რჩევები იდეალური წონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები იდეალური წონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად

- ქალბატონო ქეთევან, რისი ბრალია წონის უკონტროლო მატება?

- წონის მატებას მრავალი მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა - ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან, მედიცინის ენაზე, მეტაბოლიზმის დარღვევა. როცა საკვებით მიღებული ენერგია აღემატება დახარჯულს, ესეც ჭარბი კილოგრამების დაგროვების წინაპირობაა. ცალკე აღნიშვნის ღირსია უმოძრაო ცხოვრების წესი და საკვების არარეგულარული, უსისტემო მიღება.

- როგორ დავადგინოთ ჩვენი იდეალური წონა და რაზეა ის დამოკიდებული?

- ჭარბი წონისა და სიმსუქნის გამოხატულების შესაფასებლად შემოღებულია სხეულის მასის ინდექსის ფორმულა: წონა (კგ) / სიმაღლე (მ2). შედეგის მიხედვით განასხვავებენ:

  • სხეულის მასის დეფიციტს - <18,5 კგ/მ2;
  • სხეულის ნორმალურ მასას - 19 -24,9 კგ/მ2;
  • ჭარბ წონას - 25-29,9 კგ/მ2;
  • I ხარისხის სიმსუქნეს - 30-34,9 კგ/მ2 ;
  • II ხარისხის სიმსუქნეს - 35-39,9 კგ/მ2;
  • III ხარისხის სიმსუქნეს - >40 კგ/მ2.

მნიშვნელოვანია წელის გარშემოწერილობის განსაზღვრაც.

- როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი, როდესაც ზედმეტი კილოგრამების მოშორება გვინდა?

- სასურველია, მივირთვათ დღეში, სულ მცირე, 4-5-ჯერ, მცირე ულუფებით, ანუ ხშირად და ცოტ-ცოტა. შეძლებისდაგვარად უნდა ვერიდოთ კვებათა შორის წახემსებას. ასევე, თუ თანმხლები დაავადების გამო არ გვეკრძალება სითხის მიღება, რეკომენდებულია, მივიღოთ დღეში, სულ მცირე, 1,5 ლ სითხე - სუფთა წყალი, მინერალური წყალი, ჩაი, ყავა.

- დიეტაზე მყოფი ადამიანები ხშირად ეჯახებიან პრობლემებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული სისტემის მხრივ. რას ურჩევდით მათ?

- დიეტა სწორი, ჯანსაღი, რაციონალური, დაბალანსებული კვებაა, რომელიც ცილის, ცხიმის, ნახშირწყლის, მიკრო- და მაკროელემენტების, ვიტამინებისა და სითხის ოპტიმალური ოდენობით მიღებას გულისხმობს. დიეტა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს სპეციალისტმა განსაზღვრულ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევათა საფუძველზე. დიეტის შედგენის დროს გასათვალისწინებელია თითოეული ორგანიზმის თავისებურება, თანმხლებ დაავადებათა ჩათვლით.

- რამდენად ეფექტური და უვნებელია წონის სწრაფი კლება?

- წონის სწრაფი კლება მართებული არ არის, რადგან, ბევრ სხვა ნიუანსთან ერთად, რაც უფრო მოკლე ხანში დავიკლებთ წონას, მით უფრო ნაკლებია ალბათობა მისი შენარჩუნებისა და ხელახალი მატების (როცა ნამატი ხშირად ორმაგია) თავიდან აცილებისა.


- საშუალოდ რამდენი შეიძლება დაიკლოს ადამიანმა ერთი თვის განმავლობაში ისე, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას?

- წონის კლება უნდა მოხდეს სპეციალისტის მეთვალყურეობით, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემები, რომლებიც ხშირად ახლავს თან შიმშილობას და თვითნებურ დიეტას. დაკლებული კილოგრამების ოდენობაც ინდივიდუალურია და იმაზეა დამოკიდებული, წონის რა მაჩვენებლიდან ვიწყებთ კლებას, რისი ბრალია წონის მატება, რა დარღვევებთან გვაქვს საქმე. ორგანიზმისთვის ზიანის მიუყენებლად კლება თვეში საშუალოდ 2-დან 4 კგ-მდეა.

- შეიძლება თუ არა გასახდომად რეკლამირებული პრეპარატებისა თუ კვებითი ბიოაქტიური დანამატების მიღება?

- თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე, ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

- როგორ უნდა განაწილდეს კალორიები დღის განმავლობაში გახდომის მსურველთათვის?

- დაბალანსებული, სწორი, რაციონალური, ჯანსაღი კვება გულისხმობს დღის განმავლობაში 15-20% ცილის, 50% ნახშირწყლების, 30% ცხიმის მიღებას. ჭარბი წონისა და სიმსუქნის დიაგნოზის მქონე პირთათვის დღის კალორაჟი ინდივიდუალურად დგება.

- რა როლი ენიჭება წონის კორექციაში სპორტსა და მასაჟს?

- ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური, ფიზიოლოგიური მეთოდი სწორი კვება და ფიზიკური ვარჯიშია.

- რას გვეტყვით მოდურ თაფლის მასაჟზე?

- ვფიქრობ, სიმსუქნის კომპლექსური თერაპია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სპეციალისტის მიერ შედგენილ ინდივიდუალურ დიეტას და დოზირებულ ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს, არ გამორიცხავს მასაჟს.

- ეფექტური დიეტის დაცვიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ბევრი ისევ იმატებს წონას, თანაც - უფრო მეტს, ვიდრე დაიკლო. რისი ბრალია ეს და როგორ შევინარჩუნოთ დიეტის შედეგი?

- სიმსუქნე ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოითხოვს ყურადღებას. თუ არ დაწესდა მუდმივი კონტროლი კვების რეჟიმსა და ჯერადობაზე, შეძლებისდაგვარად წესად არ იქცა, სულ მცირე, ოთხჯერადი კვება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სრულფასოვან საუზმეს, სადილს, ვახშამს და შუალედში თუნდაც ხილის მირთმევას გულისხმობს, ბუნებრივია, დაკლებული კილოგრამები მალევე ანაზღაურდება, ხშირად - ორმაგადაც კი. ამიტომ მკურნალობას არ უნდა ჰქონდეს ხანმოკლე, წყვეტილი ხასიათი. კვების სტილი არა დროებით, არამედ სამუდამოდ უნდა შეიცვალოს.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც ზედმეტი კილოგრამები აწუხებს?

- უპირველეს ყოვლისა, ერთხელ მაინც მიმართონ სპეციალისტს, რათა გაირკვეს წონის მატების მიზეზი, მკურნალობა იყოს დროული, ადეკვატური და ეფექტური. ვურჩევ, ექიმთან მივიდნენ პირველივე ჭარბი კილოგრამების გაჩენისას და არ ელოდონ სიმსუქნის როგორც დაავადების ჩამოყალიბებას, ვინაიდან სიმსუქნე ქმნის ხელსაყრელ ნიადაგს მრავალი სხვა ქრონიკული დაავადების განვითარებისათვის, მაგალითად, ისეთებისთვის, როგორებიცაა:

  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის მოშლა (სისხლში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების მაღალი დონე);
  • ინსულტი;
  • ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი ინფილტრაცია (ღვიძლის გაცხიმოვნება);
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • სხვადასხვა სახის ავთვისებიანი დაავადება;
  • რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა;
  • ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგია.