რუბრიკები
ყველაფერი ჰემანგიომებზე

კანის კაპილარული ჰემანგიომა
კანის კაპილარულ (ლაქოვან, მარტივ, ბრტყელ) ჰემანგიომას ახასიათებს ბრტყელი ან კანის ზედაპირიდან რამდენადმე წამოწეული ვარდისფერი, წითელი ან მოლურჯო-მეწამული ლაქები, რომლებიც ზეწოლისას ფერმკრთალდება და ნაწილობრივ ფერსაც იცვლის. დიასკოპიისას ანუ სპეციალური მინის ფირფიტით კანის უბნების დათვალიერებისას ეს ლაქები ზოგჯერ ქრება კიდეც. კაპილარული ჰემანგიომის ნაირსახეობაა ტელეანგიოექტაზიური (ვარსკვლავისებრი) ჰემანგიომა: ლაქის ცენტრში არსებული წერტილიდან რადიალურად მიემართება წვრილი, გაფართოებული სისხლძარღვები. ჰემანგიომას, რომელშიც ჭარბობს შემაერთებელქსოვილოვანი კომპონენტი, ანგიოფიბრომა ეწოდება. კაპილარული ჰემანგიომის ნაირსახეობაა ანგიოკერატომაც. კაპილარულ ჰემანგიომას ძირითადად ინფილტრაციული ზრდა ახასიათებს. ცალკე გამოყოფენ კავერნოზულ ჰემანგიომას, რომელიც ერთმანეთისგან ძგიდეებით გამიჯნული სხვადასხვა ფორმისა და ზომის სისხლძარღვოვანი ღრუებისგან შედგება. ამ ღრუებში სისხლი ზოგჯერ დედდება, წარმოქმნილ თრომბოზულ მასებში კი შემაერთებელი ქსოვილი ჩაიზრდება და თრომბები წარმოიქმნება. კავერნოზული ჰემანგიომა ზოგჯერ მრავლობითია. ეს წარმონაქმნები უმთავრესად კვანძოვანი, გლუვი ან ხორკლიანზედაპირიანია. დაძაბვის, გაჭინთვისა და ხველებისას კავერნოზული ჰემანგიომა შესაძლოა გაიზარდოს. საერთოდ, მისი ზომები ფართო საზღვრებში მერყეობს - ქინძისთავისოდენადან მუჭისოდენამდე და უფრო მეტადაც. თითით ზეწოლისას ჰემანგიომა, განსაკუთრებით კი კავერნოზული, ფერმკრთალდება, პატარავდება და მკვრივდება, ხოლო ზეწოლის შეწყვეტისთანავე თავდაპირველ იერს იბრუნებს. სიმსივნის შედარებით მსხვილ არტერიასთან შეერთების შემთხვევაში ზოგჯერ პულსაცია შეიგრძნობა და ძარღვოვანი შუილი ისმინება. კავერნოზული ჰემანგიომა ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა. დაბადებისას თუ უმნიშვნელო წერტილად მოჩანს, წლის ბოლოსთვის შესაძლოა მოზრდილ წარმონაქმნად გადაიქცეს. შედარებით იშვიათია რაცემიული ჰემანგიომა, რომელიც სქელკედლიანი არტერიებისა და ვენური ძარღვების ტოტებისგან შედგება. ასეთი სიმსივნე თანდაყოლილ სიმახინჯეს მოგვაგონებს, ლოკალიზდება უმთავრესად თავსა და კისერზე. კუნთშიგა (კაპილარული, კავერნოზული ან არტერიოვენოზური) ჰემანგიომა  გამოირჩევა ინფილტრაციული ზრდით, აზიანებს არა მხოლოდ კუნთებსა და მყესებს, არამედ გარემომცველ ცხიმოვან ქსოვილსა და კანსაც. ჰემანგიომაში სისხლძარღვოვან წარმონაქმნებთან ერთად ზოგჯერ  ცხიმოვანი, ფიბროზული და გლუვკუნთოვანი ელემენტებიც გვხვდება. არსებობს აგრეთვე სისხლძარღვთა სისტემური ხასიათის სიმსივნური ზრდა - ჰემანგიომატოზი, რომელიც უმეტესად მთელ კიდურს ან მის პერიფერიულ ნაწილს აზიანებს. ანგიოკერატომაც იშვიათი დაავადებაა. ამ დროს ჩნდება 1-5 მმ დიამეტრის წითელი, ზოგჯერ კი მოშავო ფერის კვანძები, რომლებსაც ზედაპირზე რქოვანა წანაზარდები აქვს. ისინი ზოგჯერ ერთმანეთს ერწყმის და ფოლაქისმაგვარ წარმონაქმნებად იქცევა. ანგიოკერატომა ყველაზე ხშირად მტევნებსა და ტერფებზე ლოკალიზდება, იშვიათად - იდაყვისა და მუხლის სახსრებთან, ყურის ნიჟარებზე. უჩნდებათ უმთავრესად ახალგაზრდებს, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებით არიან დასუსტებულნი. ლორწოვანი გარსების ჰემანგიომები ლოკალიზდება ტუჩებზე, ენისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ზოგჯერ მიმდებარე ქსოვილებში ჩაიზრდება.


მკურნალობა
ჰემანგიომის მკურნალობა სასურველია მისი აღმოჩენისა და დიაგნოზის დასმისთანავე დაიწყოს. დღეს ჰემანგიომების სამკურნალოდ გამოიყენება:

  • ქირურგიული ოპერაცია;
  • კრიოთერაპია;
  • სკლეროთერაპია;
  • ელექტროკოაგულაცია;
  • სხივური თერაპია.

აღნიშნულ მეთოდებს შორის წამყვანი ქირურგიული მკურნალობაა. სწორად ჩატარებული ოპერაცია (ანუ სიმსივნის სრულფასოვნად ამოკვეთა) სრულ განკურნებას განაპირობებს. რეციდივი  (ანუ დაავადების შებრუნება, გამეორება) სიმსივნის ელემენტების არასრულ ამოკვეთაზე მეტყველებს და სრულიადაც არ ნიშნავს მის ავთვისებიან ბუნებას. კრიოთერაპია სიმსივნური წარმონაქმნის ნახშირმჟავათი მოცილებას გულისხმობს. მას კანის შედარებით მცირე ზომის ჰემანგიომების სამკურნალოდ, აგრეთვე ქირურგიული ჩარევის შემდეგ დარჩენილი სიმსივნის ნაწილების მოსაშორებლად და რეციდივის შემთხვევაში იყენებენ. კრიოთერაპიის მეთოდი ეფუძნება ასეპტიკური (არაინფექციური ბუნების) ანთების განვითარებას და ამ უკანასკნელის შედეგად სისხლძარღვოვანი ქსოვილის ობლიტერაციას (წაშლას, მოსპობას). სკლეროთერაპია სიმსივნური წარმონაქმნის გამკვრივებაა მისი ელემენტების დაღუპვისა და შემაერთებელი ქსოვილით მათი ჩანაცვლების გამო. მასკლეროზებელ ნივთიერებად უმთავრესად გამოიყენება 70-გრადუსიანი ეთილის სპირტი, რომელიც სიმსივნის ძირში და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში შეჰყავთ. მასკლეროზებელი სითხის კანქვეშ შეყვანა არ შეიძლება - შესაძლოა, კანის ნეკროზი (კვდომა) გამოიწვიოს. ელექტროკოაგულაცია მაღალი სიხშირის დენის გატარებით სიმსივნის ქსოვილის დესტრუქციას (რღვევას) გულისხმობს. ის მეტად მარტივი, თუმცა რამდენადმე მტკივნეული მეთოდია, ამიტომაც ადგილობრივი გაუტკივარებით ტარდება. სხივური თერაპია როგორც დამოუკიდებელი მეთოდი გამოიყენება კავერნოზული, კავერნოზულ-კაპილარული და კაპილარული ჰემანგიომების სამკურნალოდ, როცა სიმსივნური წარმონაქმნი სახეზეა ლოკალიზებული და სხვა მეთოდების გამოყენება კოსმეტიკური თვალსაზრისით არარეკომენდებულია.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები