პუნქცია და მისი თავისებურებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პუნქცია და მისი თავისებურებანი

  • ამ მეთოდით სხვადასხვა ორგანოდან, სისხლძარღვიდან, ღრუდან თუ პათოლოგიური წარმონაქმნიდან მიიღება მასალა საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზისათვის;
  • დიაგნოსტიკური მიზნით პუნქციას მიმართავენ ცალკეულ ორგანოთა და ორგანოთა სისტემების ფუნქციის შესასწავლად (შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული, რადიოაქტიური და სხვა ნივთიერებები);
  • პუნქციას იყენებენ მსხვილ სისხლძარღვებსა და გულის საკნებში წნევის გასაზომად, სპეციალური ინსტრუმენტებით ორგანოთა დასათვალიერებლად;
  • აუცილებელია ის სამკურნალო საშუალებათა შესაყვანად, ადგილობრივი გაუტკივარებისა და ბლოკადებისათვის, სისხლისა და მისი კომპონენტების, აგრეთვე სისხლის შემცვლელების გადასასხმელად, დონორებისაგან სისხლის მისაღებად;
  • პუნქციის წყალობით შესაძლებელია ღრუებიდან პათოლოგიური შიგთავსის (აირი, სითხე, ჩირქი და სხვა) ამოღება, აგრეთვე შარდის ბუშტის დაცლა, როდესაც შეუძლებელია მისი კათეტერიზაცია.

პუნქციის სავარაუდო არეში პაციენტის კანს ანტისეპტიკური საშუალებით ამუშავებენ. ზედაპირული ქსოვილების ჩხვლეტას გაუტკივარების გარეშე მიმართავენ, ღრმად განთავსებულის კი - ადგილობრივი ანესთეზიით, ზოგჯერ ნარკოზითაც. პუნქციისათვის გამოიყენება სხვადასხვა სიგრძისა და დიამეტრის ნემსები. პუნქციის შემდეგ პაციენტი აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

პლევრალური ანუ პლევრის ღრუს პუნქცია

პლევრალური პუნქციის მიზანია პლევრის ღრუდან სითხის მიღება და მისი თვისებების შესწავლა. პუნქციისათვის გამოიყენება სტერილური შპრიცი (20 მლ-იანი) და მასზე წამოგებული 2 მმ დიამეტრის სანათურიანი მოგრძო ნემსი; გულმკერდზე მიღებულ მაქსიმალური პერკუსიული მოყრუების ადგილს, ისევე როგორც ექიმის ხელებს, ქირურგიულად დაამუშავებენ. იღლიის უკანა ან ბეჭის ხაზზე VII -VIII ნეკნთაშუა სივრცეში ნეკნის ზედა კიდის გაყოლებით (ისე, რომ არ დაზიანდეს ნეკნთაშუა არტერია) სწრაფად ჩხვლეტენ (პლევრის ღრუში მოხვედრა სიცარიელეში ჩავარდნასავით შეიგრძნობა). შპრიცის დგუშის ნელი ამოწევით იღებენ 20-30 მლ სითხეს (თუ საჭიროა, ამავე ნემსით შეჰყავთ წამალი), ამოიღებენ ნემსს და ნაჩხვლეტს კოლოდიუმიან ბამბას ადებენ. პუნქტატს ლაბორატორიაში აგზავნიან. სითხის ევაკუაცია სამკურნალო მიზნით წარმოებს პოტენის ასპირატორის მეშვეობით. ასპირატორი გრადუირებული ბოთლია ყელში ჩადგმული რეზინის საცობით, რომელშიც ონკანიანი ორი მილი გადის; ერთი მათგანი მთავრდება საცობის ქვედა ბოლოსთან, მეორე ბოთლის ძირამდე ჩადის. მოკლე მილს გარედან რეზინის მილით უერთდება ამომწოვი ტუმბო, გრძელს კი პლევრაში ჩადგმული ნემსი. ონკანების რეგულაციითა და ტუმბოთი ბოთლში წინასწარ შექმნილი უარყოფითი წნევის ქვეშ ნელი ტემპით აგროვებენ სითხეს. ფილტვის შეშუპების ასაცილებლად ერთ ჯერზე 1,5 ლ-ზე მეტ სითხეს არ იღებენ.

პლევრალური სითხის გამოკვლევა

პლევრის პუნქციისა და სითხის ევაკუაციის გზით მიღებულ პუნქტატს ფიზიკურად, ქიმიურად და მიკროსკოპულად იკვლევენ. პლევრალური სითხის უფერულობა ექინოკოკის ბუშტის სითხის თვისებად შეიძლება მივიჩნიოთ. მოყვითალო ფერი ახასიათებს როგორც ტრანსუდატს (არაანთებით გამონაჟონს), ასევე ექსუდატსაც (ანთებით გამონაჟონს). კუთრი წონის გასაზომად სითხეს მინის ცილინდრში ათავსებენ და ურომეტრის საშუალებით ზომავენ; 1018-ზე მეტი კუთრი წონა ექსუდატზე მიუთითებს, 1015-ზე ნაკლები - ტრანსუდატზე. გარდა ამისა იკვლევენ სითხის ცილების რაოდენობასაც. ექსუდატში ცილა 2,5%-ზე მეტია, ტრანსუდატში - 2,0%-ზე ნაკლები.  ციტოდიაგნოსტიკისათვის (ბერძნულად ციტოს - უჯრედი) საცენტრიფუგო ჭურჭელში მოქცეული გამოსაკვლევი სითხის ნაწილი ცენტრიფუგით დაილექება; ნალექზედა სითხეს გადაასხამენ, ნალექის წვეთს სასაგნე მინაზე გადაიტანენ, მთელს მის ზედაპირზე გაშლიან, ჰაერზე აშრობენ, შემდეგ კი ღებავენ რომანოვსკი-გიმზას საღებავით. შეღებილ პრეპარატში, რომელსაც იმერსიულად სინჯავენ, ითვლიან და გამოიყვანენ ნეიტროფილური ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების პროცენტულ რაოდენობას. ნეიტროფილების მკვეთრი სიჭარბე პლევრის მწვავე ანთებით პროცესზე მიუთითებს, ლიმფოციტების სიჭარბე კი - ქრონიკულ პროცესზე (მაგალითად, ტუბერკულოზურზე).

აბდომინალური ანუ მუცლის ღრუს პუნქცია

აბდომინალურ პუნქციას დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიზნით მიმართავენ. ჩხვლეტის წინა დღეს ნაწლავებს შიგთავსისაგან ათავისუფლებენ, უშუალოდ პუნქციის წინ კი - შარდის ბუშტს. მანიპულაციამდე აუცილებელია მახვილდაბოლოებიანი მანდრენის მქონე ტროაკარის, 5-10 მლ მოცულობის შპრიცების, ნემსების, სადრენაჟო რეზინის მილის, მომჭერის, ქლორეთილის ან ნოვოკაინის 0,5%-იანი ხსნარის, იოდის, სპირტის, სტერილური სინჯარების, სასაგნე მინების, ბამბის, სტერილური ბინტის, ლეიკოპლასტირისა და ასციტური სითხის შესაგროვებლად განიერი ჭურჭლის (ტაშტის ან სათლის) მომზადება. აბდომინალური პუნქციის დროს პაციენტი ზის, იდაყვებით სკამის საზურგეს ეყრდნობა. სითხის შესაგროვებლად განკუთვნილ ჭურჭელს პაციენტის ფეხებს შორის ათავსებენ. მძიმე შემთხვევებში პუნქციას პაციენტს ზოგჯერ დაწოლილ მდგომარეობაშიც უტარებენ.

ლუმბალური პუნქცია

ლუმბალური პუნქცია წარმოადგენს წელის დონეზე ხერხემლის არხში, კონკრეტულად ზურგის ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში ნემსის შეყვანას დიაგნოსტიკური, სამკურნალო და ანესთეზიოლოგიური მიზნით. ლუმბალური პუნქცია, ჩვეულებრივ, გვერდზე მწოლიარე (ზოგჯერ მჯდომარე) ავადმყოფს უტარდება. ამ დროს აუცილებელია ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ყველა წესის დაცვა. პუნქცია კეთდება წელის მესამე-მეოთხე (ზოგჯერ მეოთხე-მეხუთე) მალების წვეტიან მორჩთა შორის. აღნიშნული ადგილის ზუსტი განსაზღვრისათვის იოდის ხსნარის წასმით აერთებენ ხოლმე ორივე თეძოს უკანა ზედა ქედს. ამ ზოლის ხერხემლის შუა ხაზთან გადაკვეთის ადგილი შეეფარდება საპუნქციო არეს. სპირტით დამუშავების შემდეგ წელის არეში კანს ფარავენ იოდის ხსნარით, რომლის მოშორებაც სპირტითვე შეიძლება. ავადმყოფს მაქსიმალურად ახრევინებენ თავს და ქვედა კიდურებს. პუნქციას ატარებენ როგორც უანესთეზიოდ, ასევე ანესთეზიით. პუნქციის დროს სარგებლობენ 5-10 სმ სიგრძის 2-3 მმ დიამეტრის მანდრენიანი ნემსით. ჩხვლეტა საჭიროა წელის მესამე მალის წვეტიანი მორჩის ქვემოთ, ოდნავ ირიბად - ქვემოდან ზემოთკენ. ნემსით გაჩხვლეტენ კანს, კანქვეშა ქსოვილს (ცხიმს), სუპრასპინალურ იოგს, ინტერსპინალურ იოგს, ყვითელ იოგს, ზურგის ტვინის მაგარ გარსს (რომლის შიგნითა ზედაპირს მჭიდროდ ეკვრის ქსელისებრი გარსი) და ამ გარსის ერთჯერადი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ ნემსი აღწევს სუბარაქნოიდულ სივრცეს - რაშის კუდის არეში. სუბარაქნოიდულ სივრცეში ნორმალური წნევის დროს სითხე გამოდის წვეთწვეთობით, ხოლო წნევის მომატების შემთხვევაში - ნაკადულად. სუბარაქნოიდულ სივრცეში წნევის სწრაფი დაქვეითების ასაცილებლად სითხეს უშვებენ ნელი ნაკადით, წუთში 60 წვეთამდე. საჭირო შემთხვევაში ასე არეგულირებენ მანდრენის საშუალებით. დიაგნოსტიკური მიზნით საკამარისია 10 მლ ოდენობის ლიქვორი. სითხის მოგროვების შემდეგ ნემსს იღებენ, ნაჩხვლეტს იოდის ხსნარს უსვამენ და კოლოიდუმით დასველებულ ბამბას ან დოლბანდს აწებებენ. პუნქციის შემდეგ ავადმყოფი აუცილებლად უნდა იწვეს მუცელზე, უბალიშოდ, 2-3 საათის განმავლობაში. წოლითი რეჟიმი გრძელდება 1-2 დღეს. სუბარაქნოიდულ სივრცეში მოხვედრის შემდეგ კლოდ-ბულიტის მანომეტრით ზომავენ ცერებრულ-სპინალური (თავ-ზურგ ტვინის) სითხის წნევას და ამოწმებენ სუბარაქნოიდული სივრცის გამტარუანრიანობას. პაციენტს თავს და ფეხებს წინასწარ აშლევინებენ და 2-3 წუთს ასვენებენ. გასათვალისწინებელია, რომ წნევის მომატებას იწვევს თავისა და ხერხემლის მოძრაობა, ლაპარაკი, დახველება, გაჭინთვა, ღრმა სუნთქვა, ემოციური ფაქტორები და სხვა. ჯანმრთელთა ლუმბალური პუნქციისას სითხე გამოდის თვითდინებით, წვეთწვეთობით, წუთში საშუალოდ 60 წვეთი. ცერებრულ-სპინალურ სითხეში წნევა მომატებულია მაშინ, როდესაც სითხის პროდუქცია ნორმალურია, შეწოვა კი შეფერხებული. ზურგის ტვინის კომპრესიის დროს (სიმსივნე, არაქნოიდიტი - ტვინის ქსელისებრი გარსის ანთება და სხვა,) როდესაც სუბარაქნოიდული სივრცის ბლოკადაა, შემდეგი თავისებურებანი აღინიშნება: ლუმბალური პუნქციის საწყის პერიოდში სითხე ნაკადის სახით გამოდის და შემდეგ ერთბაშად წყდება, ანუ პირველადი პუნქციის დასაწყისში წნევა აწეულია და სითხის გამოშვების შემდეგ მკვეთრად ქვეითდება ან სრულიად ისპობა. ცერებრულ-სპინალურ სითხეში წნევა ქვეითდება სისხლძარღვთა წნულიდან სითხის გამომუშავების შემცირებისას. წნევის პათოლოგიური დაქვეითება გვხვდება თავის ტვინის შერყევისა და ქალას ფუძის მოტეხილობის ზოგიერთ შემთხვევაში. გარდა ამისა, ზოგიერთი ინფექციისა და ინტოქსიკაციის დროს ვითარდება ზურგის ტვინის სითხეში წნევის დაქვეითება, როგორც ორგანიზმის წყლით გაღარიბების ერთ-ერთი გამოვლინება.

ლიქვორის გამოკვლევა

თავისა და ზურგის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დროს იცვლება ცერებრულ-სპინალური სითხე და ამიტომ ლიქვორის გამოკვლევას უაღრესად დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს. გამოკვლევა მიმდინარეობს ცერებრულ-სპინალური სითხის ძირითადი კომპონენტების მიხედვით, როგორებიც არის - წნევა, სუბარაქნოიდული სივრცის გამტარობა, ფერი, გამჭვირვალობა, ცილა, უჯრედოვანი ელემენტები, ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები, ვასერმანის რეაქცია, კოლოიდური რეაქციები და სითხის ქიმიური ცვლილებები. წნევისა და სუბარაქნოიდული სივრცის გამტარობის გამოკვლევა ხდება პუნქციის დროს (რაც ზემოთ იქნა აღწერილი). ფერი - ნორმალური ცერებრულ-სპინალური სითხე უფეროა. პათოლოგიურ პირობებში სითხე შეიძლება იყოს მღვრიე, ჰემორაგიული და ქსანთოქრომული. მღვრიე ან ჩირქოვანია სითხე ფორმიანი ელემენტების მომატებისას (მაგალითად, მენინგიტის დროს). ჰემორაგიულია სისხლის შერევისას (ჰემორაგიული მენინგიტის, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, საკუთრივ პუნქციის დროს სისხლძარღვის დაზიანება და სხვა); ქსანთოქრომია სითხის მოყვითალო შეფერვაა. ის ორი მიზეზით შეიძლება განვითარდეს: 1 - სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შემდეგ ერითროციტების დაშლის გამო და 2 - ვენური სისხხლის შეგუბებისა და ლიქვორის ცირკულაციის შეფერხების შემთხვევაში, ერითროციტების ლიქვორში გადასვლისა და გახსნის შედეგად. გამჭვირვალობა - ნორმალური ცერებრულ-სპინალური სითხე სავსებით გამჭვირვალეა. ჩირქოვანი მენინგიტის დროს ის იმღვრევა. ცილა - ლუმბალური პუნქციით მიღებულ ნორმალურ ცერებრულ-სპინალურ სითხეში ცილის რაოდენობა 0,2-0,3%-ია, პარკუჭების სითხეში კი - ორჯერ ნაკლები. ცერებრულ-სპინალურ სითხეში ცილის საერთო რაოდენობა მატულობს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს - სიმსივნე, ანთება, სისხლის მიმოქცევის მოშლა, ზურგის ტვინის კომპრესია, ზოგჯერ - ქალა-ტვინის ღია და დახურული ტრავმა და სხვა.