რატომ გვეხვევა თავბრუ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვეხვევა თავბრუ

არამყარობას, გაბრუებას, საკუთარი სხეულის ან ირგვლივ არსებული საგნების ტრიალის ილუზიას. ჭეშმარიტ თავბრუხვევად მიჩნეულია სხეულის ან გარშემო მყოფი საგნების ბრუნვის, ვარდნის ან ქანაობის ილუზორული შეგრძნება. იგი კარუსელზე ჩქარი ტრიალის მსგავსია.

თავბრუხვევის მიზეზები

არსებობს თავბრუხვევის 80-მდე მიზეზი. ათიდან ორ შემთხვევაში იგი გამოწვეულია შიგნითა ყურის ან ვესტიბულური ნერვის დაზიანებით. ცენტრალური თავბრუხვევა დაკავშირებულია თავის ტვინის სხვადასხვა დაავადებასთან. თავბრუხვევის ხასიათი, შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა ექიმს მისი ჭეშმარიტი მიზეზის დადგენაში ეხმარება.

ფსიქოგენური თავბრუხვევა

ფსიქოგენური თავბრუხვევა გაურკვეველი შეგრძნებაა, რომელიც თავს იჩენს ემოციური დარღვევის დროს. ფსიქოგენური თავბრუხვევის კლინიკური გამოვლინებებია:

  • უჰაერობა, თავის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, ძილის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, შებერილობა, დისკომფორტი მუცლის არეში;
  • თავბრუხვევა, აღმოცენებული სპონტანურად ან კიბეზე ასვლის დროს, ხიდზე, მეტროში, ხალხმრავალ ადგილებში და სხვ.;
  • “თავში ბურუსის”, “მსუბუქი თრობის” ან “დაცემის შიშის” მსგავსი შეგრძნება.

ფსიქოგენურ თავბრუხვევას ზოგჯერ თან სდევს შიში და შფოთვა.

რა შუაშია ხერხემალი

ხერხემლის კისრის ნაწილი, ვესტიბულურ და მხედველობის სისტემებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონასწორობის დაცვაში. ხერხემლის კისრის ნაწილის კუნთებში და ხერხემლის მალებს შორის არსებული სახსრების კაფსულებში მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები - რეცეპტორები. რეცეპტორები აქტიურდება კისრის მოძრაობის, სახსრების კაფსულების დაჭიმვის, კუნთების დაჭიმვის დროს და თავის ტვინს აწვდის ინფორმაციას სივრცეში თავის მდებარეობის შესახებ. კისრის მიდამოს პათოლოგიური ცვლილებების დროს ინფორმაცია გაუკუღმართებულია და თავის ტვინი სივრცეში თავის მდებარეობას არასწორად განსაზღვრავს, რაც თავბრუხვევად აღიქმება. ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიის დროს შესაძლოა დაირღვეს თავის ქალადან ვენური სისხლის უკუდენა, რაც იწვევს ქალასშიდა და ყურისშიდა წნევების ხანმოკლე მომატებას. ამის შედეგად აღმოცენდება სიმძიმის შეგრძნება თავში, შუილი და დაგუბების შეგრძნება ყურებში. რა სიმპტომებით ვლინდება ხერხემლის კისრის მიდამოს დაზიანება? ამ დროს ხშირია:

  • თავბრუხვევა, არამყარობა, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა. სიმპტომები ძლიერდება ხერხემლის კისრის ნაწილში სწრაფი მოძრაობისას (თავის დახრა, მიბრუნება-მობრუნება, ზევით ახედვა).
  • კისრის მიდამოში მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი, ასევე - ტკივილი კეფის არეში საფეთქელსა და თვალში გადაცემით, კისრის უკანა ზედაპირზე კუნთების დაჭიმულობა, რასაც ხშირად თან ახლავს თავბრუხვევა.

უმეტესად ვინ უჩივის ასეთ თავბუხვევას?

კისრისმიერ თავბრუხვევას ხშირად უჩივიან ფსიქოემოციურად დატვირთული და სტრესული სამსახურის მქონე პირები. შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის არარსებობის ფონზე სტრესი იწვევს კისრის კუნთების დაჭიმულობას. ამას, წესისამებრ, ყურადღებას არ აქცევენ. განმეორებითი სტრესის დროს ძლიერდება კისრის კუნთების დაჭიმულობა, იცვლება სისხლის მიმოქცევა, რასაც საბოლოოდ თავბრუხვევამდე მივყავართ. კისრისმიერი თავბრუხვევა ხშირად აწუხებთ ადამიანებს, რომლებმაც ავტოავარიის დროს გადაიტანეს კისრის შოლტისებური ტრავმა. კისრისმიერი თავბრუხვევისკენ მიდრეკილნი არიან ქალები გრძელი, მოქნილი “გედის” კისრით.

როგორ სვამენ დიაგნოზს?

ხერხემლის კისრისმიერი თავბრუხვევის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე. ამ დროს სპეციალური ტესტებით იკვლევენ ხერხემლის კისრის ნაწილის როლს თავბრუხვევის განვითარებაში. აუცილებელია ხერხემლის ამ ნაწილის რენტგენგრაფიული გამოკვლევა ფუნქციური ცდებით, სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია.

როგორ მკურნალობენ?

ამ დროს მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს მედიკამენტურ და მანუალურ თერაპიას, პოსტიზომეტრიულ რელაქსაციას. ამ დროს აღდგება მოძრაობის ნორმალური დიაპაზონი, იხსნება კუნთების პათოლოგიური სპაზმი, რასაც ნერვული იმპულსაციისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება მოჰყვება. მანუალური თერაპიის შემდეგ თავბრუხვევა ხშირად სრულიად ქრება. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია ცურვა, კისრის სპეციალური ვარჯიშები.


ენდოლიმფური ჰიდროფსი

ენდოლიმფური ჰიდროფსი (ლაბირინთის ჰიდროფსი, შიდა ყურის წყალმანკი) შიდა ყურის სმენითი და ვესტიბულური ნაწილის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ენდოლიმფის მოცულობის მომატებით და მის შემადგენლობაში შემავალი ელექტროლიტების თანაფარდობის ცვლილებით. ენდოლიმფა სითხეა, რომლითაც ამოვსებულია შიდა ყურის სტრუქტურები - ლოკოკინა და ნახევარრკალოვანი არხები.

რატომ იმატებს შიგნითა ყურში სითხის რაოდენობა?

ზოგიერთ შემთხვევაში ენდოლიმფური ჰიდროფსის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ასეთ მდგომარეობას უწოდებენ პირველად ანუ იდიოპათიურ ჰიდროფსს. იგი ცნობილია როგორც მენიერის დაავადება. მეორეული ენდოლიმფური ჰიდროფსის (მას ხშირად მენიერის სინდრომსაც უწოდებენ) ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ხერხემლის კისრის ნაწილის ბიომექანიკური ცვლილებები (ოსტეოქონდროზი), ენდოკრინული დაავადებები, ალერგია, ინფექციები და სხვა.

სიმპტომები

ენდოლიმფური ჰიდროფსი ვლინდება ყურების შუილით და დაგუბების შეგრძნებით, სმენის დაქვეითებით, მწვავე თავბრუხვევით, რომელიც საათობით გრძელდება და თან ახლავს გულისრევა და პირღებინება ან მსუბუქი შექანება, რწევა სიარულის დროს. შეტევა გრძელდება ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე. ახასიათებს გამეორება (2-3 დღეში ერთხელ). შუალედებში სიმპტომები, გარდა სმენის დაქვეითებისა, ქრება. განმეორებითი შეტევა აუარესებს სმენადობას. დაავადების საერთო ხანგრძლივობა უცნობია, ხანდახან ის ათეულობით წელიწადს გასტანს. ავადდებიან უმეტესად 30-50 წლის ქალები.

როგორ სვამენ დიაგნოზს?

პაციენტმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოს ექიმ ოტონევროლოგს, რომელმაც ჩივილებისა და ტესტირების შემდეგ შეიძლება ენდოლიმფური ჰიდროფსი ივარაუდოს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიზანშეწონილია ნევროლოგის, აუდიოლოგის კონსულტაცია.

როგორ მკურნალობენ?

მკურნალობის მიზანია ენდოლიმფის მოცულობისა და შემადგენლობის მუდმივობის უზრუნველყოფა. მკურნალობა კომბინირებულია და მოიცავს:

  • სპეციალურ დიეტას;
  • შარდმდენებს;
  • პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ენდოლიმფის რაოდენობისა და შემადგენლობის მუდმივობის შენარჩუნებას (ასეთია, მაგალითად, ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი (ბეტასერკი, ვაზოსერკი)).

როდესაც თავბრუხვევა ხშირია, შესაძლოა დაინიშნოს სედაციური პრეპარატი. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი. მეორეული ენდოლიმფური ჰიდროფსის დროს აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა.

თავის ტვინი და თავბრუხვევა

თავის ტვინის დაავადებების დროს თავბრუხვევა იზოლირებულად ძალიან იშვიათად წარმოიშობა. იგი ერწყმის შემდეგ სიმპტომებს:

  • მეტყველების დარღვევას;
  • გაორებას;
  • კიდურების სისუსტეს;
  • მეხსიერების დარღვევას;
  • დაბუჟებას ან ჩხვლეტის შეგრძნებას სხეულის რომელიმე ნაწილში.

სმენა იშვიათად უარესდება, იშვიათია ყურების შუილიც. ასეთი თავბრუხვევა უმეტესად თან ახლავს ინსულტს (გარდამავალ იშემიურ შეტევას), სიმსივნეს, შაკიკს, გაფანტულ სკლეროზს, კისრისა და თავის ტრავმებს.

ცენტრალური წარმოშობის თავბრუხვევის თავისებურებები

  • ინსულტის დროს თავბრუხვევისთვის დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი, თან ახლავს გაორება, მგრძნობელობისა და მოძრაობის დარღვევა. თავბრუხვევა, წესისამებრ, გრძელება რამდენიმე დღე.
  • ტვინის სიმსივნის დროს თავბრუხვევა იწყება თანდათანობით და თან ახლავს მზარდი თავის ტკივილი. დამახასიათებელია თავის ტკივილის გაძლიერება სხეულის განსაზღვრული მდგომარეობის დროს.
  • ტრავმის დროს თავბრუხვევა ზოგჯერ მაშინვე იწყება, ზოგჯერ - გარკვეული ხნის შემდეგ. ინტრაკრანიული სისხლჩაქცევის გამოსარიცხად მიზანშეწონილია თავის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა.

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა წარმოადგენს თავბრუხვევის ტიპს, რომელიც გამოწვეულია შიდა ყურის ვესტიბულური აპარატის დაავადებით. თავბრუხვევის შემთხვევათა საერთო რიცხვში მისი წილი 17%-ია. უმეტესად ავადდებინ ქალები. შიდა ყურში მდებარეობს ორი რეცეპტორი - სმენისა და ვესტიბულური, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ წონასწორობის დაცვაში. შიგნითა ყურის ვესტიბულური ნაწილი წარმოდგენილია სფერული და ელიფსური პარკებით და სამი ნახევარრკალოვანი არხით. ნახევარრკალოვანი არხების რეცეპტორები მგრძნობიარენი არიან კუთხური აჩქარების მიმართ, ხოლო პარკებისა - ხაზოვანი აჩქარების მიმართ და წარმოადგენენ ფირფიტებს, რომლებიც შედგება მუკოპოლისაქარიდული ჟელესგან მასში განთავსებული ბოჭკოებით და კალციუმის კარბონატის მცირე (0,5-30 მკმ დიამეტრის) კრისტალებისგან - სტატოლითებისგან. ამა თუ იმ მიზეზით (თავის ტრავმის, ყურის ანთებითი დაავადებების, სიბერის გამო და სხვ.) პარკების რეცეპტორები შესაძლოა დაირღვეს, სტატოლითები გამოთავისუფლდეს და ნახევარრკალოვან არხებში არსებულ სითხეში გადაადგილება იწყოს. ამ შემთხვევაში თავის მკვეთრი გატოკებისას სტატოლითები ამოძრავდება და შიგნითა ყურის ჰიდროდინამიკას არღვევს, რაც ბრუნვისა და ტრიალის შეგრძნებას განაპირობებს. თავბრუხვევას შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა-პირღებინება და რწევის შეგრძნება. ეს შესაძლოა რამდენიმე საათიც გაგრძელდეს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევის დროს ტრიალის შეგრძნებას თან ახლავს თვალების უნებლიე მოძრაობა (ნისტაგმი). ექიმის ამოცანაა, გარკვეული მეთოდით გამოიწვიოს შეტევა ან დააკვირდეს ნისტაგმის მიმართულებას და მისცეს მას ადეკვატური შეფასება.

როგორ მკურნალობენ

არსებობს მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: პირველია სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც ვესტიბულური აპარატის ადაპტაციისთვისაა გამიზნული, მაგრამ ვერ ჭრის პრობლემას, რომელიც დაავადებას უდევს საფუძვლად. მეორეა პოზიციური სამკურნალო მანევრები: ექიმს შეუძლია, პაციენტის თავის ამოძრავებით ხელი შეუწყოს სტატოლითების გადაადგილებას ნახევარრკალოვანი არხებიდან შიგნითა ყურის იმ უბნამდე, სადაც ისინი ვეღარ შეძლებენ ვესტიბულური აპარატის გაღიზიანებას. ეს პროცედურა უმტკივნეულოა და 15-დან 30 წუთამდე გრძელდება. ხშირად ეფექტი პირველივე სეანსს მოჰყვება, იშიათად შესაძლოა საჭირო აღმოჩნდეს პროცედურის გამეორება.


პერილიმფური ფისტულა

შიგნითა ყური წარმოადგენს ძვლოვან ლაბირინთს (ლოკოკინა, ნახევარრკალოვანი არხები), მის შიგნით კი მოთავსებულია მემბრანული ლაბირინთი, რომელიც იმეორებს ძვლოვანის ფორმას. მემბრანული ლაბირინთი ამოვსებულია ენდოლიმფით, ხოლო მასა და ძვლოვან ლაბირინთს შორის მდებარეობს პერილიმფა (პერილიმფური სივრცე). თითოეული სითხე ნორმალურ მდგომარეობაში ინარჩუნებს მუდმივ მოცულობას და ელექტროლიტურ ბალანსს (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი და სხვ.). პერილიმფური ფისტულა კი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პერილიმფა გამოდის პერილიმფური სივრციდან ძვლოვანი ლაბირინთის დაზიანების გამო. პერილიმფური ფისტულის განვითარებას ხელს უწყობს:

  • შუა და შიგნითა ყურის ტრავმები (ქალა-ტვინის ტრავმა,საფეთქლის ძვლის დაზიანება, აკუსტიკური და ბაროტრავმა, ყურის პოსტოპერაციული გართულებები);
  • ქალასშიდა წნევის მკვეთრი ცვლილებები (ქალა-ტვინის ტრავმა, ვენური უკუდენის დარღვევა, მნიშვნელოვანი ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვა);
  • ქრონიკული ოტიტი (ყურის ანთება);
  • შიგნითა ყურის თანდაყოლილი ანომალიები.

როგორ ვლინდება

პერილიმფური ფისტულის სიმპტომებია უეცარი ცალმხრივი სიყრუე, ყურის შუილი, თავბრუხვევა და ღებინება, რომელიც პაციენტების ნახევარს აღენიშნება.

როგორ სვამენ დიაგნოზს

პერილიმფური ფისტულის დიაგნოსტირება რთულია, ვინაიდან სიმპტომებით ძალიან ჰგავს შიგნითა ყურის სხვა დაავადებებს (მაგალითად, მენიერის დაავადებას) და სხვადასხვა ნევროლოგიურ დარღვევას. დიფერენცირებისთვის მიზანშეწონილია კომპლექსური გამოკვლევა, მათ შორის - აუდიოლოგიური და ვესტიბულური ტესტირებაც.

როგორ მკურნალობენ

პერილიმფური ფისტულის ეფექტური მკურნალობისთვის საჭიროა ექიმთან დროულად მისვლა. ათიდან 3-5 შემთხვევაში ფისტულა იხურება სპონტანურად ან კონსერვატიული მკურნალობის შედეგად, რაც გულისხმობს სიმშვიდეს და სისხლძარღვოვანი პრეპარატების მიღებას, სხვა შემთხვევებში კი ქირურგიული ჩარევა ხდება აუცილებელი.

ვესტიბულური ნერვის დაზიანება

ვესტიბულური ნევრიტის მიზეზი უმეტესად ინფექციური დაავადება, სისხლძარღვოვანი დაავადება ან წამლისმიერი ინტოქსიკაციაა. ნევრიტის გამომწვევი ინფექციური აგენტებია: მარტივი ჰერპესის ვირუსი, შემომსარტყლავი ლიქენი, ციტომეგალოვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ადენოვირუსი, ა და B გრიპის ვირუსები, პარაგრიპის ვირუსი, ყბაყურასა და წითელას ვირუსები, ასევე - სპიროქეტა და სოკო. სისხლძარღვოვანი წარმოშობის ნევრიტს ხშირად ვხვდებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ასაკოვან (50 წელს გადაცილებულ) პაციენტებთან. ხელშემწყობი ფაქტორებია თამბაქოს წევა, ლიპიდური ცვლის დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, არითმია და სხვა.

როგორ ვლინდება

ვესტიბულური ნევრიტისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი, ძლიერი თავბრუხვევა, შეუჩერებელი ღებინება, ტრიალის შეგრძნება, რომელიც ძლიერდება ადგომისა და თავის გატოკების დროს. სიმპტომები უმეტესად 2-3 დღეში გაივლის, ხოლო საბოლოო გამოჯანმრთელებას ვესტიბულური აპარატის კომპენსატორული ფუნქციები 2-3 კვირაში უზრუნველყოფს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

წესისამებრ, დიაგნოზს სვამენ პაციენტის ჩივილების საფუძველზე, სპეციალურ გამოკვლევებს ეს დაავადება არ მოითხოვს, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც სიმპტომები გრძელდება თვეზე მეტხანს ან გარკვეული პერიოდულობით მეორდება.

როგორ მკურნალობენ

ტრანკვილიზური და სედაციური საშუალებები წარმოადგენს ვესტიბულური ფუნქციის დეპრესორებს, აფერხებს ვესტიბულურ კომპენსაციას, ამიტომ მათი დანიშვნისგან თავის შეკავება ჯობია. ღებინების საწინააღმდეგო და სედაციური პრეპარატების გამოყენება საჭიროა შეზღუდული დოზებით იმ პერიოდში, როდესაც ვესტიბულურ კომპენსაციაზე ზემოქმედება არ ხდება. მიზანშეწონილია ვესტიბულურ კომპენსაციაზე დადებითი ზემოქმედების მქონე პრეპარატების მიღება. პაციენტებს, რომლებსაც თავბრუხვევა რამდენიმე კვირა უგრძელდებათ, ვესტიბულურ ვარჯიშებს ურჩევენ. ეს ვარჯიშები შიგნითა ყურის ფიზიოლოგიურ სტიმულირებას უზრუნველყოფს. მათი დანიშნულებაა მხედველობის სტაბილიზაცია, სპონტანური ნისტაგმის ლიკვიდირება.

თავბრუხვევა და შაკიკი

შაკიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია შეტევითი, მოპულსირე თავის ტკივილი. ხშირად შეტევას თან ახლავს გაღიზიანება, სისუსტე, გულისრევა, ღებინება და თავბრუხვევა. შაკიკით დაავადებულთა 70%-ს სხვადასხვა ხასიათის თავბრუხვევა აღენიშნება. მან შესაძლოა თავი იჩინოს როგორც შაკიკის შეტევის, ისე შეტევათა შორის პერიოდშიც. ვესტიბულური დარღვევები უმეტესად ბაზილარულ შაკიკს ახლავს თან. თავბრუხვევა წინ უძღვის თავის ტკივილის შეტევას, გრძელდება ერთი წუთიდან ერთ საათამდე და თან ახლავს ყურების შუილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები. შაკიკს სპეციალიზებულ დაწესებულებებში მკურნალობენ.