გაფანტული სკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაფანტული სკლეროზი

სადღეისოდ ჯერ კიდევ დაუდგენელია გაფანტული სკლეროზის გამომწვევი ანტიგენი ან იმუნური სისტემის სამიზნე, რის გამოც მრავალი მკვლევარი დაავადებას, აუტოიმუნურის ნაცვლად, იმუნური სისტემით გაშუალებულს უწოდებს.

რა არის გაფანტული სკლეროზი?

როგორც აღვნიშნეთ, გაფანტული სკლეროზი იწვევს თავისა და ზურგის ტვინის ნერვების დემიელინიზაციას. ამის გამო აქსონები - ნერვული უჯრედების ის ნაწილები, რომლებიც უშუალოდ გადასცემენ იმპულსებს სხვა უჯრედებს – სათანადოდ ვეღარ ფუნქციობენ. მიელინი ისე აკრავს გარს ნერვს, როგორც სადენს იზოლაცია. როცა ფართოდაა გავრცელებული დემიელინიზაციის – მიელინის კარგვის პროცესი, ვითარდება დაავადების კლინიკური სიმპტომები, რადგანაც აქსონების მიერ ნერვული იმპულსების გატარების უნარი შემცირებული ან დაკარგულია. სწორედ დაზიანებული ნერვების ადგილმდებარეობა განსაზღვრავს დაავადების კლინიკურ სიმპტომებს. დემიელინიზაციის არეებში ვითარდება ანთება და შემდგომი დაზიანება, რაც აისახება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით მიღებულ გამოსახულებაზე.

რა იწვევს გაფანტულ სკლეროზს

რადგან გაფანტული სკლეროზის ზუსტი გამომწვევი უცნობია, გავრცელებულია სხვადასხვა თეორია მისი გამომწვევების თაობაზე. აღნიშნული თეორიები მრავალფეროვანია და ფართოდ ვარირებს - დ ვიტამინის დეფიციტიდან ვირუსულ ინფექციამდე. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს სუფრის მარილის ჭარბმა მოხმარებამაც. საბოლოოდ კი არც ერთი მოსაზრება დადასტურებული არ არის და დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობი რჩება. ერთი რამ ცხადია – დაავადება არ არის გადამდები.

გაფანტული სკლეროზის რისკფაქტორები

გაფანტული სკლეროზი უხშირესად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება, პაციენტები უმთავრესად 15-60 წლისანი არიან, საშუალო ასაკი კი 30 წელია. თუმცა დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. გაფანტული სკლეროზის შემთხვევები ბავშვთა შორისაც გვხვდება, მაგრამ ძალზე იშვიათად.

მსოფლიოს მასშტაბით დაავადებულია 2,5 მილიონი ადამიანი, მათ შორის 400 000 აშშ-ის მცხოვრებია. გაფანტული სკლეროზი 2-ჯერ ხშირია ქალებში.

გაფანტული სკლეროზის აღმოცენებაში გენეტიკური ფაქტორი განმსაზღვრელი არ არის, თუმცა მათ, ვის მშობლებსაც აქვს დაავადება, გაფანტული სკლეროზის ოდნავ მეტი რისკი აქვთ.

ითვლებოდა, რომ ჩრდილოეთში მცხოვრებთ (განსაკუთრებით - რდილოეთ ევროპაში) გაფანტული სკლეროზი მეტად ემუქრებოდათ, ბოლო 30 წლის კვლევებმა კი ეს შეხედულება შეცვალა – დაავადების შემთხვევებმა იმატა მაღალი ტემპერატურის რეგიონებში, მაგალითად, ლათინურ ამერიკაში. შემდგომმა კვლევებმა კი გამოავლინა, რომ დაავადების რისკს განსაზღვრავს პაციენტის საცხოვრებელი ადგილი 15 წლის ასაკამდე.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ, გულის დაავადებებისა და დიაბეტისაგან განსხვავებით, კვების ხასიათი, უვარჯიშებლობა და თამბაქო არ მოქმედებს გაფანტულ სკლეროზზე.

როგორ ვლინდება გაფანტული სკლეროზი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაფანტული სკლეროზის გამოვლინებას განსაზღვრავს დემიელინიზაციის ლოკალიზაცია. ძირითადი კლინიკური სიმპტომებია:

  • მხედველობის ცვლილება, მხედველობის ნერვის დაზიანებისას მხედველობის დაკარგვის ჩათვლით;
  • გაორებული მხედველობა;
  • დაბუჟების, ჩხვლეტის, სისუსტის შეგრძნება. სისუსტე სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს, მძიმე შემთხვევებში სხეულის ნახევრის დამბლასაც კი იწვევდეს;
  • თავბრუ;
  • კიდურების კოორდინირებული მოძრაობის დარღვევა, პაციენტს უჭირს წონასწორობის დაცვა, სიარული;
  • მეტყველების დარღვევა;
  • კისრის მოხრისას ხერხემლის გასწვრივ დენის გავლის შეგრძნება;
  • ზოგჯერ შარდვის შეკავება ან მოშარდვის გაძნელება;
  • დაავადების პროგრესირებისას კუნთების სპასტიკური ან ზოგიერთი კუნთის მტკივნეული შეკუმშვა.

დაავადების ტიპები

მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებით აღწერილია გაფანტული სკლეროზის 4 ტიპი:

  • რეციდიულ-რემისიული – უხშირესი ფორმაა, ხასიათდება მკურნალობის ეფექტურობით, სიმპტომების უკუგანვითარებით (რემისიით), თუმცა შემდეგში კვლავ გამოვლინებით. სიმტომების კვლავ აღმოცენებას ხშირად გამწვავებას უწოდებენ. რემისიის ხანგრძლივობა შეიძლება კვირებიდან წლებამდე იყოს;
  • მეორეულად პროგრესირებადი – დაავადების სიმპტომები რემისიისას სრულად არ უკუგანვითარდება; დროთა განმავლობაში ჩნდება პროგრესირებადი სისუსტე;
  • პირველადად პროგრესირებადი – დროთა განმავლობაში პროგრესირებს, რემისიისა და მდგომარეობის გაუმჯობესების ეპიზოდების გარეშე;
  • პროგრესირებად-რემისიული – გარკვეული დროის განმავლობაში სიმპტომები ძლიერდება, რასაც მოსდევს რემისიის ეპიზოდი, შემდეგ კვლავ პროგრესირება-რემისია და ასე შემდეგ.

რას ემყარება დიაგნოზი

ყველა შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის გამოკითხვა. გაფანტული სკლეროზისას პაციენტებს განსხვავებული სიმპტომები აქვთ, რის გამოც დიდია რისკი, რომ ესა თუ ის ნიშანი უყურადღებოდ დარჩეს ან სხვა დაავადებას მიეწეროს.

შემდგომი საფეხურია პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვა დაზიანებული არის იდენტიფიკაციისათვის.

დიაგნოზი დასტურდება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სპინალური პუნქცია, თავზურგტვინის სითხის მიღება და მისი ლაბორატორიული კვლევა. ხშირად იკვლევენ მხედველობის, სმენის, სხვა ნერვების გამტარობასაც. უცილებელია ლაიმის დაავადების, ვასკულიტის, მგლურას, შიდსის, მრავლობითი ინფარქტით მიმდინარე მდგომარეობების გამორიცხვაც.

გაფანტული სკლეროზის მკურნალობა

სადღეისოდ განიხილება გაფანტული სკლეროზის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი. ამ ეტაპზე მწვავე გამოვლინებებისას გამოიყენება სტეროიდები (ჰორმონები). თუ მათი მიღება შეუძლებელია, შესაძლოა ჩატარდეს პლაზმაფერეზი (პლაზმის მოცილება). დიაგნოზის დადგენის შემდეგ შეიძლება იმ ახალი პრეპარატების გამოყენება გადაწყდეს, რომელთაც დაავადების მოდიფიცირების საშუალებებს უწოდებენ. აღნიშნული პრეპარატები ამცირებენ დაავადების სიმპტომებს, ახანგრძლივებენ რემისიას, აღკვეთენ პაციენტის უუნარობას.

უშუალოდ დაავადების მკურნალობის გარდა, მნიშვნელოვანია მასთან დაკავშირებული სიმპტომების მართვაც. ამ სიმპტომთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპასტიკურობა, სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, გახშირებული შარდვა, ტკივილი, ერექციული დისფუნქცია.

ექსპერიმენტული მკურნალობა

ექსპერიმენტული მკურნალობის მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია გაფანტული სკლეროზის მკურნალობა და დაავადების განკურნება, ღეროვანი უჯრედების გადანერგვაა (ტრანსპლანტაცია), მაგრამ მის საბოლოოდ აღიარებამდე აუცილებლია კვლევის გაგრძელება.

2009 წელს სისხლძარღვთა ქირურგმა წამოაყენა თეორია, რომლის თანახმადაც გაფანტული სკლეროზის მიზეზი ვენური უკმარისობა, კერძოდ, თავზურგტვინის (ცერებროსინური) ქრონიკული ვენური უკმარისობაა. მის დასადასტურებლად ჩატარდა გარკვეული კვლევები, რადგანაც აღნიშნული თეორია რადიკალურად ცვლიდა გაფანტული სკლეროზის მკურნალობის მეთოდებს. ბოლო წლების კვლევებით ეს თეორია არ დადასტურდა. ორი წლის განმავლობაში კვლევა კვლავ გაგრძელდება, მაგრამ მეცნიერები ამ თეორიას კრახს უწინასწარმეტყველებენ.

სიცოცხლე გაფანტული სკლეროზით

გაფანტული სკლეროზის დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა არ იცვლება, თუმცა დაავადების მძიმე, პროგრესული ფორმებისას ხშირია გართულებები, განსაკუთრებით - ფილტვების ანთება. თუ მკურნალობა არ ტარდება, შემთხვევათა 30%-ში მოძრაობის გაძნელებაა მოსალოდნელი. ადრეულ სტადიაზე დაწყებული მკურნალობის შედეგები კი ჯერ უცნობია.

არსებობს გაფანტული სკლეროზის ორი განსხვავებული ვარიანტი: პირველი, ე. წ. “კეთილთვისებიანი” სინდრომი – ახასიათებს კლინიკურად მცირე სიმპტომატიკა, ზოგჯერ უსიმპტომობაც დიაგნოზის დადგენიდან ათწლეულების შემდეგაც, ცვლილებები იკვეთება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისას. საპირისპირო მდგომარეობაა გაფანტული სკლეროზის, ე. წ. “მარბურგის ვარიანტისას”, როცა დაავადება სწრაფად პროგრესირებს და მდგომარეობა მალე მძიმდება.