ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

თუ მძაფრი განცდების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, ეცადეთ, საკუთარ თავს თვითონვე დაუსახოთ რთული ამოცანები, ოღონდ რაიმე პოზიტიური და სასარგებლო მოიფიქრეთ. მაგალითად, შეადგინეთ მკაცრი გრაფიკი უცხო ენის შესასწავლად, რათა ერთი წლის შემდეგ გამოცდის ჩაბარება შეძლოთ, ან მიზნად დაისახეთ რაიმე სპორტული მიღწევა - შპაგატში ჩაჯდომა ან დიდი ჩოგბურთის თამაში. შეგიძლიათ შეუდგეთ ბინის კეთილმოწყობას: რემონტი შესანიშნავი საშუალებაა მოწყენილობის დასაძლევად. შეგიძლიათ, იაროთ ტურისტულ ლაშქრობებში ან რაიმე პროექტი წამოიწყოთ. მთავარია, ეს იყოს რთული საქმე, რომლის შესასრულებლად ბოლომდე მოგიწევთ დახარჯვა.

ბოლო ორი წელიწადია, მე და ჩემი ქმარი გამუდმებით ვჩხუბობთ. ახლა ვცდილობთ, ერთმანეთს არ შევხვდეთ. ხან მე ვრჩები ღამით მეგობრებთან ან მშობლებთან, ხან - ჩემი ქმარი. ვგრძნობ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მაგრამ ძალიან მეშინია: ჩემი ქმარი - ჩემი პირველი მამაკაცია, ჩვენ სკოლიდან გვიყვარს ერთმანეთი და ვშიშობ, ვაითუ შემდგომ ოჯახის შექმნა ვეღარ შევძლო. არ ვიცი, როგორ უნდა გავიცნო მამაკაცი, არ შემიძლია სხვა კაცებთან კეკლუცობა... გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე.

ინგა, 24 წლის

თუ დარწმუნებული ხართ, რომ ქმართან ურთიერთობის მოწესრიგებას ვეღარ შეძლებთ, უმჯობესია განქორწინდეთ. ნუ გაქვთ იმის შიში, რომ ვეღარ იპოვით ცხოვრების თანამგზავრს. განქორწინებისთანავე ახალი პარტნიორის ძებნას ნუ შეუდგებით. ეცადეთ, ერთხანს დამოუკიდებლად იცხოვროთ და გაარკვიოთ, რა გამოცდილება შეიძინეთ ოჯახური ცხოვრების პერიოდში და რისი მიღება გსურთ უახლოესი ნახევარი ან ერთი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გავლა აუცილებელია ახალი ურთიერთობებისთვის მოსამზადებლად.

რემონტი ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის ჩხუბისა და უსიამოვნების მიზეზად იქცა. ვერც ერთ საკითხში ვერ ვთანხმდებით: როგორი ფილები დავაგოთ აბაზანაში, როგორი შპალერი მოუხდება საძინებელს, რა ჯობს იატაკისთვის - პარკეტი თუ ლამინატი... ყოველივე ეს ისეთ კამათს იწვევს, უკვე ვნანობ კიდეც, რომ ბინის გარემონტება გადავწყვიტე. როგორ მივაღწიოთ თანხმობას?

მარი, 30 წლის

რემონტი შესანიშნავი შესაძლებლობაა კომპრომისის სასწავლად. ურთიერთშეთანხმების უამრავი ხერხი არსებობს. შეგიძლიათ, პასუხისმგებლობის ზონები გაინაწილოთ: თქვენ იზრუნეთ კედლებსა და ჭერზე, თქვენმა მეუღლემ კი იატაკსა და სანტექნიკას მიხედოს, ან ერთმა ერთი ოთახი გაარემონტეთ, მეორემ კი - მეორე. მაშინ ორივეს გექნებათ შესაძლებლობა, საოცნებო ტერიტორია მოიწყოთ. თუ ვერაფრით შეთანხმდებით, ჩართეთ საქმეში მესამე პირი ან დაუთმეთ ერთმანეთს მორიგეობით. მთავარია, საერთო ენის გამონახვის სურვილი გქონდეთ.

კოლეგის ნაცვლად უამრავ საქმეს ვაკეთებ, ის კი მადლობასაც არ მიხდის! დიდი ხანია მივხვდი, რომ უბრალოდ მიყენებს. ყველაფერი უწყინარი თხოვნით იწყება: "თინიკო, გენაცვალე, იქნებ მირჩიო, როგორ წარვმართო მოლაპარაკებები, რაღაც ძალიან რთული კლიენტი შემხვდა... შენ კი მათთან ყოველთვის პოულობ საერთო ენას, განსაკუთრებული მიდგომა გაქვს!" მეც ვუწერ სიტყვას, რომელიც მოლაპარაკების დროს უნდა წარმოთქვას, ვამზადებ პრეზენტაციას ჩვენი პროდუქციისთვის, ვხარჯავ დროს, ძალას, ენერგიას, იდეებს. პასუხად კი მხოლოდ ეს მესმის: "ყოჩაღ! მე შენ თაყვანს გცემ!" ერთი ფილა შოკოლადი მაინც გაიმეტოს მადლობის ნიშნად!

თინიკო, 34 წლის

თინიკო, თქვენი წერილის გაცნობისას შემექმნა შთაბეჭდილება, რომ თქვენთვის უარის თქმა კი არ არის მთავარი, არამედ თქვენთვის მისაღები პირობების წაყენება. გაარკვიეთ, რისი მიღება გსურთ გაწეული შრომისთვის - კანფეტების, ყვავილების, საინტერესო ფილმის ჩანაწერისა თუ რაიმე სხვის და როცა კოლეგა დახმარებას კიდევ ერთხელ გთხოვთ, ხუმრობით უთხარით, რომ ძალიან გიყვართ ყავის ტორტი, რომელიც ოფისის პირდაპირ იყიდება; თქვენ დაეხმარებით, ტორტი კი მასზეა! რაც უფრო მძიმე იქნება გაწეული შრომა, მით დიდი უნდა იყოს ჯილდო. მაშინ ან თანამშრომელი აღარ შეგაწუხებთ, ან ორივენი ისარგებლებთ.

გთხოვთ მირჩიოთ, როგორ დავძლიო სიმაღლის შიში. როცა ხიდზე გადავდივარ ან უფსკრულში ვიხედები, საშინელი შიში მიპყრობს. მაღალსართულიანი სახლის ბოლო სართულების აივანზე გასასვლელადაც დიდი ძალისხმევა მჭირდება. მეწყება თავბრუსხვევა, მიჩქარდება გულისცემა. როგორ მოვიქცე?

ელენე, 24 წლის

სიმაღლის შიში თავდაცვის ინსტინქტის ნორმალური გამოვლინებაა. ჩვენ არ ვიცით ფრენა, ამიტომ მთის მწვერვალსა თუ ხიდზე, სადაც საფრთხე აშკარაა, შიში გვეუფლება. გვერწმუნეთ, შიში ყველაზე უშიშარ ადამიანებსაც კი იპყრობთ. უბრალოდ, ისინი ცდილობენ, სწორად, გონივრულად შეაფასონ სიტუაცია და შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრონ მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტები. სანამ ხიდზე გადახვიდოდეთ ან მთის წვერზე შედგებოდეთ, წინასწარ თვალი მოავლეთ გარემოს - რას შეიძლება მოეჭიდოთ, სად უფრო სარისკოა დგომა. როცა შეამოწმებთ მოაჯირს, კიბის, ჯებირების სიმტკიცეს, უფრო დაცულად და თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. სხვა შიშებივით, სიმაღლის შიშიც მცირდება და ითრგუნება, როცა ადამიანი ახერხებს საკუთარ თავში მის დაძლევას. როცა საკუთარ ფობიასთან ბრძოლის დადებით შედეგს დაინახავთ, ყოველ ჯერზე უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს.

როცა გარეთ მოღრუბლული ამინდია, განწყობილება მეც მიფუჭდება. ზამთრობით ყოველთვის მიქვეითდება შრომის უნარი, თითქოს ძალ-ღონე მელევა, უგუნებოდ ვარ და არაფრის გაკეთების სურვილი არ მაქვს. ჩემი ნება რომ იყოს, დათვივით სულ ვიძინებდი. რა მოვიგონო ისეთი, რომ გავხალისდე და გავმხნევდე?

ანა, 26 წლის

ფანჯრის მიღმა შავ-თეთრი პეიზაჟი ბევრს ართმევს სასიცოცხლო ენერგიას. ამას რომ გაუმკლავდეთ, ეცადეთ, თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი გახადოთ. დაიწყეთ დილა გამამხნევებელი ვარჯიშით ან ცეკვით რაიმე მხიარული მელოდიის თანხლებით. ჩამოაფარეთ ფანჯარას წითელი, ყვითელი, ფორთოხლისფერი ან თბილი მწვანე ფერის ფარდები, თუ საშუალება გაქვთ, გადაღებეთ კედლები ან გააკარით ზაფხულის ფერებით გაჯერებული შპალერი. ან მორთეთ კედლები ნათელი სურათებით, ფოტოებით, პლაკატებით. შეცვალეთ თეთრი ან მოთეთრო-მოცისფრო სანათები თბილი შუქით. ერთი სიტყვით, შეცვალეთ ყველაფერი, რაც მოსაწყენი და გამაღიზიანებელია, იმით, რაც ლამაზია და დადებით ემოციებს აღძრავს. საკვები გემრიელი და სასიამოვნო შეარჩიეთ, მუსიკა - ხალისიანი, ფილმები - მხიარული. იარეთ გამოფენებზე, შეხვდით მეგობრებს. ამ ყველაფერთან ერთად, ნუ დაივიწყებთ ვიტამინებსაც.