ღეროვანი უჯრედები და ინსულტის ხვალინდელი დღე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღეროვანი უჯრედები და ინსულტის ხვალინდელი დღე

ინსულტის სიმპტომები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და დამოკიდებულია როგორც დაზიანების სიმძიმეზე, ასევე ლოკალიზაციაზე.

ინსულტის დროს ყველაზე ხშირად ვითარდება:

  • სხეულის ერთ ნახევარში (ხშირად - კიდურებში) დაბუჟების, სისუსტის შეგრძნება ან დამბლა;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • ცნობიერების უეცარი დაბინდვა;
  • წონასწორობისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
  • მხედველობის მკვეთრი გაუარესება;
  • მეტყველების დარღვევა;
  • სირთულეები წერა-კითხვისა და სხვისი საუბრის აღქმისას;
  • დროსა და გარემოში დეზორიენტაცია.

თუ ინსულტის მოცულობა დიდია, როგორც წესი, ის მოტორულ (მამოძრავებელ) უბნებს აზიანებს - პაციენტს აღენიშნება ჰემიპარეზი, ანუ რომელიმე მხარეს ხელ-ფეხში ძალა დაქვეითებულია ან საერთოდ წართმეულია მოძრაობის უნარი. დაზიანების უბნის შესაბამისად, ქვეითდება ხოლმე მგრძნობელობის ფუნქცია - შეგრძნება კიდურებში. თუ დაზიანებულია მარცხენა ჰემისფერო, მაშინ მეტყველება ზიანდება და ამას აფაზია ეწოდება. ინსულტის კიდევ ერთი მძიმე შედეგი არის დემენცია - ჭკუასუსტობა.

ინსულტისთვის დამახასიათებელია უეცარი დაწყება ანუ მოულოდნელი განვითარება, მაგრამ ამ უეცარ განვითარებას წინ უსწრებს ხოლმე გარკვეული რისკფაქტორები, რომლებიც ზრდის მისი განვითარების რისკს. ეს რისკფაქტორებია:

ასაკი - ყოველი დეკადის მომატებისას ინსულტის რისკი მატულობს. ახალგაზრდა ასაკში (40 წლამდე) ინსულტი იშვიათია და თუ ვითარდება, სპეციფიკური სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით ან სხვა პრობლემებით არის ხოლმე განპირობებული. ასაკოვან ადამიანებში კი ინსულტს საფუძვლად უდევს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • გულის არითმია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ცხიმოვანი ცვლის დარღვევა - ჰიპერქოლესტერინემია;
  • ცხოვრების უმოძრაო წესი;
  • სიმსუქნე;
  • სიგარეტის წევა;
  • ოჯახურ ანამნეზში ინსულტების არსებობა.

თუ აღნიშნული ფაქტორები კონტროლდება, მაშინ ინსულტის განვითარების რისკი დაბალია, მაგრამ თუ ფაქტორებს ყურადღება არ ექცევა, მაშინ რისკი მაღალია. ამდენად, ინსულტის პროფილაქტიკა შესაძლებელია, საზოგადოდ კი ძალიან მნიშვნელოვანია ინსულტის პრევენციის კამპანია. ცნობილია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პრევენციის ზომები აქტიურია, ინსულტით ავადობა დაბალია.

აღსანიშნავია კორელაცია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ინსულტის განვითარების მაჩვენებლებს შორის, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია დაბალი განვითარების ქვეყნებში. საქართველოს შუალედური მდგომარეობა უკავია - 10 წლის წინანდელი მონაცემებით, 100 000 პოპულაციაში თბილისში 1 წლის განმავლობაში ვითარდებოდა ინსულტის 200 შემთხვევა. ეს არცთუ ისე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია ინსულტის გამოსავალი, სიკვდილიანობისა და ინვალიდობის თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი გვაქვს - „ლიდერებს“ შორის ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსულტის არასრულფასოვანი მართვის სერვისები გვაქვს. მთელ მსოფლიოში ინსულტს მკურნალობენ ე.წ. ინსულტის ერთეულებში (სტროკე უნიტ) - ინსულტის ბლოკში. ეს არის სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც ექსკლუზიურად ინსულტის მქონე პაციენტებს მკურნალობს. ინსულტის ბლოკის ძირითადი მოქმედი პირია ნევროლოგი, რომელსაც აქვს ინსულტიანი პაციენტების მკურნალობის სპეციალური გამოცდილება, გარდა ამისა, არსებობს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს ექთანს, თითო პაციენტზე მოდის ექსკლუზიურად ერთი ექთანი, ამ გუნდში შედის ფიზიოთერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი. თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს და ისინი ერთდროულად ერთვებიან პაციენტის მკურნალობაში. აქვე ერთვება სოციალური მუშაკი და ზრუნავს პაციენტის მომავალ ბედზე. ამ გუნდის მობილიზებული მოქმედება პაციენტის დარღვეული ფუნქციების აღდგენის საწინდარია. გარდა ამისა, ასეთ კლინიკას უნდა ჰქონდეს დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები: 24 სააათის განმავლობაში უნდა იყოს კომპიუტერული ტომოგრაფია, დღის განმავლობაში - მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, მობილიზებული უნდა იყოს ნეიროქირურგების გუნდი, სხვა პროფილის სპეციალისტები და გამოკვლევები, ეს ყველაფერი დიდი ფუფუნებაა და დიდ დანახარჯებს მოითხოვს, რაც ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის ალბათ მიუწვდომელია, ამიტომ უმჯობესია შეიქმნას ინსულტის პრევენციის უფრო მოქნილი სისტემა. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ასეც მოხდა.

დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობა

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინსულტის დროულ დიაგნოსტირებას - ამ მიზნით საზოგადოების განათლებას და ინფორმირებას ინსულტის პირველი ნიშნების შესახებ. განვითარებულ ქვეყნებში მასმედიის საშუალებები ავრცელებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ თუ 68-70 წლის ადამიანს განუვითარდა ასეთი ნიშნები: იგრძნო სისუსტე ხელ-ფეხში, დაერღვა მეტყველება, მან და მისმა ოჯახის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ 112-ში. ამგვარად დროულად იქნება დიაგნოსტირებული ინსულტი.

მეორე რგოლია სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელმაც დროულად უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და პაციენტი შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანოს ისე, რომ დრო არ დაიკარგოს. რატომ აქვს მნიშვნელობა დროს? გადავდივართ ინსულტის მკურნალობის თემაზე.

რა ხდება ტვინში ინსულტის დროს?

ტვინის ინსულტი არის ტვინის დაზიანება, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს 2 მიზეზით:

ზიანდება ტვინის რომელიმე სისხლძარღვის კედელი და იწყება სისხლდენა, რაც იწვევს ტვინის ქსოვილის დაზიანებას - ეს არის ე.წ. ჰემორაგიული ანუ სისხლჩაქცევით გამოწვეული ინსულტი.

მეორე ფორმაა იშემიური ანუ სისხლძარღვის დახშობით განპირობებული ინსულტი:

ორგანიზმში, სადღაც პერიფერიაზე, წარმოიქმნება კოლტი, რომელიც იჭედება ტვინის სისხლძარღვში, შედეგად სისხლძარღვის გამავლობა ირღვევა და ვითარდება იშემია, ანუ ტვინის ქსოვილების სისხლმომარაგება და, შესაბამისად, ჟანგბადის მიწოდება ფერხდება. დიდ სისხლძარღვებში ხშირად გამავლობის შეფერხების მიზეზი ათეროსკლეროზული პროცესებია. ტვინის ქსოვილები ძალიან მგრძნობიარეა ჟანგბადის ნაკლებობაზე და საკმაოდ სწრაფად იწყებს კვდომას.

ჰემორაგიული ინსულტების წილად საერთო შემთხვევათა მხოლოდ 10% მოდის. დანარჩენი კი - იშემიურია.

ამიტომ ამჯერად იშემიურ ინსულტზე ვისაუბრებთ: თუ იშემიური ინსულტის დროს თრომბს ან ემბოლს დროულად მოვაშორებთ ან „გავალღობთ“ გარკვეულ დროში, შესაძლოა ტვინის შესაბამის უბანში, რომელშიც ტვინის ქსოვილი ჯერ კიდევ არ არის მკვდარი, ცირკულაცია და ქსოვილთა ფუნქცია მთლიანად აღდგეს. ამ უბანს, რომელშიც ცირკულაცია დარვეულია, მაგრამ ფუნქციობის უნარი ბოლომდე არ შეწყვეტილა, ჰქვია იშემიური ნახევარჩრდილი (პენუმბრა), ცალკეული წვრილკეროვანი ნეკროზული (მკვდარი) უბნები ნახევარჩრდილის არეში პირველსავე წუთებში ჩნდება. თუ მათ დროულად მივაწვდით სისხლს, ფუნქციობა აღდგება, მაგრამ თუ დროულად არ აღდგა ცირკულაცია, ნეკროზული უბნების ზომა მატულობს და ბოლოს მთლიანად მოიცავს ნახევარჩრდილის არეს. აღმოჩნდა, რომ თუ 4,5 საათში აღვადგენთ სისხლის ნაკადს ნახევარჩრდილის უბნისაკენ, გამოსავალი მნიშვნელოვნად უკეთესია. ნახევარჩრდილის უბანი 4 საათზე ბევრად უფრო ხანგრძლივადაც შენარჩუნდება ხოლმე, შეიძლება 10 საათიც იყოს, მაგრამ ცირკულაციის დაგვიანულ აღდგენას ისეთი შედეგები აღარ აქვს. „რაც ადრე, მით უკეთესი“ - ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპი შედეგისთვის.

ალბათ, საინტერესოა, რა კეთდება პაციენტის დროულად - 4,5 საათში მიყვანისას შესაბამის კლინიკაში იმ ქვეყნებში, სადაც ეს მეთოდი დანერგილია. ინტრავენური თრომბოლიზისით ხდება თრომბის დაშლა და ინსულტის დროს დარღვეული ფუნქციების გაუმჯობესება. თრომბოლიზისისთვის გამოიყენება პრეპარატი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ პლაზმინოგენის ქსოვილოვან აქტივატორს - ღ-თPA. მკურნალობის ამ მეთოდის შემოტანამ ინსულტის მკურნალობის კლინიკურ პრაქტიკაში რევოლუცია მოახდინა. ამ მეთოდის გარდა, კიდევ არის სხვა მეთოდები - დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა სისხლძარღვში შევიდეთ და ადგილობრივად დავშალოთ ან ამოვწოვოთ თრომბი, ანუ არტერიიდან მივიდეთ თრომბთან ახლოს და ადგილობრივად მივასხათ მედიკამენტები, რომელთა მოქმედების ეფექტიანობა გაცილებით მაღალი იქნება. ამას ჰქვია ინტრაარტერიული თრომბოლიზისი. თუმცა ამ მეთოდების ინტრავენურ თრომბოლიზისთან უპირატესობა ჯერ კიდევ კლინიკური კვლევის საგანია.

თუ პაციენტი 24 საათის შემდეგ მოიყვანეს კლინიკაში, ეს მეთოდები უკვე აღარ მუშაობს, რადგან ნახევარჩრდილის უბანი უკვე მკვდარია და მკვდარი ქსოვილის აღდგენა შეუძლებელია სისხლის ნაკადის აღდგენის მიუხედავად. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც პაციენტის ტრანსპორტირება უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, თრომბოლიზისის ეფექტურობის მაჩვენებელი 15-20%-ია. ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. თუმცა, უხშირესად, პაციენტის მიყვანის დროა განმსაზღვრელი. იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ უკეთდება თრომბოლიზისი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინსულტის ბლოკის მობილიზებულ მუშაობას. თუმცა, თერაპიული საშუალებები საკმაოდ შეზღუდულია. ამჟამად არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც დაზიანებული ტვინის ფუნქციას გააუმჯობესებს, მკურნალობა მიმდინარეობს მეორეული პრევენციის მიმართულებით - რადგან ინსულტის გადატანის შემდეგ ძალიან დიდია განმეორებითი ინსულტის განვითარების ალბათობა, თავად დაზიანებული უბნის აღმდგენი მედიკამენტი არ არსებობს და მკურნალობა რეაბილიტაციის პროცედურებს გულისხმობს. ეფექტურია რეაბილიტაცია პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდგომ უკვე მყარი ნარჩენი მოვლენები ვითარდება. მთელი მსოფლიოს მეცნიერების ყურადღება მიმართულია იქით, რომ მოინახოს დაზიანებული ტვინის ქსოვილის რეგენერაციის, რეპარაციის ან ჩანაცვლების საშუალებები. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ლაბორატორიებში. ერთ-ერთი კვლევის საგანია ამ მიზნით ღეროვანი უჯრედების გამოყენება. ასეთი ინტენსიური კვლევა ლუნდის ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიაშიც მიმდინარეობს, რომელსაც ქართველი მეცნიერი ზაალ კოკაია ხელმძღვანელობს.

თუ ეს მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა, მნიშვნელოვნად შემცირდება ინსულტით განვითარებული ინვალიდობა. დაზიანებული ფუნქციების თუნდაც მცირე ხარისხით გაუმჯობესებაც მნიშვნელოვანი შედეგი იქნება.

პერსპექტიული მიმართულებაა ღეროვანი უჯრედების კვლევა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ერთი ნევროლოგიური დაავადების დროს არ მიღებულა კლინიკური ეფექტი, საკმაოდ პოზიტიური გზავნილებია ლაბორატორიებიდან, გამოიცდება ბევრი დაავადების დროს, მაგრამ იმის სათქმელად, რომ ეს ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია, მყარი კლინიკური შედეგები ჯერ არ არსებობს. ალბათ, არცთუ შორეულ მომავალში ეს მეთოდები დაინერგება, თუმცა სადღეისოდ კონკრეტულად არაფრის თქმა არ შეგვიძლია. სანამ ესა თუ ის პრეპარატი არ გაივლის ექსპერიმენტულ და კლინიკურ გამოცდებს, არ დადასტურდება მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება, მანამდე ისინი კლინიკურ პრაქტიკაში ვერ დაინერგება.

ამ ეტაპზე კი ჩვენი ქვეყნის რეალობაში ინსულტის პრევენციისთვის მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა ამ დაავადების შესახებ, ექიმთა განათლების დონის ამაღლება დაავადების დროულად დიაგნოსტირებისათვის, ინსულტის მულტიფუნქციური ცენტრის შექმნა, საერთაშორისო დონეზე აღიარებული გაიდლაინების სწორად გამოყენება და პაციენტის რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფოს ფინანსური თანადგომა, აგრეთვე ინსულტგადატანილთა სოციალური რეაბილიტაცია.

ზოგადი ინფორმაცია ღეროვანი უჯრედების შესახებ და ეთიკური საკითხები

ღეროვანი უჯრედების გამოყენება საუკუნის აღმოჩენა და დიდი მიღწევაა მეცნიერებაში.

ღეროვანი უჯრედები თვითგანახლებადი უჯრედებია, რომელთაც ორი თავისებურება ახასიათებთ: მათ აქვთ თვითგანახლების ანუ ახალი ღეროვანი უჯრედების ფორმირების უნარი და შეუძლიათ გარდაიქმნან ნებისმიერი ქსოვილის დიფერენცირებულ უჯრედებად. მათ შეუძლიათ სხეულის შემადგენელი ყველა ტიპის უჯრედისა და ქსოვილის წარმოქმნა. მაგალითად, დაზიანებულ ღვიძლში გადანერგვისას ღეროვანი უჯრედები ღვიძლის უჯრედებად ფორმირდებიან. ამის გამო თეორიულად მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დაავადების მართვისა და განკურნებისათვის, მაგალითად: გულის დაავადებები, პარკინსონი, დიაბეტი, ზურგის ტვინის დაზიანებანი და ა.შ. ეს ერთდროულად უნიკალური და უნივერსალური უჯრედები ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის პატარა აგურებია. ამჟამად ღეროვანი უჯრედები კლინიკურად მხოლოდ სისხლის სიმსივნური დაავადებების დროს გამოიყენება. ამ დროს პაციენტის ძვლის ტვინში არსებულ დაავადებულ ღეროვან უჯრედებს კლავენ და მათ ჩაანაცვლებენ ჯანმრთელი დონორის ძვლის ტვინიდან მიღებული სისხლის ღეროვანი უჯრედებით.

არსებობს ემბრიონული, ფეტალური და მოზრდილ ადამიანთა ღეროვანი უჯრედები.

ემბრიონული ღეროვანი უჯრედები ხელოვნური განაყოფიერების გზით შექმნილი ემბრიონისაგან მიიღება.

ფეტალური ღეროვანი უჯრედები - აბორტის შემდგომი ნარჩენებისა და ახალშობილის ჭიპლარის სისხლიდან, ხოლო ზრდასრული ადამიანის ღეროვან უჯრედებს ძვლის ტვინიდან და სხვა ქსოვილიდან იღებენ.

მეცნიერები ყველაზე ეფექტურად ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს მიიჩნევენ, რადგან მათ თვითგანახლების ყველაზე დიდი უნარი აქვთ. თუმცა კვლევებისათვის ემბრიონის გამოყენება მეცნიერებს ეთიკური დილემის წინაშე აყენებს. კვლევის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ემბრიონი ცოცხალი ორგანიზმია, მის ხარჯზე სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არ შეიძლება და მოზრდილი ადამიანის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას ამჯობინებენ, რომლებსაც ძვლის ტვინიდან და სხვა ქსოვილებიდან მოიპოვებენ.

შეერთებულ შტატებში ღეროვანი უჯრედების კვლევის დაშვება-არდაშვების საკითხი რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის პარტიული დაპირისპირების მიზეზი გახდა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეასრულა საარჩევნო კამპანიის დაპირება. მან მოხსნა ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევებზე დაწესებული შეზღუდვები და საჭირო თანხები გადარიცხა ამ კვლევების დასაფინანსებლად, რითაც ცვლილებები შეიტანა წინამორბედი ხელისუფლების გადაწყვეტილებაში. ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი სამომავლოდ მხოლოდ ისეთ მეცნიერულ დასკვნებს და მიგნებებს მიემხრობიან, რომლებიც ფაქტებზე იქნება დაფუძნებული და არა იდეოლოგიასა და იდეებზე. ბარაკ ობამამ შეცვალა ბუშის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი მკაცრი ზღვარი ადამიანის ემბრიონული ღეროვანი უჯრედების გამოკვლევაზე.

„ბევრი განათლებული და საღად მოაზროვნე ადამიანი არ უჭერს მხარს ჩვენს კვლევებს. მე მესმის მათი დამოკიდებულება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ხედვას“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

თუმცა მან ისიც თქვა, რომ ამერიკელების უმრავლესობა კონსენსუსამდე მივიდა: „ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს კვლევები, რადგან რასაც ეს შესწავლა გვთავაზობს, შესანიშნავია... ამ ცვლილებას ძალიან ბევრი ადამიანი რვა წლის განმავლობაში დიდი იმედით ელოდა. ჩვენ ვხსნით აკრძალვას და ვაფინანსებთ ემბრიონულ კვლევებს. მიზნად ვისახავთ, მსოფლიო დიდ აღმოჩენამდე მივიყვანოთ“.

ლუნდის ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევები

ზაალ კოკაია 1992 წლიდან დღემდე მოღვაწეობს ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი). ამჟამად იგი ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ღეროვანი უჯრედებისა და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის გამგე და კლინიკური მეცნიერებების კათედრის პროფესორია ექსპერიმენტულ სამედიცინო კვლევებში. მას ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების შესახებ გავესაუბრეთ:

- ღეროვანი უჯრედები წარმოიქმნება ემბრიონის განვითარების ადრეულ სტადიაზე. როცა კვერცხუჯრედი განაყოფიერდება, ჩნდება სფეროსებრი წარმონაქმნი - ბლასტოცისტი და მის შიგნით არის ე.წ. ღეროვან უჯრედთა გროვა, რომელთაგან მიიღება პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები. პლურიპოტენტური იმას ნიშნავს, რომ ამ უჯრედებს, თუკი მათ გარკვეულ პირობებს შევუქმნით, ორგანიზმში არსებულ ნებისმიერ უჯრედად გარდაქმნა შეუძლიათ. ღეროვან უჯრედს 2 თვისება აქვს: 1. შეუძლია თვითგანახლება და 2. გარკვეულ პირობებში განიცდის სპეციალიზაციას ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედად, იქნება ეს კანის, ღვიძლის, გულისა თუ სხვა.

ღეროვანი უჯრედები ზრდასრულ ადამიანშიც არის, მაგალითად, სისხლი მუდმივად განახლდება ძვლის წითელი ტვინის ღეროვანი უჯრედების ხარჯზე.

იამანაკამ - იაპონელმა მკვლევარმა - დიფერენცირებული უჯრედის უკუგანვითარება შეძლო და დღეისათვის შესაძლებელია კანის ან სხვა უკვე დიფერენცირებული უჯრედიდან, გარკვეული სტიმულაციით, პლურიპოტენტური უჯრედის მიღება. უფრო მეტიც, არა მარტო პლურიპოტენტურის, არამედ ამ შუალედური რგოლის გარეშეც, კანის უჯრედებიდან შესაძლებელია ნეირონების - ნერვული უჯრედების მიღებაც.

თუ ინსულტის შემდეგ ადამიანი გადარჩა, ტვინს აქვს გარკვეული თვითგანახლების, აღდგენის უნარი, მაგრამ რადგან ინსულტი ასაკოვანთა დაავადებაა და განახლების პროცესები შეფერხებულია, ჩვენი ამოცანაა ღეროვანი უჯრედების დახმარებით ნეირორეგენაციის უნარის გააქტიურება. ღეროვანი უჯრედები შეძლებს პლასტიკური ცვლილებების მობილიზაციას და, ამასთან, დარღვეული ნერვული რკალების აღდგენას ახალწარმოქმნილი უჯრედების ჩართვით.

ტვინის ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი ქერქია, რადგან ის თითქმის ყველა ძირითად სასიცოცხლო ფუნქციას განსაზღვრავს. ამჟამად ლაბორატორიაში კანის უჯრედებიდან სწორედ ქერქის ნეირონების მიღებაზე ვმუშაობთ.

2000-იანი წლების დასაწყისში გაირკვა, რომ ტვინში მუდმივად წარმოიქმნება ნეირონები. ვირთაგვებში ეს ახალწარმოქმნილი ნეირონები მიგრირებს ყნოსვის ბოლქვში. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს შევამჩნიეთ, რომ გარკვეული ნეირონები ყნოსვის ბოლქვის მაგიერ ინსულტით დაზიანებული კერისაკენ მიემართებოდნენ და წარმოქმნიდნენ იმ ტიპის ნეირონებს, როგორებიც დაზიანების კერაშია და არა ისეთებს, როგორიც ყნოსვის ბოლქვში იყო.

ინსულტის სამკურნალოდ ნერვული ღეროვანი უჯრედების გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში საინტერესო თემაა. კლინიკური კვლევა მიმდინარეობს ინგლისში, მაგრამ ჯერ შედეგებზე საუბარი ნაადრევია. მეცნიერები ემბრიონიდან მიღებულ ღეროვან უჯრედებს ნერგავენ ინსულტით დაზიანებულ ტვინის უბნებში.

ემბრიონული ღეროვანი უჯრედების გამოყენებისას ჩნდება გარკვეული ეთიკური საკითხები, ჩვენ კვლევებში ვიყენებთ დაღუპული ჩანასახის ტვინის ღეროვან უჯრედებს, მაგრამ ახლა გადავერთეთ კანიდან მიღებულ ღეროვან უჯრედებზე. ღეროვან უჯრედთა კანიდან მიღებას აქვს 2 უპირატესობა: 1. ეს ეთიკურად გამართლებულია და 2. შესაძლებელია ავტოლოგიური გამოყენება, ანუ საკუთარი კანიდან შეგიძლია მიიღო ღეროვანი უჯრედები, რომელთა თავსებადობა ორგანიზმთან უფრო დიდია.

თუმცა ამ წყაროს ეფექტიანობა დაბალია - 5-10%, ეს იმას ნიშნავს, რომ კანიდან მიღებული 100 ღეროვანი უჯრედიდან მხოლოდ 5 გამოდგება. ემბრიონული უჯრედების ეფექტიანობა კი თითქმის 100%-ია.

არის კიდევ ერთი ეთიკური საკითხი: კანიდან მიღებულ პლურიპოტენტურ უჯრედებს ადვილად შეუძლია სიმსივნურ უჯრედად გადაგვარება. რაღა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ ინსულტისგან განკურნებულ პაციენტს სიმსივნე განუვითარდეს. თუმცა ამ მიმართულებით წამოებულმა მრავალმა კვლევამ სიმსივნის განვითარების ალბათობა ძალზე შეამცირა.

ეს დარგი ძალიან ახალია და მრავალმხრივად ვითარდება. მკვლევრებს პრობლემებს გვიქმნის კიდევ ერთი საკითხი - ხშირად ჟურნალისტები მისდევენ სენსაციებს და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, რაც საფრთხეს უქმნის ამ დარგს. ამასთან, არა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში, ევროპაშიც კი არის კლინიკები, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ ჰპირდებიან ადამიანებს, რომ ღეროვანი უჯრედებით განკურნავენ ნებისმიერ დაავადებას, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია.

ჩვენს ლაბორატორიაში კიდევ ერთი საინტერესო კვლევა მიმდინარეობს:

საზოგადოდ, ნებისმიერი დაზიანება იწვევს იმუნურ რეაქციას. ტვინს აქვს განსაკუთრებული იმუნური სისტემა. სისხლის იმუნური უჯრედები - ლიმფოციტები და მონოციტები - სპეციფიკური ტვინ-სისხლძარღვოვანი ბარიერის არსებობის გამო ტვინში ვერ აღწევენ. ტვინს თავისი იმუნური უჯრედები, ე.წ. მიკროგლია აქვს, რომელიც განვითარების გარკვეულ სტადიაზე ასევე მონოციტებია, შედის ტვინში და იქ „პატრულირებს“ - ბუდობს საფრთხის გამოჩენამდე. თუ ტვინის ნეირონები ზიანდება, მიკროგლია აქტიურდება და გადაიქცევა მაკროფაგად და იწყებს ნარჩენების გაუვნებელყოფას, ტვინის დაზიანებისას ბარიერი ირღვევა და ტვინში სისხლის იმუნური უჯრედებიც გადადის, გარდაიქმნება მაკროფაგებად და ვითარდება ანთებითი პროცესი - ნეიროინფლამანცია. ყოველთვის ითვლებოდა, რომ ნეიროინფლამანცია უარყოფითი პროცესია. მაგრამ ირკვევა, რომ ამ იმუნურ უჯრედებს ორმაგი ფუნქცია აქვთ: მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ ანტიანთებითი ნივთიერება, რომელიც ტვინის აღდგენით პროცესებს აძლიერებს. ჩვენ ვსწავლობთ, როგორ შეიძლება ინფლამატორული პროცესის მართვა და ღეროვანი უჯრედების გამოყენება ამ პროცესში. ვნახეთ, რომ ძვლის ტვინიდან სისხლში მონოციტების გადასვლას თუ დავბლოკავთ, ინსულტის შემდგომი აღდგენითი პროცესი ფერხდება. თუკი შევძლებთ მონოციტების აქტიურობის გაზრდას, ამან შესაძლოა გააძლიეროს აღდგენითი პროცესებიც. ღეროვან უჯრედებს გააჩნიათ იმუნური პროცესის მოდულაციის ფუნქცია, იმუნური უჯრედები კი, თავის მხრივ, აღდგენით პროცესებს ასტიმულირებენ.

აქედანაც ჩანს, რომ ღეროვან უჯრედს აქვს მრავლობითი ფუნქცია - ნეირონის წარმოქმნა მისი ერთადერთი ფუნქცია როდია, მან მრავალი მიმართულებით შეიძლება იმოქმედოს.

ამრიგად, ლუნდის ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები შემდეგი მიმართულებით:

1. ინდუცირებული უჯრედებიდან სპეციფიკური ნეირონების მიღება და აღდგენით პროცესებში მათი როლის გამოკვლევა;

2. კანის უჯრედებიდან ქერქული ნეირონების მიღება;

3. ნეიროინფლამაციაზე - ინსულტის დროს ტვინში მიმდინარე ანთებით პროცესზე - დაკვირვება;

4. ნეიროგენეზზე დაკვირვება, მისი როლი და პროცესის გაძლიერების შესაძლებლობა.

ინსულტგადატანილი პაციენტისთვის, რომელსაც დარღვეული აქვს მრავალი ფუნქცია, მნიშვნელოვანია, გაიაროს და თავს მოემსახუროს, დამოუკიდებლად შეძლოს ყოველდღიური საქმიანობა. ფუნქციების სპონტანური აღდგენა ხდება დაახლოებით 3 თვეში. შემდგომი რეაბილიტაციისთვის კი ჩვენი კვლევები როდის მიიღებს კლინიკურ დატვირთვას, ჯერ უცნობია. თუ ვნახავთ, რომ მონოციტების შეყვანით გაძლიერდება ტვინის აღდგენითი პროცესები, შეიძლება რამდენიმე თვეში დავიწყოთ კლინიკური კვლევები. კლინიკური კვლევების დასაწყებად გათვლილი უნდა იყოს ეთიკური საკითხები, რისკები, მოსალოდნელი შედეგები.

მაგრამ როგორი იქნება ამ დიაგნოზის მქონე პაციენტთა ხვალინდელი დღე, თუკი ღეროვანი უჯრედების გამოყენება კლინიკურ კვლევებს გაივლის და ნეირორეაბილიტაციის მიმართულებით მათი გამოყენება პრაქტიკაში დაინერგება?

ინსულტი აღარ იქნება ათასობით ადამიანისათვის უფუნქციოდ დარჩენის განაჩენი. მაშ, იმედით დაველოდოთ მედიცინის ხვალინდელ დღეს!