თვალები და მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალები და მხედველობა

ვერ წარმოგვიდგენია და არც გვინდა იმაზე ფიქრი, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მხედველობის გარეშე, როგორ შევძლებდით სამყაროს აღქმას უთვალებოდ!

მოგეხსენებათ, მხედველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გარემოსთან ურთიერთობისთვის, გარესამყაროს სრულყოფილი აღქმისთვის.

ადამიანი ორი თვალით, ესე იგი ბინოკულარულად ხედავს, რაც საშუალებას აძლევს, აღიქვას გარესამყარო რელიეფურად, განსაზღვროს საგნების ურთიერთგანლაგება, მათი ფერი, მოცულობა, იმსჯელოს მათ დაშორებაზე. მხედველობის ანალიზატორის ცალკეული ნაწილების დაზიანება მხედველობის სხვადასხვაგვარ დარღვევას განაპირობებს: მხედველობის დაბინდვას, გაორებას, სიმახვილის დაქვეითებას, მხედველობის ველის შემცირებას, ფერადი მხედველობის მოშლას, სიბრმავეს. სწორედ ამ დარღვევათა მიზეზებსა და პროფილაქტიკაზე გვესაუბრება #3 საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმი, ოფთალმოლოგი ლინა ჩხაიძე:

- რა იწვევს მხედველობის დაბინდვას და თვალის რომელი ნაწილის პრობლემას უკავშირდება ის უმთავრესად?

- თვალი ურთულესი ორგანოა. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამყაროს აღსაქმელად. ის მონაწილეობს საგნების, მათი ფერის, ფორმის, ზომისა და განლაგების აღქმის ფორმირებაში. თვალის გამაღიზიანებელს წარმოადგენს სინათლის ენერგია, რომელიც მისი რეცეპტორული აპარატის გაღიზიანების შედეგად იწვევს მხედველობით შეგრძნებას. თვალი თვალის კაკლისა და დამხმარე აპარატისგან: კუნთებისგან, ქუთუთოებისგან, საცრემლე ჯირკვლებისგან - შედგება. თვალის კაკლის კედელი სამი გარსისგან არის შექმნილი:

I - გარეთა, ფიბროზული გარსი, წარმოადგენს თვალის ჩონჩხს; შეიცავს წინა, გამჭვირვალე ნაწილს - სკლერას და უკანა, არაგამჭვირვალე ნაწილს - რქოვანას;

II - შუა, სისხლძარღვოვანი გარსი. შედგება წამწამოვანი სხეულის, ფერადი გარსისა და საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსისგან. ფერადი გარსის ცენტრში მოთავსებულია ხვრელი - გუგა. თვალის შიგთავსს მიეკუთვნება შუქმტეხი სითხე, რომელიც მოთავსებულია თვალის წინა კამერაში (რქოვანასა და ფერად გარსს შორის), ბროლი (ფერადი გარსის უკან) და მინისებური სხეული (ბროლსა და ბადურას შორის);

III - შიგნითა, ნერვული გარსი, რომელიც ბადურათია წარმოდგენილი. ბადურა სინათლის მიმართ მგრძნობიარე გარსია და მხედველობის ნერვთან არის დაკავშირებული. შეიცავს ორი სახის ფოტორეცეპტორებს - ჩხირებსა და კოლბებს. ბადურას მეტად რთული აგებულება აქვს. სინათლის სხივი მასზე მოხვედრამდე გაივლის რქოვანას, ბროლს, მინისებურ სხეულს და ბადურას მთელ სისქეს.

ამგვარად, თვალი შედგება ორი - ოპტიკური და რეცეპტორული - სისტემისგან. ამ სისტემების ცალკეული ნაწილების დაზიანებამ შესაძლოა მხედველობის დაბინდვა, დაქვეითება ან სრული მოსპობა გამოიწვიოს. ელემენტარულად, ავიღოთ კონიუნქტივა. ეს არის თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, რომელიც ფარავს ქუთუთოების შიგნითა ზედაპირს და თვალის წინა ნაწილს თეთრი გარსის მიდამოში. მისი ანთების ანუ კონიუნქტივიტის დროს ადამიანს სხვადასხვა ჩივილი აქვს - მხედველობის დაბინდვა, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, წვა, სისხლჩაქცევები და ტკივილი; ტკივილი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს თვალების გახელაც კი არ სურს.

- შესაძლოა თუ არა, კონიუნქტივიტი სიბრმავის მიზეზად იქცეს?

- რატომაც არა, მაგრამ ეს დღეს იშვიათია. დღეს ჩვენ არ ვართ ისეთ დონეზე, რომ კონიუნქტივიტს გართულებისა და მძიმე ფორმაში გადასვლის საშუალება მივცეთ. ექიმთა პროფესიონალიზმისა და თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით (მაქსიმალურად სრულყოფილ პრეპარატებს ვგულისხმობ) მწვავე კონიუნქტივიტი ორ-სამ დღეში, ერთ კვირაში იკურნება (გააჩნია ფორმასა და მიმდინარეობას).

თუმცა არსებობს ვირუსული კონიუნქტივიტები, რომლებიც ძალიან ძნელად იკურნება და, შეიძლება ითქვას, კოშმარია. მოგეხსენებათ, დღეს ვირუსები რა მრავლად არიან ჩვენს გარშემო, რა დიდ ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში. თუ დროულად არ დაიწყო ვირუსული კონიუნქტივიტის მკურნალობა, მან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას მხედველობას. მე მინახავს ჰერპესული კონიუნქტივიტის გამო დაკარგული თვალი. იყო ერთი ასაკოვანი პაციენტი, 85 წლის; დაემართა ვირუსული კონიუნქტივიტი, პათოლოგიური პროცესის პროგრესირების კვალად დაეწყო ლორწოვანის დაწყლულება, ჩამოუყალიბდა დიდი ზომის დეფექტი (ერთგვარი ხვრელი), ყველაფერი თან დაერთო, ტროფიკაც დაირღვა, სითხეც გამოვიდა და ასე დაკარგა თვალი. რა თქმა უნდა, თეორიულად არსებობს შანსი იმისა, რომ კონიუნქტივიტიც დაედოს საფუძვლად სიბრმავეს, მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ასეთი შემთხვევები დღეს იშვიათია, ასე შორს აღარ მიდის პროცესი, მკურნალობის წყალობით პათოლოგიურ პროცესს ასე ღრმად წასვლის საშუალება აღარ ეძლევა.

- მაშინ გვითხარით, რა არის დღეს სიბრმავის ყველაზე ხშირი მიზეზი.

- სიბრმავის მიზეზი შესაძლოა იყოს ტრავმა, ქიმიური დამწვრობა, რომელიც აზიანებს რქოვანას და თვალის სხვა ნაწილებს. მაგალითად, ზოგჯერ თვალი ჯანსაღია, მაგრამ ქალა-ტვინის ტრავმის, სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლის გამო ზიანდება კეფის არეში მხედველობის ანალიზატორის ცენტრალური, ქერქული წარმომადგენლობა და ადამიანი ვეღარ ხედავს.

არსებობს გენეტიკური, ქრომოსომული დაავადებები, რომელთა გამოც ადამიანი დაბადებიდან უსინათლოა.

აღსანიშნავია აგრეთვე ინფექციური დაავადებები, რომლებიც მხედველობის ნერვის ნევრიტს იწვევს. მხედველობის ნერვის დაზიანება იწვევს სიბრმავეს. ამ დროს გუგის პირდაპირი რეფლექსი სინათლეზე ისპობა, ხოლო გუგის შეუღლებული რეაქცია შენარჩუნებულია, ესე იგი სინათლეზე საღი თვალის გუგის რეაქცია მსგავს რეაქციას იწვევს დაბრმავებულ თვალშიც. ინფექციური დაავადებებიდან უნდა გამოიყოს წითურა, რომელიც გართულების სახით ზოგჯერ სიბრმავეს იწვევს.

ნაწილობრივ სიბრმავეს (ანუ მხედველობის დაქვეითებას) ამბლიოპია ეწოდება, მხედველობის სრულ დაკარგვას კი ამავროზი. ამბლიოპია, ისევე როგორც ამავროზი, შეძლება იყოს ცალმხრივიც და ორმხრივიც. ეს ორი მოვლენა გვხვდება მხედველობის ნერვის, მისი გზებისა და მხედველობის ქერქული ანალიზატორის მრვალგვარი პათოლოგიური პროცესის, აგრეთვე თვალის კაკლის სინათლის გამტარი აპარატის - რქოვანა გარსის, ბროლის, მინისებური სხეულის - დაზიანების დროს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მაღალი მიოპია. საერთოდ, ნორმალურ ანუ ემეტროპიულ თვალში სინათლის დაშორებული წყაროდან სხივები ბროლის ნებისმიერი ცვლილების გარეშე ფოკუსში იკრიბება თვალის ბადურაზე. მიოპიის ანუ სიბეცის დროს თვალის სიგრძივი ღერძი ნორმაზე გრძელია. ამ შემთხვევაში მთავარი ფოკუსი იქმნება არა ბადურაზე, არამედ მის წინ, მინისებურ სხეულში, ხოლო ბადურაზე წარმოიქმნება შუქგაბნევის წრე. ასეთი მოვლენა ვითარდება ბროლის სიმრუდის გაზრდის დროსაც.

სიბეცე იგივე ახლომხედველობაა ანუ მიოპიის დროს ადამიანი მკაფიოდ ხედავს მხოლოდ ახლომდებარე საგნებს, შორსმდებარე საგნები კი ბუნდოვანია. მაღალი მიოპიის ფონზე, როდესაც თვალის სიგრძივი ღერძი განსაკუთრებულად არის გაწელილი, უკანა პოლუსი თხელდება, ეს კი საბოლოოდ სიბრმავეს იწვევს.

სიბრმავის ხშირი მიზეზია გლაუკომა. ეს არის ქრონიკულად მიმდინარე მეტად ვერაგი დაავადება, რომლის დროსაც თვალის შიგა წნევის მომატება და მხედველობის დაქვეითება ხდება. თვალის შიგა წნევის მომატებას განაპირობებს თვალის შიგა სითხის ცირკულაციის მოშლა. ავადმყოფს თანდათანობით უქვეითდება მხედველობა, უვიწროვდება მხედველობის ველი, მაღალი წნევის ხანგრძლივი ზემოქმედება მხედველობის ნერვის ატროფიას იწვევს და ავადმყოფი საბოლოოდ ბრმავდება. თვალის დაავადებებს შორის გლაუკომა სიბრმავის თვალსაზრისით ყველაზე საშიშია, მისი დიაგნოსტიკა ერთგვარი განაჩენია პაციენტისთვის, როგორც ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნისა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მკურნალობის გარკვეული ტაქტიკა და არ შეიძლება პათოლოგიური პროცესის შეფერხება. მართალია, ჩვენ ვიცით, რომ პროცესი ქრონიკულად მიმდინარეა და დაავადებული თვალი საბოლოოდ უნდა დაიკარგოს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პათოლოგიური პროცესი მაქსიმალურად გაჭიანურდეს, ვცდილობთ, ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტებით მაქსიმალურად შევაფერხოთ ის, სანამ თვალი ხედავს, სრულყოფილი და რაციონალური მკურნალობით მაქსიმალურად დავეხმაროთ მას. ამისთვის უამრავი მედიკამენტია მოწოდებული. თუ ერთი ჩასაწვეთებელი არ შველის პაციენტს, სხვა წამალს ვუნიშნავთ. ჩვეულებრივ, მედიკამენტური მკურნალობა ამცირებს თვალის შიგა წნევას; როცა წამლები არ მოქმედებს და წნევა არ ქვეითდება, ოპერაციაზე ვფიქრობთ. მოგეხსენებათ, ყველაფერი ინდივიდუალურია. ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად პაციენტზეც. ზოგჯერ ადამიანი არ გვემორჩილება, არ ასრულებს აუცილებელ რეკომენდაციებს, არ იცავს სავალდებულო წესებს, მაგალითად, არ შეიძლება სიმძიმეების აწევა, თავდახრილი მუშაობა, ნერვიულობა, ალკოჰოლის მიღება, ვინაიდან ალკოჰოლი პირდაპირ მოქმედებს მხედველობის ნერვზე და აჩქარებს დაბრმავების პროცესს. წინათ ამხელა სამკურნალო არსენალი არ არსებობდა, დღეს კი უამრავი მედიკამენტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევანელოთ ან შევაჩეროთ ესა თუ ის პათოლოგიური პროცესი და აღარ მივიყვანოთ თვალი სიბრმავემდე.

- მკურნალობის ოპერაციულ მეთოდებზე რას გვეტყვით, ამ კუთხითაც ხომ დიდი პროგრესია?

- რა თქმა უნდა, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებებით (ოპერაციულ ჩარევას ვგულისხმობ) ხშირად ხერხდება სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა, ზოგჯერ აღმოფხვრაც კი, და ადამიანის მხედველობა უმჯობესდება. მაგალითად, კატარაქტის ანუ ბროლის შემღვრევის დროს ბუნებრივი ბროლის ხელოვნურით ჩანაცვლება დღეს ფართოდ დანერგილი მეთოდია. ოპერაციები ტარდება როგორც ნაკერით, ასევე ახალი მეთოდით - უნაკეროდ.

ექიმთა პროფესიონალიზმისა და დახვეწილი აპარატურის წყალობით ოპერაციული ტრავმატიზმი მინიმუმამდეა დაყვანილი. ოპერაციები სხვადასხვა ხერხით ტარდება, მაგალითად, კეთდება ერთგვარი გვირაბი, ხდება შემღვრეული ბროლის ნაწილ-ნაწილ გამოტანა, შემდეგ კი ქოლგასავით დაკეცილი ხელოვნური ბროლის ჩადგმა. ეს უკანასკნელი შემდეგ თავად იშლება. ხელოვნური ბროლი ბუნებრივზე გაცილებით მყარია, მისგან განსხვავებით, არ აქვს ელასტიკურობა, ამიტომაც ადამიანი ან ახლოს, ან შორს ხედავს, მაგრამ აღარ სჭირდება სათვალე.

შეგახსენებთ, რომ აკომოდაცია, სხვადასხვა მანძილით დაშორებული საგნების დასანახავად თვალის შეგუება, ხორციელდება ბროლის სიმრუდის ანუ მისი გარდამტეხი უნარის შეცვლის გზით. ახლო მყოფი საგნების დათვალიერებისას ბროლი უფრო ამოზნექილი ხდება და პირიქით. ამ უნარს ხელოვნური ბროლი მოკლებულია, თუმცა მას პაციენტებისთვის მხედველობის გაუმჯობესების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

წინათ მინისებურ სხეულში სისხლჩაქცევების არსებობისა და, საზოგადოდ, მისი დაზიანების შემთხვევაში პაციენტებს საოპერაციოდ მოსკოვში ან ოდესაში ვუშვებდით. "პერესტროიკის" შემდეგ შეძლებული პაციენტები თურქეთშიც მიემგზავრებოდნენ, ათასობით დოლარს ხარჯავდნენ, რომ მინისებური სხეული მათთვის გარკვეული კონსისტენციის ახალი გელით შეეცვალათ. დღეს პაციენტთა სხვა ქვეყანაში გამგზავრება აღარ არის საჭირო, საქართველოშიც გვაქვს ოპერაციისთვის განკუთვნილი თანამედროვე აღჭურვილობა, აქაც წარმატებით ტარდება ურთულესი ოპერაციები, რადგან, მერწმუნეთ, ჩვენს ექიმებზე უკეთესი სპეციალისტები არსად არიან.

- რით ფასდება თვალის პროთეზი?

- მაღალი ხარისხის პროთეზი ძვირი სიამოვნებაა. მისი შექმნისა და კიდევ უფრო მეტად სრულყოფისთვის (მრავალ ქვეყანაში საუცხოო მოდელებია შექმნილი და ამ მხრივ მუშაობა კიდევ გრძელდება) უმაღლესი ტექნოლოგიებია საჭირო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთია მაღალხარისხოვანი ინმპლანტანტების შექმნა და მეორე - მოსამზადებელი პროცესისა და თავად პროთეზირების წარმართვა სათანადო დონეზე. ვგულისხმობ თვალის კაკლის ამოღებას, სპეციალური სარეცლის მომზადებას, ბუტაფორიისთვის სათანადო თვალბუდის შექმნას და შემდეგ პროთეზის ჩასმას. ეს მოსაყოლად არის ადვილი, თორემ მანიპულირებისა და პლასტიკური ჩარევის თვალსაზრისით არც ისე მარტივია.

- თვალის რომელი ნაწილი უზრუნველყოფს ფერად მხედველობას და ფერადი მხედველობის რომელი კომპონენტის გამოვარდნა ხდება დალტონიზმის დროს?

- ფერის აღქმა წარმოიშობა მხედველობის ანალიზატორზე განსაზღვრული სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედებისას. სპექტრის ხილული ნაწილის ფარგლებში ყოველი მისი უბანი იწვევს გარკვეული ფერის აღქმას. ბუნებრივ პირობებში მზის სინათლე შეიცავს სპექტრის ყველა ფერს.

ყველა მხედველობითი შეგრძნება აქრომატულად და ქრომატულად იყოფა. აქრომატულია ნაცრისფერის ყველა ტონი თეთრისა და შავის ჩათვლით. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ არეკლილი სხივების რაოდენობით, ესე იგი შეფარდებითი სიკაშკაშით განსხვავდება. ქრომატულ შეგრძნებებს სიკაშკაშესთან ერთად ფერის ტონი და ინტენსივობაც ახასიათებს. თვალი ერთდროულად ღიზიანდება სხვადასხვა სიგრძის ტალღების სხივებით. ხდება ფერთა ოპტიკური შერევა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბადურას ერთსა და იმავე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს სხვადასხვა სიგრძის ტალღებით გამოწვეული პროცესები.

ფერების მიმართ მგრძნობელობა ყველაზე მეტად გამოხატულია ბადურას ცენტრალურ უბანში (ყვითელი ხალი), რომელიც შეიცავს კოლბებს. სუსტი აქრომატული გამღიზიანებლების მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა ბადურას პერიფერიული ნაწილი, რომელიც უპირატესად ჩხირებს შეიცავს.

რაც შეეხება დალტონიზმს, ის ფერადი მხედველობის მოშლაა. დალტონიზმზე გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგიერთი პროფესიის შერჩევისას. დალტონიკები არ შეიძლება იყვნენ მძღოლები, რადგან ისინი ვერ არჩევენ წითელ და მწვანე ფერებს.

ფერადი მხედველობის მოშლა ყველაზე ხშირად გვხვდება მისი ორი სახესხვაობა; პროტანოპია - "წითელზე სიბრმავე" - და დეიტერანოპია - "მწვანეზე სიბრმავე". დალტონიზმი უმეტესად თანდაყოლილია. ადამიანი, ჩვეულებრივ, ეჩვევა ამ მანკს, დიდ სირთულეებსა და განსაკუთრებულ პრობლემებს ის არ უქმნის. შეძენილია დალტონიზმი, მაგალითად, გლაუკომის დროს - პაციენტები წითელს ვერ ხედავენ.

ფერადი მხედველობა დღესაც რჩება მეცნიერული კვლევის საინტერესო და აქტუალურ საგნად, ერთი რამ კი ცხადია, რომ ფერების შეგრძნებაში მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება მხედველობის ანალიზატორის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე რთულ პროცესებს.

- არასამედიცინო განათლების მქონე მკითხველთა უმრავლესობამ არ იცის, რას წარმოადგენს ბადურა, თუმცა დიაგნოზი - ბადურას ჩამოშლა - ყველას აფრთხობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს არ ესმით, რეალურად რა პათოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ამ დროს, ბადურას ჩამოშლა სიბრმავესთან ასოცირდება და, ბუნებრივია, აშინებთ. განუმარტეთ მათ, რას წარმოადგენს ბადურას ჩამოშლა და რატომ არის ის საგანგაშო.

- გააჩნია ჩამოშლას. შესაძლოა, პატარა ნაწილი იყოს დაზიანებული, შესაძლოა, დიდი, შესაძლოა, პატარა კუთხე აშრევდეს, შესაძლოა, ბადურა გარსი გასკდეს... ამას სხვადასხვა მიზეზი იწვევს - ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ძალიან დიდი სიმძიმის აწევა, გადაძაბვა, ტრავმა, დარტყმა. ვიღაცას უფრო სქელი ბადურა გარსი აქვს, ვიღაცას - უფრო თხელი; ეს ინდივიდუალურია. მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც ერთ ქალბატონს, - 50 წელს გადაცილებულ ქირურგ სტომატოლოგს, - კბილის ამოღების დროს ბადურა ჩამოეშალა. მას ოპერაცია გაუკეთდა და საბოლოოდ გადაურჩა ეს თვალი, თუმცა ისე კარგად ვეღარ ხედავს.

ბადურა გარსის დაზიანება ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს. მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტი მეტად ვერაგი დაავადებაა და ნეიროპათიასა და ანგიოპათიასთან ერთად რეტინოპათიაც (რეტინა ლათინურად ბადურას ნიშნავს) მისი ხშირი გართულებაა. ადამიანს თითქოს არსებითად არაფერი აწუხებს, მაგრამ ეცვლება ფსიქოლოგიური სტატუსი, ნერვული, დაძაბული ხდება, შაქრიანი დიაბეტი კი სულ უფრო პროგრესირებს და სხვა სისხლძარღვებთან ერთად ბადურასაც აზიანებს. ამერიკელები ბრძანებენ, რომ დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესია, რომ დიაბეტიანმა თავად უნდა მოინდომოს და შეცვალოს თავისი სამყარო ცხოვრების ახალი სტილითა და რეჟიმით. თუ ადამიანი ამას მოახერხებს, დიაბეტი მას ვერაფერს დააკლებს.

- პროფილაქტიკისთვის რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

- ნუ უგულებელყოფენ მხედველობასა და, საზოგადოდ, თვალებთან დაკავშირებულ ნურც ერთ პრობლემას, თუნდაც უმნიშვნელოს. პრობლემის არსში გარკვევა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ადამიანი ხშირად ამა თუ იმ პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამს, საგანგაშოდ არ მიიჩნევს და ექიმს მაშინღა აკითხავს, როდესაც მხედველობის უკვე მკვეთრად გამოხატული და სერიოზული პრობლემები შეაწუხებს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ 40 წლიდან, აწუხებთ თუ არა მხედველობის დაქვეითება, წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაიზომონ თვალის შიგა წნევა. ოფთალმოლოგიური შემოწმება აუცილებლად უნდა გაიარონ მიოპიით დაავადებულმა ორსულებმა.

ფიზიოლოგიური მშობიარობისა თუ საკეისრო კვეთის საკითხი აუცილებლად სათანადო გამოკვლევის საფუძველზე ოფთალმოლოგის რჩევით უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს: ნუ ასწევთ სიმძიმეებს, თავი არიდეთ სტრესულ სიტუაციებს, იკითხეთ და იმუშავეთ კომპიუტერთან სათანადო განათების პირობებში, დაიცავით ჰიგიენის ელემენტარული წესები, ხშირად დაიბანეთ ხელები, ნუ მოისრესთ თვალებს ჭუჭყიანი ხელებით, გამოიყენეთ სუფთა პირსახოცი და გაუფრთხილდით თვალებს!