სქესობრივი ცხოვრების ფსიქოლოგიური ასპექტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესობრივი ცხოვრების ფსიქოლოგიური ასპექტები

მოთხოვნილებათა შორის ადამიანისთვის უმთავრესია სასიცოცხლო მოთხოვნილებები: შიმშილი, წყურვილი და სქესობრივი მოთხოვნილება, რომელთა გარეშე ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრება წარმოუდგენელია. სქესობრივი ცხოვრება ადამიანის ქცევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაწილია. როგორც ზიგმუნდ ფროიდი ამბობს, სქესობრივი სწრაფვა, ლიბიდო, არის ინდივიდის მთელი ფსიქოლოგიური ენერგიის წყარო, ხოლო ყოველგვარ ემოციურ სიამოვნებასა თუ დაკმაყოფილებას ის სექსუალურს უწოდებს.

"ბირთვი იმისა, - წერდა ფროიდი, - რასაც ჩვენ სიყვარულს ვუწოდებთ, არის სქესთა სიყვარული, რომლის მიზანს სექსუალური სიახლოვე წარმოადგენს". ურთიერთსწრაფვის მწვერვალია სქესობრივი სიახლოვე მოსიყვარულე ადამიანებს შორის, როცა ერთ მთლიანობად იქცევა მოთხოვნილებები, სურვილები, აზრები, ზრახვები.

სქესობრივი სწრაფვის (ლიბიდოს) ინტენსივობა დამოკიდებულია მრავალ მიზეზზე, რომლებიც ერთიმეორეს ემატება და აძლიერებს ან ასუსტებს ამ გრძნობას. ყოველივე ეს დამოკიდებულია მრავალ გარემოებაზე - ორგანიზმის მდგომარეობაზე, შინაგან თუ გარეგან მიზეზებზე, მათ შორის - წელიწადის დროზე, კლიმატურ პირობებზე, კვებაზე, ცხოვრების წესზე.

ადამიანის მოქმედება ემორჩილება განსაზღვრულ ფიზიოლოგიურ რიტმს, როცა ორგანოთა ფუნქციების მომატების შემდეგ ხდება მათი დაქვეითება. ეს ეხება სქესობრივ სფეროსაც - სქესობრივი მოთხოვნილება გაძლიერების შემდეგ დროებით სუსტდება, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ ძლიერდება.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის სქესობრივ ურთიერთობებში არსებობს გარკვეული დისჰარმონია. მას მიაკუთვნებენ მასტურბაციას, მგრძნობელობის გამოვლენისთვის საჭირო დროსა და მისი შენარჩუნების ხანგრძლივობას. ის ფაქტი, რომ მგრძნობელობა, ვნება მამაკაცებში უფრო ადრე წარმოიშობა, ვიდრე ქალებში, ხშირად იწვევს განხეთქილებას პარტნიორებს შორის და მეუღლეების განქორწინების მიზეზადაც კი იქცევა. ამავე დროს განსაზღვრული ურთიერთობის ტექნიკის ცოდნა და გამოყენება ან სრულიად აქრობს ამ დისჰარმონიას, ან საგრძნობლად ამცირებს მას.

ინტიმური სიახლოვის დროს ჰარმონიის მიღწევას ახალგაზრდა მეუღლეები მაშინვე ვერ ახერხებენ. საჭიროა დრო ერთმანეთის ხასიათის თავისებურებების, ტემპერამენტის, ჩვევების, სურვილების შესასწავლად, რათა სიახლოვის დროს თავდაჯერებულნი და მშვიდნი იყვნენ, რათა არ არსებობდეს ეჭვი საკუთარი მოქმედებებისა და ქცევების სისწორის თაობაზე. დრო სჭირდება იმასაც, რომ პატნიორებმა გაიგონ, რომელი ეროგენული ზონების სტიმულირებაა საჭირო სქესობრივი სიახლოვის დროს.სქესობრივი ჰარმონიის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სქესობრივი აქტის დროს პარტნიორთა ერთნაირი აქტივობა.

სქესობრივი კავშირი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მომენტებისა და ასპექტების მთელი წყებისგან შედგება. ამ რთულ პროცესში განასხვავებენ რამდენიმე სტადიას:

  • ნეიროჰუმორულს;
  • ფსიქოლოგიურს;
  • ერექციულს;
  • ფრიქციულს და დამასრულებელს.

პირველი ორი სტადია - ნეიროჰუმორული და ფსიქოლოგიური - შეიძლება მოსამზადებლად მივიჩნიოთ. სწორედ ისინი წარმოადგენენ გადამწყვეტ სტადიებს წარმატებული სქესობრივი კავშირისთვის.

ნეიროჰუმორული მზაობა - ეს არის ზრდასრული ორგანიზმის ჩვეული, ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც იწყება სქესობრივი სიმწიფის პერიოდში და მთავრდება სიბერეში.

ფსიქოლოგიური სტადიით კი იწყება დაახლოების პროცესი და სქესობრივი აქტისთვის მომზადება.

სქესობრივი კავშირი ნორმალურად რომ წარიმართოს, თითოეულ პარტნიორს უნდა სურდეს, ერთმანეთთან მაქსიმალურ ჰარმონიას მიაღწიონ. თუ ერთ-ერთი პარტნიორი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ხოლო მეორე დაქვემდებარებულ როლშია, სქესობრივი კავშირი სრულფასოვანი არ იქნება. ეს უნდა ეფუძნებოდეს, უპირველეს ყოვლისა, ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემას, თან ახლდეს სითბო, ალერსი და სინაზე, ანუ იყოს სრული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ჰარმონია. რამდენადაც მამაკაცი სქესობრივი სიახლოვისას, როგორც წესი, უფრო აქტიურ როლს ასრულებს, ვიდრე ქალი, მის ქცევაზე ბევრად არის დამოკიდებული ურთიერთობის ტექნიკა. თუმცა მრავალი მამაკაცი სქესობრივი აქტის ამ მხარეს თითქმის არ აქცევს ყურადღებას, პრიმიტიული ტექნიკის შედეგი კი არასასურველია.

სქესობრივი ცხოვრების ჰარმონიას განსაზღვრავს პარტნიორთა განწყობა და განწყობილება - ის უნდა იყოს ამაღლებული, ემოციური. ცხოვრებისეული უსიამოვნებები და საზრუნავი შებოჭილობას და კუნთების დაძაბვას იწვევს, ასეთ მდგომარეობაში კი ერექცია არ მოხდება, ხოლო თუ სქესობრივი კონტაქტი მაინც შედგა, ორგაზმის სიმძაფრე მკვეთრად იქნება დაქვეითებული.

ქმარი სქესობრივ სიახლოვემდე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ცოლიც მზად არის ამისთვის. როგორი იქნება "მზადყოფნის სიგნალი", ეს პარტნიორების საქმეა. აქ არ არსებობს და არც შეიძლება იყოს სტანდარტული პასუხი. ერთი რამ ცხადია: ქმარს, რომელსაც არ შეუძლია შეიცნოს ცოლის ბუნება და მისი ფსიქოლოგია, არ შეიძლება ეწოდოს ქმარი, - მხოლოდ ფორმალურად აქვს ეს სტატუსი.

სანამ სასიყვარულო პრელუდიას მიმართავდნენ, პარტნიორებმა სწორად უნდა შეაფასონ თავიანთი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა. თუ ცოლი და ქმარი ეს-ესაა დაბრუნდნენ სამსახურიდან, უგუნებოდ არიან ან სავსებით ჯანმრთელად არ გრძნობენ თავს, ალერსი ამაო იქნება - ასეთ დროს სრულფასოვანი სქესობრივი კავშირისთვის საჭირო სექსუალური აგზნების მიღწევა შეუძლებელია და მცდელობა დაუკმაყოფილებლობისა და იმედგაცრუების გარდა არაფერს მოიტანს.

ერთობლივი ცხოვრების პირველ წლებში სურვილი და სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისადმი სწრაფვა ქმარს უფრო მკვეთრი და ძლიერი აქვს, ვიდრე ცოლს. სქესობრივი ლტოლვის ეს თავისებურება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ქალმა. ინტიმურ სიახლოვეზე უარის თქმა, როცა მამაკაცი ესწრაფვის მას, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საამისოდ სერიოზული მიზეზი არსებობს (ავადმყოფობა, მენსტრუაცია, ორსულობა). ზოგიერთი ქალი უარს იმით ასაბუთებს, რომ ეძინება ან გუშინ "ეს" უკვე გააკეთა. ქალის ასეთი ქცევა ხშირად იმის ბრალია, რომ სქესობრივი ურთიერთობისგან თავად კმაყოფილებას არ იღებს. ასეთმა ქალებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც უფრო ხშირი იქნება ინტიმური სიახლოვე, მით უფრო მეტად განვითარდება მათი მგრძნობელობა. რა თქმა უნდა, აქ არის მრავალი ფსიქოლოგიური ნიუანსი. რჩევა, დაემორჩილო ქმრის სურვილებს, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალმა ეს სრულიად შეუფერებელ მომენტებშიც გააკეთოს, მაგალითად, მაშინ, როცა მამაკაცი ნასვამია და ინტიმურ სიახლოვეს ითხოვს, როცა სტუმრად არიან ან ქალი თეატრში წასასვლელად ემზადება და სარკესთან დგას.

ინტიმური კავშირის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს შეუძლია სურვილის როგორც გაძლიერება, ისე დამუხრუჭება. მაგალითად, თუ ქალი არ არის შეჩვეული სქესობრივ კონტაქტს მკვეთრ სინათლეზე, ის მასზე დამამუხრუჭებელ გავლენას მოახდენს. მოულოდნელად გამომჟღავნებულმა ფაქტებმა ერთ-ერთი პარტნიორის ქორწინებამდელი ცხოვრებიდან, მისმა არაესთეტიკურმა ქცევამ, უხეშობამ - ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუცხოება და დაარღვიოს სქესობრივი აქტის ნორმალური მსვლელობა.

მნიშვნელოვანი ფაქტორია პარტნიორთა განცალკევება სქესობრივი კონტაქტის დროს. ამ დროს მათ ხელი არ უნდა შეუშალონ უფროსებმა ან ბავშვებმა. არაბუნებრივ პირობებში ჩატარებულმა აქტმა შესაძლოა სქესობრივი ფუნქციის დარღვევა ან ნერვული სისტემის აშლილობა გამოიწვიოს. როცა გარემო ინტიმურ სიახლოვეზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, მამაკაცს ეწყება ერექცია (სასქესო ასოს აღგზნება). ამას ფსიქოლოგიურ განცდებთან ერთად ხელს უწყობს წმინდა ობიექტური მიზეზებიც: ქალის შიშველი სხეულის დანახვა, გარკვეული ტაქტილული შეგრძნებები, გემოს შეგრძნება, ნაზი სიტყვები, ალერსი. აღგზნებას აძლიერებს ეროგენულ ზონებთან შეხება.

ინტიმურ ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას ახდენს ეჭვი. თუ ქალს ან მამაკაცს თავისი მოქმედების სისწორეში ეჭვი ეპარება, თუ მოხდა მოთხოვნილების შეკავება და საკუთარი ქცევის ანალიზისთვის დრო დაიკარგა, სქესობრივი ჰარმონიის მიღწევა გაძნელდება. ინტიმურ ცხოვრებაში შეიძლება შეიქმნას მანკიერი წრე: ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კარგად არ იცნობს სქესობრივი ცხოვრების ტექნიკას და ვერ აკმაყოფილებს ქალს, რადგან არც მის ფსიქოლოგიას იცნობს, თავად მორალურად დაუკმაყოფილებელი რჩება, რამაც შეიძლება იმპოტენციამდეც კი მიიყვანოს.

უნდა ვიცოდეთ, რომ მრავალი ქალი აღზრდის გამო ძალიან პასიურია სქესობრივი ურთიერთობის დროს, რადგან ჰგონია, რომ მამაკაცი უნდა აქტიურობდეს. არ შეიძლება, ამან თავისი დაღი არ დაასვას ცოლქმრულ ცხოვრებას. ცოლი თავის სურვილებს თრგუნავს, ამიტომ მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ მეუღლის სურვილებს თვითონ უნდა ჩასწვდეს. გაუმართლებელი და არასწორია იმ ქალების ქცევაც, რომლებიც ემორჩილებიან მამაკაცების მოთხოვნებს და მიაჩნიათ, რომ ამით მათ სამსახურს უწევენ, თავად კი დაუკმაყოფილებელნი რჩებიან. ასეთი აზრებითა და ქცევით თვით ქალი ზარალდება: სიცივემ შეიძლება ქმარი ცოლის გრძნობებში დააეჭვოს.

მძაფრი სურვილი, სიამოვნება მიანიჭოს პარტნიორს, ორივეს სექსუალურ დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს. ქალის ლტოლვა ინტიმური სიახლოვისკენ ქმარზე დადებითად მოქმედებს და მის პოტენციას ამაღლებს. სავსებით შესაძლებელია, ინტიმური სიახლოვის დროს ქალმა ან მამაკაცმა სიამოვნება ვერ მიიღონ, მაგრამ ეს უკმაყოფილების საბაბად არ უნდა იქცეს. პარტნიორთა გონივრული ქმედება სასიკეთოდ იმოქმედებს მომავალ სიახლოვეზე, რომელიც სასურველ შედეგს მოიტანს. სიტყვა, საერთოდ, ძალიან დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. ასეთივე მნიშვნელოვანია სიტყვა სექსუალური ჰარმონიის შენარჩუნებისთვის. არასოდეს, არავითარ გარემოებაში ცოლმა და ქმარმა არ უნდა გაკიცხონ ერთმანეთი ინტიმური სიახლოვის სურვილის უქონლობის გამო.

ცოლმა ყოველთვის უნდა გამოხატოს თანადგომა ქმრის მიმართ და დაამშვიდოს ის, მაშინაც კი, როცა ინტიმური სიახლოვით კმაყოფილი არ არის. უკმაყოფილების გამოხატვით, უხეში სიტყვებით მხოლოდ ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენება შეიძლება და არა გზის გაკვლევა სქესობრივი ჰარმონიისკენ.