ჭარბმა წონამ რომ არ შეგაწუხოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარბმა წონამ რომ არ შეგაწუხოთ

აბდომინალური (მუცლის მიდამოს) ცხიმი ჰორმონული დარღვევების განვითარებას უწყობს ხელს. მასა რომ შეინარჩუნოს და უფრო მეტად გაზარდოს, ცხიმისთვის აუცილებელია უფრო და უფრო მეტი კალორია, ამიტომ მისი გავლენით იმატებს მადა, შესაბამისად, ორგანიზმზე დატვირთვაც და ადამიანი ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. ჩნდება აზრი, რომ წონის სასწრაფოდ დაკლებაა საჭირო. ბევრი ამ დროს დიეტის ძებნას იწყებს. რამდენიმე დღეში ზედმეტი კილოგრამების მოშორების იდეა მეტად მომხიბვლელია, მაგრამ თან ახლავს სწრაფი გახდომის საფრთხეც, რადგან წონის სწრაფად დაკლებისას ცხიმოვანთან ერთად კუნთური მასაც იკლებს. ალბათ იცით, რომ ცხიმების ცვლა კუნთებში ხდება, სწრაფი გახდომისას კი ეს მექანიზმი მწყობრიდან გამოდის. გარდა ამისა, მკაცრი დიეტის დამთავრების შემდეგ თავდაპირველად სწორედ ცხიმოვანი მასა აღდგება, მერე კი - კუნთები, თანაც გაცილებით ნაკლები ზომისა იქნება, ვიდრე გახდომამდე. ასე რომ, თუნდაც წონა დაიკლოთ, ცხიმი მაინც ბევრი გექნებათ. წონა ხელახლა რომ არ მოიმატოთ, უფრო ნაკლები კალორიის მიღება ანუ უფრო ნაკლების ჭამა მოგიწევთ. გამოვა, რომ თავად გააბით ხაფანგში საკუთარი თავი. უფრო უარესად იქნება საქმე, თუ დიეტას არ შეუხამებთ სპორტს. ამ შემთხვევაში მოიმატებს სისხლძარღვებში ქოლესტერინის დაგროვების შანსი, ზედმეტმა ცხიმმა კი შესაძლოა ღვიძლის ციროზამდე მიგვიყვანოს. გახდომას ცოდნა უნდა. აი, რამდენიმე რჩევა, რათა ორგანიზმის დაუზიანებლად დაიკლოთ წონა. უწინარესად, აუცილებელია სწორი კვება. ყოველ დილით სრულფასოვნად უნდა ისაუზმოთ. საუზმე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. თუ საუზმეს გამოტოვებთ, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ნელა გაგრძელდება, ხოლო სადილად სასურველზე მეტს შეჭამთ. საუზმედ კარგია ფაფა, ომლეტი, რძიანი ყავა, ხილი და ბოსტნეული. ძალიან სასარგებლოა ციტრუსები, ისპანახი, მწვანე სალათის ფოთლები. ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი შესანიშნავია ჯანმრთელობისთვის. მათში ბევრია ვიტამინი. კვირაში ერთი-ორჯერ მოიწყვეთ განტვირთვის დღე: მიირთვით ცოცხალი ხილი ან ბოსტნეული და სვით მინერალური წყალი. ამგვარად ორგანიზმის წიდისგან გაწმენდას შეუწყობთ ხელს. არ დაივიწყოთ სპორტი. ჩაეწერეთ ფიტნესცენტრში, ცეკვაზე, აკვააერობიკაზე, სტრიპ-პლასტიკაზე. მხოლოდ ფიგურა კი არ დაგეხვეწებათ, არამედ გუნება-განწყობილებაც გამოგიკეთდებათ და უფრო სექსუალურებიც გახდებით.

განტვირთვის დღეები

გასახდომად არ არის აუცილებელი, თავი მოიკლათ მტანჯველი დიეტით - სასურველ შედეგს განტვირთვის დღეებითაც შეიძლება მიაღწიოთ. ორგანიზმს რომ არ ავნოთ, განტვირთვის დღე კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მოაწყვეთ. გუნება-განწყობილება რომ არ გაგიფუჭდეთ (მთელი დღის განმავლობაში ხომ ერთფეროვანი დაბალკალორიული საკვების მიღება მოგიწევთ), თქვენთვის უფრო სასიამოვნო საკვები შეარჩიეთ. აი, განტვირთვის ყველაზე პოპულარული ფორმები:

1. განტვირთვის დღე კეფირით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მხოლოდ კეფირი ან მაწონი, სასურველია, უცხიმო. სულ - 2 ლიტრი.

2. ვაშლით განტვირთვის დღე. შეიძლება არა მარტო 1,5 კილოგრამი ვაშლის, არამედ ახალგამოწურული ვაშლის წვენის მიღებაც, რა თქმა უნდა, უშაქროდ.

3. განტვირთვის დღე ბრინჯით ან წიწიბურათი. წიწიბურა იმით არის სასარგებლო, რომ ცილას და რკინას შეიცავს, ბრინჯი კი კარგი შარდმდენია. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახეობის ბრინჯი, აი, წიწიბურას კი მაინცდამაინც ნუ მიეძალებით, რადგან ის მაინც კალორიულია.

4. განტვირთვის დღე ჩაით ან წყლით. ყველაზე ეფექტურია, მაგრამ ყველაზე რთულიც. მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ მხოლოდ წყალი ან მწვანე ჩაი, სულ - 2 ლიტრამდე, და არაფერი მიირთვათ. აირჩიეთ: ან წყალი, ან ჩაი. მათი ერთად მიღება არ შეიძლება.

5. განტვირთვის დღე ხაჭოთი. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 600 გრამი უცხიმო ხაჭო ნაკლებცხიმიანი არაჟნით. ეს ულუფა ხუთ ნაწილად უნდა გაყოთ.

6. განტვირთვის დღე კიტრით. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 1,5 კილოგრამი უმარილო კიტრი. მრავალფეროვნებისთვის კიტრის ფრეშის მომზადებაც შეიძლება.

7. განტვირთვის დღე შოკოლადით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი განტვირთვის დღეა. ამასთან, შოკოლადი ენერგიითაც აგავსებთ და გონებრივაც გაგააქტიურებთ. ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ 200 გრამი შოკოლადი 3-5 ულუფად უნდა გაანაწილოთ.

8. განტვირთვის დღე ხილით. უნდა აირჩიოთ ერთი სახეობის ხილი და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ის მიირთვათ. გამოგადგებათ ბანანი, ფორთოხალი, საზამთრო (სასარგებლოა შარდგამომყოფი სისტემისთვის), გრეიპფრუტი.

9. განტვირთვის დღე ახალგამოწურული წვენით. მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ ნებისმიერი ხილის წვენი, გარდა ფორთოხლისა და ლიმონისა - ისინი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა. სულ - 2 ლიტრი.

ზოგადი რეკომენდაციები განტვირთვის დღეებისთვის:

  • დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 700-1000 კილოკალორიას;
  • დღის განმავლობაში საკვები უნდა მიირთვათ 5-6-ჯერ;
  • განტვირთვის კარგად დასაწყებად წინა საღამოს მსუბუქად უნდა ივახშმოთ;
  • არ დაგავიწყდეთ განტვირთვის დღეს არანაკლებ 2 ლიტრი წყლის მიღება;
  • ამ დღეს შეძლებისდაგვარად ერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას, ბევრი იძინეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • თუ შიმშილი აუტანელი გახდა, შეიძლება მიიღოთ ცოტაოდენი დაბალკალორიული საკვები.

გახსოვდეთ ისიც, რომ გასახდომად საჭირო განტვირთვის დღეებს უკუჩვენებებიც აქვს. სახელდობრ, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი. ქალებმა განტვირთვის დღე არ უნდა მოაწყონ მენსტრუაციის პერიოდში - ამ დროს ორგანიზმი ისედაც დასუსტებულია.

გავხდეთ სწრაფად

ახლა კი დავუბრუნდეთ იმ საკითხს, როგორ გავხდეთ სწრაფად. საამისოდ მეტად ეფექტურია გასახდომი კვერცხ-თაფლის დიეტა. მას მხოლოდ ორი დღის განმავლობაში იცავენ და კილო-ნახევრამდე წონას კარგავენ. მართალია, ბევრი არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, სწრაფია. პირველ დღეს საუზმეზე უნდა მიირთვათ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და მიქსერით ათქვეფილი ორი მოხარშული კვერცხის გული. ამას შეიძლება დაემატოს ერთი ფინჯანი ლიმონიანი ყავა ან ჩაი. პირველ დღეს სადილად ისევ თაფლი და კვერცხის გული უნდა მიირთვათ 90 გრამ ყველთან, ჩაისთან ან ყავასთან ერთად. ვახშმად - ისევ თაფლი და კვერცხის გული პლუს ერთი ფინჯანი ნაკლებცხიმიანი ბულიონი, ერთი ცალი ვაშლი, მსხალი ან ფორთოხალი. მეორე დღეს ისაუზმეთ კვერცხის გულით, თაფლით და ჭვავის პურის პატარა ნაჭრით, დააყოლეთ ჩაი ან ყავა. სადილად, უკვე მოყირჭებულ თაფლსა და კვერცხის გულთან ერთად, შეიძლება მიირთვათ 150 გრამი ცილოვანი საკვები (საქონლის ან ქათმის ხორცი, თევზი), სამი სუფრის კოვზი ისპანახი ან მოშუშული კომბოსტო. ვახშმად - ალბათ, უკვე თავადაც მიხვდით - კვერცხის გული, თაფლი, ჭვავის პურის პატარა ნაჭერი და ცოტაოდენი ყველი. სწრაფად გახდომა არც ისე ადვილია. ვარსკვლავები, რომლებიც მოხდენილი ფიგურით გამოირჩევიან, ზედმეტი წონის სწრაფად მოშორების შემდეგ ხერხებს გვთავაზობენ: რენე ზელვეგერს მიაჩნია, რომ სწრაფად გახდომისთვის საუკეთესო საშუალებაა “ხტუნვითი ტანვარჯიში”, - ამ დროს ზედმეტი ცხიმიც იწვება და კუნთებიც ვითარდება, - კეტრინ ზეტა-ჯონსი კი მიიჩნევს, რომ გახდომისთვის აუცილებელია კვების ოდნავ შეზღუდვა და ცეკვა. დიახ, ვარსკვლავების უმრავლესობამ, სწრაფად გახდომის რეცეპტებთან ერთად, ერთი მარტივი ჭეშმარიტებაც ისწავლა: გაცილებით ადვილია სწრაფად გახდომა, თუ მხოლოდ რამდენიმე კილოგრამია ზედმეტი. ამიტომ თქვენც, სანამ ფუნთუშისა თუ ჩიპსების ჭამით ჟურნალებსა თუ ინტერნეტში სწრაფი გახდომის რეცეპტების ძებნას დაიწყებდეთ, ჯობს, თავი დაანებოთ ამ მაღალკალორიულ პროდუქტებს და ამით საკუთარ ფიგურას საუკეთესო სამსახური გაუწიოთ.