დაკარგული შეგრძნების ძიებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაკარგული შეგრძნების ძიებაში

ანესთეზია და დაბუჟება

ანესთეზია ანუ შეგრძნების დაკარგვა და დაბუჟება ანუ პარესთეზია არის შეგრძნების დაკარგვისა და ჩხვლეტის უცნაური შეგრძნება, რომელიც სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება აღმოცენდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ის ხელებსა და ფეხებს მოიცავს. ანესთეზიასა და დაბუჟებას მრავალი მიზეზი აქვს. მისი ჩვეულებრივი, ყოველდღიური მიზეზებია:

  • ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნა, მაგალითად გაუნძრევლად დგომა ან ჯდომა;
  • ფეხიფეხგადადებული ჯდომა;
  • ძილის დროს მხარზე ზეწოლა.

აღსანიშნავია, რომ ინსულტის შემდეგ პაციენტს სხეულის განსაზღვრულ ნაწილში შესაძლოა შეგრძნება შეუქცევადად დაეკარგოს ან მკვეთრად დაუქვეითდეს. როცა ანესთეზია და პარესთეზია დიდი ხნის განმავლობაში აღინიშნება და ერთსა და იმავე უბანს მოიცავს, აშკარა მიზეზი კი არ ჩანს, შესაძლოა, ის ნევროლოგიური დაავადებით იყოს გამოწვეული. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან მისვლა. ანესთეზიისა და პარესთეზიის სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია:

  • მწერის ან ცხოველის კბენა;
  • სხივური თერაპია;
  • ბ12 და სხვა ვიტამინების, კალიუმის, კალციუმის ან ნატრიუმის დეფიციტი;
  • თევზის პროდუქტების ტოქსინები;
  • მაჯის გვირაბის სინდრომი (მაჯის ნერვზე ზეწოლა);
  • სისხლის ცუდი მიწოდება დაზიანებულ არეში (ამ დროს მას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც);
  • კისრის არეში ნერვის დაზიანება;
  • მალათაშუა დისკის თიაქარი;
  • ზეწოლა ნერვზე (ქსოვილების დანაწიბურების, სისხლძარღვთა გაგანიერების, ინფექციის ან სიმსივნის გამო);
  • შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტური ნეიროპათია);
  • შაკიკი;
  • მოყინვა;
  • ჰერპესი;
  • რეინოს ფენომენი (თითებში სისხლის მიწოდების მკვეთრი შემცირება სისხლძარღვთა სპაზმის გამო);
  • განივი მიელიტი (ზურგის ტვინის ანთებითი დაავადება);
  • ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება);
  • გაფანტული სკლეროზი (აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს);
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • გულყრა;
  • არტერიების შევიწროება (ამ დროს ვლინდება სხვა თვალსაჩინო სიმპტომებიც);
  • გარდამავალი იშემიური შეტევა ან ინსულტი.


როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა

იშვიათად შეგრძნების დაკარგვა და დაბუჟება შესაძლოა სერიოზული დაავადების გამოხატულებაც იყოს, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია საუბარი იმ სიმპტომების შესახებ, რომელთა გამოვლენის დროსაც აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ანსეთეზია ან დაბუჟება აღმოცენდა კისრის, თავის ან ზურგის ტრავმის შემდეგ და სიმპტომები პროგრესირებს;
  • პაციენტს უჭირს მოძრაობა;
  • კარგავს გონებას, თუნდაც მცირე ხნით;
  • ებინდება გონება ან ერღვევა აზროვნება;
  • ერღვევა მეტყველება;
  • ერღვევა მხედველობა;
  • აღენიშნება უნებლიე შარდვა ან ნაწლავთა მოქმედება ან, პირიქით, შარდვისა და დეფეკაციის შეფერხება;
  • უჩივის ძლიერ სისუსტეს;
  • უჩივის ძლიერ ტკივილს.

დიაგნოზი ანესთეზიისა და პარესთეზიის დროს

დაბუჟებამ ან შეგრძნების გაქრობამ ეპიზოდურად ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება შეაწუხოს. ეს არ არის შეშფოთების საფუძველი. ჩვეულებრივ, ასეთი პარესთეზია რამდენიმე წუთში ან პოზის შეცვლისას გაივლის. ექიმისთვის საყურადღებოა ის შემთხვევები, როცა შეგრძნებები მუდმივ ხასიათს იღებს, ირღვევა სიარული, თან ახლავს თავბრუ, კუნთების სპაზმი, ხშირი შარდვა. ექიმი დაწვრილებით გამოკითხავს და გასინჯავს პაციენტს. მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შეიძლება დაიგეგმოს:

  • სისხლის ანალიზი;
  • ელექტროლიტების გამოკვლევა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის განსაზღვრა სისხლში;
  • ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა;
  • ნერვის გამტარობის შესწავლა;
  • თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა;
  • გამომსახველობითი კვლევები - რენტგენი, ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ექოსკოპია.

რასაკვირველია, ყველა პაციენტს არ დასჭირდება ყველა ამ გამოკვლევის ჩატარება - მათ მიზანშეწონილობას ადგენს ექიმი პაციენტის გასინჯვით მიღებული მონაცემების საფუძველზე. შესაფერისი და ინფორმაციული კვლევა მხოლოდ ექიმმა შეიძლება შეარჩიოს. უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ანესთეზია ან პარესთეზია არ არის თრომბოზის სიმპტომი და არც მის მოსალოდნელ საშიშროებაზე მიუთითებს. ამ ჩივილების, ისევე როგორც მრავალი სხვა დაავადების დროს პროთრომბინის კვლევა არავითარ ინფორმაციას არ გვაწვდის.

რა უნდა ვიცოდეთ ანესთეზიისა და პარესთეზიის დროს

ბუნებრივია, ანესთეზიისა და პარესთეზიის მკურნალობა მისი გამომწვევი დაავადების მკურნალობას გულისხმობს. ამ შეგრძნებათა ეპიზოდური აღმოცენება არც კვლევისა და არც მკურნალობის ჩვენება არ არის. გასათვალისწინებელია, რომ დაბუჟებისა და ანესთეზიის დროს სხეულის განსაზღვრულ უბნებში პაციენტს დაქვეითებული აქვს შეგრძნება, ამიტომ ის ნაკლებად გრძნობს ტკივილსა თუ ტემპერატურას. შეგრძნების დაქვეითება საგრძნობლად ზრდის დაზიანების რისკს! ანესთეზიის დროს პაციენტმა შესაძლოა ისე დაიწვას ხელი ან მთელი დღე ისე იაროს ფეხსაცმელში კენჭით და ტერფი დაიზიანოს, რომ ვერც იგრძნოს.

როგორ ავიცილოთ თავიდან დაზიანება

თუ პაციენტს კიდურის ანესთეზია ან ჰიპოესთეზია (დაქვეითებული შეგრძნება) აქვს, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე დაზიანებათა თავიდან ასაცილებლად:

  • გაუფრთხილებლად არ უნდა შევეხოთ ცივ ან ცხელ ზედაპირს, ბასრ საგნებს;
  • აბაზანაში წყლის ტემპერატურა უნდა შევამოწმოთ თერმომეტრით, რათა დამწვრობა არ მივიღოთ;
  • უნდა ვაკონტროლოთ კიდურების მდებარეობა, რათა უეცრად არ დავიზიანოთ (მაგალითად, ეტლის ბორბალში არ ჩაგვყვეს);
  • საოჯახო საქმიანობისას გამოვიყენოთ სპეციალური ხელთათმანი, რათა ქიმიური დამწვრობა არ მივიღოთ;
  • ცივ ამინდში ჩავიცვათ შესაფერისი ფეხსაცმელი და ხელთათმანები;
  • ყოველ საღამოს გულდასმით დავითვალიეროთ ფეხები, მათ შორის - ფეხისგულებიც (სარკით), რათა დროულად აღმოვაჩინოთ დაზიანება და ვუმკურნალოთ.
  • ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს სქელი ლანჩა, ჩაცმის წინ ის აუცილებლად უნდა დავათვალიეროთ, რათა შიგნით შემთხვევით არ ჩარჩეს რამე საგანი;
  • ფრთხილად დავიჭრათ ფრჩხილები;
  • დაცემის თავიდან ასაცილებლად ოთახში გვქონდეს კარგი განათება, მოვაცილოთ “ბარიერები” - პატარა ავეჯი, ხალიჩა, სადენები.