ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

უარის თქმა მნიშვნელოვანია, რადგან...

  • “არას” თქმის შემთხვევაში ჩვენ ვიცავთ ჩვენს წარმოდგენას ჩვენთვის მისაღები თუ მიუღებელი საგნების შესახებ;
  • ვზრუნავთ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე;
  • გარდა ამისა, უნდა ვისწავლოთ “არას” თქმა საკუთარი შვილებისთვისაც. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ეგოიზმს, ამ სიტყვის ცუდი გაგებით.

წარმოიდგინეთ, თუ თქვენ მოგიწევთ მუდმივად სხვისი სურვილებისა და თხოვნის გათვალისწინება და უცხო ადამიანების ჭკუაზე სიარული, რით შეიძლება დამთავრდეს ეს - იმ ადამიანებზე უარყოფითი განწყობის შექმნით, რომლებიც თქვენ რაიმეს გთხოვენ ან იმით, რომ ვერასოდეს უპასუხებთ საკუთარ თავს კითხვებზე - “ვინ ვარ მე?”; “რა მინდა მე?”

არ მსურს კონფ ლიქტები...

ამიტომ მეშინია უარის თქმა. ეს ყველაზე ხშირი და გავრცელებული ახსნაა. ბევრ შემთხვევაში ის გამართლებულია. დიახ, ზოგჯერ უნდა დაეთანხმოთ, თუ იცით, რომ თქვენს უარს შეიძლება თქვენთვის უსიამოვნო შედეგები ან ემოციები მოჰყვეს. უნდა გახსოვდეთ: ზოგჯერ! მკვეთრად უნდა გავაცნობიერო, რომ ამას არ ვაკეთებ ყოველთვის და კონკრეტული მიზნებით, რომლებიც პირადად მე მჭირდება. მე არ მინდა ვიჩხუბო ან მე მინდა დავეხმარო სხვას. ასეთი განწყობით თქვენ ხელმძღვანელობთ თქვენი სურვილებით - ეს თქვენი ცნობიერი არჩევანია. ასეთი განწყობა განსხვავდება განწყობისაგან “მომიწევს”, “საჭიროა”, “უხერხულია”.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანისთვის, რომელსაც უჭირს “არას” თქმა, სინამდვილეში “დიახის” თქმაც არ არის ადვილი. მას არ აქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე, რა უნდა მას ან რა სურს რეალურად.

ფსიქოლოგები ასევე შენიშნავენ, რომ თუ ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებით სხვის თხოვნას იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები, წარმოიშობა “ცრუ ჰარმონიის ეფექტი”. ურთიერთობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი “მეს” შენარჩუნება.

ჩვენი სხეულის ენაზე

ფსიქოანალიტიკოსებმა საინტერესო რამ შენიშნეს. თუ ჩვენ ხმამაღლა ვერ ვამბობთ “არას”, ამას ჩვენს ნაცვლად აკეთებს ჩვენი ორგანიზმი. მაგალითად, თუ ქალს უჭირს იმის აღიარება, რომ მისი ქმარი თავნება და ახირებულია, რა ემართება სხეულს? ის ფრიგიდული ხდება ან სამსახურში თანამშრომლებს შეუბრალებლად უწევს ექსპლუატაციას, ნორმის ზემოთ ტვირთავს და შესაბამისად არ უნაზღაურებს შრომას. თანამშრომელი მორჩილად დუმს, ხოლო სხეული ამბობს “არას” ავადმყოფობით, ჰიპერტონიით, ძლიერი გაციებით.

როგორ ვიწავლოთ უარის თქმა

ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც იმ შეგნებით იზრდებოდნენ, რომ მათი შეყვარებას გარშემომყოფნი მხოლოდ მაშინ შეძლებენ, თუ ისინი ყველას ყველაფერში ეთანხმებიან, უარი - საშიშროების მომასწავებელია. ხშირად ასეთი განწყობა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება - სამსახურზეც, პირად ურთიერთობებზეც, მეგობრობაზეც. უფრო მარტივია, როცა “არას” თქმით წარმოქმნილი სირთულეები რომელიმე ერთ სფეროში გამოვლინდება. მაგალითად, სამსახურში ადამიანი იცავს თავის საკუთარ ინტერესებსა და პოზიციას, ხოლო სახლში რბილი და დამთმობი ხდება.

უარის თქმის სწავლა შესაძლებელია - შეაფასეთ რისკი. დასაწყისისთვის წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში. რა შეიძლება დაკარგოთ? თუ თქვენ უფრო მეტს დაკარგავთ, ვიდრე გაქვთ ახლა, ყველაფერი თავის ადგილზე დატოვეთ. თუ არაფერი საშიში არ მოხდება, იმოქმედეთ თქვენი ინტერესების გათვალისწინებით;

  • ნუ იფიქრებთ იმას, რომ “არას” თქმით უარს ამბობთ უშუალოდ ადამიანზე. თქვენ უარს ეუბნებით მხოლოდ თხოვნის შესრულებაზე;
  • განაცხადეთ უარის თქმის მიზეზი. შეიძლება თქვათ, მაგალითად, “მე სიამოვნებით, მაგრამ...” ან “მე ეს არ მაწყობს, რადგან...”; “მე ეს არ მსიამოვნებს”, “მე ეს არ მაინტერესებს” და ა.შ. მიზეზი შეიძლება სრულიადაც არ შეეფერებოდეს სიმართლეს, მთავარია, ის ადვილი გასაგები და აღსაქმელი იყოს;
  • შეცვალეთ “არა” “დიახით” მხოლოდ პირადად თქვენთვის. ყველაფერი გაცილებით მარტივია: გამოთქმას “მე არ მინდა დაქალთან ერთად მაღაზიაში წასვლა” ცვლით გამოთქმით: “მე მინდა დღეს სახლში დარჩენა!” თქვენი პოზიცია უპირველესად თქვენივე თავისთვის განამტკიცეთ;
  • გახსოვდეთ, უარის თქმის სურვილი შეიძლება დამოკიდებული იყოს ასაკზე (რაც მისაღებია 20 წლის ასაკში, ხელს არ მაძლევს 40 წლისას), ჩვენს განწყობილებასა და თვითშეგრძნებაზე. ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად მოუსმინეთ საკუთარ თავს, გულისთქმებს, გაითვალისწინეთ თქვენი მოთხოვნილებები, სურვილები და ინტერესები და ხშირად ჰკითხეთ თქვენს თავს: “რა მსურს სინამდვილეში?”

- ძალიან მინდა ფსიქოლოგის რჩევა, რადგან შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვპოულობ. ვარ 36 წლის, 3 წლის წინ განვქორწინდი. ამ ქორწინებიდან 10 წლის გოგონა მყავს. მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვი ძალიან განიცდის მშობლების დაშორებას. თუმცა მამასთან და მამის მხრიდან ნათესავებთან სისტემატურად ურთიერთობს და შესანიშნავი დამოკიდებულებაც აქვთ. მე ყოველმხრივ ხელს ვუწყობ მათ შეხვედრებს, ვუხსნი გოგონას, რომ მამა სამუდამოდ რჩება. ჩემს ყოფილ ქმართან მეც ნორმალური ურთიერთობა მაქვს.

პრობლემები მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ორი წლის წინ ყოფილ თანაკლასელს შევხვდი, რომელსაც, როგორც გაირკვა, სკოლის მერხიდან ვუყვარდი. სკოლაში მე მას ყურადღებას არ ვაქცევდი, ვერც მის ჩემდამი გრძნობებს ვამჩნევდი. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ შორის რომანი დაიწყო. მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩემმა გოგონამ ძალიან მტკივნეულად აღიქვა ჩვენი ურთიერთობა. თუმცა თანდათანობით შეეჩვია. მე ეს ძალიან გამიხარდა. ჩვენ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ მეორე ქმრის სახლში.

სწორედ აქ დაიწყო სირთულეები, გაჩნდა გარკვეული პრობლემები. ჩემი ქმარი ძალიან მომთხოვნია, დიდხანს მარტო ცხოვრობდა, ავადმყოფურად უყვარს წესრიგი. გოგონა ცდილობს მას ანგარიში გაუწიოს, ასრულებს ჩემს მითითებებს და მოთხოვნებს, მაინც უჭირს, ბავშვი მაინც ბავშვია. ჩემი ქმარი ბრაზობს, მოითხოვს, რომ გოგონას მიმართ მკაცრი ზომები მივიღო, რადგან თვლის, რომ მხოლოდ დასჯისას აცნობიერებს ადამიანი თავის შეცდომასა და დანაშაულს.

როცა ჩემი გოგონა არდადეგებზე დედაჩემთან მიდის, ჩვენს სახლში სიმშვიდე ისადგურებს. დაბრუნდება თუ არა ბავშვი - კვლავ იძაბება სიტუაცია. ქმარი ზრუნავს ჩვენზე და ცდილობს არაფერი მოგვაკლოს, მაგრამ მე დამღალა ამ გაუთავებელმა დაძაბულობამ და ჩხუბმა, ვცხოვრობ ორ ცეცხლშუა: გოგონას ქმრისაგან ვიცავ, ხოლო გოგონასთან ქმარს ვამართლებ. ჩემს ქმარს ძალიან უნდა თავისი შვილი, მაგრამ მეშინია, რომ ეს კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობებს. მიყვარს ქმარი და არ მინდა მისი დაკარგვა, მაგრამ ვერასდროს მივცემ უფლებას ტკივილი მიაყენოს ჩემს გოგონას. არ მინდა, რომ ის მუდმივად განიცდიდეს დანაშაულის გრძნობას. ნამდვილი მოჯადოებული წრეა. როგორ გამოვიდე ამ რთული მდგომარეობიდან? თამარი, 36 წლის

კომენტარი: როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრებას იწყებს, კონფლიქტებს თავიდან ვერ აიცილებთ. ერთმანეთს ხვდება ორი განსხვავებული ხასიათისა და პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი - ასეთია ცხოვრებისა და ადამიანური ურთიერთდამოკიდებულების კანონი. ურთიერთდათმობა და კომპრომისები - ესაა კეთილგანწყობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის საფასური. იმისათვის, რომ გიყვარდეს და მასაც უყვარდე, საჭიროა ურთიერთგაგება და დათმობა. თქვენი ნაამბობიდან ჩანს, რომ თქვენმა მეორე ქმარმა თავიდანვე იცოდა გოგონას არსებობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მან გააკეთა არჩევანი და აიღო პასუხისმგებლობა არა მარტო თქვენზე, არამედ თქვენს გოგონაზეც. ახლა ის თქვენ, პრაქტიკულად, ულტიმატუმს გიყენებთ: ან ის, ან თქვენი გოგონა.

შესაძლოა, თქვენი ქმრის საქციელი იმით აიხსნას, რომ ის ეჭვიანობს წარსულის გამო (სკოლაში ხომ თქვენ ვერ შეამჩნიეთ მისი გრძნობები და სხვა აირჩიეთ), თქვენი შვილი კი ამ წარსულის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გოგონა არ გრძნობდეს, რომ მის გამო გაქვთ უსიამოვნება ქმართან და არ დაიჯერებს, როცა მის გადარწმუნებას შეეცდებით. ის ახლა მხოლოდ 10 წლისაა, მაგრამ წინ გიდევთ გარდატეხის რთული პერიოდი, როცა წარსულში გადაუჭრელი პრობლემები ძალიან სახიფათო ხდება, ის ზვავს ემსგავსება ხოლმე. თქვენი პრობლემა საკმაოდ რთულია, მაგრამ სავსებით მოგვარებადი. სიტუაციიდან გამოსავალი ერთია - უნდა დასხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა, როგორც თქვენი წერილიდან ჩანს, ფსიქოლოგის ჩარევის გარეშე თქვენი პრობლემის გადაწყვეტა, ალბათ, გაჭირდება. თქვენი უახლოესი ამოცანაა, დაარწმუნოთ ქმარი, რომ მიმართოთ ოჯახის ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს. მიიღებთ შესაბამის რჩევებს და თქვენი ოჯახური პრობლემები ეტაპობრივად მოიხსნება.