როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს

გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუხვევა და სისუსტე ხშირად თვალების ჭარბი დატვირთვის შედეგია, ამიტომაც კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ და ვეცადოთ დავიცვათ ოფთალმოლოგთა რჩევა: მაქსიმალურად ვარიდოთ თავი სტრესს, მით უფრო, თუ გლაუკომის, კატარაქტის ან თვალის ბადურას დისტროფიის დიაგნოზი დაგვისვეს.

თვალების ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი დიეტა

თავდაპირველად უნდა დაიხსომოთ ერთი მარტივი წესი: თუ დიეტა ბალანსირებულია, საჭმლის მონელებისა და სისხლის მიმოქცევის პროცესები მოწესრიგებულია, მაშინ ორგანიზმი უპრობლემოდ ამარაგებს თვალებს ყველა საჭირო ვიტამინითა და მიკროელემენტით. თვალების ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი დიეტა - ეს არის მთელი ორგანიზმისთვის განკუთვნილი და სასარგებლო დიეტა და პირიქით. ქვემოთ შევეხებით რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსს, რომლებიც განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს თვალების ჯანმრთელობაზე. თვალების ჯანმრთელობას აუარესებს A ვიტამინის მუდმივი უკმარისობა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემას მხოლოდ სტაფილოს ტონობით მიღება აღმოფხვრის. კარგი იქნება, თუ სტაფილოს თქვენს ყოველდღიურ რაციონში სათანადო ადგილს დაუთმობთ. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ბეტა-კაროტინის (პროვიტამინ A-ს) შეწოვა-ათვისება მხოლოდ ცხიმის თანხლებით ხდება, ამიტომაც, სტაფილოს წვენი იქნება ეს თუ ბოსტნეულის სალათა, აუცილებლად ზეთმოსხმული მიირთვით. ნატუროპათები თვალების სიჯანსაღისთვის კალციუმით მდიდარი ნიახურისა და ოხრახუშის მიღებასაც გვირჩევენ. მოგეხსენებათ, კალციუმი სხვა მხრივაც მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია ორგანიზმისთვის. მათივე მტკიცებით, მხედველობისა და, საზოგადოდ, თვალებისთვის სასარგებლოა აგრეთვე მწვანე ხახვი, გოგრა, ფორთოხალი, კიტრი და საზამთრო. თვალებისა და მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის გირჩევთ, ყოველდღე მიირთვათ ერთი ჭიქა წყალში გარეული ერთი სადილის კოვზი სუფთა ვაშლის ძმარი და თაფლი. თვალებისთვის სასარგებლო პროდუქტების ნუსხაში აგრეთვე შედის:

  • წითელი და შავი მოცვის წვენი;
  • ოხრახუშის ფოთლებისა და ფესვის ნახარში;
  • ჟოლოსა და მისი ფოთლების ნახარში;
  • გარგარი და მისი წვენი;
  • კორდისკბილა.

ჩამოთვლილი პროდუქტები როგორც საკვების, ასევე საფენების სახით ძალიან უხდება თვალებს, ამახვილებს მხედველობას, აღმოფხვრის წვრილმან დარღვევებს.

განათება და თვალების ჯანმრთელობა

თვალების ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო განათებას. არა მხოლოდ მუშაობა, დასვენებაც კი ასეთი განათების პირობებშია სასურველი. ნორმალურ განათებად მიჩნეულია 20-30 ვატი ოთახის ერთ კვადრატულ მეტრზე, იმისდა მიხედვით, რისთვის არის განკუთვნილი ეს ოთახი. სამზარეულოში ფუსფუსისა და სხვა წვრილმანი სამუშაოს შესრულებისას უმჯობესია, ზედა განათებასთან (იგულისხმება საერთო განათება, კერძოდ, ჭაღი) ერთად უშუალოდ სამუშაო ადგილის გასანათებლად გქონდეთ დამატებით სინათლის წყაროც: ტორშერი, მაგიდის ნათურა, ბრა. საწოლ ოთახში კაშკაშა სინათლე არ არის სასურველი. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ სხვაობას ცალკეული ოთახების განათებას შორის. თუ თქვენი სამუშაო და სხვა ოთახების განათებას შორის დიდი სხვაობაა, თვალები გადაგეღლებათ, რაც მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას გამოიწვევს. იმავე მიზეზით ტელევიზორის ყურება და კომპიუტერთან მუშაობა ბნელ ოთახში სრულიად დაუშვებელია.


თვალებისთვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი

თვალებისთვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი დღეში ორჯერ, 3-5 წუთის განმავლობაში უნდა შეასრულოთ. მოხერხებულად დაბრძანდით, წელში გაიმართეთ, კისერი და მხრები მაქსიმალურად მოადუნეთ.

1. თვალები მაგრად დახუჭეთ და მოეშვით; გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთები. უსიამოვნო განწყობა და დაჭიმული ნერვები ვარჯიშის დროს არ გამოგადგებათ - სათანადოდ ვერ მოდუნდებით და ეფექტიც გაცილებით უარესი იქნება.

2. გაახილეთ თვალები და წრიულად ამოძრავეთ ჯერ საათის ისრის, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით; ორივე მხარეს თანაბარი რაოდენობის მოძრაობა უნდა შეასრულოთ.

3. ინტენსიურად ამოძრავეთ თვალები ჯერ ჰორიზონტალურ (მარჯვნივ-მარცხნივ), შემდეგ კი ვერტიკალურ (ზემოთ-ქვემოთ) ხაზზე.

4. რამდენიმე წამის განმავლობაში სწრაფად ახამხამეთ თვალები.

5. ძლიერად დახუჭეთ თვალები და ფართოდ გაახილეთ.

6. მიმართეთ მზერა მარცხენა ქვედა კუთხისკენ (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეცადეთ შეხედოთ მარცხენა მხარეს) და თვალები ერთ წერტილზე შეაჩერეთ. შემდეგ სამჯერ დაახამხამეთ და მზერა მარჯვენა მხარეს მიმართეთ.

7. ეს ვარჯიშიც წინას ჰგავს, ოღონდ ამჯერად მზერა მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენაზე გადაიტანეთ.

8. დახუჭულ თვალებზე მიიდეთ თბილი ხელისგულები ისე, რომ ხელის თითები შუბლზე გადაიჯვარედინოთ. მოეშვით და შეეცადეთ, ღრმა შავი ფერი „დაინახოთ“, ანუ დაიცადეთ მანამდე, სანამ სიბნელეს არ შეიგრძნობთ. სიბნელეში ბადურას სინათლის შემგრძნებ უჯრედებში მხედველობისთვის მეტად მნიშვნელოვანი როდოფსინი წარმოიქმნება. თვალებისთვის სიბნელის შეგრძნება ყველაზე ძლიერი მოდუნებაა, რაც მათი ფუნქციის აღდგენას უწყობს ხელს.

9. თვალები ასიოდეჯერ სწრაფად და მსუბუქად დაახამხამეთ.

10. მზერა ცხვირის წვერისკენ მიმართეთ. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, საჩვენებელი თითი ცხვირის წვერთან მიიტანეთ და მას შეხედეთ.

11.  მიბრძანდით ფანჯარასთან, აირჩიეთ რომელიმე შედარებით ახლომდებარე წერტილი, მაგალითად, თქვენს ფანჯარასთან მდგარი ხე, მისი ფოთოლი ან აივანზე, თქვენი თვალების გასწვრივ მდებარე ნივთი. კარგად დააკვირდით არჩეულ წერტილს და წარმოსახვით გაავლეთ მისი სიღრმისკენ მიმავალი გრძელი ხაზი - მზერა რაც შეიძლება წინ  და შორს მიმართეთ.

ვარჯიშების შესრულება სხვადასხვა თანამიმდევრობითა და სიხშირით შეიძლება. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მოცემული კომპლექსიდან ზოგიერთი ვარჯიში ამოირჩიოთ და  სამუშაო დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეოროთ. ასეთი მიკროკომპლექსი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს.

რა მნიშვნელობა აქვს თვალების ხამხამს

თვალებს წუთში დაახლოებით 20-ჯერ ვახამხამებთ. ამაზე თვალის საცრემლე ჯირკვლები რქოვანას დატენიანებით პასუხობენ. ტელევიზორის ყურების, უფრო მეტად კი კომპიუტერთან მუშაობის დროს ადამიანი იძულებულია, უწყვეტად და დაძაბულად უყუროს ეკრანს. ამის გამო იგი ვერ ამჩნევს, რომ დაახლოებით სამჯერ იშვიათად (ზოგჯერ - უფრო იშვიათადაც კი) ახამხამებს თვალებს, ეს კი თვალების გამოშრობას იწვევს. წვის ან ქვიშის ნამცეცების შეგრძნება თვალებში სწორედ გამოშრობის შედეგია. კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ ალბათ არაერთხელ განგიცდიათ თვალების დახუჭვის დაუოკებელი სურვილიც. თუ კომპიუტერთან დიდხანს გიწევთ მუშაობა და ვერ ახერხებთ თვალების დასვენებას, მათი განტვირთვისათვის მოწოდებული მარტივი ვარჯიშების შესრულებას, მაშინ აფთიაქში სპეციალური დამატენიანებელი წვეთები (ე. წ. ხელოვნური ცრემლი) შეიძინეთ და აუცილებლად გამოიყენეთ. ზოგჯერ ხანგრძლივი მუშაობის ან დაძაბულობის შემდეგ ადამიანს ქვედა ან ზედა ქუთუთო უთრთის. ქუთუთოების თრთოლა, თვალების უნებლიე მოძრაობები შესაძლოა გადაღლა-გადაქანცვის, ძლიერი სტრესული ფონის, გადაჭარბებული ემოციის, ქრონიკული გამოუძინებლობის შედეგი იყოს. თუ ტიკი გახშირდა, ყურადღება მიაქციეთ თქვენი მუშაობისა და დასვენების რეჟიმს. ეცადეთ, ნაკლებად დაძაბოთ თვალები, თავი არიდოთ სტრესულ სიტუაციებს, მეტხანს ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, იძინოთ არანაკლებ 7-8 საათისა. ჩვეულებრივ, ამ მარტივი ღინისძიებებით ტიკი აღმოიფხვრება, მაგრამ თუ ამან ვერ გიშველათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ხუთი რჩევა თვალების ჯანმრთელობისათვის

1) ტექსტთან მუშაობისას, წერა იქნება ეს თუ კითხვა, დაიცავით დისტანცია. თვალებსა და საკითხავ წიგნს შორის მანძილი მოხრილი ხელის სიგრძეს მაინც უნდა უტოლდებოდეს. განათება ინტენსიური უნდა იყოს, თუმცა უშუალოდ თვალებისკენ არ უნდა იყოს მიმართული. არ შეიძლება წერა-კითხვა მწოლიარე მდგომარეობაში - მხედველობის ორგანო ამ დროს განსაკუთრებულად იძაბება.

2) კომპიუტერის ეკრანსა და თვალებს შორის მანძილი 60 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

3) არ არის რეკომენდებული ტელევიზორის ახლო მანძილიდან ყურება. იდეალური დაშორება 6-ჯერ უნდა აღემატებოდეს ტელევიზორის დიაგონალის სიგრძეს. მაგალითად, თუ თქვენი ტელევიზორის დიაგონალი 20 დუიმი ანუ 51 სმ-ია, მას მინიმუმ სამი მეტრის დისტანციიდან უნდა უყუროთ. შუქი, გარდა იმისა, რომ არ უნდა ეცემოდეს ტელევიზორის ეკრანს, არ უნდა აღიზიანებდეს თვალებს.

4) თამბაქო და ალკოჰოლი ვნებს მხედველობას. თამბაქოში შემავალი ნივთიერებები აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს, ძაბავს მხედველობის ნერვს, აქვეითებს მხედველობის სიმახვილეს. ნიკოტინი ხშირად ართულებს ფერთა გარჩევას. მწეველებს თავდაპირველად უჭირთ მწვანე ფერის გარჩევა, შემდგომ - წითელი და ყვითელი ფერებისა, მოგვიანებით კი ცისფერსაც ვეღარ განასხვავებენ.

5) მუდმივად მზის სათვალის ტარებაც არ არის სასურველი. შებინდებისას ან არასაკმარისი განათების პირობებში მზის სათვალის რეგულარული გამოყენება მხედველობის სიმახვილეს ამცირებს.