ყველაფერი კატარაქტის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი კატარაქტის შესახებ

კატარაქტის განვითარების კვალად თვალის გუგა ფერს იცვლის, შავის ნაცვლად მორუხო, მორუხო-მოთეთრო ან რძისფერი-მოთეთრო ხდება. მხედველობის სიმახვილეც სულ უფრო იკლებს ბროლის შემღვრევის ხარისხის მატების კვალდაკვალ.

ცოტა რამ ბროლის შესახებ

თვალის ბადურა გარსის მიერ გარემოდან თვალის კაკალში შემავალი სხივების სრულად და სწორად აღქმისათვის აუცილებელი პირობაა სხივების გატარება წინაღობის გარეშე, მათი გარდატეხა ისე, რომ ფოკუსირება ზუსტად ბადურაზე მოხდეს, დაბოლოს, თვალის კაკალში ისეთი შინაგანი წნევის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ბადურა გარსის ოპტიმალურ დონემდე დაჭიმვას. ამ ყოველივეს ემსახურება თვალის კაკლის შინაგანი გარემოს ფიზიკური ელემენტების კომპლექსი, რომელიც წარმოდგენილია: ბროლის, მინისებრი სხეულისა და ნამის სახით. აღნიშნულ კომპლექსს ხშირად თვალის ოპტიკურ აპარატს ანუ თვალის შუქგარდამტეხ გარემოსაც უწოდებენ.

ბროლი ორმხრივ ამოდრეკილი დისკოს ფორმის მკვრივი, სრულიად გამჭვირვალე სხეულია.ბროლის წინა ზედაპირი მიქცეულია რქოვანასკენ და მისგან გამოყოფილია თვალის კაკლის წინა კამერით. ბროლის უკანა ზედაპირი შედარებით უფრო მრუდეა და მჭიდროდ ეხება მინისებრ სხეულს. ბროლის ორივე ზედაპირზე გადაკრულია თხელი, გამჭვირვალე, ელასტიკური კაფსულა, რომელიც ასეთივე ელასტიკური ძაფებით - სარტყლის ბოჭკოებით უკავშირდება წამწამოვან სარტყელს (ცინის იოგს). თუ ბროლის ნივთიერებას განაკვეთზე განვიხილავთ, ის არ შეიცავს სისხლძარღვებსა და ნერვებს. მისი ცენტრალური ნაწილი - ბროლის ბირთვი - შედარებით უფრო მკვრივია, ვიდრე პერიფერიული ნაწილი, ანუ ბროლის ქერქი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბროლი თვალის ოპტიკური აპარატის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.ამ გამჭვირვალე ლინზის წყალობით სხვადასხვა დისტანციაზე (მანძილზე) არსებული საგნები თვალში სწორად ფოკუსირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბროლის წყალობით ადამიანი ერთნაირად კარგად ხედავს შორს და ახლომდებარე საგნებს. თვალის ბროლის წყალობით ჩვენ უპრობლემოდ ვასრულებთ ნებისმიერ სამუშაოს: ვკითხულობთ, ვმუშაობთ კომპიუტერთან, ვმართავთ მანქანას და სხვა.

რა ხდება კატარაქტის დროს

ასაკთან ერთად თვალის ბროლში გარკვეული ნივთიერებები გროვდება, რაც მის შემღვრევას ანუ კატარაქტას იწვევს. ამასთან, პათოლოგიის საწყის ეტაპზე ადამიანი საგნებს რამდენადმე გაბნეულად ხედავს, თითქოს მათ წინ ჩანჩქერი ეცემოდეს, წყლის ნაკადის უკან არსებულ საგნებს, ცხადია, სიმკვეთრე აკლიათ. დაავადების პროგრესირების კვალად, ბროლის შემღვრევა უფრო ინტესიურად მიმდინარეობს. მხედველობის სიმახვილე თანდათანობით ქვეითდება, საბოლოოდ კი სრულიად ქრება. კატარაქტის მომწიფების პროცესი წლობით შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა იმ პირებთან, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ქრონიკული ანთებითი პროცესი, ახლომხედველობა ან გლაუკომა აწუხებს, შესაძლოა, ძალიან მოკლე პერიოდში პროგრესირდეს.

კატარაქტით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანია დაავადებული. ის მხედველობის ორგანოს ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ასაკოვნებში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, სხვა დაავადებათა მსგავსად, კატარაქტაც გაახალგაზრდავდა და ხშირად 30 წელს გადაცილებულ პირებთანაც გვხვდება. ყოველწლიურად კატარაქტით მილიონობით ადამიანი ბრმავდება. სამწუხაროდ, ვერავითარი სათვალე, სასწაულმოქმედი წვეთები, განსაკუთრებული სახელწოდებების მქონე აპარატურული მოწყობილობები ვერ შველის პაციენტებს, ვერ კურნავს კატარაქტას. ის შეუქცევადი პროცესია.

მედიკამენტური საშუალებები, სხვადასხვა წვეთები, რომლებსაც ექიმები კატარაქტით დაავადებულებს უნიშნავენ, აუმჯობესებს ბროლის შიგნით მიმდინარე მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლას), რის შედეგადაც პროცესი რამდენადმე ფერხდება ანუ შედარებით ნელა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ მაინც არ იკურნება. პათოლოგიასთან ბრძოლის ერთადერთი რეალური მეთოდი შემღვრეული ბროლის ქირურგიული წესით მოცილება და ხელოვნურით ჩანაცვლებაა. ყველაზე თანამედროვე, დამზოგველი და უსაფრთხო მეთოდი სადღეისოდ ფაკოემულსიფიკაციაა. ეს მეთოდი გულისხმობს შემღვრეული ბროლის ულტრაბგერით (ლაზერით) დაშლას თვალზე გაკეთებული მცირე ზომის განაკვეთიდან. ფაკოემულსიფიკაციას უკვე მრავალი წელია აქტიურად იყენებენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც. ნაკერების არარსებობა, მხედველობის სიმახვილე, სწრაფად გამოჯანმრთელება ფაკოემულსიფიკაციას კატარაქტის ოპერაციებს შორის ყველაზე პოპულარულს ხდის.

ოფთალმოქირურგები მას სპეციალური აპარატის – ფაკოემულსიფიკატორის (რომელიც ულტრაბგერის გენერირებას ახდენს)  დახმარებით ახორციელებენ. ოპერაციის დროს სპეციალური მოწყობილობის (ფაკოემულსიფიკატორის) წვრილი დაბოლოება შეჰყავთ თვალში. აპარატის მიერ გენერირებული ულტრაბგერის წყალობით პათოლოგიურ ბროლს შლიან, ანაწევრებენ (ემულსიის მსგავს მასამდე) და გამორეცხავენ თვალიდან. ამოღებული ბროლის ადგილზე კი, სპეციალური მოწყობილობით, ელასტიკური ხელოვნური ბროლი (ინტრაოკულარული ლინზა) შეჰყავთ. ის ბუნებრივი ბროლის ადგილს იკავებს. ოპერაცია ათიოდე წუთს გრძელდება. ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე ამბულატორიულად ტარდება (საკმარისია სპეციალური ტკვილიგამაყუჩებელი წვეთების ჩაწვეთება).

ოპერაციიდან რამდენიმე საათში მხედველობა სრულად აღდგება. ზოგიერთი პაციენტი სუპერმხედველობაზეც კი საუბრობს ხოლმე, რომელიც მანამდე არასოდეს ჰქონია. ფაკოემულსიფიკაცია სადღეისოდ იმდენად დახვეწილი მეთოდია, რომ გართულებათა რისკი ყველაზე მძიმე შემთხვევებშიც კი 1%-ს არ აღემატება. კატარაქტა, ჩვეულებრივ, ირივე თვალს აზიანებს, თუმცა ოპერაციული ჩარევა თავდაპირველად ერთ თვალზე ხდება, მას შემდეგ, რაც მხედველობა სრულად აღდგება, გარკვეული პერიოდის შემდეგ მეორე თვალშიც ცვლიან ბროლს.

საინტერესო ინფორმაცია

მეცნიერებმა კატარაქტის სამკურნალო ახალი წვეთები შექმნეს მედიკოსების განცხადებით, სადღეისოდ კატარაქტასთან ბრძოლის არაოპერაციული მეთოდიც ნაპოვნია. მას მალე სამედიცინო დაწესებულებებშიც აქტიურად გამოიყენებენ. სამეცნიერო ჟურნალში, Nature, ახლახან გამოქვეყნდა ძაღლებზე ჩატარებული საინტერესო კვლევის შედეგები. ექსპერიმენტები ეხება თვალის სპეციალურ წვეთებს, რომლებიც შეიცავს ქიმიურ კომპონენტს, ლანოსტეროლს. ამ უკანასკნელის მოლეკულები ბუნებრივად წარმოიქმნება (სინთეზირდება) ორგანიზმში. ჯანმრთელ ინდივიდებთან ლანოსტეროლი ხელს უშლის ბროლის ცილების შეწებებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნივთიერების წყალობით ბროლში არ წარმოიქმნება ცილების ერთგვარი გროვები, შესაბამისად, ბროლი აღარ იმღვრევა და კატარაქტა არ ვითარდება.

სან-დიეგოში არსებული კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი, ცნობილი სპეციალისტი კან ჩჟანი, თავის კოლეგებთან ერთად აცხადებს, რომ ჩატარებული კვლევების თანახმად, კატარაქტით დაავადებულ პაციენტებს ორგანიზმში ლანოსტეროლის მნიშვნელოვანი დეფიციტი აღენიშნებათ. სწორედ ამან მიიყვანა მეცნიერები იმ აზრამდე, რომ ლანოსტეროლის შემცველი თვალის წვეთები შესაძლოა დაავადებასთან ბრძოლის ალტერნატიული მეთოდი აღმოჩნდეს. ახალი წვეთების შექმნისთანავე მეცნიერებმა ისინი ძაღლებზე გამოსცადეს. წვეთებმა საოცარი ეფექტი აჩვენეს. ჟურნალში Nature ისიცაა აღნიშნული, რომ ახლადშექმნილ წვეთებს ცხოველებს 6 კვირის მანძილზე აწვეთებდნენ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ძაღლებთან საგრძნობლად შემცირდა ბროლის შემღვრევა. ანალოგიური კვლევა ჩაატარეს მეცნიერებმა ბოცვრებზეც. შედეგები ამ ცხოველებთანაც წარმატებული აღმოჩნდა. როგორც კან ჩჟანი აღნიშნავს, მალე კატარქტით დაავადებული პაციენტები ახალი წვეთებით მკურნალობის მეთოდს აირჩევენ, რადგან ახალ პრეპარატში შემავალი ლანოსტეროლი ბროლში ცილოვანი ბალთების განვითარების შემაფერხებელი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ოპერაციული ჩარევა კი, რაოდენ დამზოგველიც უნდა იყოს, მაინც რისკებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ახალი თერაპიული მეთოდი დიდ პოპულარობას შეიძენს.