რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მასტიტი - mastitis - мастит, грудница

მასტიტი სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთებითი დაავადებაა, რომელიც სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ბაქტერიის მოხვედრის შედეგად ვითარდება. ის ქალებს, უმთავრესად - პირველმშობიარეებს, ემართებათ ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მშობიარობამდე ან ორსულობისა და მშობიარობისგან დამოუკიდებლად განვითარდეს. ძალიან იშვიათად მასტიტი გვხვდება გოგონებსა და მამაკაცებშიც.
განასხვავებენ მშობიარობის შემდგომ ანუ ლაქტაციურ (მეძუძურ დედებში) და ფიბროზულ-კისტოზურ (არ არის დამოკიდებული ძუძუთი კვებაზე) მასტიტს. დაავადების განსაკუთრებული ფორმაა ახალშობილთა მაწავართი (წყლისა) - ჩვილს (განურჩევლად სქესისა) სარძევე ჯირკვლები აქვს შეშუპებული, რასაც დედის სისხლიდან შვილისაში ლაქტოგენური ჰორმონის გადასვლა განაპირობებს.
ქალს, რომელსაც მასტიტი ერთხელ უკვე ჰქონდა, მომავალში ამ დაავადების ხელმეორედ განვითარების დიდი შანსი აქვს.
მასტიტის მთავარი მიზეზია სარძევე ჯირკვალში რძის შეგუბება, მისი არასრული დაცლა, დვრილების ირგვლივ ნახეთქების არსებობა. ასეთ პირობებში მოხვედრილი მიკრობები ლიმფური და სარძევე სადინარებით ჯირკვალში აღწევენ და იქ ანთებით პროცესს იწვევენ.
მასტიტის გამომწვევები - სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და ზოგიერთი სხვა მიკრობი - ძუძუსთავებზე ხვდებიან ჩვილის პირიდან, ჭუჭყიანი თეთრეულიდან, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჰიგიენის დაუცველობის გამო, ნახეთქები კი დვრილებზე უმთავრესად ბავშვის არასწორი მოჭიდების გამო ჩნდება.

სიმპტომები. მასტიტი, წესისამებრ, ცალ სარძევე ჯირკვალში ვითარდება მშობიარობიდან პირველი სამი თვის განმავლობაში. მისი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • სარძევე ჯირკვლის მგრძნობელობისა და ტემპერატურის მომატება;
  • სარძევე ჯირკვალზე კანის გაწითლება;
  • მკერდის გადიდება;
  • ძუძუთი კვების დროს წვისა და ტკივილის შეგრძნება;
  • სხეულის ტემტერატურის მკვეთრი მომატება;
  • ტანში გრიპისთვის დამახასიათებელი ტეხის შეგრძნება.

მასტიტის პირველი ნიშნებია სარძევე ჯირკვლის გამკვრივება, კანის შეწითლება და მგრძნობელობის მომატება, მჭრელი ტკივილი და სიცხე. ანთებითი პროცესის პროგრესირების შემთხვევაში ჯირკვალი იზრდება, კანი დაჭიმულია, ცხელი. კანქვეშ, ჯირკვლის სიღრმეში ან მის უკან ყალიბდება აბსცესი (ჩირქგროვა), რომლის ლოკალიზაციაზეც არის დამოკიდებული მასტიტის კლინიკური სურათის თავისებურება:

  • ანტემამარული (ჯირკვლის წინ მდებარე) აბსცესი არცთუ ისე დიდია. ფლუქტუაცია ადრევე ვლინდება, ამიტომ დიაგნოზის დასმა რთული არ არის.
  • ინტრამამარულ (ჯირკვალშიგა) ჩირქგროვას თან სდევს ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, ძლიერი ტკივილი. სარძევე ჯირკვალი გადიდებული და მტკივნეულია, ისინჯება მოზრდილი ინფილტრატი. ფლუქტუაცია შედარებით გვიან იჩენს თავს. ინტრამამარული მასტიტი ხშირად რამდენიმე ჩირქოვანი ღრუს წარმოქმნით მიმდინარეობს. ამასთანავე, მისი ოპერაციული მკურნალობა გაცილებით რთულია.
  • რეტრომამარულ აბსცესს თან სდევს ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ჯირკვლის ტკივილი, რომელიც ხელის მოძრაობის დროს ძლიერდება. ჯირკვალი თითქოს აწეულია, პალპაციისას მტკივნეულია. კანის ჰიპერემია და ფლუქტუაცია არ აღინიშნება. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა რთულია.

მწვავე მასტიტის დიაგნოსტიკისას ხდება დიფერენცირება ე.წ. რძისმიერ ცხელებასთან, რომელიც ვითარდება მშობიარობიდან მე-3-5 დღეს და რძის შეკავებით არის განპირობებული, მაგრამ თან არ სდევს ჯირკვლის ქსოვილის ინფილტრაცია.
ყველაზე მძიმე ფორმაა ლპობითი ანუ განგრენული მასტიტი.

მკურნალობა. მასტიტი ადრეულ სტადიაშივე ენერგიულ მკურნალობას მოითხოვს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯირკვლის ქსოვილის ჩირქოვანი გალღობა. აუცილებელია მოსვენება, ძუძუს შემაღლებულ მდგომარეობაში შეკავება, მთლიანად დაცლა, ხშირი წოვება (ბავშვი კვების დროს სწორად უნდა იყოს მოჭიდებული ძუძუს), საჭიროებისამებრ, გამოწველა. ზოგჯერ ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია და ნოვოკაინით ბლოკადა. ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად ქალს მტკივან ჯირკვალზე თბილი სათბურის დადებას ურჩევენ. ბავშვის ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ჯირკვლის პერიფერიაზე უმნიშვნელო ინფილტრატის არსებობის შემთხვევაშიც.
პარენქიმის ჩირქოვანი გალღობის დროს ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. მისი მიზანია აბსცესის გაკვეთა და ჩირქის ევაკუაცია, ნეკრექტომია, დრენირება. მიზანშეწონილია, ოპერაცია ჩატარდეს ზოგადი გაუტკივარებით. ძუძუთი კვება დროებით წყდება, რძის გამოწველა ხდება სპეციალური გამომწოვით. მას შემდეგ, რაც ჩირქის გამოყოფა შეწყდება, ძუძუთი კვება შეიძლება აღდგეს.
მასტიტის პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა, თუმცა ოპერაციის შემდეგ რჩება ნაწიბურები.
ახალშობილთა მაწავართი 3-4 დღეში თავისთავად გაივლის. ამ დროს არ შეიძლება ბავშვის სარძევე ჯირკვლიდან სითხის გამოწველა. აუცილებელია სისუფთავის დაცვა.
პროფილაქტიკა. მასტიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ძუძუზე ბავშვის სწორ მოჭიდებას და მოთხოვნისამებრ (და არა რეჟიმის მიხედვით) კვებას. არ შეიძლება ძუძუთი კვების სიხშირისა და ხანგრძლივობის შეზღუდვა. თუ დვრილები დასკდა, აუცილებელია მათი მკურნალობა.
თუ ბავშვი ჯანმრთელია და აქტიურად წოვს, რძის გამოწველა საჭირო არ არის - შესაძლოა, ამან რძის ჭარბი გამომუშავება გამოიწვიოს და მის შეგუბებას შეუწყოს ხელი. აუცილებელია, ბავშვის კვების წინ დედამ ხელები და მკერდი ანადუღარი წყლით დაიბანოს.

 

 

სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.