რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი

ამის შესახებ შპს "ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის" თორაკოაბდომინალური დეპარტამენტის თორაკალური განყოფილების ექიმი ადმინისტრატორი, თორაკოქირურგი რობერტ გობეჩია გვესაუბრება.

- ბატონო რობერტ, რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი?

- პნევმოსკლეროზი - პნეუმოსცლეროსის - ბერძნული სიტყვაა და ქართულად ასე შეიძლება გავშიფროთ: პნეუმონ - ფილტვი, სცლეროსის - გამსხვილება, გასქელება. ამ ცნების სინონიმებია პნევმოფიბროზი, ფილტვების სკლეროზი.

რაც შეეხება თავად დაავადებას: ამ დროს ფილტვში ანთებითი ან დისტროფიული პროცესის შედეგად იზრდება შემაერთებელი ქსოვილი, რაც არღვევს დაზიანებული უბნის ელასტიკურობას და აირთა ცვლას. ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის განვითარება იწვევს ბრონქების დეფორმაციას და ფილტვის ქსოვილის შეჭმუხვნასა და გამსხვილებას. ფილტვი ხდება უჰაერო, მკვრივდება და პატარავდება. შედეგად ირღვევა ფილტვის ფუნქცია. პნევმოსკლეროზის უბნები ემფიზემასთან მონაცვლეობს.

- რა ასაკში შეიძლება განვითარდეს პნევმოსკლეროზი? მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება თუ ქალებში?

- პნევმოსკლეროზი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, უფრო ხშირად ის მამაკაცებში გვხვდება. გავრცელების მიხედვით პნევმოსკლეროზი შეიძლება იყოს ლოკალური (შემოსაზღვრული) და დიფუზური. ფილტვის ცალკეული სტრუქტურული ელემენტების უპირატესი დაზიანების მიხედვით გამოყოფენ ინტერსტიციულ, ალვეოლურ, პერივასკულურ, პერიბრონქულ, პერილობულურ პნევმოსკლეროზს.

- რა შეიძლება იქცეს პნევმოსკლეროზის განვითარების მიზეზად?

- პნევმოსკლეროზი შეიძლება აღმოცენდეს ფილტვების სხვადასხვა დაავადებისა და დაზიანების დროს. მაგალითად, კეროვანი პნევმოსკლეროზი შეიძლება განვითარდეს ფილტვის აბსცესის ან ტუბერკულოზის შედეგად. ბრონქებში ქრონიკული ჩირქოვანი პროცესის (მაგალითად, ბრონქოექტაზიის) დროს დაზიანებული ბრონქის ირგვლივ ასევე შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქსოვილის ცვლილება - პერიბრონქული სკლეროზი. პნევმოსკლეროზის მიზეზად შეიძლება იქცეს ჩვეულებრივი პნევმონია, რომლის შედეგად ფორმირდება კეროვანი პნევმოსკლეროზის განსაკუთრებული ფორმა - კარნიფიკაცია. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ხშირი გაციება, აგრეთვე - ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა. პნევმოსკლეროზი შეიძლება იყოს ფილტვის ქსოვილის მექანიკური (ჭრილობა) დაზიანების შედეგიც. ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ბრონქულ ხეში უცხო სხეულის მოხვედრამაც. ამრიგად, პნევმოსკლეროზის განვითარებას მრავალი მიზეზი აქვს: პნევმონია, პნევმოკონიოზი, ბავშვთა ინფექციები (წითელა, ყივანახველა), მავნე, შხამიანი ნივთიერებების ჩასუნთქვა და ფილტვების დაბინძურება, ქრონიკული ბრონქიტი ხშირი გამწვავებით, ბრონქოექტაზია. გარდა ამისა, პნევმოსკლეროზი შეიძლება განვითარდეს სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში ჰემოდინამიკის დარღვევის შედეგადაც, მაგალითად, მარცხენაპარკუჭოვანი გულის უკმარისობის, მიტრალური სტენოზის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (განსაკუთრებით - მორეციდივე ფორმის) დროს. პნევმოსკლეროზი შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე მაიონიზებელმა გამოსხივებამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომლებიც ტოქსიკურ პნევმოტროპულ ეფექტს ახდენს. პნევმოთორაქსი ასევე შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და კუჭის შიგთავსის ასპირაციის შედეგად. ბოლო ხანს გაიზარდა პნევმოსკლეროზის განვითარებაში ვირუსებით, მიკოპლაზმით, რიკეტსიებით, პნევმოცისტებით, ლეგიონელებითა და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული პნევმონიის როლი. ასეთი პნევმონიები აღენიშნებათ ხანდაზმულებს, აგრეთვე - პირებს, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ იმუნოლოგიური რეაქტიულობა. ამ შემთხვევაში ანთებითი პროცესის სრული ალაგება არ ხდება, ამასთან, ფილტვის დაზიანებულ უბანში ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, ობლიტერირდება ალვეოლის სანათური.

- თქვენ პნევმოსკლეროზის ფორმები ახსენეთ. რამდენად ირღვევა ფილტვის ფუნქცია ლოკალური თუ დიფუზური პნევმოსკლეროზის დროს?

- ლოკალური პნევმოთორაქსი არსებით გავლენას არ ახდენს ფილტვის აირთა ცვლის ფუნქციასა და მექანიკურ თვისებებზე. დიფუზური პნევმოსკლეროზის დროს ფილტვი ხდება რიგიდული, საგრძნობლად მცირდება ადეკვატური ვენტილაციისა და პერფუზიის შესაძლებლობები.

- რა ჩივილებით ვლინდება პნევმოსკლეროზი?

- ლოკალური, კეროვანი პნევმოსკლეროზი კლინიკურად შესაძლოა არც კი გამოვლინდეს. პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს სუსტ ხველას ნახველით. გასინჯვისას ზოგჯერ შეინიშნება გულმკერდის ჩაზნექა დაზიანებულ მხარეს. დიფუზური პნევმოსკლეროზის მუდმივი ნიშანია ქოშინი, რომელსაც ხშირად პროგრესირების ტენდენცია ახასიათებს. საწყის სტადიაში ქოშინი შესაძლოა აღმოცენდეს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას, მოგვიანებით კი მოსვენების დროსაც. პნევმოსკლეროზს ყოველთვის ახლავს თან ქრონიკული ბრონქიტის მოვლენები, ამიტომ პაციენტები უჩივიან ხველას, თავდაპირველად - იშვიათად, მხოლოდ დილაობით, მერე და მერე ხველა ხშირდება და უფრო შეუპოვარი ხდება. ამოხველებისას ადრეულ სტადიებში გამოიყოფა ლორწოვანი ნახველი, ხოლო მოგვიანებით - ჩირქოვანი. არ არის გამორიცხული ყრუ ტკივილი გულმკერდის არეში, წონის დაკლება, ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა. ფილტვების ელასტიკურობის დაქვითების გამო გაძნელებულია ჩასუნთქვა, ხოლო ჰიპოქსია,  რომელიც თანდათანობით ღრმავდება, იწვევს პნევმოსკლეროზის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშნის - ციანოზის ჩამოყალიბებას. დაავადების პროგრესირება იწვევს ფილტვ-გულის უკმარისობას, ციანოზს, კისრის ვენების დაბერვას, ქოშინს.


- როგორ ხდება პნევმოსკლეროზის დიაგნოსტირება?

- პნევმოსკლეროზის დიაგნოსტიკაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ვინაიდან დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სუნთქვის მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევები ახლავს თან. გამოკვლევის ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ფილტვის ქსოვილის სკლეროზული ცვლილებების ობიექტური გამოსახულება, გამოვავლინოთ მისი გავრცელების ხარისხი და ხასიათი, ერთმანეთისგან განვასხვაოთ ნაწიბუროვანი და ინფილტრაციული ცვლილებები, დავაზუსტოთ პნევმოსკლეროზის წარმომავლობა, გავავლოთ ზღვარი მასა და ფილტვების სიმსივნურ დაზიანებას შორის. პნევმოსკლეროზის დიაგნოზის დასასმელად იღებენ გულმკერდის მიმოხილვით რენტგენოგრამას პირდაპირ და გვერდით პროექციაში. სხვა დაავადებებისგან დიფერენცირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია რენტგენოგრამების რეტროსპექტული შესწავლა. შესაძლოა ინფორმაციული აღმოჩნდეს დამიზნებითი რენტგენოგრაფია და ტომოგრაფია. წილთაშუა შემაერთებელი ქსოვილის მდგომარეობის შესასწავლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპიუტერულ ტომოგრაფიას. დიფუზური პნევმოსკლეროზის დროს გარეგანი სუნთქვის ფუნქციის შესწავლისას ვლინდება ვენტილაციის რესტრიქტორული დარღვევა, ფილტვების დიფუზური უნარის დაქვეითება. გარეგანი სუნთქვის ფუნქციის შესაფასებლად იყენებენ პნევმოტაქოგრაფიას და სპიროგრაფიას. ლოკალური პნევმოსკლეროზის დროს ბრონქოლოგიური გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ბრონქების მდგომარეობა ფილტვის დაზიანებულ უბანში, გამოვავლინოთ ბრონქოექტაზები. დიფუზური პნევმოსკლეროზი წარმოადგენს ფილტვებში დისემინირებული პროცესების შედეგს. მას შედარებით იშვიათად ახლავს თან ბრონქულ ხეში მიმდინარე ენდოსკოპიური ცვლილებები.

- როგორ მკურნალობენ პნევმოსკლეროზს?

- პნევმოსკლეროზის მკურნალობის ეფექტური მეთოდები, სამწუხაროდ, არ არსებობს. მკურნალობა მიმართული უნდა იყოს, პირველ რიგში, იმ დაავადების საწინააღმდეგოდ, რომელმაც ეს მდგომარეობა გამოიწვია. ლოკალური პნევმოსკლეროზი, რომელსაც არ ახასიათებს კლინიკური გამოვლენა, მკურნალობას არ მოითხოვს. ბრონქის გამავლობის გასაუმჯობესებლად იყენებენ ამოსახველებელ და ნახველის გასათხევადებელ საშუალებებს, ქოშინისას - ბრონქოსპაზმოლიზურ საშუალებებს (მაგალითად, ეუფილინს), სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს - საგულე გლიკოზიდებს, ალერგიული გამოვლინებების შემთხვევაში - გლუკოკორტიკოიდებს. გართულებული მიმდინარეობის დროს (ხშირი პნევმონია, ბრონქიტი, ბრონქოექტაზია) ტარდება ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თერაპია. კომპლექსურ მკურნალობაში შეიძლება ჩაირთოს კალიუმის პრეპარატები, ანაბოლური ჰორმონები, ანგიოპროტექტორები, E, B6 ვიტამინები. პნევმოსკლეროზის მკურნალობისას შედეგიანია ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდი აეროზოლის სახით. ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული სამკურნალო-ფიზკულტურული კომპლექსი, გულმკერდის მასაჟი, ოქსიგენოთერაპია და ფიზიოთერაპია. შემოსაზღვრული, ლოკალური პნევმოსკლეროზის, ფიბროზისა და ციროზის დროს, დესტრუქციისა და დაჩირქების შემთხვევაში ტარდება ოპერაციული ჩარევა - ამოკვეთენ ფილტვის დაზიანებულ უბანს. მავნე ჩვევებზე უარის თქმამ, გაკაჟებამ, სპორტის მსუბუქმა სახეობებმა შესაძლოა საგრძნობლად გააუმჯობესოს ავადმყოფის საერთო მდგომარეობა.

- როგორია დაავადების პროგნოზი?

- დაავადების შედეგი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმის დამცველობით ძალებზე. პროგნოზი ძირითადი დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. ფიჭური ფილტვის ფორმირება მკვეთრად ამძიმებს სუნთქვის უკმარისობას, ხშირ შემთხვევაში იწვევს წნევის მატებას ფილტვის არტერიის სისტემაში, ფილტვისმიერი გულის განვითარებას. ლეტალური შედეგის მიზეზი ხშირად არის მეორეული ინფექცია, მიკოზური პროცესის ან ტუბერკულოზის განვითარება.

- რას გვირჩევდით პნევმოსკლეროზის თავიდან ასაცილებლად?

- პნევმოსკლეროზის პროფილაქტიკა უმთავრესად გულისხმობს სასუნთქი სისტემის ორგანოთა მწვავე დაავადებების თავიდან აცილებას, გაციებითი დაავადებების: პნევმონიის, ბრონქიტის, ფილტვების ტუბერკულოზის - დროულ და ზედმიწევნით მკურნალობას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პნევმოსკლეროზის პროფილაქტიკა გულისხმობს იმ დაავადების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას, რომელმაც პნევმოსკლეროზის ჩამოყალიბება გამოიწვია. პნევმოტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა. დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თამბაქოსთან ბრძოლას. პნევმოსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე სდევს თან. ეს იმით აიხსნება, რომ ფილტვის ქსოვილის ნაწილი ჩანაცვლებულია შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც არ მონაწილეობს სუნთქვით პროცესებში, და რაც მეტად არის იგი ჩანაცვლებული, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.