ბრონქოსპაზმი - მდგომარეობა, რომელიც ყურადღებას მოითხოვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქოსპაზმი - მდგომარეობა, რომელიც ყურადღებას მოითხოვს

- ბრონქოსპაზმი სასუნთქი გზების დაზიანების შედეგია. დაზიანებული ბრონქების ლორწოვანი გარსი შუპდება, იწყება ანთებითი პროცესი. ბრონქების ირგვლივ არსებული კუნთები იკუმშება, ბრონქის კედელს სარტყლისებურად უჭერს და მის სანათურს ავიწროებს. სანათურის შევიწროების შედეგად ფერხდება სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის გავლა.

- რომელი დაავადების დროს შეიძლება განვითარდეს ბრონქოსპაზმი?

- ბრონქოსპაზმი ვითარდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს. ეს ცნება აერთიანებს რამდენიმე დაავადებას: ქრონიკულ ბრონქიტს, ბრონქულ ასთმას, ფილტვების ემფიზემას.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი?

- ბრონქოსპაზმს რამდენიმე მიზეზი აქვს. ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ეს მდგომარეობა გამოიწვიოს, არის:

  • თამბაქოს კვამლი - ყველაზე აქტიური ფაქტორი;
  • საწარმოო მტვერი - ქვის, ხის, სამშენებლო მასალის (ცემენტი, გაჯი, თაბაშირი), ლითონის;
  • დაბინძურებული ჰაერი: საწვავის გამონაბოლქვი, შეშის კვამლი;
  • მძაფრ, მკვეთრსუნიანი ნივთიერებები: სუნამოები, საღებავები, გამხსნელები;
  • ალერგიული ბუნების გამღიზიანებლები: მცენარის მტვერი, ოთახის მტვერი, ბეწვი ან ბუმბულის ნაწილაკები, მედიკამენტები.

- შეიძლება, ბრონქოსპაზმის განვითარება წელიწადის დროსთან იყოს დაკავშირებული?

- ყველაზე ხშირად ბრონქოსპაზმი ვითარდება წელიწადის იმ პერიოდში, როდესაც ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები: გაციება, გრიპი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, მწვავე ბრონქიტი, ანუ ზამთარში, გვიან შემოდგომაზე, გაზაფხულზე.

- რა სიმპტომები ახასიათებს ბრონქოსპაზმს?

- ბრონქოსპაზმის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • სუნთქვის, უპირატესად ამოსუნთქვის გაძნელება, ისეთი შეგრძნება, თითქოს ფილტვები გაბერილია;
  • მოხრჩობის პერიოდული შეტევები;
  • ხველა;
  • ხმაურიანი სუნთქვა. ამოსუნთქვის დროს გარშემო მყოფებს ესმით სტვენა და ხიხინი.

- რა მექანიზმი უდევს საფუძვლად ბრონქოსპაზმის განვითარებას?

- ბრონქების ჰიპერაქტიურობა ხელს უწყობს ბრონქების დაზიანებას. ეს არის სასუნთქი გზების ლორწოვანის მიდრეკილება, ზედმეტად აქტიურად უპასუხოს გარეშე გამღიზიანებლის ზემოქმედებას, რაც გამოიხატება ლორწოვანის შეშუპებით, ხველით, ნახველის გამოყოფით, ბრონქების შევიწროებით.

- რა შეიძლება მივიჩნიოთ რისკის ფაქტორად?

- ჭარბი წონა, ცხოვრების უმოძრაო წესი, ალერგია, მემკვიდრეობითი განწყობა. ამ ფაქტორების არსებობის შემთხვევაში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად იზრდება.

- თქვენ არაერთხელ ახსენეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რა პათოლოგიაა ეს?

- ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს მოსახლეობის ავადობის სტატისტიკაში. როგორც ყველა ქრონიკული დაავადება, ისიც გამწვავებისა და სიმშვიდის - ე.წ. რემისიის - მონაცვლეობით მიმდინარეობს. გამწვავების პერიოდის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ასთმური შეტევა.


- საზოგადოდ, რა ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება?

- დაავადების ადრეულ სტადიაში ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს, გამწვავება იშვიათია. ის ხშირად რესპირატორული ინფექციის ფონზე იწყება, ადვილად ემორჩილება მკურნალობას, შორს წასულ შემთხვევებში კი ფილტვ-გულის უკმარისობა ვითარდება. როცა დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ავადმყოფი უჩივის ხველას, რომელიც უფრო მეტად გამოხატულია დილაობით, ადგომისას, პირველი სიგარეტის მოწევის შემდეგ. ხველის შემდეგ გამოიყოფა მცირე რაოდენობის ლორწოვანი ნახველი. გამწვავება უპირატესად ზამთრის თვეებში ხდება. დაავადების პროგრესირებისას ხველა უფრო იტენსიური ხდება, შესაძლოა, მთელი დღე გაგრძელდეს. ხშირად გამწვავება მთელი წლის განმავლობაში რემისიის გარეშე მიმდინარეობს. დამახასიათებელია ასევე ხველის შეტევის ეპიზოდები. ხანგრძლივმა წოლამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი სასუნთქ გზებში სეკრეტის დაგროვების შედეგად. ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა მიუთითებს თანდართულ ბაქტერიულ ინფექციაზე, რომელიც ხშირია სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის შემდეგ. რაც შეეხება ქოშინს, თავდაპირველად იგი ვითარდება ზომიერი ფიზიკური დატვირთვისას, მერე და მერე ჩივილების გამოსაწვევად უფრო მცირე ფიზიკური დატვირთვაა საკმარისი. ბოლოს ავადმყოფს უმნიშვნელო დატვირთვის დროსაც კი (ჩაცმა, ბანაობა) ქოშინი უვარდება, უჭირს წოლა, იმაღლებს სასთუმალს. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ჰაერგამტარი გზები გამოუსწორებლად ზიანდება, ფერხდება მათში ჰაერის ნაკადის გავლა, მცირდება ფილტვების მიერ ჟანგბადის ათვისების უნარი, რაც იწვევს სასიცოცხლო ორგანოების ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობას - ჰიპოქსიას,  ჟანგბადოვან შიმშილს, შემდგომ კი ყალიბდება ფილტვ-გულის უკმარისობა. მოსახლეობა, სამწუხაროდ, არ არის ინფორმირებული ფილტვის დაავადებების შესახებ და ექიმს ხშირად უკვე გულის დაზიანების ნიშნების გამოვლენის შემდეგ მიმართავს. ამრიგად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების კლინიკური ნიშნებია:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • ქოშინი (გახშირებული სუნთქვა);
  • ხველა;
  • ნახველის ევაკუაციის გაძნელება;
  • აუსკულტაციით - სხვადასხვა კალიბრის მოგუგუნე-მსტვენი ხიხინი;
  • პერკუსიით - კოლოფისებური ხმიანობა.

- როგორ სვამენ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოზს?

- დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ავადმყოფის დაწვრილებით გამოკითხვა, გასინჯვა, ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის, ნახველის მიკრობიოლოგიური ანალიზი, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ფილტვების სუნთქვითი ფუნქციის გამოკვლევა - სპირომეტრია და სპიროგრაფია, ბრონქების ენდოსკოპიური გამოკვლევა - ბრონქოსკოპია, გულის მდგომარეობის გამოკვლევა - ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს?

- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს საჭიროა რეგულარული მეთვალყურეობა დიაგნოზის დასმის დღიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მდგომარეობა უარესდება. საჭიროა, ზუსტად შესრულდეს ექიმის დანიშნულება, მაშინაც კი, როცა თავს კარგად გრძნობთ. ეს არის დაავადების გამწვავების თავიდან აცილების საუკეთესო გზა. შეიტყვეთ რაც შეიძლება მეტი საკუთარი დაავადების შესახებ, მიაქციეთ ყურადღება:

  • რასთან დაკავშირებით და რამდენად ხშირად გეწყებათ გამწვავებები და ჩივილები;
  • როგორია ძილის პერიოდი;
  • გაწუხებთ თუ არა სუნთქვის გაძნელება ღამით.

- როგორ მკურნალობენ ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას?

- ფილტვების ქრონიკული დაავადების მკურნალობაში ძირითად როლს ასრულებს ცხოვრების ჯანსაღი წესი: აუცილებელია თამბაქოსთვის თავის დანებება, ფიზიკური აქტიურობა. გარდა ამისა, თავი უნდა არიდოთ სასუნქი გზების ინფექციებს, იკვებოთ ჯანსაღად, ერიდოთ წონის როგორც სიჭარბეს, ისე მის დეფიციტს, მიირთვათ ბევრი ხილი, ბოსტნეული, ერიდოთ ზედმეტად ცხიმიან, შებოლილ, კონსერვანტებიან საკვებს, ალკოჰოლურ, გაზიან სასმელებს, მაგარ ჩაის, ყავას, შაქარს, მარილს, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის (დღეში 2-3 ლიტრი) სითხე.

- კიდევ როდის შეიძლება განვითარდეს ბრონქოსპაზმი?

- ბრონქოსპაზმი ვითარდება ბრონქიტის დროსაც. ბრონქიტი სასუნთქი გზების, ბრონქების ანთებაა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. ქრონიკული ბრონქიტი ბრონქების დიფუზური, ხანგრძლივად მიმდინარე შეუქცევადი დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება და რემისია. ბრონქიტს ქრონიკულად განიხილავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრონქების ჰიპერსეკრეცია და პროდუქტიული ხველა გრძელდება არანაკლებ 3 თვის მანძილზე 2 წლის განმავლობაში.

- რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ბრონქიტს?

- ბრონქიტისთვის დამახასიათებელია თითქმის ყველა ის სიმპტომი, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ: ქოშინი, ხველა, სისუსტე, წონის კლება. ეს სიმპომები უმთავრესად გამწვავებისას იჩენს თავს. ხველა პროდუქტიულია, ნახველი სქელია, წებოვანი. ჩირქოვანი ნახველი შედარებით იშვიათად გამოიყოფა.

- არ შეიძლება, არაფერი ვთქვათ მწეველთა ბრონქიტზე, მით უმეტეს, რომ ზემოთ ბრონქოსპაზმის განვითარების ერთ-ერთ რისკფაქტორად თამბაქოს მოხმარება დაასახელეთ.

- მეტად საყურადღებოა მწეველთა ხველა. საზოგადოდ, ხველა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული საფრთხეც შეგვიქმნას. ხველა არის რეფლექსი სასუნთქი გზების დასაცავად. მისი წყალობით უცხო ნაწილაკები და ბაქტერიები ბრონქებსა და ფილტვებში ვეღარ ხვდებიან. ხველა შეიძლება იყოს პროდუქტიული და მშრალი. მშრალ ხველას შეიძლება მოჰყვეს სპონტანური პნევმოთორაქსი, თრომბის მოგლეჯა და სხვა. მწეველების უმრავლესობა პროდუქტიულ, ნახველიან ხველას უჩივის. მშრალი ხველის შემთხვევაში, თუ ის დიდხანს გაგრძელდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. მწეველთა ხველა იმაზე მიანიშნებს, რომ მოსალოდნელია, განვითარდეს ბრონქოსპაზმით მიმდინარე რომელიმე დაავადება.

- როგორ მოვიქცეთ ბრონქოსპაზმის დროს სახლის პირობებში?

- ბრონქოსპაზმის, მძიმე ქოშინისა და მოხრჩობის შეგრძნების დროს ავადმყოფი უნდა წამოვსვათ, თავქვეშ ბალიში ამოვუდოთ, გავხადოთ მჭიდრო ტანსაცმელი, გამოვაღოთ ფანჯარა, რათა ავადმყოფმა მიიღოს მაქსიმალური რაოდენობის ჰაერი. შემდგომ აუცილებელია ბრონქოდილატატორების - ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების - გამოყენება, ოქსიგენოთერაპია, საჭიროების შემთხვევაში - ანტიბიოტიკოთერაპია (ეს მაშინ, როდესაც ინფექციაც დასტურდება).

- მიზანშეწონილია თუ არა ასეთ დროს ამოსახველებელი საშუალებების მიღება?

- ბრონქოსპაზმი საკმაოდ სერიოზული სინდრომია, რომელსაც ნებაზე მიშვების შემთხვევაში შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს. აუცილებელია, დადგინდეს მისი მიზეზი და ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა. ბრონქოსპაზმის კუპირების მიზნით კი შეიძლება დაინიშნოს, მაგალითად, ბეროტეკი, სალბუტამოლი, ეუფილინი, ქოლინოლიტიკები - პლატეფილინი, ატროპინი. გაითვალისწინეთ: მკურნალობა უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა სპეციალისტმა ავადმყოფის გასინჯვის, გამოკვლევის შემდეგ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში - ინდივიდუალურად.