რა არის ენცეფალოპათია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ენცეფალოპათია

განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ ენცეფალოპათიებს.

თანდაყოლილი ენცეფალოპათიები შეიძლება განპირობებული იყოს მეტაბოლიზმის გენეტიკური დეფექტებით, თავის ტვინის განვითარების ანომალიებით, უკავშირდებოდეს პერინატალურ (მუცლადყოფნის) პერიოდში დამაზიანებელ ფაქტორთა ზემოქმედებას, მაგალითად, თავის ტვინის ჰიპოქსიას და ქალასშიდა სამშობიარო ტრავმას.

შეძენილი ენცეფალოპათიები აღმოცენდება პოსტნატალურ (დაბადების შემდგომ) პერიოდში თავის ტვინზე დამაზიანებელ ფაქტორთა ზემოქმედებით. გამომწვევ მიზეზსა (ეტიოლოგიასა) და პათოგენეზზე დამოკიდებულებით განასხვავებენ შეძენილი ენცეფალოპათიების რამდენიმე ჯგუფს:

  • პოსტტრავმულს – რომელიც, ფაქტობრივად, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი, მოგვიანებითი შედეგია;
  • ტოქსიკურს - რომელიც განპირობებულია ნეიროტროპული ნივთიერებების (ეთილის სპირტი, ქლოროფორმი, ბარბიტურატები, ტყვია და სხვა) სისტემატური ზემოქმედებით (მაგალითად, ალკოჰოლური ენცეფალოპათია, სხვადასხვა სახის მოწამვლა), ასევე ბაქტერიული ტოქსინების დამაზიანებელი გავლენით (მაგალითად, ბოტულიზმის, დიფტერიის, ტეტანუსის დროს და სხვა);
  • სხივურს - რომელიც დაკავშირებულია მაიონიზებელ გამოსხივებასთან (სხივური დაავადების, სხივური დაზიანების დროს);
  • მეტაბოლურს - რომელიც გამოწვეულია შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს განვითარებული მეტაბოლური დარღვევებით. მაგალითად, ღვიძლის დაავადებათა დროს, რომელთაც ახლავს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ნეკროზი და ღვიძლის სისხლძარღვოვანი სისტემის ცვლილებები. ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფა ღვიძლის მიერ ვეღარ წარმოებს, შესაბამისად, სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში მოხვედრის შემდეგ ეს მავნე ნივთიერებები ტოქსიკურად მოქმედებენ თავის ტვინზე და იწვევენ ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიას. მეტაბოლურ ენცეფალოპათიას მიეკუთვნება აგრეთვე თირკმელების პათოლოგიასთან, ურემიასთან (ურემიული ენცეფალოპათია) დაკავშირებული თავის ტვინის დაზიანებანი, აგრეთვე პოსტდიალიზური დემენცია და დიალიზური დისბალანსის სინდრომი. კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიასთან დაკავშირებულია პანკრეასული ენცეფალოპათია, რომელიც უხშირესად მწვავე პანკრეატიტის გართულების სახით აღმოცენდება, ასევე ჰიპოგლიკემიური, ჰიპეროსმოსური და ჰიპერგლიკემიური ენცეფალოპათიები;
  • სისხლძარღვოვანს - რომელიც განპირობებულია თავის ტვინის სისხლით მომარაგების ქრონიკული დარღვევით. დისცირკულატორული ენცეფალოპათია შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის (ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია), ჰიპერტონიული დაავადების (ჰიპერტონიული ენცეფალოპათია), ვენური ნაკადის შეფერხების (ვენური ენცეფალოპათია) დროს. მწვავე ჰიპერტონული ენცეფალოპათია ვითარდება ჰიპერტონიული დაავადების ავთვისებიანი მიმდინარეობის დროს, რომელიც თირკმლის პათოლოგიათა და ორსულთა ნეფროპათიების დროს შეინიშნება. მეტაბოლური ენცეფალოპათია მწვავედ მიმდინარეობს ფილტვის ვენტილაციის, სისხლის მიმოქცევის, ქსოვილოვანი ცვლის დარღვევებით გამოწვეული ჰიპოქსიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) დროს. მაგალითად, არტერიული წნევის ხანგრძლივად დაქვეითებისას გულსა და მსხვილ სისხლძარღვებზე მიმდინარე ოპერაციების დროს. ჰიპოქსიური ენცეფალოპათიის მაგალითია აგრეთვე პოსტრეანიმაციული ენცეფალოპათია.

ენცეფალოპათია შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმში წყლის შეკავებისას, ოსმოსური წნევის დაქვეითებისა და ჰიპონატრიემიის (სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა) დროს, რომელიც ანტიდიურეზული ჰორმონის მოჭარბებული გამოყოფის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა სიმსივნური პათოლოგიის, ტრავმების, სისხლდენების, ფილტვის დაავადებების დროს. ჰიპერთერმიით გამოწვეული ენცეფალოპათიის დროს აღინიშნება ჰიპოთალამუსის (თავის ტვინის სტრუქტურაა) დისფუნქცია, შემდგომი მეტაბოლური დარღვევებით.

ნებისმიერი სახის ენცეფალოპათიის განვითარების მექანიზმს უხშირესად საფუძვლად უდევს თავის ტვინის ჰიპოქსია, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია თავის ტვინის სისხლმომარაგების გაუარესებით, ვენური სისხლსავსეობით, შეშუპებით, თავის ტვინზე ენდოგენური თუ ეგზოგენური ტოქსინების ზემოქმედებით, ტვინის ქსოვილის მეტაბოლურ დარღვევათა გაღრმავებით. მსგავსი პათოგენეზური მექანიზმების არსებობა სხვადასხვა სახის ენცეფალოპათიების დროს (სპეციფიკურ სიმპტომებთან ერთად) იწვევს დაახლოებით ერთგვარ მორფოლოგიურ ცვლილებებს თავის ტვინში. ესენია: თავის ტვინის დიფუზური ატროფია, ნეირონთა რაოდენობის შემცირებითა და დეგენერაციული ხასიათის ცვლილებებით მათში, ნეკროზის წვრილი კერები, თავის ტვინის თეთრი ნივთიერების დემიელინიზაცია გლიურ უჯრედთა პროლიფერაციასთან ერთად, თავის ტვინის შეშუპება, მიკროჰემორაგიები (სისხლჩაქცევები) თავის ტვინში, ზოგჯერ სისხლის სტაზის (შეგუბების) ნიშნებით, თავის ტვინის გარსების შეშუპება და სისხლსავსეობა. სხვადასხვა სახის ენცეფალოპათიების დროს დამახასიათებელ თავისებურებებს ქმნის დაზიანებათა სპეციფიკური გამოხატულება და უპირატესი ლოკალიზაცია ტვინის თეთრ ან რუხ ნივთიერებაში, აგრეთვე ტვინის სისხლმომარაგების დარღვევის შესაბამისი ხარისხი.

ენცეფალოპათიის კლინიკური გამოხატულება

ენცეფალოპათიები კლინიკურად განსხვავებულად გამოიხატება. მათი ადრეული ნიშანია გონებრივი შრომისუნარიანობისა და მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა, მოდუნებულობა დღისით, ზოგადი დაღლილობა და სისუსტე. პაციენტები ხშირად უჩივიან დიფუზურ თავის ტკივილს, ხმაურს ყურებში, ზოგად სისუსტეს, გუნება-განწყობის არამდგრადობას, გაღიზიანებადობას. ნევროლოგიური შემოწმებისას შეიძლება გამოვლინდეს ნისტაგმი (მხედველობის გაორება), სმენისა და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, კუნთოვანი ტონუსისა და მყესთა რეფლექსების მომატება, პათოლოგიური პირამიდული და ორალური რეფლექსების არსებობა, კოორდინაციის დარღვევა, ვეგეტატიური ცვლილებები. აღნიშნული სიმპტომები და დარღვევები შესაძლოა პროგრესირებდეს ძირითადი დაავადების (რომელსაც თან ახლავს ენცეფალოპათია) განვითარებისდა კვალად. ასეთ შემთხვევებში მოგვიანებით სტადიებზე ვლინდება მკვეთრად გამოხატული ნევროლოგიური სინდრომები: მაგალითად, პარკინსონის, ფსევდობულბარული. პაციენტთა ნაწილს შესაძლოა ფსიქიკის დარღვევებიც გამოუვლინდეს.

თავის ტვინის მძიმე, გენერალიზებული დაზიანების დროს, როდესაც აღინიშნება მიკროცირკულაციის მნიშვნელოვანი დარღვევა და თავის ტვინის შეშუპება, ენცეფალოპათიის კლინიკური სურათი მწვავედ ვითარდება: პაციენტს აღენიშნება ზოგადი მოუსვენრობა, ძლიერი თავის ტკივილი, უხშირესად კეფის არეში, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დარღვევა, თავბრუხვევა, რყევა-რხევა, ზოგჯერ მტევნის თითების ბოლოების, ცხვირის, ტუჩებისა და ენის დაბუჟება. მოუსვენრობას მოგვიანებით მოდუნებულობა და სისუსტე ენაცვლება, ზოგჯერ ვლინდება ცნობიერების დაბინდვა. მწვავე ღვიძლისმიერი, თირკმლისმიერი და პანკრეასული ენცეფალოპათიების დროს, არცთუ იშვიათად, ვითარდება ცნობიერების დარღვევა და გულყრის შეტევები. ენცეფალოპათიის მწვავედ განვითარება ინტენსიურ თავის ტკივილთან, გულისრევასთან, ღებინებასთან, ნისტაგმთან, პარეზებთან, ფსიქიკურ დარღვევებთან, იშვიათად კრუნხვებთან ერთად შეინიშნება ფილტვის არტერიის ემბოლიის, ინფარქტული პნევმონიის, ცალკეულ შემთხვევებში კი ქრონიკული პნევმონიის გამწვავების დროს.

ენცეფალოპათიის დიაგნოსტიკა

ენცეფალოპათიის დიაგნოსტიკისა და მისი ფორმის განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს. სპეციალისტები საგულდაგულოდ არკვევენ, აღენიშნება თუ არა პაციენტს: პერინატალური პათოლოგია, ინტოქსიკაცია, ქალა-ტვინის ტრავმა, მეტაბოლიზმის თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები, გამოხატული ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული დაავადება, ფილტვების, თირკმელების, პანკრეასისა და ღვიძლის დაავადებები, მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება.

ელექტროენცეფალოგრაფიული (ეეგ) კვლევისას რეგისტრირდება ძირითადი რიტმების დეზორგანიზაცია, ვლინდება პათოლოგიური ნელი ტალღები, ეპილეფსიური აქტივობა. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული კომპიუტერული კვლევისას ვლინდება თავის ტვინის დიფუზური დაზიანების ნიშნები: პარკუჭებისა და სუბარაქნოიდული სივრცის გაგანიერება, ტვინის ხვეულების გაღრმავება. სისხლის, შარდის, ცერებროსპინალური (თავზურგტვინის) სითხის ბიოქიმიური ანალიზი, ტოქსიკურ ნივთიერებათა გამოვლენა აზუსტებს ენცეფალოპათიის ეტიოლოგიასა და პათოგენეზს.