როგორ შევინარჩუნოთ თვალისჩინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ თვალისჩინი

მხედველობის ორგანოს დღეს ნამდვილად სჭირდება განსაკუთრებული გაფრთხილება და მოვლა. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი, ტექნოლოგიების განვითარება, დაბინძურებული გარემო, მზის მომატებული აქტივობა, არაჯანსაღი კვება, სტრესი, მავნე ჩვევები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც თვალებს ვნებს. როდესაც ბევრ დროს ატარებთ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, თვალის ყველა სისტემა უდიდეს დატვირთვას განიცდის. თუ ასეთი რეჟიმი ყოველდღიურია, ვითარდება კომპიუტერული მხედველობითი სინდრომი და მშრალი თვალის სინდრომი.

- შესაძლებელია თუ არა, ექიმთან მისვლამდე თავად ვიეჭვოთ ამ სინდრომების არსებობა?

- შემოგთავაზებთ ტესტს ამ მდგომარეობათა გამოსავლენად.

კომპიუტერული მხედველობითი სინდრომის ტესტი (ოფთომეტრისტების ამერიკული ასოციაცია)

თუ ბევრ დროს ატარებთ მონიტორთან და უჩივით ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთს ან ორს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაქვთ კომპიუტერული მხედველობითი სინდრომი:

  • ქვიშის შეგრძნება თვალებში;
  • თვალების გაწითლება;
  • სინათლის მიმართ ზემგრძნობელობა;
  • ცრემლდენა;
  • მხედველობის გაორება;
  • თავის ტკივილი;
  • თვალების სიმშრალე;
  • თვალების წვა;
  • თვალების დაძაბულობა;
  • ტკივილი თვალბუდისა და შუბლის არეში;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • შენელებული ფოკუსირება საგნიდან საგანზე მზერის გადატანის დროს;
  • მხედველობითი დაღლილობა.

- როგორ მოვიქცეთ ამ პრობლემის დასაძლევად?

- ამისთვის უნდა დაიცვათ კომპიუტერთან მუშაობის წესები:

  • მონიტორის ეკრანი თვალიდან მინიმუმ 0,5 მ-ით უნდა იყოს დაშორებული; ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული; ეკრანზე არ უნდა ხვდებოდეს ჩრდილები; სავარძელი უნდა იყოს ღრმა და მოხერხებული.
  • მუშაობის პროცესში საათში ერთხელ ორი წუთით უნდა შეისვენოთ.
  • სასარგებლოა თვალის დამატებითი დანამვა. ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური თვალის წვეთები, რომლებიც თვალს გამოშრობისგან იცავს - დროფსტარი, ოქსიალი და სხვა. სასარგებლოა თვალის მარტივი ვარჯიშებიც:
  • 30 წამის განმავლობაში ჩქარ-ჩქარა ახამხამეთ თვალები, შემდეგ 30 წამით შეაჩერეთ მზერა რაიმე წინ მდებარე ობიექტზე. გაიმეორეთ 3-ჯერ.
  • დახუჭეთ თვალები და ამოძრავეთ მარცხნივ-ზემოთ-მარჯვნივ-ქვემოთ. გაიმეორეთ 4-ჯერ.
  • დახუჭეთ თვალები და ამოძრავეთ ზემოთ-ქვემოთ. გაიმეორეთ 8-ჯერ.
  • რამდენიმე წამით მაგრად დახუჭეთ თვალები და შემდეგ მკვეთრად დააჭყიტეთ. გაიმეორეთ 5-ჯერ.

თვალის დაღლილობას კარგად ხსნის თვალის კომპრესი. მაგალითად, დაჭერით თხლად უმი კარტოფილი ან კიტრი და დაიწყვეთ დახუჭულ თვალებზე. მოეშვით. 5 წუთის შემდეგ მოიცილეთ, ამგვარად შეიძლება მაგარი ჩაის კომპრესის გაკეთებაც. სამსახურში შეიძლება თვალებზე გრილი წყლის შესხმა. ტელევიზორის ყურების დროს მანძილი ეკრანამდე ისეთი უნდა იყოს, რომ გამოსახულებას კარგად ხედავდეთ. უნდა იჯდეთ ეკრანის პირდაპირ. არ შეიძლება ტელევიზორის ყურება სიბნელეში. ხშირად ახამხამეთ თვალები და ღრმად ისუნთქეთ. თვალები დროდადრო დახუჭეთ. შეიძლება თვალის ვარჯიშების შესრულებაც. არ არის რეკომენდებული ტელევიზორის ყურება 1,5-2 საათზე მეტხანს. უაღრესად მავნებელია თვალისთვის თამბაქოს მოწევა. თამბაქოს კვამლში, გარდა ნიკოტინისა, აღმოჩენილია 5 ათასამდე მავნე ნივთიერება. მწეველებს შორის 2,5-3-ჯერ მეტია თვალის სისხლძარღვოვანი და ბადურა გარსების დაზიანება, ყვითელი ხალის დეგენერაცია, მხედველობის ნერვის სისხლით მომარაგების დარღვევა, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს სრული სიბრმავე. გარდა ამისა, კვამლის ტოქსიკური კომპონენტები იწვევს კონიუნქტივის - თვალის ლორწოვანი გარსის - ქრონიკულ ანთებას, ალერგიას, თვალის სიმშრალეს და ასე შემდეგ. თვალს სჭირდება ჟანგბადი, ამიტომ სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა, ოთახის ხშირი განიავება.

- კვების თაობაზე რას გვირჩევდით?

- თვალისთვის ჯანსაღ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თვალის ფუნქციების შესანარჩუნებლად რაციონი უნდა შეიცავდეს A, E, B და C ვიტამინებს. A ვიტამინი (ასევე - პროვიტამინი ა, ანუ ბეტა კაროტინი) დიდი რაოდენობით არის მოცვში. სეზონზე 10 ჭიქა მაინც უნდა მიირთვათ. მოცვი ინარჩუნებს უნიკალურ თვისებებს, თუ შეინახავთ საზამთროდ გახეხილ შაქართან ერთად პროპორციით 1:2. არსებობს აგრეთვე მოცვის შემცველი სამედიცინო პრეპარატები, რომლებიც შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ – ჩერნიკა-მიკი, ტერა პლანტი მოცვი, სინტე და სხვა. A ვიტამინს შეიცავს აგრეთვე სტაფილო, გარგარი, გოგრა, პომიდორი, ნესვი, რძის პროდუქტები, თევზი, ღვიძლი. B ვიტამინს შეიცავს ბოსტნეული, სოკო, მაწონი. ჩ ვიტამინი ბევრია ასკილში, მწვანე ბოსტნეულში, ციტრუსებში. თვალისთვის სასარგებლოა აგრეთვე მწვანე ჩაი. ვიტამინების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ მხედველობის ხარისხზე, არამედ თვალის დამცავ აპარატზეც. მაგალითად, A ვიტამინის ნაკლებობის დროს ხშირია ქუთუთოების შეშუპება, სილურჯე ქვედა ქუთუთოზე.


- რაკი ქუთუთოები ახსენეთ, იქნებ მათ მოვლაზეც გვესაუბროთ...

- ორგანიზმის დაბერების ბუნებრივი პროცესი, მავნე ჩვევები, გადაღლილობა განსაკუთრებით აისახება ქუთუთოების მდგომარეობაზე, ვინაიდან ქუთუთოების კანი 4-ჯერ თხელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებისა, ნაზია, ელასტიკური, კანქვეშა ცხიმოვანი გარსი ფაშარი ქსოვილისაგან შედგება, ამიტომ ადვილად იკავებს სითხეს, რაც იწვევს ქუთუთოების შეშუპებას (ამიტომ არ მიიღოთ ბევრი სითხე საღამოს საათებში). გარდა ამისა, ქუთუთოების კანი არ შეიცავს ცხიმოვან ჯირკვლებს. ამ თვისებებიდან გამომდინარე ქუთუთოების კანი ადვილად ნაოჭდება და ყოველდღიურ ფაქიზ მოვლას მოითხოვს. საღამოს აუცილებელია მაკიაჟის მოცილება. იხმარეთ ქუთუთოებისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები. მკვებავი მალამო უნდა იყოს ზომიერად ცხიმიანი, არ უნდა იყოს წებოვანი, არ უნდა შეიცავდეს ალერგენებს და არომატულ ნივთიერებებს. მალამოს წასმა თვალის ირგვლივ უმჯობესია დილის საათებში. უნდა წაისვათ მსუბუქი მოძრაობებით თვალის გარეთა კუთხიდან ცხვირისკენ ქვედა ქუთუთოზე და ცხვირიდან გარეთა კუთხისკენ ზედაზე. 10 წუთის შემდეგ მალამო საშრობისებური მოძრაობით მოიცილეთ. ნაოჭების ადრეულ გაჩენას ხელს უწყობს არაკორეგირებული რეფრაქცია (ახლომხედველობა "-" ან შორსმხედველობა "+"), რადგან საგნის კარგად დასანახავად ადამიანს უწევს თვალების ჭუტვა. სასარგებლოა ქუთუთოებისთვის მასაჟი, კომპრესები, თვალის ვარჯიშები. 40 წლის შემდეგ დაავადებების პრევენციისთვის რეკომენდებულია, წელიწადში ერთხელ გაესინჯოთ ოფთალმოლოგს.

- რა იწვევს პრესბიოპიას და როგორ შეიძლება მისი პრევენცია?

- თუ შეამჩნევთ, რომ ახლო მანძილზე ცუდად ხედავთ, მაგალითად, გიჭირთ მანიკიურის გაკეთება, ტექსტის წაკითხვა, მალე იღლებით კითხვის დროს, უკეთესად ხედავთ, როცა ტექსტს შორს გასწევთ, მიმართეთ ექიმს - ეს პრესბიოპიის სიმპტომებია. ასაკთან ერთად ბროლი კარგავს ელასტიკურობას, იცვლება მისი გეომეტრიული ფორმა, რის გამოც ირღვევა შორიახლო მდებარე ობიექტების ფოკუსირება. ასეთი მდგომარეობა ფიზიოლოგიურია და საჭიროებს ახლო მანძილზე (30-40 სმ-ზე) მუშაობისთვის "+" სათვალის ხმარებას.Eეს პროცესი გრძელდება 65-70 წლამდე. შესაბამისად იმატებს "+"-ის მაჩვენებელი. სათვალე ექიმმა უნდა შეარჩიოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სათვალის თვითნებურად შეძენა - შესაძლოა, თითოეულ თვალს სხვადასხვა ნომერი ჰქონდეს. გათვალისწინებული უნდა იქნეს გუგებს შორის მანძილი. ამ პარამეტრებს ინდივიდუალურად შეგირჩევთ ოფთალმოლოგი.

- რისი ბრალია კატარაქტა და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

- ბროლი თვალში მდებარე ბუნებრივი ლინზაა, რომელიც ნორმაში სრულიად გამჭვირვალეა. მისი ფუნქციაა, ასახოს ბადურაზე შორიახლო მდებარე საგნების გამოსახულება. დაახლოებით 40 წლამდე ბროლი ინარჩუნებს გამჭვირვალობას, შემდეგ კი ზოგ შემთხვევაში მიზეზთა გამო ხდება მისი შემღვრევა. ამ მდგომარეობას კატარაქტა ეწოდება. ბროლის შემღვრევის გამო საგანი არ აისახება ბადურაზე და მხედველობა იკლებს. კატარაქტის რამდენიმე სახეობა არსებობს. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ასაკობრივი კატარაქტა. კატარაქტის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს თავისუფალ რადიკალთა გათავისუფლება, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას ბროლში. ყველა თეორია კატარაქტის განვითარების მექანიზმის შესახებ ჰიპოთეტურია, მაგრამ კარგად არის ცნობილი ის გარემოებები, რომლებიც იწვევენ და აჩქარებენ კატარაქტის განვითარებას: თამბაქოს წევა, ჰორმონებით მკურნალობა, შაქრიანი დიაბეტი, ტრავმა, ანთებითი დაავადებები, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება. ვიტამინების ნაკლებობა და სხვა. კატარაქტა განვითარების დაწყებით სტადიებში თვალის მიოპიზაციას იწვევს, ანუ ვითარდება მინუსი, რომელიც აბათილებს ასაკობრივ პლუსს. პაციენტები აღნიშნავენ ხოლმე, რომ საკითხავი სათვალე აღარ სჭირდებათ. გარდა ამისა, კატარაქტას ახასიათებს შუქის სიმკვეთრის აღქმის დაქვეითება, გაორება განათებული საგნის ყურებისას (ორი მთვარე), მხედველობის დაბინდვა და სხვა. ბროლის გამჭვირვალობის აღსადგენი წამალი არ არსებობს, მაგრამ არსებობს უამრავი სახის ვიტამინოვანი წვეთები, რომლებსაც იყენებენ კატარაქტის განვითარების შესაჩერებლად. ბუნებრივი ვიტამინოვანი წვეთები სახლის პირობებშიც შეგიძლიათ დაამზადოთ: აიღეთ ნატურალური თაფლი, განაზავეთ გადადუღებული წყლით პროპორციით 1:3. გამოიყენეთ თითო წვეთი დღეში 3-ჯერ 3 კვირის განმავლობაში. 2-თვიანი შესვენების შემდეგ შეიძლება კურსის გამეორება. თაფლი უნდა იყოს აუცილებლად ნატურალური, მაისის, ღია ფერის.Aამ წვეთების გამოყენება არ შეიძლება მათთვის, ვისაც თაფლზე ალერგია აქვს.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ბადურას პათოლოგია?

- ბადურას პათოლოგიამ შეიძლება თავი იჩინოს სხვადასხვა ზოგადი და სისტემური დაავადებების დროს. ასეთებია,  მაგალითად, ჰიპერტონიული დაავადება,  შაქრიანი დიაბეტი, თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, თვალის და ქალა-ტვინის ტრავმები. ბადურა ზიანდება ზოგიერთი ინფექციური დაავადების დროსაც (გრიპი და სხვა). რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

  • საშუალო და მაღალი ახლომხედველობის მქონე პირები;
  • ორსულები;
  • ადამიანები, რომლებსაც 10 წელზე მეტია აქვთ შაქრიანი დიაბეტი.

ყველაზე გავრცელებული პათოლოგიები, რომლებიც საფუძვლად უდევს მხედველობის დაქვეითებას, არის:

  • მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია;
  • ბადურას რევმატოგენული ჩამოცლა.

მხედველობის დაქვეითების მიზეზი 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში არის მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია. მაკულა (ყვითელი ხალი) ბადურას ცენტრალური ნაწილია, სადაც ყველაზე მაღალია მხედველობის სიმახვილე. თავდაპირველად პაციენტი აღნიშნავს ფორმული მხედველობის გაუარესებას, კითხვის გაძნელებას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას. მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის რისკფაქტორებია:

  • ასაკი (50 წელი და ზემოთ);
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ათეროსკლეროზი,  ჰიპერტონიული დაავადება);
  • გენეტიკური მიდრეკილება;
  • მდედრობითი სქესი.

ბადურას ნახეთქები ჩნდება ბადურას პერეფერიაზე და ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ ეს პათოლოგია საშიშია, რადგან უმნიშვნელო დაძაბვის შემთხვევაშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ ტრავმაზე, მშობიარობაზე, შეიძლება ბადურას ჩამოცლით გართულდეს. არსებობს მდგომარეობები, როდესაც პაციენტებს ბადურას ჩამოცლის მაღალი რისკი ემუქრებათ. ესენია:

  • საშუალო და მაღალი ახლომხედველობა;
  • თვალის ტრავმა;
  • თვალშიგა გარსების ანთებით მიმდინარე პროცესები;
  • გენეტიკური განწყობა.

ამ ჯგუფში მყოფმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ოფთალმოლოგს, თვალის ფსკერის პერეფერია უნდა დათვალიერდეს სპეციალური ლინზების გამოყენებით. ყოველ 6 თვეში უნდა ჩატარდეს განმეორებითი გამოკვლევა.


- რას გულისხმობს ბადურას ჩამოცლის პრევენცია?

- ბადურას ჩამოცლის პრევენციაა პერიფერიული ნახეთქების და დისტროფიული კერების ლაზერკოაგულაცია. ეს პროცედურა სწრაფად და უმტკივნეულოდ ტარდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ორსულებში და არის საწინდარი იმისა, რომ იმ დაზიანებული ადგილებიდან, რომლებიც ლაზერკოაგულაციით იქნა გამაგრებული, ბადურას ჩამოცლა აღარ მოხდება. თუ ადამიანი ამჩნევს თვალწინ შავი წერტილების გაჩენას  პერიოდულ გაელვებას, თვალწინ შუქის ციმციმს, „ფარდის“ ჩამოფარებას, მხედველობის დაქვეითებას და მხედველობის ველის ამოვარდნას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს. ბადურას ჩამოცლის ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მხედველობის ფუნქციის შესანარჩუნებლად.

- თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა გლაუკომა. რა იწვევს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან?

- გლაუკომა შეუქცევადი და ვერაგი დაავადებაა. დაწყებით სტადიებში (განსაკუთრებით - ღიაკუთხოვანი ფორმა) სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხედველობის ველის შევიწროებას, მხედველობის დაქვეითებას ან დაკარგვას ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ. დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს ადამიანმა შესაძლოა შეამჩნიოს ცისარტყელასებური რკალი შუქის ყურებისას ან მხედველობის პერიოდული დაბინდვა. 40 წელს გადაცილებულებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევა ოფთალმოლოგთან, გაისინჯონ თვალშიგა წნევა (თშწ) (ნორმა 18-22, განსაზღვრა მაკლაკოვის მეთოდით) და შეიმოწმონ მხედველობის ველი. გლაუკომის რისკფაქტორებია:

  • გენეტიკური მიდრეკილება (გლაუკომა უახლოეს ნათესავებში);
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ახლომხედველობა;
  • ასაკი 40 წლიდან.

- ზაფხულში ძალზე აქტუალურია მზის გამოსხივება. როგორ დავიცვათ თვალი მზის სხივებისგან?

- ყველამ უნდა იცოდეს, რომ დამცავი საშუალებების გარეშე მზეზე დიდხანს ყოფნა მავნებელია მთელი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი თვალისთვის. მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას თვალის ქსოვილების დაზიანება შეუძლია. ხანგრძლივი ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს თვალის ლორწოვან გარსს და აჩენს ფტერიგიუმს (ფრთისებრ აპკს). ხშირია მზის ალერგიული კონიუნქტივიტიც. მზემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის მწვავე დამწვრობა, განსაკუთრებით - მაღალ მთაში. ის ვლინდება თვალის ტკივილითა და ძლიერი ცრემლდენით. გარდა ზედაპირული გარსების დაზიანებისა, ულტრაიისფერი გამოსხივება აღწევს თვალის ღრმა შრეებშიც და თვალის ისეთი დაავადებების მიზეზად გვევლინება, როგორებიც არის კატარაქტა და ბადურას ცენტრალური დისტროფია. დამტკიცებულია, რომ UV გამოსხივება არის მიზეზი კანის ონკოლოგიური დაავადებისა, რომელიც ქუთუთოს კანზეც შეიძლება განვითარდეს. გაითვალისწინეთ, რომ ქუთუთოს კანი ძალზე თხელი და ნაზია და მზე მის ადრეულ დანაოჭებას იწვევს. ამრიგად, იოლი მისახვედრია, რატომ არის აუცილებელი თვალების მზისგან დაცვა. დღეს ძნელად თუ ნახავთ ადამიანს, რომელსაც მზის სათვალე არ უხმარია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომელი სათვალის ტარება ჯობს. სათვალეს ჩვენ უმთავრესად ორი კრიტერიუმით ვაფასებთ: გვიხდება თუ არა და რა თანხის გადახდა მოგვიწევს. გაითვალისწინეთ, მზის სათვალე მარტო მოდური ნივთი არ არის; მისი ტარება აუცილებელია წელიწადის ყოველ დროს. სათვალის შეძენისას უნდა გახსოვდეთ, რომ ხარისხიან და უხარისხო ლინზებს შორის განსხვავება დიდია. იაფფასიანი მზის სათვალე მხოლოდ და მხოლოდ მკვეთრი მზის შუქისგან გვიცავს. მისი ლინზები ხშირად მუქი ფერის უხარისხო პლასტიკისაგან არის დამზადებული. მუქი ლინზის ქვეშ თვალის გუგა რეფლექტორულად ფართოვდება და თუ სათვალეს არ აქვს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი ფენა, თვალის ღრმა შრეებში ამ მავნე გამოსხივების უფრო ინტენსიური ნაკადი ხვდება. ასე რომ, უხარისხო სათვალე თვალისთვის მავნებელია. სათვალის ლინზები უმთავრესად სამი მასალისგან მზადდება: მინერალური მინისგან, ორგანული მინისა (პლასტიკი) და ლამინატური მინისგან. პირველი და მეორე ტიპის სათვალეებში თავმოყრილია ლინზების საუკეთესო თვისებების კომბინაცია. გავრცელებული აზრი, რომ მინის სათვალე სჯობს პლასტიკურს, მცდარია; თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული სათვალის პლასტიკური ლინზები, გარდა იმისა, რომ აქვს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მექანიზმი, ბევრად უფრო მოხერხებულია, მსუბუქია, ნაკლებად მსხვრევადი. მაგრამ თუ სათვალის ხარისხში დარწმუნებული არ ხართ, გირჩევთ, მინის სათვალეზე შეაჩეროთ არჩევანი. ნებისმიერი მინერალური მინა, ფანჯრისაც კი, თვალს ასე თუ ისე იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა ლინზის ფერს?

- სათვალის ლინზები უმეტესად რუხი ან მწვანეა. ეს თვალისთვის ყველაზე სასარგებლო ფერებია. ცისფერი ან ლურჯი სათვალე შეიძლება ატაროთ როგორც აქსესუარი სუსტი, ნაკლებად მკვეთრი განათების დროს. დაბალი ფილტრაციული შესაძლებლობები აქვს აგრეთვე ყვითელ ლინზებს. სამაგიეროდ, ისინი გამოსახულებას კონტრასტულობას მატებს, ამიტომ შეგიძლიათ ატაროთ ნისლიან დღეებში, შებინდებისას, ნადირობისას, ღია ცის ქვეშ სპორტული ასპარეზობისას. რეკომენდებულია აგრეთვე იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სუსტი მხედველობა ან ბადურას ზოგიერთი დაავადება. სათვალის იარლიყზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მწარმოებელი ქვეყანა, სათვალის ნომერი და ეწეროს ქვემოთ ჩამოთვლილი აბრევიატურა:

  • CE – შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს
  • UV95% - სათვალის ლინზა შთანთქავს ულტრაიისფერი გამოსხივების 95%-ს (ზოგადი მოხმარების მზის სათვალის საერთაშორისო სტანდარტი)
  • UV400 - სათვალის ლინზა იცავს თვალს გამოსხივებისგან, რომლის სხივის სიგრძე 400 ნანომეტრზე მოკლეა (ასეთია ულტრაიისფერი გამოსხივებაც) და ეს წარწერა 100%-იანი დაცვის გარანტია.

მზის სათვალე უნდა შეიძინოთ ოპტიკურ სალონებში, ხარისხიან სათვალეს აუცილებლად მოჰყვება ხარისხის სერტიფიკატი ან პასპორტი. თუ სათვალეს აწერია "გამოშვებულია აშშ-ში, კანადაში ან დიდ ბრიტანეთში", ის, სავარაუდოდ, უხარისხო იქნება - მთელ მსოფლიოში სათვალეებს აწარმოებენ მხოლოდ იტალია, საფრანგეთი, ავსტრია და გერმანია. გაითვალისწინეთ, რომ არც ეს რეკომენდაციებია აბსოლუტური; მთავარია, თქვენ მიერ შერჩეული სათვალე ნამდვილად იცავდეს თვალს და არა უბრალოდ "ამუქებდეს" სამყაროს - ის ხომ ასეთი მშვენიერია!