რუბრიკები
რა არის "სისხლის გათეთრება"
რა არის "სისხლის გათეთრება"

ჩვეულებრივ, ასე იხსენიებენ სისხლის ავთვისებიან სიმსივნეს - ლეიკემიას. ლეიკემიის დროს ავთვისებიანი პროცესი თავდაპირველად ძვლის ტვინშია ლოკალიზებული. სწორედ ძვლის ტვინში წარმოიქმნება სისხლის უჯრედები.


ჯანმრთელი ადამიანის ძვლის ტვინში წარმოიქმნება:

* ლეიკოციტები - სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ინფექციათა გამომწვევებს ებრძვიან;
* ერითროციტები - სისხლის წითელი უჯრედები, რომლებიც მთელ ორგანიზმს აწვდიან ჟანგბადს;

* თრომბოციტები - სისხლის ფირფიტები, რომლებიც შედედებაში მონაწილეობენ.
ლეიკემიის დროს ძვლის ტვინი იწყებს ანომალიური თეთრი უჯრედების წარმოქმნას. სწორედ ამიტომ უწოდებენ ლეიკემიას სისხლის გათეთრებას. ამ ანომალიურ ანუ ლეიკემიურ უჯრედებს არ შესწევთ უნარი, ნორმალური ლეიკოციტების ფუნქცია შეასრულონ. ისინი ნორმალურ უჯრედებზე სწრაფად იზრდებიან. მათი ზრდა-გამრავლება უსასრულოა. დროთა განმავლობაში ლეიკემიური უჯრედები ავიწროებენ ნორმალურ უჯრედებს, ეს კი ანემიას, სისხლდენას და ინფექციურ გართულებებს იწვევს. გარდა ამისა, ლეიკემიური უჯრედები ვრცელდებიან ლიმფურ კვანძებსა და სხვა ორგანოებში და მათ გადიდებას იწვევენ.


ლეიკემიის ტიპები
არსებობს ლეიკემიის რამდენიმე ტიპი. მათ დაზიანებული ლეიკოციტების - სისხლის თეთრი უჯრედების - ტიპის მიხედვით განასხვავებენ. ლიმფოციტური ლეიკემია ლიმფოციტებს აზიანებს, ხოლო მიელოგენური - მიელოციტებს. ლეიკემია შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. მწვავე ლეიკემია ძალზე სწრაფად პროგრესირებს, პაციენტის მდგომარეობაც სწრაფად უარესდება, ქრონიკული ლეიკემია კი ნელა განიცდის პროგრესირებას და შესაძლოა, წლობით არ გამოვლინდეს.


რატომ ვითარდება ლეიკემია?
ლეიკემიის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ზრდის ამა თუ იმ ტიპის ლეიკემიის რისკს. მათ რისკფაქტორებს უწოდებენ. მათ შორის აღსანიშნავია:

  • რადიაცია;
  • ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებასთან კონტაქტი;
  • სხვა სიმსივნის გამო ჩატარებული ქიმიოთერაპია;
  • დაუნის სინდრომი ან სხვა გენეტიკური დაავადება;
  • თამბაქოს წევა.

თუმცა იმ გარემოებასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ამ რისკფაქტორების არსებობისას დაავადება ყველას არ ემართება, ხოლო მრავალ დაავადებულს საერთოდ არ განუცდია ჩამოთვლილი რისკფაქტორების ზემოქმედება.


სიმპტომები
დაავადების კლინიკური სურათი ლეიკემიის ტიპზეა დამოკიდებული, თუმცა საერთო სიმპტომებიც არსებობს. ეს სიმპტომები არასპეციფიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალი სხვა დაავადების დროსაც გვხვდება. ასეთი სიმპტომებია:

  • ცხელება და ღამის ოფლიანობა;
  • თავის ტკივილი;
  • სისხლდენისკენ მიდრეკილება;
  • ძვლებისა და სახსრების ტკივილი;
  • დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშ ელენთის გადიდების გამო;
  • ლიმფური კვანძების გადიდება კისრის, საზარდულის არეში;
  • ხშირი ინფექცია;
  • ადვილად დაღლა და სისუსტე;
  • წონის კლება და უმადობა.


დიაგნოსტიკა
ლეიკემიის დიაგნოსტიკისთვის ტარდება:

  • პაციენტის დეტალური გამოკითხვა;
  • გულდასმით გასინჯვა;
  • სისხლის საერთო ანალიზი (ლეიკემიის დროს მომატებულია თეთრი უჯრედების ოდენობა, ხოლო სხვა უჯრედებისა - შემცირებული).

ამგვარად მიღებული მონაცემები ბადებს ეჭვს ლეიკემიის თაობაზე. დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება მკერდის ძვლის პუნქცია (ჩხვლეტა ნემსით) და მიღებული მასალის გამოკვლევა. ეს აუცილებელია, რათა დადგინდეს ლეიკემიის ტიპი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.


მკურნალობის მეთოდები
მკურნალობის მეთოდის არჩევა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - ლეიკემიის სახეობაზე, დაავადების ხანგრძლივობაზე, პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. მწვავე ლეიკემიის დროს მკურნალობა დაუყოვნებლივ ინიშნება, რათა შეჩერდეს ლეიკემიური უჯრედების უკონტროლო გამრავლება. მრავალ შემთხვევაში მკურნალობის შედეგად მიიღწევა რემისია, განკურნებაც კი. ქრონიკული ლეიკემია იშვიათად იკურნება, მაგრამ მკურნალობით შესაძლებელია პროცესის კონტროლი. მკურნალობის მეთოდებია:

  • ქიმიოთერაპია – სპეციალური პრეპარატებით სიმსივნური უჯრედების განადგურება;
  • სხივური თერაპია – სიმსივნური უჯრედების განადგურება რენტგენის სხივების მეშვეობით (ამ სახის მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციამდე);
  • ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, ბიოლოგიური თერაპია.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
"შევიძენ! ყველაზე მაღალ ფასად, გერმანულ და ჩეხურ...
"იყიდება მოქმედი მაღაზია ვაზისუბანში, თავისი ინვენტარით, სათვალთვალო...
"ქარელის რაიონში იყიდება სათბური თავისი გათბობის 78-იანი...