კვება ქრონიკული დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება ქრონიკული დაავადებების დროს

კვება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

უდავოა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს ჯანსაღი კვება, წონის კონტროლთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. ფაქტია, რომ ჯანსაღი კვების წყალობით შესაძლებელია გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკის 80%-ით შემცირება.

სადღეისო რეკომენდაციებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას რეკომენდებული საკვებია:

  • ჯანსაღი ცხიმები – თხილეულში არსებული, ზეითუნის, სელის ზეთი, თევზის ქონი, ავოკადო. ამ პროდუქტებში უხვადაა უჯერი ცხიმები. ისინი აუცილებელია როგორც გულის, ასევე საზოგადო და გონების ჯანმრთელობისათვის. მონო- და პოლიუჯერი ცხიმებით მდიდარი საკვები აუმჯობესებს ქოლესტერინის ცვლას და ამცირებს გულის დაავადებათა რისკს;
  • ხილი და ბოსტნეული;
  • ბოჭკო – პური, პურეული და მაკარონი, დამზადებული მთლიანი მარცვლეულისაგან;
  • ომეგა 3 და ცილა – თევზები, მოლუსკები, შინაური ფრინველი, სელის თესლი, კომბოსტო, ისპანახი;
  • კალციუმი და ცილა – კვერცხის ცილა, ყველი, ნაკლებად ტკბილი იოგურტი, რძე.

ნაკლებად უნდა მივიღოთ:

  • ტრანსცხიმები ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული ან ზეთში შემწვარი საკვებიდან, ნაჯერი ცხიმები შემწვარი და სწრაფი კვების ობიექტების საკვებიდან. ცნობილია, რომ ტრანსცხიმები ხელს უწყობს “ცუდი” ქოლესტერინის მატებას და ამცირებს “კარგ” ქოლესტეროლს. ტრანსცხიმებით მდიდარია მზა ორცხობილები, კრეკერები, მაფინები, კექსები, პიცის ცომი, ჰამბურგერები, ჩიფსები, მყარი ცხიმები (მარგარინი), ქათმის ნაგეთსი, კექსების, ნამცხვრების, ბლითების მოსამზადებელი ფხვნილები; ყველა საკვები, რომელზეც მითითებულია, რომ შეიცავს ნაწილობრივ ჰიდროგენიზებულ ცხიმს. უკანასკნელი არასასურველია მაშინაც, როცა ეტიკეტზე მითითებულია, რომ ნაწარმი ტრანსცხიმებისაგან თავისუფალია;
  • კონსერვირებული საკვები, განსაკუთრებით ნატრიუმით (სუფრის მარილით, სოდით) და შაქრით მდიდარი;
  • თეთრი პური, ტკბილი ბურბუშელა, მაღალი ხარისხის ფქვილისაგან დამზადებული მაკარონი, თეთრი ბრინჯი;
  • ძეხვეული, შემწვარი წიწილი;
  • ტკბილი იოგურტი, ცხიმიანი ყველი.

ნუ ჩაანაცვლებთ ცხიმს შაქრით!

საკვებში არსებული ცხიმებისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიუხედავად, სიმსუქნისა და გულის დაავადებების სიხშირე განუხრელად იზრდება. მეცნიერები ამის მიზეზად კვების რაციონში შაქრის სიჭარბეს მიიჩნევენ. რეალურად, შაქარს მხოლოდ საგემოვნო თვისებები აქვს, მისი დამატება ორგანიზმს სულაც არ სჭირდება. დღის მანძილზე მიღებული საკვები შაქრის საკმარის ოდენობას შეიცავს. ჩვენ მას არ ვჯერდებით და საკვებს შაქარს ვუმატებთ. ბოლო კვლევების თანახმად, ზედმეტი შაქარი მარილზე არანაკლებ მავნეა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციების თანახმად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია, მიღებული შაქრის ოდენობა არ აღემატებოდეს:

  • ქალებისათვის 6 ჩაის კოვზს – 100 კალორიას;
  • მამაკაცებისათვის 9 ჩაის კოვზს – 150 კალორიას.

მოერიდეთ მარილსა და მარილიან საკვებს!

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს რეკომენდებული დიეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კვების რაციონში მარილის შემცირება. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით, დღე-ღამის განმავლობაში საკვებზე დამატებული მარილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 ჩაის კოვზს. ეს შეიძლება ძალიან მცირე ოდენობად ჩანდეს, მაგრამ არსებობს მიღებული მარილის დოზის შემცირების საკმაოდ ეფექტური ხერხები:

  • შეამცირეთ კონსერვირებული, შებოლილი საკვები. გაცილებით ნაკლებ მარილს მოიხმართ, თუ საკვებს თავად მოამზადებთ ახალი ან უმარილოდ შენახული პროდუქტებისგან;
  • მარილზე მოთხოვნილების შესამცირებლად უფრო მეტად გამოიყენეთ სუნელები, სანელებლები. ისინი საკვებს განსაკუთრებულ არომატს შესძენს და მარილზე მოთხოვნილებას შეამცირებს.

მეტი ბოჭკო

მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები ამცირებს “ცუდი” ქოლესტეროლის შემცველობას და გულის დაავადებების რისკს. ბოჭკო უფრო ხანგრძლივად რჩება კუჭში, დიდხანს გვინარჩუნებს სიმაძღრის შეგრძნებას, ასევე გვეხმარება წონის კლებაში.

ასაკის მიხედვით ბოჭკოს მინიმალური დღიური დოზაა: 9-13 წ. მამაკაცებისათვის 31 გ, ქალებისათვის 26 გ; 14-18 წ. მამაკაცებისათვის 38 გ; ქალებისათვის 26 გ; 19-30 წ. მამაკაცებისათვის 38, ქალებისათვის 25 გ; 31-50 წ. მამაკაცებისათვის 38გ გ; ქალებისათვის 25 გ; 51-70 წ. და ზემოთ მამაკაცებისათვის 30 გ; ქალებისათვის 21 გრ.

არსებობს მარტივი ხერხები მიღებული ბოჭკოს რაოდენობის გასაზრდელად. მაგალითად, საუზმისას მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი ფანტელები ან საუზმისას რძის პროდუქტებს დაამატეთ ხორბლის ქატო.

ბოჭკოთი მდიდარია და ამავე დროს ნაკლებკალორიულია ხილი და ბოსტნეული.

15 სახის საკვები, რომლებიც ჯანსაღი კვების საფუძველია თირკმლის დაავადებების დროს

მეცნიერები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქრონიკულ დაავადებებს, ანთებასა და სასარგებლო საკვებ პროდუქტებს შორის კავშირზე. ამ პროდუქტებს შეუძლია თავიდან აგვაცილოს ცხიმოვანი მჟავების ჟანგვა ანუ ოქსიდაცია. ჩვეულებრივ, ოქსიდაცია ნორმალური პროცესია, თუმცა ჭარბი ოქსიდაციისას წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების მემბრანებს, ცილებსა და ლიპიდებს აზიანებს. სწორედ ოქსიდაციური დაზიანებაა გულის დაავადებების, სიმსივნის, ალცჰაიმერის, პარკინსონიზმისა და სხვა ქრონიკული დაავადებების აღმოცენების ერთ-ერთი მიზეზი.

ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და იცავს ადამიანის ორგანიზმს. სწორედ ასეთი საკვებია რეკომენდებული თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს. მათზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

გაფრთხილებთ, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადების შორს წასულ სტადიაზე ნატრიუმის, კალიუმის, ფოსფორის ცვლა მკვეთრად ირღვევა, ამიტომ რეკომენდებული პროდუქტები ექიმმა უნდა შეარჩიოს და გადაწყვიტოს, რომლის შეზღუდვაა საჭირო და რომელი ელემენტის ჩართვა - აუცილებელი.

წითელი ბულგარული წიწაკა

  • 1/2 ჭიქა შეიცავს 1 მგ ნატრიუმს, 88 მგ კალიუმს, 10 მგ ფოსფორს;

როგორც ვხედავთ, ის ღარიბია ნატრიუმით და აქვს კარგი საგემოვნო თვისებები, თუმცა ეს არ არის მიზეზი, რის გამოც ბულგარული თირკმლის დაავადებების დროს რეკომენდებულ საკვებად ითვლება. ასეთი პილპილი მდიდარია ც, ა, ბ6 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავათი და ბოჭკოთი, ამავე დროს შეიცავს ლიკოპენს – ანტიოქსიდანტს, რომელიც გარკვეული სიმსივნეებისაგან გვიცავს.

კომბოსტო

  • 1/2 ჭიქა შეიცავს 6 მგ ნატრიუმს, 60 მგ კალიუმს, 9 მგ ფოსფორს;

კომბოსტო არის მცენარეული ქიმიური ნივთიერებების წყარო. ეს ნივთიერებები შლიან თავისუფალ რადიკალებს, გვიცავენ სიმსივნისა და გულის დაავადებებისაგან. კომბოსტო მდიდარია კ, ც ვიტამინებით, ბოჭკოთი, ბ6 ვიტამინით, ფოლიუმის მჟავათი. ის ღარიბია ნატრიუმით და თანაც იაფია – ეს თვისებები კომბოსტოს კვების რაციონის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

ყვავილოვანი კომბოსტო

  • 1/2 ჭიქა შეიცავს 9 მგ ნატრიუმს, 88 მგ კალიუმს, 20 მგ ფოსფორს;

ყვავილოვანი კომბოსტო არის ც ვიტამინის, ბოჭკოს და ფოლატების წყარო. მისი კომპონენტები ღვიძლს ეხმარება თავისუფალი რადიკალების განადგურებაში.

ნიორი

  • 1 კბილი შეიცავს 1 მგ ნატრიუმს, 12 მგ კალიუმს, 4 მგ ფოსფორს;

ნიორი გვიცავს კბილებზე ნადებების ფორმირებისაგან, აქვეითებს ქოლესტეროლს, ამცირებს ანთებას.

ხახვი

  • 1/2 ჭიქა შეიცავს 3 მგ ნატრიუმს, 116 მგ კალიუმს, 3 მგ ფოსფორს;

ხახვი მხოლოდ დიასახლისის ცრემლების მიზეზი როდია. ის მდიდარია ფლავონოიდებით, რაც მის ანტიოქსიდანტურ თვისებებს განაპირობებს. ხახვში დიდი რაოდენობითაა ქრომი – მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ნახშირწყლების, ცხიმისა და ცილის მეტაბოლიზმისათვის.

ვაშლი

  • 1 საშუალო ზომის კანიანი ვაშლი შეიცავს 158 მგ კალიუმს, 10 მგ ფოსფორს, ნატრიუმი მასში არ არის;

ცნობილია, რომ ვაშლი აქვეითებს ქოლესტეროლს, თავიდან აგვაცილებს ყაბზობას, ამცირებს გულის დაავადებებისა და სიმსივნის რისკს. ბოჭკოთი და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებით მდიდარი ხილი მართლაც უნიკალურია.

შტოში

  • 1/2 ჭიქა შტოშის წვენი შეიცავს 3 მგ ნატრიუმს, 22 მგ კალიუმს, 3 მგ ფოსფორს;
  • 1/4 ჭიქა შტოშის პიურე შეიცავს 35 მგ ნატრიუმს, 17 მგ კალიუმს, 6 მგ ფოსფორს;
  • 1/2 ჭიქა მშრალი შტოში შეიცავს 2 მგ ნატრიუმს, 24 მგ კალიუმს, 5 მგ ფოსფორს;

შტოში უმთავრესად ცნობილია როგორც საშარდე გზების, შარდის ბუშტის ინფექციებისგან დამცველი. ის ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას შარდის ბუშტის კედელში. ანალოგიური მექანიზმით შტოშს აქვს კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტიც. გარდა ამისა, შტოში გვიცავს სიმსივნისა და გულის დაავადებებისაგან.

მოცვი

  • 1/2 ჭიქა ახალი მოცვი შეიცავს 4 მგ ნატრიუმს, 65 მგ კალიუმს, 7 მგ ფოსფორს;

მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, კერძოდ, ანტოციანიდინით, რაც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს. მოცვი არის ც ვიტამინის, მაგნიუმისა და ბოჭკოს წყარო. გარდა ამისა, მოცვი იცავს ტვინს დაბერებასთან დაკავშირებული ცვლილებებისაგან. ექსპერიმენტული კვლევებით გამოვლინდა, რომ მოცვი, სხვა კენკროვნების მსგავსად, ამცირებს ძვლების ცვლილებებს, რაც ესტროგენების (ქალის ჰორმონები) დაქვეითებისას ვითარდება.

ჟოლო

  • 1/2 ჭიქა ჟოლო შეიცავს 93 მგ კალიუმს, 7 მგ ფოსფორს, ის არ შეიცავს ნატრიუმს;

ჟოლოში არსებული ნივთიერებებიც გვეხმარება თავისუფალი რადიკალებისაგან უჯრედების დაცვაში. ჟოლო არის მაგნიუმის, ც ვიტამინის, ბოჭკოსა და ფოლატების, ბ ვიტამინის საუკეთესო წყარო.

მარწყვი

  • 1/2 ჭიქა ახალი ან 5 საშუალო ზომის მარწყვი შეიცავს 1 მგ ნატრიუმს, 120 მგ კალიუმს, 13 მგ ფოსფორს;

მარწყვში არის ფენოლების ორი ტიპი. ერთი მათგანი ამ კენკრას წითელ ფერს აძლევს და გვიცავს უჯრედების ოქსიდაციური დაზიანებისაგან. მარწყვი ც ვიტამინის, მაგნიუმისა და ბოჭკოს წყაროა.

ალუბალი

  • 1/2 ჭიქა ახალი ტკბილი ალუბალი შეიცავს 160 მგ კალიუმს, 15 მგ ფოსფორს, ის არ შეიცავს ნატრიუმს;

ყოველდღიური მიღებისას ალუბალი ამცირებს ანთებას, იცავს გულს.

წითელი ყურძენი

  • 1/2 ჭიქა წითელი ყურძენი შეიცავს 1 მგ ნატრიუმს, 88 მგ კალიუმს, 4 მგ ფოსფორს;

წითელი ყურძენი შეიცავს ფლავონოიდებს, რაც მას შეფერილობას აძლევს. ფლავონოიდები აქვეითებენ ოქსიდაციას, იცავენ გულს, თავიდან გვაცილებენ თრომბის წარმოქმნას.

კვერცხის ცილა

  • 2 კვერცხის ცილა შეიცავს 7 გრამ ცილას, 110 მგ ნატრიუმს, 108 მგ კალიუმს, 10 მგ ფოსფორს;

როგორც ცნობილია, კვერცხის ცილა მაღალხარისხიანი ცილის წყაროა და შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ ამინომჟავებს. ცილის სხვა წყაროებისგან განსხვავებით, ის ღარიბია ფოსფორით.

თევზი

  • 90 გრამი ორაგული შეიცავს 50 მგ ნატრიუმს, 368 მგ კალიუმს, 274 მგ ფოსფორს;

თევზი არის მაღალი ხარისხის ცილისა და ანთების საწინააღმდეგო ცხიმის – ომეგა-3-ის წყარო. მისი სარგებლობის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

ზეითუნის ზეთი

  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი შეიცავს 1 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს, 1 მგ-ზე ნაკლებ კალიუმს, არ შეიცავს ფოსფორს;

ზეითუნის ზეთი არის ანტიანთებითი ნივთიერების - ოლეის მჟავას მნიშვნელოვანი წყარო. მასში არსებული მონოუჯერი ცხიმი გვიცავს ოქსიდაციისაგან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ზეითუნის ზეთში არსებული პოლიფენოლები.

საზიანო და სასარგებლო -საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის

ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება ვერც კი გრძნობდეს, ზოგიერთი საკვები საჭმლის მომნელებელ სისტემას განსაკუთრებით რომ აზიანებს. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს კი საკვებთან დაკავშირებული დისკომფორტი შესამჩნევი ხდება. მოკლედ მიმოვიხილოთ მავნე და სასარგებლო საკვები.

ჯობს თავიდან ავიცილოთ:

  • ცხიმიანი და შემწვარი საკვები – ასეთი საკვები დარტყმაა კუჭისათვის, იწვევს მჟავას რეფლუქსსა და გულძმარვას, ფაღარათს და მოუნელებელი ცხიმის გამოყოფას;
  • წითელი წიწაკა – აღიზიანებს საყლაპავს, იწვევს გულძმარვას, ტკივილს;
  • რძე და ზოგიერთი რძის პროდუქტი – რასაკვირველია, საკვებ რაციონში აუცილებელია კალციუმი, რომლის უმთავრესი წყაროც რძე და რძის პროდუქტებია, თუმცა რძის შაქრის – ლაქტოზის აუტანლობისას ის შეიძლება ფაღარათის, მუცლის შებერვის, აირების შემაწუხებელი დაგროვების მიზეზი გახდეს.
  • ალკოჰოლი – ალკოჰოლის მცირე დოზა გვეხმარება ორგანიზმის მოდუნებაში, თუმცა ის საყლაპავის ქვემოთ არსებულ მომჭერ კუნთს – სფინქტერსაც ადუნებს. ვითარდება რეფლუქსი და გულძმარვა. გარდა ამისა, ალკოჰოლის ზემოქმედებით ვითარდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის ანთება, მცირდება გარკვეული ფერმენტების აქტივობა, ფერხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. დიდი რაოდენობით ალკოჰოლი იწვევს ფაღარათს, მოვლით ტკივილს, თუ ადამიანს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება აქვს, ამ სიმპტომების გამოწვევა ალკოჰოლის მცირე რაოდენობასაც შეუძლია.
  • კენკროვნები – მართალია, ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ჯანმრთელობისათვის მათი სარგებლობის შესახებ, თუმცა თუ ადამიანს აქვს დივერტიკულიტი, კენკროვნები შესაძლოა საზიანო იყოს.
  • შოკოლადი – მან შეიძლება პრობლემები შექმნას ყაბზობისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს. ყველა შოკოლადი შეიცავს კოფეინს, რას კრამპის, ბოყინის, ფაღარათის მიზეზია.
  • ყავა, ჩაი, ალკოჰოლიანი სასმელები – ისინი არა მარტო საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნებასა და გულძმარვას იწვევს, არამედ ფაღარათისა და მოვლითი ტკივილის მიზეზიც შეიძლება გახდეს.
  • სიმინდის მარცვლები – მართალია, ის ბოჭკოს წყაროა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა, მაგრამ შეიცავს ცელულოზას – ბოჭკოს, რომელსაც ადამიანი ადვილად ვერ შლის.

შეგვიძლია მივირთვათ:

  • იოგურტი – ადამიანის ნაწლავში ტრილიონობით ბაქტერიაა, რაც მონელების პროცესს ეხმარება. იოგურტი მრავალ მათგანს შეიცავს, ისინი ნორმალურ ფლორას ავსებენ და ნაწლავს ჯანმრთელობას უნარჩუნებენ;
  • კომბოსტოს კერძები – კომბოსტო ეხმარება ნაწლავის ნორმალური ფლორის ზრდას, ნაწლავების ნორმალურ მოქმედებას;
  • მჭლე ხორცი და თევზი – მათ გაცილებით ადვილად ვინელებთ, ვიდრე მწვადს; ამავე დროს ხორცის ეს სახეობები არ ზრდიან მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს;
  • მთლიანი, დაუმუშავებელი მარცვლეული – ასეთი ხორბალი, შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ბოჭკოს წყაროა და მონელებაში გვეხმარება, იწვევს მაძღრობის შეგრძნებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იწვევს მუცლის შებერვას;
  • ბანანი – ხელს უწყობს ნაწლავის ფუნქციის აღდგენას ფაღარათის შემდეგ, არის კალიუმის წყარო;
  • კოჭა ანუ ჯანჯაფილი – კარგა ხანია გულისრევის, ღებინების, დილის სისუსტის, მეტეორიზმის, უმადობის საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენება, თუმცა მცირე რაოდენობით უნდა მოვიხმაროთ.