ბინდბუნდში დანახული სამყარო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბინდბუნდში დანახული სამყარო

- ქალბატონო სოფია, ჩვენი მკითხველი ხშირად გვეკითხება, რა დაავადებაა კატარაქტა და რამდენად არის დღეს ის გავრცელებული.

- სტატისტიკური მონაცემებით, კატარაქტა თვალის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. მას მსოფლიოს ორმოც წელს გადაცილებული მოსახლეობის მესამედი უჩივის. სიტყვა “კატარაქტა” ბერძნულად ჩანჩქერს ნიშნავს, თუმცა დაავადებას ბუნების ამ მოვლენასთან საერთო არაფერი აქვს. ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ კატარაქტის დროს მხედველობის დაქვეითების მიზეზი იყო ბროლსა და თვალის ფერად გარსს შორის შემღვრეული სითხის არსებობა. სინამდვილეში კატარაქტა ბროლის ნივთიერების ან კაფსულის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევაა, მისი გამჭვირვალობის დაკარგვა, რასაც თან სდევს მხედველობის ამა თუ იმ ხარისხის დაქვეითება. ჯანმრთელი ადამიანის ბროლი გამჭვირვალეა, კატარაქტის დროს კი ის მონაცრისფრო, მონაცრისფრო-მოთეთრო ან რძისფერი ხდება.

მცირე ანატომიური ექსკურსი

ადამიანის თვალი თავისი თვისებებით განუმეორებელი ორგანოა. თვალის ოპტიკური სისტემა წარმოდგენილია რქოვანა გარსის, ბროლისა და მინისებრი სხეულისგან. მისი გარდატეხის ძალა შეადგენს დაახლოებით 60,0 დიოპტრიას, საიდანაც მოსვენებისას ბროლზე მოდის დაახლოებით 20,0 დიოპტრია. რქოვანა გარსი თვალის კაკლის წინა, გამჭვირვალე ნაწილია. სინათლის სხივი გაივლის რქოვანა გარსს და ხვდება ბროლში, მერე კი ბადურა გარსზე ფოკუსირდება. ბროლი თვალის ერთ-ერთი უნიკალური წარმონაქმნია. ეს არის ცვლადი სიმრუდის მქონე ორმხრივამოზნექილი გამჭვირვალე სხეული, რომელიც ფერადი გარსის უკან მდებარეობს. იგი ბიოლოგიური ლინზის როლს ასრულებს და ბადურაზე გამოსახულების ფოკუსირებას ახდენს. ბროლი არ შეიცავს ნერვებსა და სისხლძარღვებს. იგი შემოსაზღვრულია კაფსულით, რომელიც შერჩევით უშვებს ბროლში საჭირო საკვებ ნივთიერებებს და შეუძლია ფორმის შეცვლა. ბროლი ძირითადად წყლისა და პროტეინებისგან შედგება. პროტეინების დაშლა იწვევს ბროლის შემღვრევას, რაც ამცირებს ბადურასკენ მიმავალი სინათლის სხივების ნაკადს და, შესაბამისად, იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას. რქოვანა გარსის უკან და ბროლის წინ მდებარეობს ფერადი გარსი. იგი შეიცავს წრიულად და რადიალურად განლაგებულ გლუვკუნთოვან ბოჭკოებს (სფინქტერს და დილატატორს), რომელთა შეკუმშვა ცვლის გუგის დიამეტრს (გუგა ფერად გარსში არსებული ხვრელია), რის საშუალებითაც ხდება თვალში შესული სინათლის ნაკადის რეგულირება. მინისებრი სხეული გამჭვირვალე ჟელესმაგვარი მასაა, რომელიც ავსებს თვალის კაკლის ღრუს ბროლის უკან. იგი უზრუნველყოფს სინათლის სხივების თავისუფალ სვლას ბადურამდე. ბადურა თვალის კაკლის შიგნითა გარსია, რომელიც შეიცავს ფოტოსენსორულ უჯრედებს: კოლბებს და ჩხირებს. კოლბების საშუალებით ხდება ფერების აღქმა, ხოლო ჩხირები ღამის მხედველობის რეცეპტორებია. ყვითელი ხალი (ანუ მაკულა) ბადურას ყველაზე მგრძნობიარე უბანია. იგი გამოირჩევა მხედველობის მაღალი სიმახვილით. მხედველობის ნერვის დვრილი ლოკალიზებულია თვალის ფსკერზე. ის მხედველობის ნერვის დასაწყისია. მისი საშუალებით ხდება კოლბებით და ჩხირებით მიღებული ინფორმაციის გადაცემა თავის ტვინში. მხედველობის ნერვის დვრილი ცნობილია აგრეთვე "ბრმა ხალის” სახელწოდებით.

- რა იწვევს ბროლის შემღვრევას და დაავადების რა ფორმები არსებობს?

- კატარაქტის მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. უცნობია ისიც, რატომ ზიანდება ერთი თვალი მეორეზე მეტად. კატარაქტის მიზეზად ბევრი რამ შეიძლება ჩაითვალოს. კერძოდ, იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ამა თუ იმ დაავადებასთან. არსებობს კატარაქტის თანდაყოლილი და შეძენილი, პროგრესირებადი და არაპროგრესირებადი ფორმები. თანდაყოლილი კატარაქტა, ჩვეულებრივ, არ პროგრესირებს. კატარაქტის თანდაყოლილი ფორმა 10 000-დან ერთ ახალშობილთან გვხვდება. მას დაავადება შეიძლება მემკვიდრეობით ერგოს ან განუვითარდეს ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური თუ ანთებითი დაავადებების გამო, ასევე მაშინაც, თუ დედა ორსულობისას მოიხმარდა სტეროიდულ ჰორმონებს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. რაც შეეხება შეძენილ კატარაქტას, მიზეზთა მიხედვით შეიძლება გამოიყოს მისი შემდეგი ფორმები:

  • ასაკობრივი (მოხუცებულთა);
  • ტრავმული - გამოწვეული როგორც კონტუზიით, ისე თვალის კაკლის პირდაპირი დაზიანებით;
  • გართულებული - განვითარებული თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთების, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური გადაგვარებისა და თვალის ზოგიერთი დაავადების შედეგად;
  • სხივური - სხივური ენერგიით (ინფრაწითელი, რენტგენისა და რადიაციული გამოსხივებით) ბროლის დაზიანების შედეგი (ეს, ძირითადად, პროფესიული დაავადებაა);
  • ტოქსიკური - ამ ჯგუფს მიეკუთვნება წამლისმიერი კატარაქტა, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს კორტიკოსტეროიდების, ანტიმალარიული პრეპარატების ან სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების შემდეგ;
  • ორგანიზმის ზოგადი დაავადებებით გამოწვეული - ვითარდება შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოთირეოზის, თირკმლის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი სახის დარღვევის ფონზე.

კატარაქტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობაც. კატარაქტის რისკფაქტორებია: მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, სიმსუქნე, შავი კანი, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება.

- მაინც რა ხდება ამ დროს?

- ბროლის ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილების გამო ირღვევა მისი სისხლით მომარაგება - კვება, ის ხდება მკვრივი და გაუმჭვირვალე. სინათლის სხივი ძლივს ახერხებს შემღვრეული ლინზის გავლას, ამიტომ ადამიანი გარე სამყაროს თითქოს დაორთქლილი მინიდან ხედავს. თანდათანობით კატარაქტა ძლიერდება და მხედველობის სიმახვილე კიდევ უფრო იკლებს. ე.წ. “მწიფე” კატარაქტის დროს ადამიანი ვეღარ არჩევს საგნების საზღვრებს, მხოლოდ ფერად ლაქებს ამჩნევს.


- ორივე თვალი ზიანდება თუ არა ამ დროს?

- ჩვეულებრივ, კატარაქტა ორივე თვალს აზიანებს. თუმცა, ერთი მათგანი შეიძლება დაავადდეს რამდენიმე თვით ადრე, რამდენიმე წლითაც კი.

- როდის ვიეჭვოთ კატარაქტა? რას უჩივის ამ დროს ავადმყოფი?

- კატარაქტაზე ეჭვს ბადებს შემდეგი ნიშნები:

  • მხედველობის მოულოდნელი დაქვეითება, თითქოს თვალწინ ნისლი ჩამოწვა;
  • მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალის დატვირთვის მომატებას;
  • გიჭირთ მსხვილი შრიფტით დაწერილი წიგნის კითხვა, არც სათვალე გშველით;
  • გიჭირთ შორს საგნების გარჩევა;
  • ირგვლივ მდებარე საგნები ნელ-ნელა კარგავენ მკვეთრ კონტურებს და ორდებიან;
  • თვალები სინათლისადმი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება;
  • გუგები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შავია, შეიძლება გაბაცდეს;
  • დაწყებითი კატარაქტის დროს პაციენტთა უმრავლესობა უჩივის მხედველობის ველში შავი, მოძრავი (ბუზების მსგავსი) წერტილების არსებობას.

- როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა?

- დაავადების დიაგნოზს სვამს ექიმი ოფთალმოლოგი, რომელიც დიაგნოსტიკის მიზნით ატარებს ბიომიკროსკოპიას - თვალის დათვალიერებას, ოფთალმოსკოპიას - თვალის ფსკერის დათვალიერებას და, საჭიროებისამებრ, სხვა ოფთალმოლოგიურ კვლევებს. განსაზღვრავს მხედველობის სიმახვილეს, შემდეგ - ბროლის შემღვრევის ტიპს, ფორმასა და ლოკალიზაციას.

- როგორ მკურნალობენ?

- მიუხედავად დაავადების სერიოზულობისა, შეიძლება ითქვას, რომ კატარაქტა იკურნება. არსებობს მისი მკურნალობის მედიკამენტური და ოპერაციული მეთოდები. თანამედროვე ანტიკატარაქტული პრეპარატებისა და ოპერაციული მეთოდების რაციონალური გამოყენება უზრუნველყოფს ეფექტურ მკურნალობას და მაღალ ოპტიკურ (მხედველობით) შედეგებს თითოეული პაციენტისთვის. კონსერვატიულ მკურნალობას მხოლოდ დაწყებით სტადიებზე აქვს აზრი. ის მომწიფების პროცესს ახანგრძლივებს, მაგრამ შემღვრევას ვერ აქრობს. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც თანდაყოლილი, ისე მეორეული კატარაქტის დროს, მედიკამენტური მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია. მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს დაწყებითი კატარაქტის გამოვლენისთანავე მისი საწინააღმდეგო სპეციალური მედიკამენტების ინსტილაციას თვალში, რაც დიდხანს უნდა გაგრძელდეს. ეს პრეპარატები უმთავრესად ბროლში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე მოქმედებს. წვეთებთან ერთად რეკომენდებულია თვალისთვის განკუთვნილი ვიტამინებისა და მოცვის შემცველი მედიკამენტების მიღება. კონსერვატიული (მედიკამენტური) მკურნალობა ეფექტურია, როცა ის რეგულარულია და დიდხანს გრძელდება. მიუხედავად ამისა, ასეთი მკურნალობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ აფერხებს პროცესის განვითარებას და არ იწვევს განკურნებას. როდესაც მედიკამენტები ვერ აჩერებენ კატარაქტის განვითარებას, მივმართავთ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს. ოპერაციის პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია ბადურა გარსისა და მხედველობის ნერვის ფუნქციური შესაძლებლობების დადგენა. წინათ კატარაქტის ოპერაციას არ აკეთებდნენ, სანამ იგი, ასე ვთქვათ, არ „მომწიფდებოდა“. შემღვრეული ბროლის ექსტრაქციამდე საჭირო იყო დალოდებოდნენ კატარაქტის სრულ მომწიფებას. თანამედროვე მეთოდები კი ოპერაციის ნებისმიერ სტადიაზე ჩატარების საშუალებას იძლევა. არსებობს ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: შესაძლებელია კატარაქტის ინტრაკაფსულური ექსტრაქცია, ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია, ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია, ლაზერული ფაკოემულსიფიკაცია. შესაბამისად ხდება ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია (ჩანერგვა). დასახელებულ მეთოდთაგან უკანასკნელი ორი შედარებით ახალია. ფაკოემულსიფიკაციას, მის წინამორბედ მეთოდებთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს. მათ შორის აღსანიშნავია განაკვეთის მცირე ზომა, ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი და კარგი ოპტიკური შედეგი. ამ დროს სპეციალური ულტრაბგერითი ან ლაზერული აპარატის მეშვეობით ხდება ბროლის დაქუცმაცება, ამოღება (ექსტრაქცია) და მინიმალურ განაკვეთში ხელოვნური კუმშვადი ბროლის იმპლანტაცია (ჩანერგვა). ოპერაციული მეთოდის არჩევანი ინდივიდუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ოპერაციის მეთოდს, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმი ირჩევს. აქვე უნდა ითქვას, რომ ოპერაცია ორივე თვალზე ერთდროულად არ ტარდება. როდესაც საჭიროა ორივე თვალის ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა ჯერ უფრო ნაკლებად მხედველ თვალზე ხდება. ზოგიერთი დაავადების დროს კატარაქტის ექსტრაქციის შედეგი შესაძლოა არ იყოს ყოველთვის სასურველი. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს თვალის ფსკერზე ვითარდება ცვლილებათა წყება, რომლებიც ცნობილია დიაბეტური რეტინოპათიის სახელწოდებით, მაგრამ კატარაქტის ოპერაცია უნდა გაკეთდეს, რადგან მხედველობის მომატება შემღვრეული ბროლის ამოღების ხარჯზე მოხდება და ოფთალმოლოგსაც ექნება საშუალება, დაათვალიეროს თვალის ფსკერი, დააკვირდეს ცვლილებათა დინამიკას.

- როგორ უნდა მოიქცეს ავადმყოფი ოპერაციის შემდეგ?

- ოპერაციის შემდეგ სასურველია თავი ავარიდოთ ფიზიკურ დატვირთვას, მძიმე საგნების აწევას, მზის ძლიერი გამოსხივებისა და მკვეთრი განათების პირობებში გავიკეთოთ დამცავი სათვალე. კითხვა და ტელევიზორის ყურება რეკომენდებულია მხოლოდ დღისით. ასიდან 90-95 შემთხვევაში ოპერაცია წარმატებით სრულდება - აღდგება მხედველობა და ადამიანი აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება.

- რას ურჩევდით კატარაქტით დაავადებულებს?

- როდესაც პაციენტს კატარაქტის დიაგნოზს დაუსვამენ, მან რეგულარულად, წელიწადში სამჯერ მაინც, უნდა გაიაროს კონსულტაცია ოფთალმოლოგთან.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება?

- კატარაქტის პროგრესირების პროფილაქტიკა გულისხმობს ამ დაავადების ადრეულ გამოვლენას, სწორ, თანამედროვე მკურნალობას და ექიმის ყველა დანიშნულების შესრულებას. მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ მხედველობის დაქვეითება ასაკის თანმხლები მოვლენაა, რომ ეგრეთ წოდებული შორსმხედველობა ხანდაზმული ადამიანისთვის ბუნებრივია. ამის გამო ხანდაზმულები არცთუ იშვიათად შემთხვევით შერჩეულ სათვალეს ატარებენ და მისი უეფექტობის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი არ მიმართავენ ექიმს. ასეთი რამ გაუმართლებელია, ვინაიდან ამ ასაკში მხედველობის დაქვეითება შესაძლოა დაკავშირებული იყოს თვალის რომელიმე პათოლოგიასთან, რომელთა შორისაც კატარაქტას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. უმჯობესია, დროული დიაგნოსტიკისთვის ოფთალმოლოგს მივმართოთ.