ნევრიტი და ნევრალგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნევრიტი და ნევრალგია

- რა არის ნევრალგიის ძირითადი მიზეზი და რომელი სიმპტომები განასხვავებს მას ნევრიტისაგან?

- ნევრალგია არის ნერვის ირიტაციის ანუ გაღიზიანების სინდრომი, რომელსაც დეფიციტის ნიშნები არ ახლავს თან. ამ დროს ნერვში მიკრომორფოლოგიური ცვლილებები არ შეინიშნება. ვხვდებით მხოლოდ ნერვული ღეროების შეშუპებას, ჰიპერემიას (სისხლსავსეობას). ნევრალგიის მიზეზი შესაძლოა ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე ზეწოლის ან არხების სივიწროვის სინდრომი იყოს. რაც შეეხება ნევრიტს, ის ანთებითი დაავადებაა. ამ დროს განვითარებული ანთებით-დეგენერაციული ცვლილებები შესაძლოა ნერვული ღეროს სრულ გადაგვარებამდეც კი მივიდეს და შედეგად მივიღოთ პარეზი ან დამბლა, ანდა ორივე ერთად. `პარეზი~ ბერძნული წარმოშობის ტერმინია და დასუსტება-მოდუნებას ნიშნავს. ის მოძრაობითი ფუნქციის შესუსტებას წარმოადგენს. ფაქტობრივად, ეს არის არასრული ანუ ნაწილობრივი დამბლა. დამბლა კი მამოძრავებელი ფუნქციის, შეგრძნების ფუნქციის ანდა ორივე მათგანის სრული ამოვარდნაა. თუ ნევრალგიის დროს შესაბამის საინერვაციო უბანში დეფიციტის სინდრომი არ არის გამოხატული ანუ ნერვის ფუნქციის დარღვევა არ შეინიშნება, ნევრიტის დროს ირიტაციასა და სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილს დეფიციტის სინდრომიც ერთვის. ეს უკანასკნელი მოიცავს რბილ დამბლას, დაზიანებული ნერვისა და კუნთის ელექტროაგზნებადობის შეცვლას ნაწილობრივი ან სრული გადაგვარების რეაქციის სახით. ნევრიტის დროს, წესისამებრ, ვითარდება მონონევრიტული ტიპის გლობალური ანესთეზია (მგრძნობელობის მოსპობა) დაზიანებული ნერვის საინერვაციო უბანში, ვაზომოტორული და ტროფიკული მოშლილობანი. უნდა ითქვას, რომ ჭეშმარიტი ნევრალგია იშვიათია. განსაკუთრებით - სამწვერა ნერვის ნევრალგია. ამ დროს ჭეშმარიტი მიზეზი უმეტესად უცნობი რჩება. აქედან გამომდინარე, ნევრალგიას მეორეულ პათოლოგიად მიიჩნევენ. მისი და, საზოგადოდ, პერიფერიული ნერვების დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს ესა თუ ის ქრონიკული ინფექცია, ტრავმა, ინტოქსიკაცია (მაგალითად, მძიმე მეტალებით), იმ არხზე ზეწოლა, რომელშიც ნერვი გადის, ნივთიერებათა ცვლის მოშლა (მაგალითად, ენდოკრინული დაავადებების დროს ცალკეული მეტაბოლური პროცესების დარღვევა ხშირად განაპირობებს ნევრალგიას), სიმსივნური პათოლოგია, ნერვის ვასკულარიზაციის მოშლა და სხვა.

- რომელი ნერვების ნევრალგიას ხვდებით ყველაზე ხშირად?

- ამბულატორიულ პირობებში ყველაზე ხშირად სამწვერა ნერვის ნევრალგიით მოგვმართავენ. მოგეხსენებათ, სამწვერა ნერვი მეხუთე წყვილი ნერვია. იგი შერეული ბუნებისაა, ანუ შეიცავს როგორც მგრძნობიარე, ასევე მამოძრავებელ ბოჭკოებს. სამწვერა ნერვი სამ ნაწილად იყოფა: თვალბუდის, ზედა ყბისა და ქვედა ყბის ნერვებად. აქედან პირველი ორი წმინდა მგრძნობიარე ბუნებისაა, ხოლო მესამე - შერეული, ანუ ასრულებს როგორც სენსორულ, ასევე მოტორულ ფუნქციას. თავის მხრივ, დასახელებული ნერვებიც იტოტება. ნევრალგიის ეტიოლოგიურ ფაქტორთა შორის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ძვლოვანი ხვრელების შევიწროებას, რომლებშიც ნერვის ტოტები გაივლის. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჭეშმარიტი ნევრალგია იშვიათია. სამწვერა ნერვის ნევრალგია ძირითადად მეორეულია, განპირობებული პირისა და ცხვირის ღრუს დაავადებებით, კბილებისა და პაროდონტის ანთებითი პროცესებით, ყელის, ნუშურებისა და ყურის პათოლოგიით, წიაღების ანთებით. საზოგადოდ, უამრავი მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ სამწვერა ნერვის შესაბამისი ტოტები გაღიზიანდეს და სახის არეში ტკივილი აღმოცენდეს, მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტი ნევრალგია. სამწვერა ნერვის ჭეშმარიტი ნევრალგია უფრო ხშირად აღენიშნებათ ქალებს. ხელშემწყობი ფაქტორებია გაციება, არტერიული წნევის მომატება, ნერვული დაძაბვა. პაციენტები ხშირად ჩივიან, რომ ნერვი გაუცივდათ. გაციება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნევრალგიისა თუ ნევრიტისთვის, მაგრამ მხოლოდ მაპროვოცირებელი და არა გამომწვევი. ჭეშმარიტი ეტიოლოგიური ფაქტორი სხვაა. გაციება უბრალოდ ხელს უწყობს პათოლოგიის გამოვლენას და შეტევის პროვოცირებას ახდენს. სამწვერა ნერვის ნევრალგიას ახასიათებს ძლიერი შეტევითი ტკივილი, რასაც წინ უძღვის პარესთეზია. პარესთეზია გარეგანი გაღიზიანების გარეშეEწარმოქმნილი უსიამოვნო შეგრძნებაა. ის პერიფერიული ნერვული აპარატის (მგრძნობიარე ნერვული ფესვი, ღერო, ნერვული დაბოლოება) გაღიზიანების შედეგად ვითარდება. პარესთეზიურ შეგრძნებას პაციენტები ხშირად ადარებენ კანზე ან კანქვეშ ჭიანჭველების ცოცვას, დაბუჟებას, დაჭიმვას, ცივი და ცხელი წყლის გადავლებას და სხვა. სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტკივილი ან ერთდროულად სამივე ტოტის არეში, ან რომელიმე ერთი ტოტის საინერვაციო ზონაში ვრცელდება. ნევრალგიური შეტევა ზოგჯერ გადაეცემა ერთი ტოტიდან მეორეს ან სხვა ნერვებს კეფის, კისრის, ბეჭის ან მხრის არეში (ასეთ გადაცემას ირადიაციას ვუწოდებთ), მაგრამ მეორე მხარეს ტკივილი არასოდეს ვრცელდება. შეტევითი ტკივილის დროს შესაბამის მხარეზე ზოგჯერ შეინიშნება მიმიკური და საღეჭი კუნთების რეფლექსური შეკუმშვა ტონურ კრუნჩხვების სახით, კანკალი, ძიგძიგი, სპაზმები. ამის გამო სამწვერა ნერვის ნევრალგიას ხშირად `სახის მტკივნეულ ტიკსაც~ უწოდებენ. ალგიური პაროქსიზმის დროს ხშირია ვაზომოტორული და სეკრეციული მოშლილობანი სახის შესაბამის ნახევარში, სახის კანისა და კონიუნქტივის ჰიპერემია, სახის შეშუპება, ოფლიანობა, ნერწყვისა და ცრემლის ჭარბი გამოყოფა, ყურების შუილი და სხვა.

- ნეკნთაშუა ნევრალგიაზე რას გვეტყვით, რა იწვევს მას ყველაზე ხშირად?

- ჭეშმარიტი ნეკნთაშუა ნევრალგია ასევე იშვიათია, სხვაგვარად - ნეკნთაშუა ნერვების ნევრალგია პირველადი დაავადების სახით იშვიათად გვხვდება. ის, როგორც წესი, ამა თუ იმ ინფექციური დაავადების (რევმატიზმი, გრიპი, პარაგრიპი, ტუბერკულოზი, ჰერპესი და სხვა) გამოვლინებას წარმოადგენს. ნეკნთაშუა ნერვების ნევრალგიის კლინიკურ სურათს იძლევა მრავალი შინაგანი ორგანოს პათოლოგია, ზურგის ტვინის გულმკერდის სეგმენტის სიმსივნის საწყისი სტადია, ხერხემლის დაზიანება, როდესაც გამოხატულია ფესვობრივი ტკივილი. ნეკნთაშუა ნევრალგია უმეტესად მეორეულია, გამოწვეული ხერხემლის პათოლოგიით, ოსტეოქონდროზით, დისკოპათიებით, ყველა იმ დეგენერაციული პროცესით, რომელიც ხერხემალში მიმდინარეობს და პროგრესირებს. ასეთ დროს ნებისმიერმა უხერხულმა მოძრაობამ შესაძლოა ნეკნთაშუა ნევრალგიას მისცეს დასაბამი. ამ დროს ხერხემალზე არსებული მყესოვანი აპარატი პატარა კუნთებითა და შესაბამისი ნერვებით შესაძლოა ისე დაიჭიმოს, რომ ალგიური ტკივილი გამოიწვიოს. ჩვენ უმოძრაობას ვართ მიჩვეულნი, მერე კი ერთბაშად ისე ავმოძრავდებით, რომ დიდ დატვირთვას ვაყენებთ ხერხემალს და, საზოგადოდ, ძვალკუნთოვან აპარატს. ნეკნთაშუა ნერვების ნევრალგიას ახასიათებს მუდმივი ან შეტევითი ხასიათის ტკივილი ნეკნთაშუა ნერვების პროექციაზე. პალპაციით მტკივნეულია პარავერტებრული და ნეკნთაშუა წერტილები, ამ ნერვების საინერვაციო ზონაში კი აღინიშნება ჰიპერესთეზია (მგრძნობელობის მომატება) და/ან ჰიპესთეზია (მგრძნობელობის დაქვეითება).

- როგორც ცნობილია, გავა-წელის რადიკულიტის დროს პაციენტები ქრონიკული ტკივილით წლობით იტანჯებიან. რა იწვევს მას და რა სიახლეა მკურნალობაში?

- თავდაპირველად იმას მოგახსენებთ, რომ ტკივილი, საზოგადოდ, კარგია. სწორედ მას მიჰყავს პაციენტი ექიმამდე. ექიმი კი ზერელედ არ უნდა მოეკიდოს ამ სიმპტომს. აუცილებლად უნდა დაადგინოს მისი მიზეზი, გაარკვიოს, ჭეშმარიტი ნევრალგიაა ეს თუ მეორეული. ეს იმიტომ, რომ სწორი დიაგნოზი წარმატების 70%-ია. თუ დიაგნოზი დროულად და სწორად დაისვა, სათანადო მკურნალობაც დროულად დაინიშნება, გადავურჩებით დროისა და ფინანსების დიდ დანახარჯს და რეაბილიტაციაც დროულად მოხდება. ნევრიტს დროულად თუ არ ვუმკურნალეთ, ის შესაძლოა პარეზით და/ან დამბლით გართულდეს. ბოლო დროს გახშირდა იშიასის ჩივილებით მომართვა, თანაც უმეტესად დაგვიანებული შემთხვევებია. ტკივილი კი აღარ აწუხებს პაციენტს, მაგრამ დაავადებული კიდური ძლივს შემოაქვს კაბინეტში. როდესაც ტკივილი გამოხატულია, დიდია შანსი ნერვის ფუნქციის შენარჩუნება-აღდგენისა, მაგრამ როდესაც ტკივილი ქრება და თავს იჩენს მოძრაობის დეფიციტი ტერფის პარეზის სახით - ეს ცუდი ნიშანია. სამწუხაროდ, ასეთი რამ უმეტესად ახალგაზრდებს ემართებათ. ისინი დისკოპათიების დროს დიდხანს ითმენენ ტკივილს, ყიდულობენ ტკივილგამაყუჩებლებს,  და ტკივილს იამებენ, მაგრამ პათოლოგიური პროცესი პროგრესირებს. ახალგაზრდები ვერ ახერხებენ ან თავს არიდებენ ექიმთან მისვლას, შედეგად კი მძიმე გართულებებს იღებენ. წელს, ამ ერთი თვის განმავლობაში, იშიასის პარალიზური ფორმით სამმა ახალგაზრდა პაციენტმა მოგვმართა. სამივე მამაკაცი გახლდათ, ანამნეზში დისკოპათიის პრობლემით. მათ ოპერაცია გაუკეთდათ, თუმცა ოპერაცია არ ნიშნავს სრულ რეაბილიტაციას ანუ დაზიანებული საჯდომი ნერვის სრულ აღდგენას. ამას ბევრი დრო და კომპლექსური მკურნალობა სჭირდება. რადიკულიტი ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების დაზიანებაა. პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კისრის, გულმკერდისა და გავა-წელის რადიკულიტს. დაზიანებული ფესვების საინერვაციო ზონაში ვითარდება სენსორული, მოტორული და ვეგეტატიური ხასიათის მოშლილობანი. დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ვერტებრალური (ანუ ხერხემლის) პათოლოგია, კერძოდ – ოსტეოქონდროზი. მალათაშუა დისკოებში მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებების შედეგად ვითარდება ხერხემალშიდა თიაქარი, რომელიც ახლომდებარე ფესვის ან მისი მკვებავი სისხლძარღვის კომპრესიას იწვევს. ხერხემლის დაზიანებული ქსოვილებისგან განვითარებულ პათოლოგიურ იმპულსაციას კომპრესიის გარეშეც შეუძლია გამოიწვიოს ფესვობრივი სინდრომი. უფრო ხშირია კისრისა და გავა-წელის რადიკულიტი. კისრის რადიკულიტს ახასიათებს სხვადასხვა ინტენსივობის ალგიური სინდრომის გავრცელება ბეჭსა და რომელიმე ზედა კიდურში. ტკივილი უმეტესად ხელის მეოთხე და მეხუთე თითებში გადაეცემა. ყალიბდება თავისა და ხელის იძულებითი მდებარეობა. კისრისა და დაზიანებული კიდურის არეში მოძრაობა ტკივილს აძლიერებს. ვინაიდან ოსტეოქონდროზული გენეზის კისრის რადიკულიტის დროს ხშირად ზიადება პერიარტერიული სიმპათიკური წნული, შესაძლოა, საკუთრივ სისხლძარღვიც, კლინიკურად გამოიხატება ცერებრული მოვლენები, უმთავრესად - ტკივილი კეფის არეში, ყურების ძლიერი შუილი, თავბრუხვევა, სმენის დაქვეითება და სხვა. გავა-წელის რადიკულიტი (იშიასი, ფუნიკულიტი) იწყება წელის არეში ყრუ ან მწვავე ტკივილით, რომელიც შემდეგ გადადის დუნდულაზე, ბარძაყზე, წვივზე. ტკივილის პირუკუ, ქვემოდან ზემოთ გავრცელება შედარებით იშვიათია. სიარული, ფეხზე დგომა და მოძრაობა გავა-წელის არეში ტკივილის შეგრძნებას აძლიერებს. ტკივილი ძლიერდება აგრეთვე ხველის, ცემინების დროს. ტკივილის გამო გავა-წელის რადიკულიტიანი ავადმყოფი თავისებურად შებოჭილია (განსაკუთრებით - წელის არეში). მას ჯანმრთელ მხარეს წოლა ურჩევნია და მტკივანი ფეხი, წესისამებრ, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში აქვს მოხრილი, გადაბრუნებისას ცდილობს ხერხემლის წელის ნაწილი არ ამოძრაოს, სიარულის დროს კი არ დაეყრდნოს მტკივან ფეხს.


- რა პროცესები მიმდინარეობს იშიასის პარალიზური ფორმის დროს?

- საზოგადოდ, გავა-წელის რადიკულიტს ღრმა მგრძნობელობის მოშლა და რომელიმე ერთი სახის მგრძნობელობის სრული ამოვარდნა არ ახასიათებს. ამ დაავადებისთვის არც მკვეთრად გამოხატული მოძრაობის მოშლილობაა დამახასიათებელი. თუმცა ალგიური სინდრომით მიმდინარე გავა-წელის რადიკულიტის ფონზე, სავარაუდოდ, ხდება სპინალურ-ფესვობრივი სისხლის მიმოქცევის მოშლა, ამას კი ზოგჯერ შესაბამისი საინერვაციო კუნთების პარეზი ან დამბლა მოჰყვება. ეს უმთავრესად ეხება წვივის წინა კუნთებს და იშიასის პარალიზური ფორმის სახელწოდებით არის ცნობილი.

- კიდევ რომელი ნერვების ნევრიტი გხვდებათ პრაქტიკაში?

- ძალზე გახშირდა სმენის ნერვის ნევრიტი, რომელსაც ადამიანი სმენაჩლუნგობამდე მიჰყავს. ამის მიზეზი ყურსასმენებით ხმამაღალი მუსიკის რეგულარული მოსმენა და, საზოგადოდ, ხმაურიან გარემოში სისტემატური ყოფნაა. სმენის ნერვის ნევრიტის ეტიოპათოგენეზში დიდ როლს ასრულებს არაკონტროლირებადი ანტიბიოტიკოთერაპია და ბავშვობაში მიღებული ოტოტოქსიკური პრეპარატებიც. გახშირდა ასევე მხედველობის ნერვის დაზიანება, კომპიუტერის გამო მხედველობის ნერვის გაღიზიანების სინდრომი, რომელიც მეორეულად აყალიბებს მიკროცირკულაციის მოშლას. ჩვენთან ამ კატეგორიის პაციენტები იმიტომ ხვდებიან, რომ თავბრუხვევა, წონასწორობის დარღვევა, ყურების შუილი, ხმაური, თავის ტკივილი აწუხებთ. ყველას ჰგონია, რომ ეს სიმპტომები აუცილებლად ნევროლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული. გამოვიკვლევთ ასეთ ახალგაზრდებს და აღმოჩნდება, რომ ნეიროსენსორულ სმენაჩლუნგობასთან გვაქვს საქმე. უნდა ნახოთ ზოგიერთი მათგანის ირონიული გამომეტყველება, როდესაც ვუხსნით პათოლოგიის არსს, ვცდილობთ გავაგებინოთ პრობლემის მიზეზი და სასაცილოდ არ ჰყოფნით, ვერ იჯერებენ, რომ ყველა ჩივილი სმენის ნერვის ნევრიტის ბრალია. ხშირად მოგვმართავენ სახის ნერვის პათოლოგიით. სახის ნერვის ნევრიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ინფექცია, ტონზილიტი, გრიპი, ცხვირის ღრუსა და წიაღებში არსებული ინფექცია. ამ დროს ნერვული ღერო შუპდება. ასეთი რამ უმეტესად ასაკოვან პირებს ემართებათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს სისხლძარღვოვანი პროცესი, სუსტდება სისხლის ნაკადი. თუ ამას ტროფიკის (კვების) მოშლაც დაერთო, პათოლოგიური პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება. სახის ნერვის ნევრიტი ხშირია მოხუც ქალებში. მკურნალობასაც ძნელად ემორჩილება. ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა დენერვაციისთვის. ტკივილები იმდენად ძლიერია, ადრე ნარკოტიკებსაც კი იყენებდნენ მის ჩასახშობად. ამ დროს სახე ასიმეტრიულია, ნახევარ სახეზე გამოხატულია მიმიკური კუნთების დამბლა ან პარეზი. დამბლის მხარეს სახე ნიღბისებრია, ძილის დროს თვალი არ იხუჭება და სხვა. ბოლო ხანს ძალზე გავრცელდა მაჯის გვირაბის სინდრომი, იდაყვის ნერვის ნევრიტი. ეს უმთავრესად კომპიუტერთან ხანგრძლივი და რეგულარული მუშაობის, თაგვის გამოყენების შედეგია. ეს პათოლოგიები დღეს პროფესიულ დაავადებებად განიხილება. იდაყვის ნერვის დაზიანების თავიდან ასაცილებლად კომპიუტერთან მომუშავეებმა ხელი მუდმივი ზეწოლისა და ტრავმირებისგან უნდა დაიცვან.

- მაჯის გვირაბის სინდრომის დროს წმინდა ნევრალგიასთან გვაქვს საქმე თუ ნევრიტთან?

- თავიდან უფრო ნევრალგიასთან, მაგრამ ხანგრძლივი და მუდმივი ზეწოლის შემდეგ მეორეულად ყალიბდება რეაქტიული ანთება. რაც მთავარია, ეს ანთება ქრონიკულ ხასიათს იძენს და საბოლოოდ სერიოზული გართულებებით სრულდება. უნდა ითქვას ისიც, რომ წელიწადში ამბულატორიულად 3-4 კაცი მაინც მოგვმართავს სხივის ნერვის დაზიანებით. სხივის ნერვის ნევრიტი უმთავრესად ალკოჰოლიზმით დაავადებულებში გვხვდება. მისი მიზეზი მხარზე თავდადებული ძილია. ამ დროს კიდური მუდმივად ერთ მდგომარეობაშია; ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფონზე მიმდინარე ნეიროპათიის გამო ისედაც დაზიანებულ ნერვზე ასეთი ხანგრძლივი ზეწოლა განსაკუთრებით მძიმე შედეგს იწვევს - ვითარდება სამთავა კუნთის, გრძელი სუპინატორის, მტევნისა და თითების ძირითადი ფალანგების გამშლელი კუნთების დამბლა. პაციენტი კაბინეტში დამახასიათებელი კიდურით შემოდის. შორიდანვე ჩანს, რომ პრობლემა სხივის ნერვის ნევრიტია.

- რას ითვალისწინებს ნევრიტისა და ნევრალგიის მკურნალობა?

- ნევრიტის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ეტიოლოგიურ თერაპიას. თუ გამოხატულია ნერვული ღეროს შეშუპება, აუცილებელია ზეწოლის სინდრომის მოხსნა. სიმპტომური მკურნალობის მიზანია საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, ტკივილის შემცირება, დაზიანებული ქსოვილის კვების (ტროფიკის) გაუმჯობესება, პათოლოგიური პროცესის პროგრესირების შეჩერება და მოშლილი ფუნქციების აღდგენა. ამისთვის ვიყენებთ ტკივილგამაყუჩებელ, შეშუპების მომხსნელ, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ, ზოგჯერ ჰორმონულ პრეპარატებს. ადგილობრივად შეგვყავს კორტიკოსტეროიდები. ანთებითი მარკერების მომატების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა. გამოიყენება სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებებიც. დღეს მედიკამენტების ფართო არჩევანია. ნევრიტის დროს ყოველთვის ინიშნება ბ ჯგუფის ვიტამინები, გახანგრძლივებულ შემთხვევებში კი ბიოლოგიური სტიმულატორები - ალოე, მინისებრი სხეული, ფიბსი. მნიშვნელოვანია მკურნალობის კომპლექსში ფიზიოთერაპიული პროცედურების, აკუპუნქტურის, სამკურნალო მასაჟისა და ფიზკულტურის ჩართვა. ფიზიოპროცედურებიდან გამოიყენება იონოგალვანიზაცია, ულტრამოკლე სიხშირის ტალღები, დიადინამიკური დენი და სხვა. ყველაფერი ერთად ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნობიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებულ უბანში ჩაქცეული სისხლის, დაგროვილი სითხის, ანთებითი ინფილტრატის დროულ ელიმინაციას (გამოდევნას), ნერვის რეგენერაციას (აღდგენას) და გართულებათა თავიდან აცილებას. დროულად დაწყებული და მიზანმიმართული მკურნალობა საშუალებას იძლევა, ნევრიტის დროს დეფიციტი მინიმალური დარჩეს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნევრალგიის დროს დეფიციტი არ შეინიშნება, ამიტომ მკურნალობაც უფრო შედეგიანია. ამ შემთხვევაში მთავარი მიზანია ტკივილის მოხსნა. არის შემთხვევები, როდესაც ეს ძალიან ძნელია, მაგრამ თანამედროვე პრეპარატების წყალობით მაინც ვახერხებთ.

- რას ეტყვით მკითხველს ნევრალგიისა და ნევრიტის პრევენციაზე? რას ურჩევთ საზოგადოდ?

- პრევენციის მიზნით სასურველია ვერიდოთ სიმსუქნეს, უმოძრაობას, მივიღოთ ჯანსაღი და მრავალფეროვანი, კალციუმისა და ვიტამინების შემცველი საკვები. მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რეგულარულად ვივარჯიშოთ. რატომ არ აწუხებდათ დასახელებული პათოლოგიები ჩვენს წინაპრებს? იმიტომ, რომ იცავდნენ შრომისა (ფიზიკურ დატვირთვას ვგულისხმობ) და დასვენების რეჟიმს, მყესოვანი აპარატი გადაძაბული და გადატვირთული კი არ ჰქონდათ, არამედ რეგულარული ზომიერი დატვირთვით მუდმივად ავარჯიშებდნენ. დღეს სწორედ ეს აკლია ახალგაზრდა თაობას - თვეობით უმოძრაოდ მყოფნი, მოდუნებულები ერთბაშად ისე ამოძრავდებიან ხოლმე, სპორტულ დარბაზებში ისეთ დატვირთვას უქმნიან ძვალსახსროვან და მყესოვან აპარატს, რომ სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან. ყველას ვურჩევ, ნაკლები დრო დახარჯონ გართობაზე და მეტი ყურადღება დაუთმონ ჯანმრთელობას, რადგან მასზე ძვირფასი არაფერია. ჯანმრთელობის შენარჩუნებას ბევრი რამ არ სჭირდება. საკმარისია თხუთმეტწუთიანი გამაჯანსაღებელი ვარჯიში დილას და საღამოს, იმის გაცნობიერება, რომ საჭიროა ფეხით სიარული, რათა კუნთოვანი, ძვლოვანი და ნერვული სისტემები გავარჯიშდეს, ამოძრავდეს და მოდუნების საშუალება არ მიეცეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ნერვული ქსოვილის სრულფასოვანი ფუნქციობისთვის აუცილებელია ვიტამინები. ერთფეროვანი და ვიტამინებით ღარიბი რაციონი, როგორც სხვა ქსოვილებსა და ორგანოებს, ნერვულ სისტემასაც აზიანებს. ასე რომ, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი მრავალფეროვანი საკვები ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისათვისაც აუცილებელია.