გულისრევა და ღებინება ნევროლოგიური დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულისრევა და ღებინება ნევროლოგიური დაავადებების დროს

- რა პროცესებითა და მექანიზმებით ვითარდება გულისრევა და ღებინება?

- ღებინება რთული რეფლექსური აქტია, რომლის დროსაც ხდება კუჭის შიგთავსის ამოღება პირის ნაპრალიდან, გულისრევა კი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ხახასა და პირის ღრუში არსებული თავისებური უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც კუჭის ანტიპერისტალტიკის დაწყებას უკავშირდება. გულისრევას ყოველთვის არ ახლავს თან ღებინება, ისევე როგორც ღებინებას ყოველთვის არ უძღვის წინ გულისრევა. მიუხედავად ამისა, ისინი იმდენად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ მიზანშეწონილია, ერთად განვიხილოთ. ვარაუდობენ, რომ გულისრევას საფუძვლად უდევს ღებინების ცენტრის აღგზნება. გულისრევისა და ღებინების პათოგენეზურ სიახლოვეს ადასტურებს, ერთი მხრივ, საერთო მიზეზები, მეორე მხრივ კი ერთი და იმავე მკურნალობის ეფექტურობა. ამასთან, გულისრევას და ღებინებას აქვს საერთო სიმპტომებიც:

  • ნერწყვდენა;
  • ოფლიანობა;
  • ბრადიკარდია;
  • ფერის დაკარგვა.

გულისრევა და ღებინება შესაძლოა იყოს შედეგი:

  • ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიისა;
  • ზოგადი ინტოქსიკაციისა, რომელიც რეფლექსურად აღიზიანებს ღებინების ცენტრს;
  • ვესტიბულური აპარატის დაზიანებისა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადებისა.

იშვიათად კი შესაძლოა წარმოიშვას როგორც პათოლოგიური რეფლექსი.

- არსებობს თუ არა გულისრევისა და ღებინების კლასიფიკაცია?

- პათოგენეზური მექანიზმების გათვალისწინებით, გულისრევა და ღებინება შეიძლება იყოს:

  • ცენტრალური - ცერებრული;
  • ჰემატოგენური - ტოქსიკური;
  • ვისცერული.

ცენტრალური ანუ ცერებრული ღებინების მიზეზი ხშირად არის თავის ტვინის ამა თუ იმ დაავადების შედეგად განვითარებული ტვინის შეშუპება. მაგალითად, ღებინება თავის ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი სიმპტომია. ამ დროს ის მოულოდნელად იწყება, არ ახლავს თან ბოყინი, მუცლის ტკივილი და იზოლირებული ხასიათი აქვს, უმეტესად წინ არ უძღვის გულისრევა, ხოლო თუ მან მაინც იჩინა თავი, სუსტია. ცერებრული ღებინების მძიმე შემთხვევაში პირნაღებ მასაში აღმოაჩენენ ნაღველს, ზოგჯერ - სისხლს. ღებინება ვითარდება გამოღვიძებისას, უზმოზე და არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან (ე.წ. დილის ღებინება). ცერებრული ღებინება თითქმის ყოველთვის თავის ძლიერი ტკივილის ფონზე იწყება და მოჰყვება ტკივილის შემცირება, ამიტომ ავადმყოფები ხშირად თვითონვე, მექანიკურად იწვევენ ღებინების რეფლექსს. ზოგადცერებრული ღებინებისგან განსხვავებით, რომელიც ქალაშიდა წნევის მომატებას უკავშირდება, ღებინება, რომელსაც ლოკალური ხასიათი აქვს, იზოლირებულია და თავისა და ტანის იძულებით მდებარეობასთან არის დაკავშირებული. იგი მოძრაობისას სპონტანურად აღმოცენდება. სუპრატენტორიული სიმსივნეების დროს ღებინება ვითარდება მხოლოდ ქალაშიდა წნევის მკვეთრი მომატებისას და ზოგადცერებრულ სიმპტომად მიიჩნევა, ხოლო სუბტენტორიული სიმსივნეების შემთხვევაში განიხილება როგორც ლოკალური სიმპტომი. ასეთი ღებინება უპირატესად ბავშვებთან გვხვდება. ღებინება, რომელიც დაკავშირებულია ლაბირინთულ სისტემაში განვითარებულ შეშუპებასთან, ტიპობრივია და წინ უძღვის ან თან ახლავს თავბრუხვევა. ამ ტიპის გულისრევა და ღებინება ახასიათებს მენიერის სინდრომს, ზღვის ავადმყოფობას.


- შესაძლოა თუ არა, ცერებრული ღებინება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან დაკავშირებულ ღებინებაში აგვერიოს?

- ზოგჯერ ცერებრული ღებინება შეცდომით მართლაც დიაგნოსტირდება როგორც აბდომინალური. უმთავრესად მაშინ, როდესაც პირნაღებ მასაში ჩანს სისხლი და ღებინებას თან ახლავს მუცლის ტკივილი.

- კიდევ რომელი დაავადებების დროს არის მოსალოდნელი ღებინება და გულისრევა?

- ღებინება მენიერის სინდრომის, შაკიკისა და ურემიის სადიფერენციაციო სიმპტომია. ურემიული ხასიათის ღებინება ვითარდება მწვავედ, თავის ტკივილთან ერთად. ამ დროს გუგები დავიწროებულია, იგრძნობა აცეტონის სპეციფიკური სუნი, სისხლში დასტურდება აზოტემია, შარდში - შესაბამისი ცვლილებები. მენიერის სინდრომი მწვავედ იწყება. ერთბაშად ვითარდება თავბრუხვევა და ღებინება, რომელსაც წინ უძღვის ყურების შუილი. შეტევის შემდეგ ვითარდება მყარი ან გარდამავალი სმენის დაქვეითება. შაკიკის დროს ტკივილი ლოკალიზებულია თავის რომელიმე ერთ ნახევარში, ხოლო ღებინება ეპიზოდური ხასიათისაა. ტვინის შეშუპების დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თვალის ფსკერის გასინჯვას და მხედველობის დვრილის შეშუპებას. გულისრევითა და ღებინებით ხშირად მიმდინარეობს ნეიროინფექციები - მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი. ამ დროს ღებინება ხანგრძლივი და უწყვეტია. დიაგნოსტიკაში გვეხმარება თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა და დაავადების კლინიკური სურათი. გულისრევა და ღებინება ასევე ახლავს თან:

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას;
  • ტრავმას;
  • ტვინის სისხლძარღვის ანევრიზმას;
  • სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას, რაც ყოველთვის უნდა ახსოვდეს ექიმს და ეჭვის შემთხვევაში გამოიკვლიოს ტვინის სისხლძარღვები.

- ნევროზულ და ფსიქოგენურ ღებინებაზე რას გვეტყვით?

- ფსიქოგენური ღებინება გვხვდება ახალგაზრდა გოგონებთან. იგი ჩვეული ხასიათისაა, ვითარდება ჭამის დროს ან მისი დამთავრებისთანავე, წინ არ უძღვის გულისრევა. ავადმყოფი ადვილად იღებს კუჭის შიგთავსს და მშვიდდება. მიუხედავად სისტემატური ღებინებისა, რომელიც ზოგჯერ თვეობით გრძელდება, ავადმყოფი წონას არ იკლებს. ასეთ დროს მეტ-ნაკლებად ეფექტურია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, სედაციური საშუალებები და ფსიქოთერაპია.

- რა საფრთხის შემცველია ღებინება და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

- ღებინება იწვევს ორგანიზმში დარღვევათა მთელ წყებას, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ავადმყოფს. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. ხშირი ღებინების შედეგად ვითარდება ექსიკოზი, ჰიპოვოლემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, მეტაბოლური ალკალოზი, ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა, სისხლში იმატებს ნარჩენი აზოტი, გამორიცხული არ არის ქლოროპრიული ურემიის განვითარება. ასეთ ავადმყოფებს ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. განსაკუთრებით საყურადღებოა მწვავედ განვითარებული ღებინება, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი და კეფის კუნთების რიგიდულობა. ამ შემთხვევაში ავადმყოფს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმი დაადგენს ღებინების მიზეზს და საჭიროების შემთხვევაში ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს გამოიყენებს.