რა იწვევს ნაღველკენჭოვან დაავადებას და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ნაღველკენჭოვან დაავადებას და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება

- ნაღველკენჭოვანი დაავადება, იგივე კალკულოზური ქოლეცისტიტი ან ქოლელითიაზი, ქრონიკული ქოლეცისტიტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ნაღვლის ბუშტში, იშვიათად - სანაღვლე გზებში, ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბება-დაგროვება ახასიათებს. ნაღვლის კენჭები ყალიბდება ღვიძლში მიმდინარე თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიური ცვლილებების ფონზე ქიმიურად შეცვლილი ლითოგენური ნაღვლის გამომუშავების შედეგად. ნაღვლის ინგრედიენტების ხსნად მდგომარეობაში შენარჩუნებას ნაღვლის კოლოიდური სისტემის სტაბილურობა განაპირობებს.

- რამდენად გავრცელებულია ნაღველკენჭოვანი დაავადება?

- შეიძლება ითქვას, რომ ფართოდაა გავრცელებული. ის ზრდასრული მოსახლეობის 18-20%-ს აქვს. მამაკაცებზე დაახლოებით ორჯერ ხშირად გვხვდება ჭარბწონიან და ორმოც წელს გადაცილებულ ქალებთან.

- როდის და რა მიზეზით შეიძლება განვითარდეს ნაღველკენჭოვანი დაავადება?

- ნაღველკენჭოვანი დაავადება უმეტესად ნაღვლის ბუშტში მიმდინარე ანთებითი პროცესის ფონზე ვითარდება. თავად ანთების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ინფექცია;
  • დისკინეზია (ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ნორმალური მოტორიკის დარღვევა);
  • ორგანიზმის ზოგადი იმუნოლოგიური რეაქტიულობის დაქვეითება;
  • ალერგიული რეაქცია;
  • ნაღვლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შეცვლა;
  • კვების რეჟიმის დარღვევა.

ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • ქოლესტერინის ცვლის, პიგმენტური ცვლის დარღვევა;
  • ბურღულეულისა და ცომეულის ჭარბი მიღება - ეს ხელს უწყობს ნაღვლის რეაქციის მჟავასკენ გადახრას, რაც ქოლესტერინის ხსნადობას აქვეითებს;
  • ენდოგენური და ეგზოგენური წარმოშობის A ჰიპოვიტამინოზი;
  • არარეგულარული და ჭარბი კვება;
  • ადინამია;
  • ჭარბი წონა;
  • ორსულობა;
  • ზოგიერთი გადატანილი დაავადება, მათ შორის - მუცლის ტიფი, სალმონელოზი, მალარია, მწვავე ვირუსული ჰეპატიტი;
  • შაქრიანი დიაბეტი.

ჩამოთვლილთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები: ქოლესტერინისა და პიგმენტური ცვლის დარღვევა, ნაღვლის შეგუბება და სანაღვლე გზების ინფიცირება. ნაღველი ოსმოსური თვისებების მქონე რთული ნივთიერებაა. იგი წარმოადგენს ორგანული და არაორგანული კომპონენტების წყალხსნარს. ნაღვლის ძირითადი ორგანული კომპონენტებია ნაღვლის მჟავები, ფოსფოლიპიდები, ქოლესტერინი, ნაღვლის პიგმენტები. ამ კომპონენტების კონცენტრაცია უფრო მაღალია ნაღვლის ბუშტში, რაც წყლისა და არაორგანული ელექტროლიტების რეაბსორბციის პროცესს უკავშირდება. ნაღვლის მჟავების მარილები, ფოსფოლიპიდები, ქოლესტერინი ქმნის შერეულ მიცელებს. ეს ნივთიერებები ელექტროლიტებსა და ვიტამინ B12-თან ერთად წარმოადგენს ლიპოპროტეიდულ კომპლექსს, რომელშიც ნაღვლის მჟავების, ქოლესტერინისა და ფოსფოლიპიდების ფიქსირებული თანაფარდობა განაპირობებს ჩამოთვლილ ნივთიერებათა წყალში მაქსიმალურ ხსნადობას, ესე იგი ნაღვლის იმ კოლოიდურ მდგრადობას, რომელიც ხელს უშლის ქოლესტერინის, კალციუმის ბილირუბინატის კრისტალიზაციას და კენჭების ფორმირებას. ნაღვლის მჟავებისა და ქოლესტერინის თანაფარდობა ნორმაში დაახლოებით 25,5-ის ტოლია. ამ კოეფიციენტის 13-ზე ქვევით ჩამოსვლა ნაღვლის კენჭების გამოლექვას განაპირობებს. განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ლეციტინ-ქოლესტერინის კოეფიციენტის შემცირებას. ცნობილია, რომ ქოლესტერინი ხსნადია მხოლოდ ნეიტრალურ და სუსტ ტუტე არეებში, ამიტომ ნაღვლის რეაქციის მჟავასკენ გადახრა (როცა პH 6,0-ზე ნაკლებია) ქოლესტერინის ხსნადობას აქვეითებს. ამრიგად, ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნის პროცესს ხელს უწყობს ბიოქიმიური დარღვევები, კერძოდ, ქოლესტერინის, კალციუმის, თავისუფალი ბილირუბინის კონცენტრაციათა მომატება, ასევე - ბაქტერიოქოლია, დისპროტეინქოლია, დისმუკოქოლია, დადებითად დამუხტული პროტეინის გაჩენა (ქოლესტერინის კომპლექსი ნაღვლის მჟავებსა და საპნებთან უარყოფითადაა დამუხტული, მათი პროტეინის დადებით მუხტთან ზემოქმედება კი შემდგომ ხელს უწყობს ქოლესტერინის კრისტალიზაციას), ქოლესტერინის ხსნადობის განმაპირობებელი კოლოიდებისა და სუბსტანციების (ნაღვლის მჟავები, ლეციტინი და სხვა) შემცველობის დაქვეითება, ნაღვლის რეაქციის მჟავასკენ გადახრა. ყველა ეს ფაქტორი მიკროსფეროლიტების ჩამოყალიბებას იწვევს. ნაღველში კრისტალიზაციის ასეთი ცენტრის გაჩენა აადვილებს კენჭის ფორმირებას (ჩამოფცქვნილი ეპითელური უჯრედები, ბაქტერიათა კონგლომერატი, სისხლის კოლტი, გამოკრისტალებული ქოლესტერინი, ბილირუბინის მარილი და სხვა). მიკროსფეროლიტები თანდათან იზრდება, აღიზიანებს ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების ლორწოვანს და ამით აძლიერებს მუკოიდური სუბსტანციის სეკრეციას, ხოლო მათ შემადგენლობაში არსებული გლიკოპროტეიდები ხელს უწყობს კენჭების შემდგომ ზრდას. ასე ყალიბდება რთული შემადგენლობის დიდი კენჭები ინგრედიენტების სხვადასხვაგვარი კონცენტრაციით. კენჭების წარმოქმნას საგრძნობლად აჩქარებს ნაღვლის შეგუბება, რაც ხშირად ახლავს თან ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს, ქრონიკულ შეკრულობას. ნაღვლის შეგუბება ზრდის ნაღვლის კონცენტრაციას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის ნაღვლის ბუშტში ინფექციის შესაჭრელად (მაგალითად, თორმეტგოჯა ნაწლავიდან), ხოლო ინფექცია ნაღვლის ლიპიდური კომპლექსის სტაბილურობის დარღვევის მძლავრი სტიმულატორია.

- რა რაოდენობის, შემადგენლობისა და ზომისა შეიძლება იყოს კენჭები?

- ნაღვლის ბუშტში კენჭების რაოდენობა ერთეულებიდან მრავალ ათასამდე მერყეობს. ცვალებადია მათი ზომაც – ქვიშის მარცვლისოდენადან ქათმის კვერცხისოდენამდე. რაც უფრო მეტია კენჭი, მით უფრო მცირე ზომისაა. შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ რბილ და მაგარ კენჭებს, წარმოშობის მიხედვით - მეტაბოლურს, ანთებითს და შერეულს (კომბინირებულს). მხოლოდ ქოლესტერინული წარმოშობის კენჭი, ჩვეულებრივ, ერთეულია, თეთრი ან მოყვითალო ფერისა, განაკვეთზე ქოლესტერინის კრისტალების რადიალური განლაგების გამო აქვს სხივისებური შენება. პიგმენტური წარმოშობის კენჭები მრავლობითია, მკვრივი, მცირე ზომისა, რუხი, მომწვანო ელფერით. შედგება ბილირუბინისა და კალციუმის კარბონატისგან. მხოლოდ კალციუმის კარბონატისგან წარმოქმნილი კენჭები იშვიათია და რენტგენოკონტრასტული. უფრო ხშირად გვხვდება კომბინირებული - ქოლესტერინულ-პიგმენტური და კალციუმის კარბონატული შენების კენჭები. მიჩნეულია, რომ მხოლოდ ქოლესტერინული რადიალური შენების კენჭები სტერილურ ნაღველში წარმოიშობა, ხოლო კომბინირებული - ინფიცირებულში. რაც შეეხება კენჭების ფორმის მრავალფეროვნებას, ვარაუდობენ, რომ მათი ნაწილი მანამდე ფორმირებული და შემდგომ დაშლილი კენჭების ფრაგმენტებისგან ყალიბდება. ნაღვლის ბუშტში ნაღვლის ხვედრითი წონის ნორმა 1,016-დან 1,032-მდეა. მისი შემცირება კონცენტრაციული ფუნქციის დაქვეითებაზე მიუთითებს, ხოლო მომატება ნაღვლის შესქელების მაუწყებელია. ბილირუბინის ნორმა 200-400 მგ%-ია. მისი მომატება ნაღვლის შეგუბებაზე მიუთითებს. ლითოგენურ ნაღველს ტაუქოლატების შემცველობის დაქვეითება და დიოქსიოქოლანის მჟავების კონცენტრაციის მომატებაც ახასიათებს.

- როგორ მჟღავნდება დაავადება?

- ნაღველკენჭოვანი დაავადების ტიპური სიმპტომია ღვიძლის კოლიკა - ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე გაწელვით გამოწვეული მუცლის აუტანელი ტკივილი. ის ერთბაშად იწყება, აქვს შეტევითი ხასიათი, ლოკალიზებულია მარჯვენა ფერდქვეშ, გადაეცემა მარჯვენა ბეჭს, მხარს, კისერს, თან ახლავს შემცივნება, სხეულის ტემპერატურის 38-39 0ჩ-მდე მომატება, გრძელდება რამდენიმე წუთს ან საათს, იშვიათად - 1-2 დღესაც კი. მისი ინტენსივობა პერიოდულად იმატებს. თავს იჩენს უმეტესად საღამოობით, ვახშმიდან 3-4 საათის შემდეგ. მის აღმოცენებას ხელს უწყობს ცხიმიანი, ცხარე საკვები, სპირტიანი სასმელი, მძიმე ფიზიკური შრომა, ვიბრაცია, ძლიერი ემოცია. შეტევას ზოგჯერ წინ უძღვის გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება გულის კოვზთან, მარჯვენა ფერდქვეშ. თან ახლავს საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე, წყურვილი, მწარე გემო პირში, გულძმარვა, ბოყინი, პირღებინება უპირატესად ნაღვლით, შეკრულობა, მეტეორიზმი, რაც საერთო მდგომარეობას ამძიმებს. ზოგჯერ ჩამოთვლილ სიმპტომებს ერთვის ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა მხრივ - ბრადიკარდია, ექსტრასისტოლია. ნაღვლის საერთო სადინარის კენჭით დახშობის შემთხვევაში ვითარდება სიყვითლე, რომელიც თავს იჩენს სადინარის დახშობიდან 2-3 დღის შემდეგ. შეტევის მომენტში მარჯვენა ფერდქვეშ მუცლის პრესი მკვეთრად დაჭიმულია. განსაკუთრებით მტკივნეულია ნაღვლის ბუშტის მტკივნეული წერტილი. ტკივილის შესამსუბუქებლად ავადმყოფი ეძებს მოხერხებულ პოზას. ტკივილი ისევე ერთბაშად წყდება, როგორც დაიწყო. სისხლში შეინიშნება ბილირუბინისა და ქოლესტერინის მომატება. განავალი აქოლიურია (თიხისფერი), შარდი - მუქი ლუდისფერი. სიყვითლის გაქრობა კენჭის თორმეტგოჯა ნაწლავში (ფატერის დვრილის გავლით) ან ნაღვლის სადინარის შედარებით გაფართოებულ ნაწილში გადასვლაზე მიუთითებს. ზოგჯერ ნაღველკენჭოვანი დაავადება ძალზე მცირერიცხოვანი სიმპტომით მიმდინარეობს, რომელთაგან მთავარი როლი ენიჭება დისპეფსიურ დარღვევებს: ზოგიერთი საკვების აუტანლობას, პირში მწარე გემოს (უმთავრესად - ჭამის შემდეგ ან უზმოზე), ამოქარვებას, გულძმარვას, გულის კოვზთან სიმძიმის შეგრძნებას, გულისრევას ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, პირღებინებას, მეტეორიზმს. ზოგჯერ თავს იჩენს ნაწლავისმიერი სიმპტომებიც: უმიზეზო ფაღარათი ან მყარი შეკრულობა. ხშირია წლობით არსებული უმიზეზო სუბფებრილიტეტი. ნაღვლის საერთო სადინარის კენჭით დახშობას ნაღვლის შეგუბება და ნაღვლის ბუშტის გადიდება მოჰყვება, თუმცა, ჩვეულებრივ, ხანგრძლივად მიმდინარე ნაღველკენჭოვანი დაავადება იწვევს ნაღვლის ბუშტის შეჭმუხვნას და დეფორმირებას (შეხორცებებისა და ნაწიბურების ხარჯზე), რაც ჭვლის შეტევისას ბუშტის გაწელვისა და, ამის კვალობაზე, გასინჯვის საშუალებას არ იძლევა.

- როგორია პროგნოზი?

- ნაღველკენჭოვანი დაავადების პროგნოზი გართულებებზეა დამოკიდებული, რომელთაგან აღსანიშნავია: ნაღვლის ბუშტის ემპიემა, ქოლანგიტი, ჰეპატიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის პერფორაცია, ღვიძლის ბილიური ციროზი, ნაღვლის ბუშტის კიბო.


- როდის დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი?

- მწვავე ქოლეცისტიტი ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ოპერაციის ჩვენებებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ინფექციური პროცესის გამწვავება და ღვიძლის ჭვლის რეციდივი ინტენსიური თერაპიული მკურნალობის ფონზე;
  • ნაღვლის ბუშტის მწვავე ან ქრონიკული ანთებითი გადიდება;
  • მკურნალობას დაუქვემდებარებელი ქოლანგიტი სანაღვლე გზების დახშობის ფონზე.

ოპერაციის დიდი ხნით გადადება მექანიკური სიყვითლის დროს არ არის მიზანშეწონილი, რადგან ნაწლავში ნაღვლის მიუწოდებლობის გამო ირღვევა K ვიტამინის შეწოვა, ეს ვიტამინი კი ღვიძლში პროთრომბინის სინთეზისთვის ძირითადი კომპონენტია. პროთრომბინისა და სისხლის შედედების სხვა კომპონენტების დაქვეითებას, განსაკუთრებით - ღვიძლის ფუნქციური არასრულფასოვნების პერიოდში, შესაძლოა მოჰყვეს ჰემორაგიული დიათეზი. სამწუხაროდ, შეტევის შემდეგ ზოგი პაციენტის დარწმუნება ოპერაციის აუცილებლობაში ძნელია. ისინი ეწევიან თვითმკურნალობას, ცდილობენ კენჭების "დაშლას" ან ნაღვლის ბუშტიდან "გამოდევნას", რისთვისაც იყენებენ რყევას, სითბურ პროცედურებს, ნაღვლმდენ პრეპარატებს... ეს "მეთოდები" არ არის უსაფრთხო და შესაძლოა დაამძიმოს კიდეც დაავადება, თანაც ამ გზით მხოლოდ ერთეული მცირე ზომის კენჭის გამოდევნა თუ მოხერხდება, რაც ბუშტის გათავისუფლებას არამც და არამც არ ნიშნავს; სამაგიეროდ, კენჭის ამოძრავებამ შესაძლოა ბუშტიდან სადინარში მისი გადასვლა და მექანიკური სიყვითლე გამოიწვიოს. ამრიგად, ქოლელითიაზის ქირურგიულ ჩვენებათა მიუხედავად, ავადმყოფს თერაპიული მეთვალყურეობა სჭირდება.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- ნაღველკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტიკისათვის იყენებენ ქოლეცისტოქოლანგიოგრაფიას, ქოლეცისტოგრაფიას, რეტროგრადულ ქოლანგიოპანკრეატოგრაფიას, რადიოქოლეცისტოგრაფიას, ლაპაროსკოპიას, ულტრაბგერით გამოკვლევას, შრეობრივ ტომოგრაფიას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დუოდენური ზონდირებისა და ნაღველმდენი პრეპარატების დანიშვნისას.

- შესაძლებელია თუ არა, ნაღველკენჭოვანი დაავადება თავიდან ავიცილოთ?

- ნაღველკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა კვების ჰიგიენას გულისხმობს. ჭარბი წონისგან თავის დასაცავად საჭიროა ბალანსირებული კვება. ფიქსირებულ საათებში კვება განამტკიცებს ნერვულ-რეგულაციურ ფუნქციურ კავშირებს და უზრუნველყოფს დინამიკური სტერეოტიპის ფორმირებას, ამის კვალობაზე კი - ნაღვლის ბუშტის პერიოდულ დაცლას. დიეტა ითვალისწინებს დღეში 100 გრამი ცილის, 80 გრამი ცხიმისა და 450-500 გრამი ნახშირწყლების მიღებას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ქოლესტერინით, ექსტრაქტული ნივთიერებებით მდიდარი, ცხარე, შემწვარი, შებოლილი, მარილიანი საკვები, ქადა-ნაზუქი, კრემიანი ნამცხვრები და ღვეზლები, ბლინები, შოკოლადი, კაკაო, ნაყინი, ცივი საჭმელი და სასმელი. აუცილებელია შეკრულობის თავიდან აცილება. მედიკამენტური მკურნალობა კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა ჩატარდეს.