რუბრიკები
სამკურნალო წერილები

ნაღვლის ბუშტმა თუ შეგვაწუხა
ახალგაზრდობიდანვე მაწუხებდა გულისრევის შეგრძნება, უსიამოვნო, მომწარო გემო პირში, განსაკუთრებით - დილაობით, და ტკივილი კუჭის თავიდან ოდნავ მარჯვნივ. ხანდახან ტკივილი იმდენად აუტანელი ხდებოდა, რომ საწოლიდანაც კი ვერ ვდგებოდი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მიმწვავდებოდა ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.

რამდენიმე წლის წინ ტკივილი და გულისრევა გამიხშირდა. იძულებული გავხდი, ექიმთან მივსულიყავი. აღმოჩნდა, რომ სანაღვლე გზების დისკინეზია მქონდა. ექიმმა დამინიშნა დიეტა და ნაღველმდენი ბალახების ნაყენი, მაგრამ მის სმას ვერაფრით შევეჩვიე - ხან დაყენება მავიწყდებოდა, ხან ნახარშის გემოს ვერ ვიტანდი. ჩემი გასაჭირი მეგობარს შევჩივლე. სულ წიგნებში იქექება, რვეულებში აქვს ამოწერილი საინტერესო გამონათქვამები, მნიშვნელოვანი თარიღები და ხალხური სამკურნალო საშუალებები. ვიფიქრე, იქნებ რამე საჩემოც მოიძიოს-მეთქი. დახმარებას დამპირდა. რამდენიმე დღეში მართლაც დამირეკა და მახარა, სწორედ საშენო რეცეპტი აღმოვაჩინეო. თურმე გრეიპფრუტი არაჩვეულებრივი ნაღველმდენი ყოფილა.

საკმარისია, ადამიანმა გრეიფრუტის წვენისა და წყლის ნაზავი მიიღოს, რომ ნაღვლის შეგუბება აღარასოდეს შეაწუხებს. ეჭვი კი შემეპარა, მაგრამ ვიფიქრე, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი. დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ვსვამდი ნახევარ ჭიქა წყალში გაზავებულ (1:3) გრეიპფრუტის წვენს. სამიოდე კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ ტკივილმა გამიარა. წავედი ექიმთან. მითხრა, თუ გიშველა, განაგრძეო. მას შემდეგ ტკივილი რა არის, არ ვიცი. სხვათა შორის, რაც გრეიპფრუტის წვენის სმა დავიწყე, არც გავციებულვარ და არც გრიპი შემხვედრია.

 

როგორ ვუშველოთ სოკოს
ზამთრობით ფეხები ხშირად მიოფლიანდებოდა და აუტანლად მექავებოდა. მერე და მერე ფეხის თითების ჭკნობაც დამეწყო. მეზობლად მცხოვრებმა ექიმმა მითხრა, ეს სოკოაო და რამდენიმე ხალხური რეცეპტიც მასწავლა. 1-2 დღეში უკეთესობა ვიგრძენი. მალე ქავილმა სულმთლად გამიარა და მას შემდეგ აღარც შევუწუხებივარ, მაგრამ ხალხური მედიცინით დავინტერესდი, დავიწყე ცოდნის გაღრმავება, ნაცნობ-მეგობრებზე უამრავი რეცეპტი გამოვცადე და ბევრი მოვიმადლიერე. მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

  • აიღეთ 100 მლ სამედიცინო (90-გრადუსიანი) სპირტი და 1 გრამი გლიცერინი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ფეხის თითებში.
  • ერთი მუჭა (100 გრამი) კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ სამ ლიტრ ადუღებულ წყალში და როდესაც შეგრილდება, გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს. ფეხი არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თვითონვე გაშრეს.
  • პიტნა დააქუცმაცეთ, შეურიეთ ცოტა სუფრის მარილი  დაიდეთ ფეხის თითებს შორის და ერთ საათს გაიჩერეთ.
  • ცივ წყალში ჩაყარეთ 1 ს/კ საჭმელი სოდა და ამდენივე მარილი, ჩაყავით ფეხები, მაშინვე ამოიღეთ და ჩაყავით სუფთა წყალში. 
  • კარგად დაიბანეთ ტერფები და ჩაყავით კონცენტრირებულ ღვინის ძმარში.

 

ოხრახუში საუკეთესო შარდმდენია
დიდი ხანია, გული მაწუხებს და ხშირად მიშუპდება ფეხები. ვსვამ უამრავ წამალს, პერიოდულად შარდმდენების დალევაც მიხდება. არ მინდოდა ბევრი ქიმიური პრეპარატის მიღება და გადავწყვიტე, შეშუპებას მცენარეებით შევბრძოლებოდი. ყველაფერს ვკითხულობდი შარდმდენი მცენარეული საშუალებების შესახებ, ერთხანს ნიახურის ძირების ნახარშიც ვსვი. უკეთესობას კი ვგრძნობდი, მაგრამ პერიოდულად შარდმდენი პრეპარატის მიღება მაინც მიხდებოდა. ერთხელ ახლობელმა ოხრახუშის ნახარშის დალევა მირჩია. დავუჯერე, ოღონდ ოხრახუშს ნიახურიც დავუმატე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე. ამ წამლის წყალობით, კარგა ხანია, შარდმდენი აბები აღარ დამჭირვებია.

  • 1 სუფრის კოვზ გამხმარ ოხრახუშს (ფოთლებს, ღეროს და ფესვებს) და 1 სუფრის კოვზ ნიახურის გამხმარ ძირებს ვაქუცმაცებ, ვასხამ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალს, წამოვადუღებ, ვაჩერებ ნახევარ საათს და ვფილტრავ. ვიღებ 2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
  • ზოგჯერ ნაყენს ოხრახუშის თესლისგანაც ვამზადებ, ისიც კარგ შედეგს მაძლევს: ნახევარ ჩაის კოვზ თესლს ვასხამ 2 ჭიქა ცივ წყალს, ვაჩერებ 8-10 საათს, ვფილტრავ და ვიღებ 2-3 სუფრის კოვზს დღეში სამჯერ.

 

როგორ განვიკურნე ფსორიაზისგან
მინდა გასწავლოთ საშუალება, რომლითაც თავის თმოვანი ნაწილის ფსორიაზი მოვირჩინე.
რა არ გადავიტანე: წლების განმავლობაში ვმკურნალობდი მალამოებით; რაკი გადამდები არ ვიყავი, ბიულეტენს არ მაძლევდნენ; დავდიოდი დაუბანელი თმით და თავი ისე მექავებოდა, სირცხვილით, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი.

  • ეს მეთოდი მიკარნახა კრეიპის წიგნმა "წყლით მკურნალობა": თავს ვყოფდი ცივი წყლით სავსე ჭურჭელში და დაახლოებით ერთ წუთს ვაჩერებდი. შემდეგ თმას ვიწურავდი, მაგრამ არ ვიმშრალებდი, ხოლო მხრებზე ვიფენდი პირსახოცს, რომელიც ჩამოწრეტილ წყალს იწოვდა. ასე დავდიოდი სახლში თმის გაშრობამდე.
  • ვინაიდან ონკანისთვის თავის შეშვერა მიჭირდა, თავდაპირველად თმას ანადუღარ გრილ წყალში ვისველებდი და თანდათანობით მასში პირდაპირ ონკანიდან ვამატებდი წყალს. ასე ვიქცეოდი ყოველ საღამოს ერთი თვის განმავლობაში. მეტი აღარც დამჭირვებია.

თუ ამ მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ სახლში უნდა თბილოდეს. დაუშვებელია ორპირი ქარი. თუ შეძლებთ, კარგი იქნება, პროცედურა დღეში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.



კომენტარი არ გაკეთებულა