რუბრიკები
სამკურნალო წერილები

პირშუშხა მარილების დაგროვებას შველის
ჩემს მეუღლეს წლების განმავლობაში სტკიოდა სახსრები, ტკივილისგან ღამეებს თეთრად ათენებდა. მრავალი საშუალება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. თუ ავადმყოფობას არ დაემორჩილები და ჯიუტად განაგრძობ გამოსავლის ძიებას, აუცილებლად იპოვი. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა - ათასგვარი საშუალება ვცადეთ და ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა შედეგი გამოიღო.

საჭიროა ჩვეულებრივი პირშუშხა. ფოთლებს გადაავლეთ მდუღარე და მტკივან სახსარზე დაიწყვეთ. რაკი ჩემს მეუღლეს უმთავრესად მუხლის სახსარი აწუხებდა, ფოთლები ამ ადგილას დავაწყვე, ზემოდან დავადე პერგამენტი, დავაფინე სელის ქსოვილის ნაჭერი და შემოვახვიე თბილი შალი.

პირველი პროცედურა ძილის წინ გავუკეთე, რათა სითბო დიდხანს შენარჩუნებულიყო. დილით, როდესაც კომპრესი მოვხსენი, ჩემდა გასაკვირად, მცენარის ფოთლებზე მარილის ნადები აღმოვაჩინე. მეორე პროცედურის შემდეგ მარილი უფრო ნაკლები იყო. მეუღლე მეუბნებოდა, რომ კომპრესის ქვეშ ფეხის წვას გრძნობდა, მაგრამ დისკომფორტი სავსებით ასატანი იყო.

 

ჭინჭრის წვენი ნაღვლის ბუშტის უებარი წამალია
ყოველთვის მიყვარდა გემრიელად და მაძღრისად ჭამა, დიეტის დაცვა დღესაც მიჭირს, შედეგად კი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება მივიღე. თბილისის ახლოს აგარაკი მაქვს და ეზოში ყოველ წელს უამრავი ჭინჭარი იზრდება. ზოგს ეს მცენარე სარეველად მიაჩნია, ჩემთვის კი ის ნამდვილი მწვანე მეგობარია. ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ვიყენებ მის წვენს, რომელსაც ასე ვამზადებ:

  • წვენსაწურში ვათავსებ ჭინჭრის ფოთლებს და ვწურავ. გამონაწურის 20 წვეთს ვუმატებ 1/4 ჭიქა თბილ წყალს ან რძეს და ვიღებ დღეში სამჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვეა.

 

კონიუნქტივიტს თაფლის წვეთები აცხრობს
რამდენიმე წლის წინ დამემართა ვირუსული კონიუნქტივიტი. ცალი თვალი პროცესმა ისე ჩაითრია, რომ პრაქტიკულად ვერაფერს ვხედავდი. ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მაღალმთიან სოფელში რამდენიმე სკა აქვს და კარგად იცის, რა სიკეთის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის თაფლი, მირჩია, თვალში თაფლის წვეთები ჩამეწვეთებინა. თავდაპირველად ჩაწვეთება დავიწყე ასეთი პროპორციით - 10:1, ანუ 10 წვეთი მდუღარე წყალი და 1 წვეთი თაფლი. ყოველდღე წყალს 1 წვეთით ნაკლებს ვიღებდი. ასე ჩამოვედი 3 წვეთ წყალსა და 1 წვეთ თაფლზე. მკურნალობა გავაგრძელე 3 თვე, შესვენების გარეშე. ვიწვეთებდი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს. წვეთებს ყოველ ჯერზე ახალ-ახალს ვამზადებდი. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თაფლმა მხედველობა გადამირჩინა.

 

ნიორი თმის ცვენას შეგიჩერებთ
მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა დამეწყო. ამბობდნენ, ნიორი შველისო, მაგრამ ვიდრე თავად არ გამოვცადე, არ მჯეროდა. ახლა თამამად ვაცხადებ: დიახ, ნიორი თმის ძირებს ამაგრებს და ვისაც თმა სცვივა, ვურჩევ, მისი სამკურნალო თვისებებით ისარგებლოს.

დაიდეთ დანაყილი ნიორი თმაგაცვენილ ადგილებზე დღეში ერთხელ, 2 საათით, შემდეგ თავი კარგად დაიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ 7-10 დღის განმავლობაში, შემდეგ ათი დღით შეისვენეთ და გაიმეორეთ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ. ორი-სამი კურსი უნდა გეყოთ.

თმის სწრაფი ზრდისთვის დანაყილი ნიორი კვირაში ერთხელ, დაბანის წინ, 2 საათით შეიზილეთ თმის ძირებში (თავს ნუ შეიხვევთ). თუ მშრალი კანი გაქვთ, გირჩევთ გამოიყენოთ დანაყილი ნივრისა და ზეითუნის ზეთის ნარევი. 2-3 თვეში შესამჩნევ შედეგს მიიღებთ.

 

წიწიბურა - მარილების წამალი
ჩემს ირგვლივ, - ცხადია, ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ, - არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მარილების დაგროვება არ აწუხებდეს. ექიმებთანაც გავიარე კონსულტაცია და ექიმბაშებთანაც, მაგრამ დიდი შედეგი ვერსად ვნახე. ბოლოს ჩემი მეზობლის სტუმარმა, რომელსაც იგივე პრობლემა ჰქონდა, მასწავლა მარტივი, იაფი და კარგი საშუალება, რომელმაც ტკივილები შემიმსუბუქა და ჩემი ცხოვრება უფრო აქტიური გახადა.

  • 1 სუფრის კოვზი წიწიბურა ჩავყაროთ ჩაის ჭიქაში და ჭიქის ნახევრამდე დავასხათ მაწონი. ეს უნდა გაკეთდეს საღამოს. დაწოლამდე რამდენჯერმე მოვურევთ, დილით გადავავსებთ მაწვნით, ისევ მოვურევთ და დავლევთ უზმოზე. მივიღებთ სულ 10 დღის განმავლობაში. ათდღიანი შესვენების შემდეგ შეიძლება გავიმეოროთ. თავდაპირველად საკმარისია სამი კურსი.

 

მრავალძარღვას სიკეთე
მართალია, დღეს ქიმიური პრეპარატებით მკურნალობას არავინ უარყოფს, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისინი ერთი მხრივ თუ კურნავს დაავადებულ ორგანიზმს, მეორე მხრივ უკუშედეგსაც იწვევს და უარყოფითად მოქმედებს ზოგიერთ ჯანმრთელ უჯრედზე, ამიტომ მივესალმები ძირძველ ხალხურ მედიცინას და მინდა, გასწავლოთ რეცეპტი, რომელსაც ბრონქიტის სამკურნალოდ ვიყენებ.

  • გარეცხეთ მრავალძარღვას ქორფა ფოთლები, დაჭერით წვრილად და მოსრისეთ. გადაწურეთ და მიღებულ წვენს დაუმატეთ იმავე ოდენობის თაფლი. ჭურჭელს დაახურეთ თავსახური და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ სუფრის კოვზით.


კომენტარი არ გაკეთებულა
"სასწრაფოდ იყიდება ბენზინ გასამართი სადგური ახალციხის შესასვლელში,...
"სასწრაფოდ! იყიდება ძველებური სარკე. ტელ.: 599587918 ნინო"
"იყიდება ნისანის რადიატორი, თითქმის ახალი"