ფსიქიკური პრობლემები სქესობრივი ინფექციების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქიკური პრობლემები სქესობრივი ინფექციების დროს

პრობლემების გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალზე უსიამოვნო შედეგები გელით - მუდმივი ანთებითი პროცესებით დაწყებული, უშვილობით დამთავრებული. სქესობრივი ინფექციები საფრთხეს უქმნის სქესობრივ ცხოვრებას და წარმოშობს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რაც პარტნიორთა ურთიერთობას არათუ ართულებს, ხშირად ანგრევს კიდეც.

სგგი-ს გადაცემა შესაძლებელია ნებისმიერი (ვაგინალური, ანალური, ორალური) გზით განხორციელებული სქესობრივი აქტის შედეგად და ხანდახან აქტის გარეშეც - სასქესო ორგანოებზე შეხებითაც კი, განურჩევლად პარტნიორის ვინაობისა (როგორც შემთხვევით პარტნიორთან, ისე ცოლქმრული ურთიერთობის დროს) და იმისა, ერთხელ განხორციელდა სქესობრივი აქტი თუ მრავალჯერ. ასე რომ, ყველას, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, მეტ-ნაკლებად ემუქრება სგგი-თ ინფიცირების რისკი.

ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ადამიანი ინფორმირებული იქნება. სწორი სქესობრივი აღზრდა გულისხმობს, ჩამოვუყალიბოთ ადამიანს მისი სქესისთვის დამახასიათებელი ქცევა და ჩვევები. ეს არამცთუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია!

მნიშვნელოვანია სექსის ჰიგიენა. ეს შესიტყვება ზოგს შესაძლოა შეუსაბამო მოეჩვენოს, ეხამუშოს კიდეც - გამუდმებით, განსაკუთრებით - სქესობრივი კონტაქტის დროს, ჰიგიენაზე ავადმყოფურად ფიქრი ხომ არ შეიძლებაო?! ეს იმიტომ, რომ ჰიგიენაზე საუბრისას უმეტესად ინფექციის გამომწვევებისგან თავის დაცვას გულისხმობენ. არადა, ჰიგიენა ვრცელი მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედებას და შეიმუშავებს ღონისძიებებს ჯანმრთელობის დასაცავად.

ადამიანის სქესობრივ ქცევაზე, ისევე როგორც სხვა ქცევებზე, უამრავი დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი ახდენს გავლენას.

ადამიანთა უმრავლესობისთვის სექსი არის - უფრო სწორად, უნდა იყოს - არა უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ უფრო ფაქიზი, უფრო ინტიმური რამ, რადგან ამ დროს ადამიანი მიისწრაფვის, მიანიჭოს პარტნიორს მეტი სიამოვნება, მიეცეს მას როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, გათავისუფლდეს ჩარჩოებისგან, უპასუხოს პარტნიორის სურვილებს და ეს ყოველივე მხოლოდ “სექსის ტექნიკის ფლობაზე” არ არის დამოკიდებული.

XXI საუკუნეში ალბათ უხერხულიც კია იმის ახსნა, რომ სქესობრივი კონტაქტის დროს პარტნიორებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიცვან ელემენტარული ჰიგიენის, ამ შემთხვევაში - უბრალო სხეულებრივი სისუფთავის პრინციპები. მარტივად რომ ვთქვათ, მიიღონ შხაპი, მოიწესრიგონ გარეთა სასქესო ორგანოები, გაისუფთაონ პირის ღრუ. ეს არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, პირიქით, ხაზს უსვამს იმას, რომ პატივს სცემ პარტნიორს, გსურს, სიამოვნება მიანიჭო მას და, ამასთან, სხვადასხვა უსიამოვნებისგან დაიცვა.

რა არის აუცილებელი ჯანსაღი სექსისთვის?

ჯანსაღი სექსი, თუ მის სულიერ მხარეს ვიგულისხმებთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ემყარებოდეს სიყვარულს, რომელიც სქესობრივ კავშირს სრულყოფილს ხდის. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან შემთხვევითი “თავგადასავლებისგან” არავინაა დაზღვეული. შესაბამისად, შესაძლოა გაიზარდოს ინფექციურ-ვენერული დაავადებების რისკი.

რაც შეეხება სხეულებრივ სიჯანსაღეს, აქ, რა თქმა უნდა, საქმე სხვაგვარადაა. ელემენტარული ჰიგიენა უკვე აღარ არის საკმარისი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან თავის დასაცავად.

უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ საკუთარ ჯანმრთელობაში. ეს ეხება როგორც მამაკაცს, ასევე ქალსაც. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების დღევანდელ არსენალს გავითვალისწინებთ, ამის გაკეთება ძნელი არ არის.

ზედმიწევნით უნდა ვერიდოთ შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, გარანტირებული დაცვა მხოლოდ პრეზერვატივს შეუძლია. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დამცავი ვაქცინა ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ არსებობს.

ისიც უნდა ითქვას, რომ მამაკაცებს და ხშირად ქალებსაც, რომლებსაც ამა თუ იმ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის გამო მკურნალობა მოუხდათ, შესაძლოა ჩამოუყალიბდეთ კოიტოფობია - სქესობრივი აქტის შიში - და საერთოდ უარი თქვან სექსზე. ეს უკვე სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაა.

როცა ქალი ან მამაკაცი შეიტყობს, რომ მის სქესობრივ პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია აქვს, ბუნებრივია, უჩნდება შიში, თვითონაც არ დასნებოვნდეს, არ გახდეს ამ დაავადების მატარებელი. ეს შიში სქესობრივ ქცევაზე აისახება - შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური სურვილის უქონლობა ან ლტოლვის მკვეთრი დაქვეითება. მუდმივ სტრესს, განგაშის შეგრძნებას, შფოთვას ხშირად პარტნიორთან კონფლიქტამდე მივყავართ.

სქესობრივი ინფექციებით დასნებოვნების შიშმა ქალებთან შესაძლოა ანორგაზმია გამოიწვიოს - მამაკაცის მიმართ ქვეცნობიერი თუ გააზრებული ზიზღი ორგანიზმის განცდას ამუხრუჭებს. ასეთი შიში შესაძლოა ვაგინიზმის მიზეზადაც იქცეს. ეს ფსიქოლოგიური მომენტია და ფიზიოლოგიასთან კავშირი არ აქვს. შიშმა შესაძლოა გამოიწვიოს საშოს კუნთების ისეთი სპაზმი, რომ სქესობრივი აქტის ჩატარება შეუძლებელი გახდეს. ამ დროს დაძალება დაუშვებელია - ეს უფრო მეტად დაამძიმებს ვითარებას. მამაკაცს ამ დროს შესაძლოა დანაშაულის განცდა გაუჩნდეს და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა, კერძოდ, ერექციის უკმარისობამ, მასთანაც იჩინოს თავი.

შიშმა შესაძლოა აკვიატებულ ქცევამდეც მიგვიყვანოს - ჩვევად გვექცეს ხელების ბანა, შხაპის მიღება, კბილების ხეხვა, საკუთარი სხეულის სინჯვა-თვალიერება. ვენერული დაავადების აკვიატებული შიშის გამო ბევრი გამუდმებით დადის ექიმებთან დიაგნოზის დასაზუსტებლად და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაშიც კი ვერ მშვიდდება, ვერ იჯერებს, რომ ავად არ არის.

როცა ცოლს ან ქმარს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია აღმოაჩნდება, საქმე ხშირად განქორწინებამდეც კი მიდის.

მრავალ სპეციალისტს მიაჩნია, რომ წყვილებმა, რომლებიც განქორწინებას აპირებენ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია კონფლიქტოლოგთან, ფსიქოლოგთან ან სექსოპათოლოგთან. სპეციალისტები დაგეხმარებიან, სხვა თვალით შეხედოთ პრობლემას. ზოგჯერ ეს არც ისეთი მძიმეა, როგორიც გვეჩვენება. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია რაციონალური მიდგომა, ვითარების ადეკვატური გააზრება და ყველა კითხვაზე დასაბუთებული, არგუმენტირებული, კომპეტენტური პასუხის მიღება. ასე რომ, ხიდის გადაწვას ნუ იჩქარებთ - ურთიერთთანადგომა, გულწრფელობა და ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობა ყოველგვარი განსაცდელის გადალახვას გაგიადვილებთ.