ნევროლოგიურ პაციენტთა რეაბილიტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნევროლოგიურ პაციენტთა რეაბილიტაცია

- ქალბატონო მანანა, რას ითვალისწინებს ნევროლოგიურ პაციენტთა მკურნალობა-რეაბილიტაცია? რა მნიშვნელობა აქვს ვარჯიშსა და რაციონალურ ფიზიკურ დატვირთვას მათი მკურნალობისა და გამოჯანმრთელებისთვის?

- ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია მედიცინის ერთ-ერთი უსერიოზულესი საკითხია, მისი აქტუალობა კი არსებული სტატისტიკიდან გამომდინარეობს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ინსულტი ინვალიდობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ინსულტგადატანილ პაციენტთა 31%-ს სჭირდება მუდმივი დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში, 20%-ს ამა თუ იმ ფორმით - დახმარება სიარულში, 16%-ს კი ხანგრძლივი სამედიცინო რეაბილიტაცია. პაციენტთა ერთ მესამედს აღენიშნება დეპრესია, ისევე როგორც მათი მომვლელების უმრავლესობას. საქართველოში აღინიშნება თავის ტვინის ვასკულარული დაავადებების ზრდის ტენდენცია - 1999 წლის მონაცემებით, აღნიშნული დაავადებების მაჩვენებელი შეადგენდა 222,4-ს 100 000 კაცზე, 2005 წლისთვის კი ის 344,7-მდე გაიზარდა. იმატა ახალი შემთხვევების რიცხვმაც. არსებობს 100-ზე მეტი პათოლოგია, რომელთა გამოც შესაძლოა ინსულტი განვითარდეს, ამიტომ აუცილებელია დაავადების მიზეზების ძიება და მათი პრევენცია.

- როგორც ცნობილია, ვარჯიშსა და მასაჟს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პარეზისა და დამბლის დროს. იქნებ აუხსნათ მკითხველს, რატომ არის მნიშვნელოვანი რაციონალური ვარჯიში ნერვული იმპულსაციის გატარების, კუნთოვანი ბოჭკოების სტიმულაციისა და შეკუმშვისათვის...

- პრევენციის კუთხით ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა ძლიერი კორელაცია ფიზიკურ აქტივობასა და ინსულტის რისკს შორის. ამ თვალსაზრისით პირველადი პრევენციის აუცილებელი კომპონენტია სისტემატური ფიზიკური ვარჯიში, უფრო სწორად, 30-წუთიანი ვარჯიში კვირაში ხუთჯერ ან საყოველთაოდ აღიარებული კენეტ კუპერის ახალი აერობიკის სისტემა. იგი მოიცავს ადამიანისთვის სასურველ აერობულ ფიზიკურ ვარჯიშს. ამ სისტემით რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვას შეუძლია, ისეთივე დადებითი ცვლილებები გამოიწვიოს ორგანიზმში, როგორიც ინტენსიურ დატვირთვას, ოღონდ გართულების რისკი დაბალია, დატვირთვა დროში გაწელილია და არ გულისხმობს დატვირთვის ფორსირებას, რომლისთვისაც ჩვეულებრივი გაუვარჯიშებელი პირი შესაძლოა არც კი აღმოჩნდეს მზად.

- რა პერიოდიდან უნდა ჩაერთოს ფიზიკური აქტივობა ინსულტიან პაციენტთა რეაბილიტაციაში? რომელი წესების გათვალისწინებაა საჭირო ამ დროს?

- ინსულტგადატანილ პაციენტთა რეაბილიტაცია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი მიმართულებაა. რეაბილიტაცია და მეორეული პრევენცია იწყება სტაციონარში და გრძელდება ამბულატორიულად ან სარეაბილიტაციო დაწესებულებებში. რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპებია:

  • სარეაბილიტაციო ღონისძიებების ადრეული დაწყება;
  • სისტემატურობა;
  • ხანგრძლივობა;
  • ეტაპობრიობა.

პაციენტის სარეაბილიტაციო პოტენციალი ანუ მისი ეფექტურობა მნიშვნელოვანწილად რეაბილიტაციის დროულ დაწყებაზეა დამოკიდებული. ყველაზე დიდი ეფექტი მიიღწევა მწვავე პერიოდიდან ერთი წლის განმავლობაში, უმთავრესად - პირველ 6 თვეს, ხოლო ფუნქციური სტატუსის აღდგენა განსაკუთრებით აქტიურად პირველი სამი თვის განმავლობაში ხდება. მეტად მნიშვნელოვანია მიღწეული სტატუსის შენარჩუნებაც, რაც ხანგრძლივი პროცესია და ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოითხოვს ძალისხმევას დამოუკიდებლად თუ სპეციალისტების დახმარებით. რეაბილიტაციის პროცესში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს იმ სამედიცინო ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია დარღვეული ფუნქციის აღსადგენად, მოძრაობითი აქტივობის კომპენსატორული მექანიზმების განსავითარებლად, ავადმყოფების მოსამზადებლად თვითმომსახურებისა და შრომისათვის.


- როგორ ხდება ნევროლოგიურ პაციენტთა ფიზიკური დატვირთვის დოზირება, მათთვის სასარგებლო ვარჯიშთა კომპლექსის შერჩევა? ორგანიზმის რომელ ფიზიოლოგიურ პარამეტრებს ეფუძნება ყოველივე ეს? ეს საკითხები ძალზე საინტერესოა მკითხველისათვის, რადგან ხშირად ავადმყოფის ახლობლებს ესმით კიდეც აუცილებლობა და მატერიალური სახსარიც აქვთ საიმისოდ, რომ სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჩაუტარონ პაციენტს, მაგრამ არ იციან, ვის ენდონ, სად მიიყვანონ, სად შეურჩევენ სათანადო დატვირთვას და არ ავნებენ...

- რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს სპეციალიზებულ - სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ან, თუ ასეთი ტიპის დაწესებულება არ არსებობს, შინ. მის ეფექტურობას განაპირობებს მულტიდისციპლინური გუნდი. გუნდს უძღვება ექიმი რეაბილიტოლოგი (ანუ ფიზიოთერაპევტი), რომელიც კარგადაა გარკვეული ნევროლოგიურ საკითხებში. სარეაბილიტაციო გუნდი აერთიანებს: ფიზიოთერაპისტს (სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტს), მასაჟისტს, მეტყველების სპეციალისტს, ფსიქოლოგს, ოკუპაციურ თერაპევტს, ერგოთერაპიის (შრომითი ადაპტაციის) სპეციალისტს, გართობის (თავისუფალი დროის გატარების) სპეციალისტს და ა.შ.  რეაბილიტაციის მიზანი და ხასიათი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. სტაციონარულ ეტაპზე ფიზიკური რეაბილიტაციის მიზანია, უპირველესად, დართგუნვილ ნერვულ უჯრედებზე ზემოქმედება (“დადუმებული უჯრედები”, “იშემიური ნახევარჩრდილები”), ხოლო შემდეგ - ხანგრძლივი ადინამიით გამოწვეული ისეთი გართულებების პრევენცია, როგორიცაა თრომბოფლებიტი, კონტრაქტურა, ნაწოლები, შეგუბება ფილტვებში, თირკმელებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციის დარღვევა. ნევროლოგიური სტატუსის სტაბილიზაციის შემდეგ მაშინვე უნდა დაიწყოს სასიცოცხლო, კერძოდ, მამოძრავებელი, მგრძნობელობითი, კოორდინაციის, მეტყველების და უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების (მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება) აღდგენა. სტაციონარული მკურნალობის შემდეგ რეაბილიტაციის მიზანია პაციენტის დახმარება რეადაპტაციაში ანუ ინსულტის შედეგების კორექცია და მდგომარეობის შემსუბუქება.  სარეაბილიტაციო ღონისძიებების გეგმა დაახლოებით ასეთია:

  • ინტენსიური რეაბილიტაცია სტაციონარის პალატაში - ტარდება ყოველდღე;
  • ინტენსიური თერაპია სტაციონარიდან გაწერის შემდეგ - ტარდება ამბულატორულად კვირაში 2-3 ჯერ;
  • რეაბილიტაცია სტატუსის შესანარჩუნებლად - სარეაბილიტაციო ღონისძიებები ტარდება მწვავე სტადიის შემდეგ 6-12 თვის განმავლობაში და უფრო მეტხანსაც.

- რა მეთოდებით ხორციელდება ფიზიკური რეაბილიტაცია და რა ძირითადი წესები უნდა დავიცვათ?

- რეაბილიტაციის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია კინეზოთერაპია (სამკურნალო ვარჯიშები). იგი იწყება პოსტურალური (მდებარეობით) თერაპიით, გამოიყენება მასაჟი, პასიური და აქტიური ვარჯიშები. პოსტურალური მკურნალობა იწყება ინსულტის პირველივე დღეებიდან და მოიცავს სამ მდგომარეობას: ზურგზე წოლას, ჯანმრთელ მხარეზე წოლას, დაზიანებულ მხარეზე წოლას. შემდეგ ჩაერთვება ზურგისა და კიდურების სამკურნალო მასაჟი, მოგვიანებით კი პასიური და აქტიური ვარჯიშები.  მამოძრავებელ სისტემაში უმთავრესად ვლინდება კუნთების ტონუსის მომატება სპასტიკური ტიპით, საკმაოდ იშვიათად - კუნთების ჰიპოტონია, უმეტესად - ქვედა კიდურებში. სპასტიკურობა აძლიერებს მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევას. არსებობს სპასტიკურობის გაძლიერების ტენდენცია ინსულტის პირველ თვეს, რასაც ხშირად კონტრაქტურები მოჰყვება. პასიური ვარჯიშები იწყება მდებარეობით მკურნალობასთან ერთად, სრულდება დაზიანებულ და ჯანმრთელ მხარეზე, ნელი ტემპით, სრული მოცულობით, ყველა სახსარში იზოლირებულად, 2-4-დან 8-10-მდე განმეორებით; აქტიური მოძრაობები იშემიური ინსულტის დროს 5-7 დღის შემდეგ იწყება, ჰემორაგიულის დროს - 10-14 დღის შემდეგ. ვარჯიში იწყება ჯანმრთელი კიდურიდან. ტარდება სტატიკური და დინამიკური ვარჯიშები. ინსულტის პირველივე დღიდან პაციენტი გადაჰყავთ ჯდომში, ასწავლიან დგომას და სიარულს. კუნთების სპასტიკურობის მოსახსნელად გამოიყენება ბობატის მეთოდიკა, რომელიც ხორციელდება დაჭიმული კუნთების ნაზი, რბილი გაწელვით: ხელებზე იწელება მომხრელები, ფეხებზე კი გამშლელები. სამკურნალო ტანვარჯიშის მიზანია, მივაღწიოთ კუნთების ტონუსის მაქსიმალურ მოდუნებას, რათა დავიცვათ ისინი ატროფიისგან. გარდა ამისა, ფართოდ გამოიყენება იძულებითი წვრთნის მეთოდი. Aამ დროს ჯანმრთელი ხელი ტანზე ფიქსირდება ქსოვილით და არ ეძლევა საშუალება, დაეხმაროს ან მიიღოს მონაწილეობა მოძრაობის შესრულებაში. ეს მეთოდი ძალიან დამღლელია პაციენტისთვის. გამოიყენება აგრეთვე პროპრიოცეფციის მეთოდი ნერვკუნთოვანი აპარატის პოტენცირებისთვის, აგრეთვე - ვოიტას მეთოდიკა. აღნიშნული მეთოდების გამოყენებისა და ეფექტურობის ურთიერთშედარებისას ვერც ერთის უპირატესობა ვერ დადასტურდა. ამდენად, რომელიმეს უპირატესი გამოყენება არ არის რეკომენდებული. უმჯობესია, თითოეულ პაციენტს მისთვის მისაღები კომპლექსური მეთოდიკა შევურჩიოთ. თუ კუნთის სპასტიკურობა ცუდად ემორჩილება ფიზიოთერაპიულ საშუალებებს, შეიძლება დამატებით გამოვიყენოთ აპარატული ფიზიოთერაპიის პროცედურები ან ბოტულოტოქსინის ინექციები. მაგალითად, ტოქსინის ინექცია წვივის კუნთებში იწვევს ტერფის მდებარეობის მყარ გაუმჯობესებას, როცა სწორად გადადის ტერფი ქუსლიდან ფეხის წვერისკენ. ბოტოქსი განაპირობებს კუნთის მამოძრავებელი ნერვის ქიმიურ დენერვაციას და ამით იწვევს შესაბამისი კუნთის ტონუსის დაქვეითებას. თუმცა სამი თვის განმავლობაში ნერვული ბოჭკოები აღდგება და სპასტიკურობა ისევ იმატებს. პროცესის დასტაბილურების შემდეგ განხილულ უნდა იქნეს დამხმარე საშუალებების (პროთეზების, ჯოხების და სხვათა) გამოყენების საკითხი.

- როგორც ცნობილია, გარკვეული ფუნქციური სტატუსის მიღწევის შემდეგ დადებითი დინამიკა აღარ აღინიშნება. რას იტყვით ამის თაობაზე?

- სარეაბილიტაციო სტატუსის შენარჩუნების მიზნით უნდა დაიგეგმოს:

  • ფიზიკური რეაბილიტაციის კურსი წელიწადში 2-3-ჯერ (საკითხი ასევე ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს);
  • საკონტროლო კონსულტაცია ექიმთან და მეტყველების კორექცია წელიწადში რამდენიმეჯერ;
  • ჯგუფური თერაპია მეტყველების კორექციისა და მეხსიერების გაუმჯობესების მიზნით;
  • მძიმე ინვალიდებისთვის - 3-4-კვირიანი სარეაბილიტაციო კურსი წლის განმავლობაში.

- საზოგადოდ, როგორ ხდება ნევროლოგიურ პაციენტთა ფიზიკური დატვირთვის დოზირება?

- ფიზიკური დატვირთვის კომპლექსი სასურველია შეადგინოს სათანადო კვალიფიკაციის ფიზიოთერაპევტმა. ოჯახის წევრები პაციენტს უნდა დაეხმარონ დღეში მის რამდენიმეჯერ განმეორებაში. დატვირთვის დოზირება განისაზღვრება პაციენტის ისეთი ინტეგრალური (ზოგადი) სიმპტომით, როგორიცაა დაღლა. დატვირთვა უნდა განხორციელდეს პაციენტის მსუბუქ დაღლამდე, მისი კარგი გუნება-განწყობილების ფონზე. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ კუნთი არ უნდა გადაიღალოს - გადაღლას კუნთის თრთოლითა და დისკომფორტით ამოვიცნობთ.