას საშუალებას გვაძლევს, დავსვათ იმ დაავადების სწორი დიაგნოზი, რომელმაც ქოშინი გამოიწვია. მაგალითად: ქოშინი, რომელსაც თან ახლავს სახის, მტევნების შეშუპება, ურტიკარიული გამონაყარი, ალერგიის ნიშანია. ამგვარი ქოშინი განპირობებულია როგორც ლორწოვანის შეშუპებით, ასევე ბრონქოსპაზმითაც. უკანასკნელ შემთხვევაში მას თან ახლავს ტიპური მშრალი, გაფანტული ხიხინი, ფილტვების აქტიური მოძრაობის შემცირება. ქოშინი, რომელიც ვითარდება ტონზილიტის ფონზე (ტკივილი ხახის არეში, რომელიც ძლიერდება ყლაპვისას, სალივაცია, ჰიპერთერმია), დამახასიათებელია პარატონზილური აბსცესისათვის. დიაგნოზს ამყარებს ობიექტური გასინჯვა, რომლის დროსაც ვლინდება ნუშურების შეშუპება,  ჰიპერემია,  ლაკუნებში ჩირქოვანი საცობები, ფიბროზული ნადები, ხახის უკანა-გვერდითი და გვერდითი კედლების შესივება. ქოშინი სწრაფად ვითარდება და მძიმდება დიფტერიის დროს. ხახაში ჩნდება მემბრანოზული ნადები, შეშუპება, გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაცია, ჩნდება მიოკარდიტის ნიშნები. ფილტვის, პლევრის, ტრაქეობრონქული ხის დაავადებებით გამოწვეულ ქოშინს თან ახლავს ზომიერად გამოხატული ციანოზი და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ავადმყოფი იღებს მჯდომარე ან ნახევრად მჯდომარე პოზას.


ბრონქული ასთმის დროს ნიშანდობლივია ალერგიის გამომწვევთან (მტვერი, მცენარეები, ბაქტერიები, მედიკამენტები, საკვები, ფიზიკური გადატვირთვა, ამინდის ცვლილება, კლიმატის შეცვლა) კონტაქტი, ვითარდება ხველა ბლანტი, მინისებური და ძნელად ამოსახველებელი ნახველით, ხმაურიანი სუნთქვა, რომელიც შორიდანაც ისმის, ავადმყოფი იღებს იძულებით - მჯდომარე, ხელებზე დაყრდნობილ - პოზას. პნევმონიის, ბრონქიტის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს ქოშინის გამომწვევი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა. შესაძლოა, განვითარდეს ყოველგვარი მიზეზის გარეშეც. სხეულის ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს, ვითარდება ხველა მოყვითალო-მომწვანო სქელი, წებოვანი ნახველით. ტრადიციულად, ჩვენში ქრონიკული ბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა სხვადასხვა დაავადებად განიხილებოდა. თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურაში ქრონიკული ბრონქიტი (კერძოდ, მისი ობსტრუქციული ფორმა) და ფილტვების ემფიზემა გაერთიანებულია ერთი სახელწოდებით: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ამ ორი პათოლოგიის გაერთიანება სავსებით გამართლებულია, რადგან, ჩვეულებრივ, ქრონიკული ბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა სხვადასხვა სახით თანაარსებობენ. ფილტვის კიბოს დროს ქოშინი აღმოცენდება როგორც ფიზიკური დატვირთვის დროს, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაშიც, ახასიათებს ტემპერატურული რეაქცია 38 გრადუსამდე, მშრალი ხველა ან ხველა მცირე რაოდენობის ნახველით, სისხლიანი ხველა, ქოშინის შეტევის დროს სახეზე წითელი ლაქები (ალები), წონის მკვეთრი კლება. პნევმოთორაქსის (პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვების) დროს ქოშინი შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრმა მოძრაობამ, ხველებამ, სიმძიმის აწევამ. ამ დაავადებას ახასიათებს უეცარი დასაწყისი, ტკივილი გულმკერდის არეში, კანის სილურჯე, გულისცემის გახშირება. ფილტვების აბსცესის დროს აღინიშნება უგუნებობა, სისუსტე, უმადობა, შემცივნება, ხველა მშრალი ან მცირე რაოდენობის ნახველით, გულმკერდის ტკივილი, ცხელება, რომელიც დასაწყისში რემისიულია, შემდეგ კი შეიძლება ჰექტიური გახდეს. პნევმოკონიოზისთვის (ფილტვების ქრონიკული პროფესიული დაავადებაა) დამახასიათებელია ტრიადა: ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში და ხველა. პნევმოკონიოზის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია პროფესიული ფაქტორი. ექსუდაციური პლევრიტის დროს ქოშინი წამყვანი ჩივილია, როდესაც ხდება ექსუდატის მნიშვნელოვანი ოდენობით დაგროვება. ხშირად ქოშინს თან ახლავს ცხელება, ციანოზი.

- როგორ შეიძლება შევიმსუბუქოთ სუნთქვა?

- ქოშინის შეტევის დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, მის მოსვლამდე კი შეიძლება გაატაროთ რიგი ღონისძიება სუნთქვის გასაუმჯობესებლად:

. შეუზღუდეთ ავადმყოფს ფიზიკური აქტივობა;

. მძიმე ქოშინის დროს წამოსვით ავადმყოფი საწოლში ან ჩასვით სავარძელში, თავქვეშ ამოუდეთ რამდენიმე ბალიში;

. ქოშინის დროს შეიძლება ადამიანს შიში დაეუფლოს, ამიტომ იგი უნდა დავამშვიდოთ და დავაწყნაროთ;

. გავათავისუფლოთ ზედმეტი, მოჭერილი ტანსაცმლისაგან, უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მაქსიმალური მოდინება;

. კარგი ეფექტი აქვს ოქსიგენოთერაპიას, რომლის პარალელურად უნდა ჩატარდეს მკურნალობა სასუნთქ გზებში დაგროვილი სეკრეტის ევაკუაციის მიზნით. აგრეთვე საჭიროა ბრონქოდილატატორებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება.

- თქვენ ანტიბიოტიკები ახსენეთ, როდის არის მიზანშეწონილი მათი დანიშვნა?

- ანტიბიოტიკების გამოყენება ნაჩვენებია ინფექციით გამოწვეული ან გართულებული დაავადებების დროს, პნევმონია იქნება ეს, ბრონქიტი, აბსცესი თუ სხვა. ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. გარდა ამისა, უნდა დაინიშნოს ამოსახველებელი საშუალებები და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ბრონქების გამაფართოებელი საშუალებები.

- ბრონქული ასთმის დროს რა უნდა გაკეთდეს ავადმყოფის მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

- მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შეფასდეს დაავადების სიმძიმე ფილტვების ფუნქციის გამოკვლევის საფუძველზე. შემდგომი ეტაპია ბრონქული ასთმის შეტევების მაპროვოცირებელი ფაქტორების გამოვლენა და მათი მოქმედების შეძლებისდაგვარად თავიდან აცილება. პარალელურად უნდა შემუშავებულ იქნეს მედიკამენტური მკურნალობის სქემა. მედიკამენტები, რომლებიც მის სამკურნალოდ გამოიყენება, რამდენიმე ჯგუფად იყოფა. პრეპარატების მიღების გზებიდან უპირატესობა ენიჭება ინჰალაციას. ამ გზით გამოყენებისას ძლიერდება მათი ბრონქული სელექციურობა და ამავდროულად ნაკლებად ვლინდება გვერდითი მოქმედება.

- რას ურჩევდით მათ, ვინც ქოშინს უჩივის?

- დიაგნოზის დასმისა და ქოშინის მიზეზების დადგენის შემდეგ საჭიროა, ზედმიწევნით იქნეს შესრულებული ექიმის დანიშნულება. თუ ქოშინს აქვს ქრონიკული ხასიათი და დაკავშირებულია ქრონიკულ ბრონქიტთან ან ფილტვების ემფიზემასთან, საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

. თუ ადამიანი მწეველია, აუცილებლად უნდა დაანებოს თავი თამბაქოს მოხმარებას.

. უფრო მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ერიდეთ მტვერს, კვამლს, მკვეთრ სუნებს.

. მეტი დაისვენეთ.

. ერიდეთ გადაცივებას და გრიპს.

. შეისწავლეთ სწორი სუნთქვითი ვარჯიშების მეთოდიკა და სპეციალური ვარჯიშები სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტთან.

. ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღეთ ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული პრეპარატები.

. აუცილებელია ალერგენთან კონტაქტის აღკვეთა.

. ნახველის გაძნელებული გამოყოფისას საჭიროა ამოსახველებელი საშუალებების მიღება.