შაქრიანი დიაბეტის ოფთალმოლოგიური გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტის ოფთალმოლოგიური გართულებები

  • დიაბეტურ რეტინოპათიას ანუ ბადურას სისხლძარღვთა დაზიანებას;
  • კატარაქტას - ის დიაბეტიან პაციენტებს უფრო ადრე ემართებათ;
  • გლაუკომას - დიაბეტის დროს გლაუკომის რისკი 2-ჯერ უფრო მაღალია.

განასხვავებენ დიაბეტური რეტინოპათიის ორ სტადიას - არაპროლიფერაციულს და პროლიფერაციულს. არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია, ჩვეულებრივ, გვხვდება დაავადების პირველი ათწლეულის ბოლოს ან მეორე ათწლეულის ადრეულ სტადიაში. მას ახასიათებს ბადურას სისხლძარღვთა მიკროანევრიზმების არსებობა, სისხლჩაქცევები, ბამბისებრი ლაქები. საშუალო სიმძიმის არაპროლიფერაციული რეტინოპათია პროგრესირებს უფრო მეტად გამოხატულ დაავადებამდე, რომელსაც თან ახლავს ვენური სისხლძარღვების ყალიბის ცვლილება, ინტერსტიციული მიკროსისხლძარღვოვანი დარღვევები, უფრო მეტი მიკროანევრიზმა და სისხლჩაქცევა. პათოფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც განაპირობებს არაპროლიფერაციულ რეტინოპათიას, ასეთია: ბადურას პერიციტების კარგვა, ბადურას სისხლძარღვთა შეღწევადობის ზრდა, ბადურას სისხლის ნაკადის დაზიანება, ბადურას მიკროსისხლძარღვთა არანორმალური მდგომარეობა. ეს ყოველივე იწვევს ბადურას იშემიას - სისხლმომარაგების უკმარისობას. იშემიისა და ჰიპოქსიის საპასუხოდ ვითარდება ახალი სისხლძარღვები, რაც უკვე პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომია. ახალწარმოქმნილი სისხლძარღვები მდებარეობს მხედველობის ნერვის ან ყვითელი ხალის ახლოს და ადვილად ზიანდება, სკდება, რასაც მოჰყვება სისხლჩაქცევა, ფიბროზი და საბოლოოდ - ბადურას აშრევება. პროლიფერაციული რეტინოპათია არ ემართება ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს არაპროლიფერაციული რეტინოპათია, თუმცა რაც უფრო მძიმეა არაპროლიფერაციული რეტინოპათია, მით უფრო დიდია 5 წლის განმავლობაში პროლიფერაციული რეტინოპათიის ჩამოყალიბების რისკი. ეს ფაქტი ხაზს უსვამს დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის მნიშვნელობას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ყვითელი ხალის შეშუპება ჯერ კიდევ არაპროლიფერაციული რეტინოპათიის დროს გვხვდება. მას ავლენს ანგიოგრაფია ფლუორესცენციით. ყვითელი ხალის შეშუპებისას დაახლოებით მომდევნო 3 წლის განმავლობაში მხედველობის საშუალო ხარისხით დაქვეითების შანსი 25 %-ია. ხანგრძლივი დიაბეტი ან გლიკემიის ანუ სისხლში გლუკოზის შემცველობის არასათანადო კონტროლი არის დიაბეტური რეტინოპათიის აღმოცენების უმთავრესი წინაპირობა. მნიშვნელოვანი რისკფაქტორია არტერიული ჰიპერტენზიაც. არაპროლიფერაციული რეტინოპათია აღენიშნება თითქმის ყველას, ვისაც 20 წელზე მეტი ხანგრძლივობის დიაბეტი აქვს. I ტიპის დიაბეტის დროს დაავადების ასეთი ხანგრძლივობის შემთხვევაში ამ სახის რეტინოპათიის სიხშირე 5 წლის განმავლობაში 25%-ია, ხოლო 15 წლის განმავლობაში - 80%. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გენეტიკური განწყობა რეტინოპათიის მიმართ, ის ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივობასთან ან გლიკემიის კონტროლის ხარისხთან შედარებით.


დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომები

ადრეულ სტადიაში დაავადება უმეტესად არ ვლინდება, მაგრამ პაციენტი არ უნდა ელოდოს სიმპტომებს - შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში მათი არარსებობის დროსაც აუცილებელია ყოველწლიური ვიზიტი ოფთალმოლოგთან და თვალის სრულყოფილი კვლევა. მაკულის შეშუპებისას პაციენტები აღნიშნავენ ბუნდოვან მხედველობას. პროლიფერაციული რეტინოპათიის ან ბადურაში სისხლჩაქცევის დროს პაციენტები მხედველობის ველში ხედავენ მფრინავ ლაქებს. მათი შემჩნევისას აუცილებელია თვალის ექიმთან მისვლა - შესაძლოა, მკურნალობით გაცილებით სერიოზული გართულებები ავიცილოთ თავიდან. ზოგჯერ ასეთი ლაქები მკურნალობის გარეშეც ქრება და ადამიანი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არ არის გამორიცხული სისხლჩაქცევის გამეორება და მხედველობის მნიშვნელოვანი გაუარესება. გახსოვდეთ, პროლიფერაციული რეტინოპათიის მიშვებულ შემთხვევებში მოსალოდნელია მხედველობის მნიშვნელოვანი კარგვა და სიბრმავეც კი. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო დიდია ალბათობა, ის შედეგიანი აღმოჩნდეს.

როგორ აღმოაჩენენ დიაბეტურ რეტინოპათიასა და მაკულის შეშუპებას

დიაბეტურ რეტინოპათიასა და მაკულის შეშუპებას ავლენს თვალის ექიმი პაციენტის სრულყოფილი გამოკვლევისას. ამ დროს ხდება:

  • მხედველობის შემოწმება;
  • გუგის გაფართოება სპეციალური პრეპარატის ჩაწვეთებით და თვალის ფსკერის დათვალიერება;
  • ტონომეტრია - თვალის წნევის გაზომვა.

დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა

დიაბეტური რეტინოპთიის საუკეთესო მკურნალობა პრევენციაა. სისხლში შაქრის შემცველობისა და არტერიული წნევის ინტენსიური კონტროლი იწვევს დიაბეტური რეტინოპათიის გადავადებას ან მისი პროგრესირების შეფერხებას როგორც I, ასევე II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში. პარადოქსია, მაგრამ ცნობილია, რომ შაქრის შემცველობის ნორმალიზაციის პირველი 6-12 თვის განმავლობაში დიაბეტური რეტინოპათიის მიმდინარეობა შესაძლოა გაუარესდეს. საბედნიეროდ, ეს პროგრესირება დროებითია; შაქრის შემცველობის ხანგრძლივ ნორმალიზაციას თან ახლავს ნაკლებად გამოხატული დიაბეტური რეტინოპათია. ის, ვისაც დადგენილი აქვს რეტინოპათია, პროფილაქტიკური ფოტოკოაგულაციის კანდიდატია. როდესაც სახეზეა კარგად ჩამოყალიბებული რეტინოპათიის სურათი, შაქრის შემცველობის კონტროლი ნაკლებად ეფექტური ღონისძიებაა. ამასთან ერთად აუცილებელია სათანადო ოფთალმოლოგიური მკურნალობა მხედველობის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის აუცილებელია თვალის რეგულარული, სრულყოფილი გამოკვლევა. მიუხედავად დიაბეტის დროს სერიოზული ოფთალმოლოგიური პრობლემებისა, ცნობილია, რომ თვალის დიაბეტურ დაზიანებათა დიდი ნაწილის მკურნალობა მათი დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში წარმატებით არის შესაძლებელი. ამისთვის აუცილებელია თვალის ექიმთან მისვლა. მხედველობის შესანარჩუნებლად ძალზე წარმატებულია ლაზერული ფოტოკოაგულაცია. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადასტურებული ვარჯიშის შემთხვევაში პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიის მიმდინარეობის გაუარესება, ოფთალმოლოგების დიდი ნაწილი პაციენტებს ურჩევს თავი არიდონ ისეთ ფიზიკურ აქტივობას, რომლის დროსაც აუცილებელია სხეულის დაჭიმვა-დაძაბვა. იყო დიაბეტური რეტინოპათიისას ასპირინის გამოყენების მცდელობა, მაგრამ დადგინდა, რომ ეს პრეპარატი დაავადების მიმდინარეობაზე გავლენას არ ახდენს. სხვა ანტიაგრეგანტების როლი შესწავლის პროცესშია.

როგორ ავიცილოთ თავიდან თვალის დაზიანება დიაბეტის დროს?

დიაბეტის დროს თვალის დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

  • სისხლში გლუკოზის (შაქრის) შემცველობის კონტროლი. მაღალი გლუკოზა ზრდის თვალის დაზიანების რისკს.
  • არტერიული წნევის კონტროლი, მომატებისას მისი მკურნალობა, სასურველია წნევა არ აღემატებოდეს 130/80-ს.
  • თამბაქოსთვის თავის დანებება.
  • ძლიერი ფიზიკური დატვირთვის (სიმძიმეების აწევა, ფეხბურთი) თავიდან აცილება.