როგორ შეიძლება წონის კორექცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შეიძლება წონის კორექცია

- ქალბატონო მაია, როგორი უნდა იყოს წონის დასაკლებად გამიზნული კვების რეჟიმი და რამდენი კალორია უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში, რომ ორგანიზმი არ დავაზიანოთ?

- წონის კლების სურვილი, უმეტესად, ჭარბწონიანებსა და მსუქნებს უჩნდებათ, ამიტომ ჯერ გავარკვიოთ, რა არის ჭარბი წონა და სიმსუქნე და მათი გამომწვევი.

სიმსუქნის დეფინიცია ასეთია - კანქვეშა და ვისცერული ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვება და არათანაბარი გადანაწილება ორგანიზმში. მისი შეფასებისთვის გამოიყენება უმარტივესი მეთოდი – ანთროპომეტრია: სხეულის მასის განსაზღვრა სამედიცინო სასწორით და სხეულის სიმაღლის გაზომვა მეტრებში, შემდგომ ამ მონაცემების ფორმულარული დამოკიდებულებით (კერძოდ, მასის შეფარდება სიმაღლის კვადრატთან) მიიღება სხეულის მასის ინდექსი(სმი), რომელიც წარმოდგენას გვაძლევს ჭარბი წონისა თუ სიმსუქნის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.

კერძოდ, სმი - 18,5 -25-ის ფარგლებში ნორმალურ მასაზე მიუთითებს;

  • სმი - 25-30 – ჭარბი წონაა;
  • სმი - 30-35 - პირველი ხარისხის სიმსუქნე;
  • სმი 35-40 მეორე ხარისხის სიმსუქნე;
  • სმი - 40 მესამე ხარისხის სიმსუქნე.

სიმსუქნის განვითარების ხელშემწყობი უპირველესი ფაქტორია საკვებით მიღებულ კალორიებსა და ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს შორის დისბალანსი, ანუ, უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ორგანიზმი ღებულობს უფრო მეტ კალორიას, ვიდრე იხარჯება მისი ცხოველმოქმედებითა და ფიზიკური აქტივობით. ამის მიხედვით, ზედმეტი კალორიები გროვდება ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობრივი ზრდით.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრების არადინამიკური რეჟიმიც, როდესაც ფიზიკური აქტივობა მინიმალიზებულია. ხშირად მსუქნები ჩივიან, რომ ბევრს არ ჭამენ, წონას კი მაინც იმატებენ და არც დიეტოთერაპია შველით.

ამ დროს გასათვალისწინებელია თანმხლები დაავადებები, მათ შორის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა - დარღვეული ტოლერანტობა გლუკოზისადმი, ინსულინორეზისტენტობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობის დაქვეითება – ჰიპოთირეოზი - მისი სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ხარჯზე, მთლიანად ენდოკრინული სისტემის დარღვევები - ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის ჩათვლით, მემკვიდრული განწყობა, სხვადასხვა მედიკამენტის მიღება, კვებითი გემოვნებები, ოჯახური ტრადიციები და სხვა.

შეკითხვის საპასუხოდ კი მოგახსენებთ, რომ კვების რეჟიმი ყველა შემთხვევაში ბალანსირებული უნდა იყოს, უნდა შეიცავდეს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს (უპირატესად, უჯერ ცხიმებს), ამავე დროს კალორაჟი უნდა მერყეობდეს 1800-1200კკალ-ის ფარგლებში, გასათვალისწინებელია ფიზიკური აქტივობა და ემოციური ფაქტორიც.

კვება აუცილებლად უნდა იყოს 4-5-6-ჯერადი, ვახშამი კი დაძინებამდე 2-4 სთ-ით ადრე.

- წონის კლების სურვილისას საკვების რაციონის შედგენაზე მოქმედებს თუ არა სქესი, ასაკი, წელიწადის დრო და როგორ?

- რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი ფაქტორები მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ბალანსირებული კვების რაციონში ძირითად ნუტრიენტებთან ერთად მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინების, მიკროელემენტებისა და წყლის ასაკობრივი ნორმების შემცველობას და წელიწადის დროის გათვალისწინებით ერთნაირად მისაღებია სიმსუქნის ყველა ტიპისთვის.

სიმსუქნის ფორმები, ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილების მიხედვით, იყოფა ანდროიდულ და გინეიდურ ფორმებად. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ვაშლის ფორმის სიმსუქნე - როდესაც ცხიმოვანი ქსოვილი უფრო ჭარბად არის მუცლისა და გულმკერდის მიდამოებში, მამაკაცური ტიპის სიმსუქნედ ითვლება და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ქოლესტერინის მატების მეტი ალბათობით ხასიათდება; მეორე ტიპის ანუ მსხლის ფორმის სიმსუქნე - როდესაც ცხიმოვანი ქსოვილი უფრო წელს ქვემოთ მიდამოებშია აკუმულირებული, ქალური ტიპისაა და ქვედა კიდურების ვენური უკმარისობით, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიებით, სიმსივნური დაავადებების მეტი შესაძლებლობით გამოირჩევა.

- რატომ არ შეიძლება შიმშილი?

- ჰიპოკალორიული დიეტების ერთ-ერთი თანმდევი უარყოფითი მხარე, რომელიც პაციენტის ნებისყოფის გამოცდაზე მოქმედებს, შიმშილია, უკეთეს შემთხვევაში კი საკვებით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. თუმცა ამ ორივე მოვლენის ფიზიოლოგიური საფუძვლები სხვადასხვაა, კერძოდ, შიმშილი სისხლში გლუკოზის დაქვეითებითა და ღვიძლსა და კუნთებში გლიკოგენის მარაგის შემცირებით გამოწვეული მდგომარეობაა, როდესაც თავის ტვინი ვეღარ იღებს მისი ნორმალური ფუნქციობისთვის საჭირო ერთადერთ ენერგეტიკულ მასალას, გლუკოზას, და იწყება აგრესიული ქმედებები, ფსიქოემოციური დაძაბულობა. მეორე მხრივ, საკვებით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა უშუალოდ უკავშირდება ჰიპოთალამუსის შიმშილისა და სიმაძღრის ცენტრებს და დეპრესიისა და ემოციური სტრესის საფუძველს ქმნის, რაც ხშირ შემთხვევაში, პაციენტებისთვის სიმსუქნის მკურნალობის შეწყვეტის ან გაურკვეველი ვადით გადადების მიზეზი ხდება.

შიმშილზე აგებული დიეტები კატეგორიულად არ შეიძლება მოზარდებისთვის, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის თანმდევი პათოლოგიებისას, რადგან შიმშილის დროს სხეულის მასის კარგვა ცილების და ცხიმების დაშლით მიმდინარეობს, ირღვევა ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მჟავატუტოვანი წონასწორობა მჟავიანობის – მეტაბოლური აციდოზის განვითარებით, რაც, შესაძლებელია, გაღრმავდეს თირკმელების ფილტრაციული ფუნქციის დაქვეითებით. ეს კი ორგანიზმში კეტოსხეულების, აცეტონის დაგროვებასა და ინტოქსიკაციას იწვევს.

- თქვენ აღწერეთ შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვერც საკვების შეზღუდვით და ვერც დიეტით იკლებს წონას. რატომ ხდება ასე და რა უნდა იღონოს პაციენტმა?

- ზოგიერთი პაციენტი, მიმართავს რა დიეტოთერაპიას, არ ითვალისწინებს, რომ მკურნალობის ეს ფაქტორი სწორ დაგეგმვასა და დოზირებას საჭიროებს. ისინი დიეტით ჭარბი წონის მაქსიმალურად სწრაფ კლებას ელიან. მხოლოდ ერთეულები ითვალისწინებენ, რომ წონის სწრაფად დაკლება არ არის დიეტოთერაპიის მთავარი ეფექტი. უფრო მნიშვნელოვანია დიეტის უსაფრთხოება და ორგანიზმის ადაპტაციის უნარი.

დიეტის საწყის ეტაპზე ორგანიზმი რეაგირებს ცვლილებაზე და იწყებს კლებას, თუმცა თანდათანობით, შემცირებული კვებისას, ასევე ამცირებს ენერგეტიკულ დანახარჯებსაც და წონის კლების ტემპი ქვეითდება.

არსებობს სუბიექტური ფაქტორებიც, როდესაც პაციენტი „იღლება“ მუდმივი აკრძალვებისა და შეზღუდვებისგან და მეტ-ნაკლებად არღვევს დიეტურ რეჟიმს, რაც ასევე ხელს უშლის წონის კლებას.

- წარმატებული დიეტის შემდეგ ხშირად კვლავ იმატებენ წონას. რატომ ხდება ასე?

- ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მსგავსად, სიმსუქნის მკურნალობაც უწყვეტი უნდა იყოს. დიეტით მიღწეული მასის დაქვეითების შემდეგ პაციენტმა და ექიმმა შედეგის შენარჩუნება და დაავადების რეციდივის თავიდან აცილება უნდა სცადონ.

ცნობილია, რომ სიმსუქნის რეციდივის შემთხვევები 100%-ს უახლოვდება. ამიტომ დიეტოთერაპიით შეძენილი კვებითი ჩვევები და დოზირებული ფიზიკური აქტივობა პაციენტებმა მთელი ცხოვრება უნდა განაგრძონ.

დავბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ - სიმსუქნე ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოიხატება ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით, პროგრესირებადი მიმდინარეობით, გარკვეული სახის გართულებებითა და მკურნალობის კურსის დასრულების შემდგომ რეციდივის მაღალი ალბათობით.

პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებისა (ტკბილეულის, ცომეულის) და ცხოველური ცხიმების შეზღუდვა. თუმცა თვითნებურ დიეტას ყოველთვის სასურველი შედეგი არ აქვს, ამიტომ უმჯობესია ექიმს მიმართოთ, რომელიც კვების რაციონსა და ფიზიკური დატვირთვის დოზას ინდივიდუალურად შეგირჩევთ.