პანკრეატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანკრეატიტი

პანკრეასი რთული პარენქიმული ორგანოა, რომელიც ეგზოკრინული და ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციას ასრულებს. იგი მდებარეობს წელის პირველი და მეორე მალების დონეზე კუჭის უკან, ამიტომ კუჭუკანა ან კუჭქვეშა ჯირკვალსაც უწოდებენ. მისი სიგრძეა 12-15 სმ. აგებულებაში განარჩევენ თავს, სხეულსა და კუდს. პანკრეასის ჯირკვლოვანი უჯრედები გამოიმუშავებს პანკრეასის წვენს. გამომუშავებული წვენი იკრიბება პანკრეასის მთავარ სადინარში, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევს ამ ორგანოს და ნაღვლის საერთო სადინართან ერთად თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება.

მცირე ფიზიოლო-გიური ექსკურსი

პანკრეასის ეგზოკრინული ფუნქცია

პანკრეასის წვენი უფერო სითხეა. იგი შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს - ფერმენტებს. ფერმენტების დახმარებით საკვები ნივთიერებები - ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ნუკლეინის მჟავები - უფრო მარტივ ელემენტებად იშლება, რაც ორგანიზმს მათ შეწოვას უადვილებს.

  • ცილების ამინმჟავებამდე გადამუშავებას ახორციელებს ფერმენტები ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი.
  • ცხიმების დაშლას ხელს უწყობს ფერმენტი ლიპაზა. იგი მათ ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად შლის.
  • რთული ნახშირწყლების მონოსაქარიდებამდე დაშლას ხელს უწყობს ფერმენტები ამილაზა და მალტაზა.
  • ნუკლეინის მჟავების გადამუშავებაში კი ნუკლეაზა მონაწილეობს.

პანკრეასის წვენის გამომუშავება საკვების მიერ პირის ღრუს რეცეპტორების გაღიზიანების პასუხად ჭამიდან 2-3 წუთის შემდეგ იწყება.

პანკრეასის ენდოკრინული ფუნქცია

პანკრეასის შიდასეკრეტორულ (ენდოკრინულ) ფუნქციას ახორციელებს განსაკუთრებული უჯრედები - პანკრეასის ინსულარული (ლანგერ-ჰანსის) კუნძულები. ამ კუნძულების ალფა უჯრედები ჰორმონ გლუკაგონს გამოიმუშავებს, ხოლო ბეტა უჯრედები - ჰორმონ ინსულინს. გლუკაგონი ღვიძლში დაგროვილ გლიკოგენს გლუკოზად გარდაქმნის, რის შედეგადაც სისხლში მაღლა იწევს შაქრის დონე, ინსულინი კი ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში და ხელს უწყობს ღვიძლში მის დაგროვებას. პანკრეასის ფუნქციური უკმარისობის დროს ვითარდება მძიმე დაავადება - შაქრიანი დიაბეტი. ამ დროს ქსოვილები კარგავენ გლუკოზის ათვისების უნარს, რის გამოც სისხლში შაქრის შემცველობა იმატებს.

პანკრეატიტი

პანკრეატიტი პანკრეასის ანთებით-დისტროფიული დაავადებაა. ამ დროს ირღვევა ჯირკვლის სადინარების გამტარობა, დაავადების ფინალურ სტადიაში კი ვითარდება პანკრეასის სკლეროზი, რის გამოც ეს ორგანო ეგზოკრინულ და ენდოკრინულ ფუნქციას კარგავს. ანთებითი კერის ადგილას უჯრედები თანდათან შუპდება, შემდეგ კვდება და მათ ადგილს შემაერთებელი ქსოვილი იკავებს, რის შედეგადაც სადინარები იხშობა და იკირება. დაავადების უკანასკნელ სტადიაში პანკრეასი პატარავდება.

რა იწვევს დაავადებას?

პანკრეატიტის მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • სანაღვლე გზების დაავადებები - ნაღველკენჭოვანი დაავადება, უკენჭო ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების ესა თუ ის ანომალია;
  • ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის რომელიმე დაავადება - ქრონიკული გასტრიტი, დუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება, ოდის სფინქტერის სპაზმი და სტრიქტურა, პარაზიტებით, სიმსივნით და კენჭით მისი დახშობა და სხვა;
  • რაციონში ცილის დეფიციტი;
  • ვირუსული ინფექციები - ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა), ვირუსული ა და ბ ჰეპატიტები;
  • პანკრეასის დაზიანება მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციული ჩარევის დროს;
  • ჰორმონული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები - პარათირეოზი;
  • ამა თუ იმ ნივთიერებების ტოქსიკური და ალერგიული ზემოქმედება. ასეთებია: მედიკამენტები - აზატიოპრინი, ესტროგენები, ტეტრაციკლინი, მეტრონიდაზოლი, სულფონამიდები, ვალპორის მჟავა, ფუროსემიდი, მეთილდოფა, ციმეტიდინი; ტოქსინები - ფოსფორორგანული ინსექტიციდები, მორიელის შხამი.

მწვავე პანკრეატიტი

მწვავე პანკრეატიტის დროს ხდება ფერმენტების ზიმოგენისა და ტრიფსინის გააქტიურება. გააქტიურებული ფერმენტები აზიანებს უჯრედების მემბრანას, რის შედეგადაც პანკრეასის უჯრედები შუპდება და დროთა განმავლობაში ნეკროზდება (კვდება). ფერმენტები შესაძლოა მოხვდეს პერიტონეალურ სივრცეში და სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს.


რას უჩივით?

მწვავე პანკრეატიტის დროს ავადმყოფი უმთავრესად უჩივის მუდმივ გამჭოლ ტკივილს მუცლის არეში. ტკივილი სხვადასხვა ინტენსივობისაა: ზოგჯერ - მსუბუქი, ზოგჯერ - აუტანელი. იგი ლოკალიზდება ეპიგასტრიუმში და ჭიპის ირგვლივ, გადაეცემა წელის მიდამოში, გულმკერდში, მუცლის გვერდითა და ქვედა ნაწილებში, ხშირად იწყება ღამით, ცხიმიანი საკვებისა და ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ. არცთუ იშვიათად ძლიერდება დგომისას, ჯდომისას. ასეთ დროს ავადმყოფს შვებას ჰგვრის წინ გადახრილი, მუცელთან მიტანილი ფეხებით ჯდომა. შეტევის დასაწყისში ავადმყოფი ლოგინში წრიალებს. თუ ტკივილმა მოიმატა, ვითარდება სტუპორი ან შოკური მდგომარეობა, რომელიც ახალი სამკურნალო პრეპარატების დანერგვამდე იმდენად ხშირი იყო, რომ პანკრეატიტის პათოგნომურ ნიშნად ითვლებოდა. იგი დღესაც მეტად საშიშ გართულებად მიაჩნიათ. ტოქსიკური შოკით გამოწვეული სიკვდილიანობა 50%-ს აღწევს. ხშირია გულისრევა და პირღებინება, რომელსაც, კუჭის დაავადებებისგან განსხვავებით, შვება არ მოაქვს. დიაფრაგმის ნერვის გაღიზიანების გამო ვითარდება შემაწუხებელი სლოკინი. მუცელი, მიუხედავად ძლიერი ტკივილისა, რბილია („რეზინის მუცელი“). აღინიშნება ტაქიკარდია და არტერიული წნევის დაქვეითება. ზოგჯერ ვითარდება სიყვითლეც, რაც ნაღვლის საერთო სადინარზე პანკრეასის ზეწოლით არის გამოწვეული.  სისხლში კალციუმის ოდენობის დაქვეითება იწვევს კრუნჩხვებს. მუცლის გვერდით ზედაპირზე მოლურჯო, ზოგჯერ იისფერი ლაქები ჩნდება.

რით შეიძლება გართულდეს მწვავე პანკრეატიტი?

მწვავე პანკრეატიტის გართულებები თავს იჩენს როგორც ადგილობრივად, ისე სხვადასხვა სისტემის მხრივ.

  • ლოკალური გართულებებიდან აღსანიშნავია პანკრეასის ნეკროზი, აბსცესი, ფლეგმონა;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ - შოკი, პერიკარდიტი, მიოკარდიტი;
  • სასუნთქი სისტემის მხრივ - ფილტვის პათოლოგია (პლევრის ღრუში, უმეტესად - მარცხნივ, გროვდება სითხე). გართულების ალბათობა 10-20%-ია;
  • კუჭ-ნაწლავის სისტემა - ეროზიული გასტრიტი, წყლული, ასციტი, ნაწლავთა გაუვალობა, სანაღვლე გზების ობსტრუქცია (დახშობა);
  • ცენტრალური ნერვული სისტემა - ენცეფალოპათია, ფსიქოზი.

როგორ სვამენ დიაგნოზს?

დიაგნოზი ემყარება ავადმყოფის ჩივილებს, გადატანილ დაავადებებს, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემებს. ლაბორატორიული მონაცემებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პანკრეასის ფერმენტების, განსაკუთრებით კი ამილაზის აქტივობის მატებას სისხლსა და შარდში. ფერმენტების აქტივობის მკვეთრი მატება მწვავე პანკრეატიტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ცვლილებები უმეტესად 24 საათში იჩენს თავს. ამ დროს ამილაზის მაჩვენებელი სისხლსა და შარდში ნორმაზე ათჯერ მეტია. მეორე დღიდან აქტივობა თანდათან იკლებს და მესამე-მეოთხე დღეს ის მხოლოდ 40%-ში რჩება მაღალი. აქედან გამომდინარე, მოგვიანებით ჩატარებული ლაბორატული ანალიზები შესაძლოა საბედისწერო შეცდომის მიზეზად იქცეს. ხშირია სისხლში გლუკოზის გარდამავალი მატება. ამის მიზეზია პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფის შემცირება, გლიკოგენის გამოთავისუფლება. ინსტრუმენტული მეთოდებიდან ინფორმაციულია ექოსკანირება, კომპიუტერული და ბირთვულ- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის დროს ცვლილებები ხშირად მიოკარდიუმის იშემიის სიმულაციას ახდენს.

ქრონიკული პანკრეატიტი

მწვავე და ქრონიკულ პანკრეატიტს ერთი და იგივე მიზეზები იწვევს. მწვავე პანკრეატიტი ხშირად გადაიზრდება ქრონიკულ ფორმაში - წესისამებრ, მაშინ, თუ დროულად ვერ ამოიცნეს და არ უმკურნალეს. ქრონიკული პანკრეატიტის მიზეზთა შორის პირველი ადგილი უკავია ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას. სხვა მიზეზებია ნებაზე მიშვებული პარათირეოზი, კვების მძიმე დარღვევა... განასხვავებენ ქრონიკული პანკრეატიტის მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს. მსუბუქი ფორმის დროს დაავადება მწვავდება წელიწადში 1-2-ჯერ, საშუალო სიმძიმის ფორმის დროს - 3-4 ჯერ, მძიმე ფორმის დროს - კიდევ უფრო ხშირად. დაავადების დასაწყისში კლინიკური სურათი მწვავე პანკრეატიტისას ჰგავს. მოგვიანებით, პანკრეასის ფიბროზული გადაგვარების გამო, ტკივილის ინტენსივობა და ფერმენტების აქტივობა მცირდება. დაავადების მანიფესტაციის მეხუთე წელს თავს იჩენს პანკრეასის ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევის ნიშნები: მალაბსორბციის (საკვების მონელების დარღვევა) სინდრომი და წონის კლება. ქრონიკული პანკრეატიტის მთავარი ნიშანია დისპეფსიური მოვლენები - გულისრევა, პირღებინება, გულძმარვა, ხშირი - დღეში 4-6 - დეფეკაცია. ყურადღებას იქცევს პოლიფეკალია და სტეატორეა - დიდი რაოდენობით მყრალი, ფაფისებრი კონსისტენციის, ცხიმით მდიდარი განავალი. მიკროსკოპიული გამოკვლევისას გამონაყოფ მასაში უხვად აღმოაჩენენ კუნთების მოუნელებელ ბოჭკოებს. ავადმყოფობის 8-10 წლის შემდეგ პანკრეასის ქსოვილი მთლიანად ატროფირებულია, შესაძლოა, თავი იჩინოს ენდოკრინული უკმარისობის ნიშნებმა შაქრიანი დიაბეტის მკაფიო კლინიკით.

როგორ მკურნალობენ?

მკურნალობის მიზანია ანთებითი და ნეკროზული პროცესების შემოსაზღვრა, ტკივილის მოხსნა და ინტოქსიკაციის ჩაცხრობა.

დიეტა და რეჟიმი

მწვავე პანკრეატიტის შეტევის დაწყებიდან ტკივილის ჩაცხრობამდე (2-4 დღე) ავადმყოფს საკვები არ ეძლევა. ის აუცილებლად უნდა მოთავსდეს სტაციონარში. ტკივილის მოსახსნელად იყენებენ სანარკოზე ანალგეტიკებს - მეპერიდინს, ტრიპერიდინს, პრომედოლს. აკრძალულია მორფინის გამოყენება, რადგან იგი იწვევს ოდის სფინქტერის სპაზმს. შეიძლება გამოყენებულ იქნეს პარავერტებრალური და პარანეფრალური ბლოკადა ნოვოკაინით. 4-6 საათში ერთხელ კუჭის ზონდით ამოქაჩავენ კუჭის შიგთავსს, ხოლო სეკრეციის ბლოკირების მიზნით აძლევენ ანტაციდებს. ინფექციის შემთხვევაში იყენებენ ანტიბიოტიკებს. დეზინტოქსიკაციისთვის ტარდება ფორსირებული დეჰიდრატაცია ლაზიქსითა და სითხეების გადასხმით. კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში გამოიყენება მისი პრეპარატები. ფერმენტული ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიფერმენტული პრეპარატები - კონტრიკალი, ტრასილოლი, გორდოქსი. ქირურგიულ მკურნალობას კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობისას მიმართავენ. საჭიროების შემთხვევაში ტარდება პანკრეასის გადანერგვა.