რუბრიკები
რატომ იმატებს თვალშიგა წნევა
რატომ იმატებს თვალშიგა წნევა

დილის საათებში თვალშიგა წნევა, წესისამებრ, უფრო მაღალია. თუ გლაუკომის დიაგნოზი დაისვა, დაკვირვება დაახლოებით ექვსი თვე გრძელდება. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, კომპენსირდება თუ არა დაავადება. თუ დაავადება ერთ თვალზე აღმოჩნდა, აუცილებელია დაკვირვება მეორე თვალზეც, თუმცა, პაციენტები რომ ამბობენ, "მეორე თვალზეც გადამედებაო", როგორც წესი, ასე არ ხდება. როდესაც გლაუკომის დიაგნოზი დასმულია, იწყება კონსერვატიული  მკურნალობა. ინიშნება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები, ვიტამინების კომპლექსები და სხვა. კონსერვატიულთან ერთად იყენებენ ლაზერულ და ოპერაციულ მეთოდებსაც. თითოეული პაციენტი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. მკურნალობის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეასრულებს პაციენტი ექიმის დანიშნულებას. გარდა ყოველდღიურად მისაღები თუ ჩასაწვეთებელი პრეპარატებისა, აუცილებელია თავის შეკავება სიგარეტისგან, სასმელებისგან, კოფეინის შემცველი სასმელებისგან - ჩაისა და ყავისგან, აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. უნდა ვერიდოთ ნერვულ სტრესს. მართალია, ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, ძნელია ყველაფრის შესრულება, მაგრამ ცოტა რომ შეიზღუდოს პაციენტმა თავი, მკურნალობის შედეგები გაცილებით უკეთესი იქნება. არ შეიძლება ჩაბნელებულ ოთახში კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჯდომა, შებინდებისას მანქანის მართვაც არ არის სასურველი. მზიან ამინდში არათუ სასურველი, აუცილებელიც არის სპეციალური მწვანე ანტიგლაუკომური მინებით აღჭურვილი სათვალის ტარება. თვალშიგა წნევის მომატებას იწვევს ირიდოციკლიტიც, ამიტომ ჭირს ამ დაავადების გლაუკომისგან დიფერენცირება. თვალის წნევის მომატება ზოგჯერ წითელი თვალის სინდრომისა და არტერიული კრიზის დროსაც შეინიშნება, რამაც გამოცდილი ექიმი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. დაბოლოს, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თვალშიგა წნევა ერთჯერადად იმატებს, თუმცა ეს შეიძლება არ იყოს რაიმე დაავადების შედეგი. ვითარებაში გასარკვევად პაციენტზე დაკვირვებაა საჭირო. სწორედ დაკვირვება იძლევა ამ დროს ზუსტი დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის საკითხის გადაწყვეტის საშუალებას. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 40-45 წლიდან ყველა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიზომოს თვალის წნევა, რადგან შესაძლოა არაფერი აწუხებდეს, მაგრამ შემთხვევით, მაგალითად, სათვალის არჩევის დროს ექიმთან მისულს თვალშიგა წნევის მომატება აღმოაჩნდეს. მოგეხსენებათ, დაავადების პროფილაქტიკა გაცილებით უფრო ადვილი და ნაკლებხარჯიანია, ხოლო ადრეულ პერიოდში დაავადების გამოვლენა უფრო ეფექტურ მკურნალობასაც უზრუნველყოფს.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები